Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ უნდა დაიცვას თავი სამედიცინო პერსონალმა კორონავირუსისგან?


ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების გამო, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა შეიმუშავა უსაფრთხოების დროებითი რეკომენდაციები სამედიცინო პერსონალისათვის, რომელიც გულისხმობს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (იდს) გამოყენების მიზანს, კონტროლს, მოხმარების და შენახვის წესებს.

მედპერსონალის საჭირო აღჭურვილობაა:

  • უსაფრთხოების სათვალეები და/ან სახის ფარი
  • ერთჯერადი ხალათი, უკან შესაკრავით
  • ნიღაბი ან რესპირატორი, საჭიროების მიხედვით, ტიპის დადგენა ხდება რისკის შეფასების მეშვეობით
  • ერთჯერადი ხელთათმანები
  • ბახილები
  • ჩაჩი

ინდივიდუალური დაცვის საშუალებების კონტროლი

  • დაბინძურებული იდს არ უნდა იქნას გატანილი პირობითად დაბინძურებული ზონიდან; აგრეთვე, არ უნდა მოხდეს მისი ტარება აღნიშნული ზონის გარეთ
  • იდს–ის ტარება არ შეიძლება ადმინისტრაციულ ზონაში
  • მრავალჯერადი იდს–ის უტილიზაცია, წმენდა, რეცხვა და დეკონტამინაცია უნდა განხორციელდეს იდს-ის მწარმოებლის რეკომენდაციის შესაბამისად. არანაირ ვითარებაში არ უნდა მოხდეს იდს–ის წაღება სახლში გამოყენების, გარეცხვის ან უტილიზაციის მიზნით
  • რესპირატორის გამოყენების შემთხვევაში წინასწარ უნდა ჩატარდეს რესპირატორის მორგების ტესტი (ინდივიდუალურად) თანამშრომლებისათვის

თვალების და სახის დაცვა

  • თვალების დაცვა საჭიროა ყოველთვის, როცა არსებობს გაშხეფების რისკი. თუ გაშხეფება მოსალოდნელია თვალების დაცვას უნდა დაემატოს სახის ფარი, რათა დაიცვას სახის მიდამო და რესპირაციული დაცვის საშუალებებთან ერთად ცხვირი და პირი
  • უსაფრთხოების სათვალე, რომლებიც აღჭურვილია გვერდითი მყარი ფარებით, წარმოადგენს თვალების მინიმალურ დამცავს, რომელიც საჭიროა დაბინძურებულ ზონაში შესასვლელად
  • ვიზიტორები უზრუნველყოფილები უნდა იყვნენ საფრთხის შესაბამისის თვალების დამცავი საშუალებებით.
  • თვალების დამცავი საშუალების შენახვა უნდა მოხდეს სუფთა არეში, ზონის შიგნით
  • შენიშვნა: კონტაქტურ ლინზებთან შეხება არ შეიძლება დაბინძურების ზონაში და ისეთ არეებში, სადაც ქიმიური ნივთიერებების გამოყენება ხდება

ხელების დაცვა

  • ხელთათმანების ჩაცმა უნდა მოხდეს ნებისმიერი აქტივობის დაწყებამდე სამუშაო ზონაში
  • ხელთათმანი უნდა ფარავდეს ქვედა სახელოს და დამცავი ტანსაცმლის მანჟეტს
  • ვიზიტორები უზრუნველყოფილნი უნდა იქნენ ხელების დამცავი იდს–ით, რომელიც შეესაბამება იმ საფრთხეს, რომელიც აღინიშნება სივრცეში, რომელსაც სტუმრობენ
  • ახალი ხელთათმანები უნდა ინახებოდეს სუფთა ზონაში
  • უშუალოდ ხელთათმანის ჩაცმამდე და ხელთათმანის გახდის შემდეგ აუცილებელია ხელის ჰიგიენის ჩატარება
  • როცა ხელთათმანი ვიზუალურად დაბინძურებული ან დაზიანებულია, უნდა მოხდეს მისი გახდა და გადაგდება შესაბამის კონტეინერში
  • ხელთათმანების გახდა უნდა მოხდეს ისე რომ ხელი არ შეეხოს ხელთათმანის დაბინძურებულ ზედაპირს
  • დაბინძურებული ერთჯერადი ხელთათმანების უტილიზაცია უნდა მოხდეს სახიფათო ნარჩენების კონტეინერში
  • დაუშვებელია ერთჯერადი ხელთათმანების მრავალჯერადად გამოყენება

რესპირაციული დაცვა

პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს რესპირაციული დაცვის ისეთი საშუალებებით, რომელებიც შეესაბამება იმ ზონაში არსებულ საფრთხე(ებ)ს, რესპირაციული სისტემის დასაცავად გამოიყენება სამედიცინო ნიღაბი ან რესპირატორი (მინიმუმ N95 ტიპის)

სამედიცინო ნიღაბი გამოიყენება მსხვილი წვეთებისგან დასაცავად, ასეთი წვეთების წარმოქმნას ადგილი აქვს ადამიანის საუბრის, დახველების ან დაცემინების დროს. ხოლო რესპირატორი გამოიყენება აეროზოლებისგან დასაცავად.

ტერფის დაცვა

  • ვიზიტორებისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსაფრთხოების ფეხსაცმლით (ბახილებით) იმ საფრთხ(ეებ)ის შესაბამისად, რომელიც არსებობს სივრცეში, რომელსაც ისინი სტუმრობენ
  • ღია ფეხსაცმელები, სანდლები და საზაფხულო ქოშები დაუშვებელია სამუშაო ზონაში
  • ქსოვილისგან დამზადებული ფეხსაცმელები არ უნდა იქნას გამოყენებული საშიშ ქიმიურ მასალასთან მუშაობისას
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ჩაცმის და გახდის პროცედურების თანმიმდევრობა

26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

27 თებერვლის დილის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსი აღმოაჩნდა კიდევ 433 ადამიანს. 29 გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ჩინეთში დაავადდა 78497 ადამიანი და 2744 გარდაიცვალა

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 40-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსით დაავადდა სულ მცირე 3 225 ადამიანი და 57 გარდაიცვალა.

ჩინეთის შემდეგ ყველაზე სარისკო ქვეყნები არიან სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია.

დღეს, 27 თებერვალს სამხრეთ კორეამ დაადასტურა 334 ახალი შემთხვევა. კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რიცხვმა 1595-ს მიაღწია. გარდაცვლილია 13 ადამიანი

ირანში ოფიციალურად დადასტურებულია დაავადების 139 და გარდაცვალების 19 ფაქტი.

აზიის მიღმა ყველაზე დიდი აფეთქებაა იტალიაში, სადაც 100 ახალი შემთხვევაა. ბოლო მონაცემებით, იტალიაში სულ დაავადდა 400-ზე მეტი ადამიანი და 12 გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG