Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დატოვა პუტინმა მთელი რუსეთი ოლიმპიური სანახაობის გარეშე


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა არ აჩვენოს პარიზის ზაფხულის ოლიმპიადა, რომელიც 26 ივლისს იხსნება. ოფიციალურად უარი თამაშების ტრანსლაციაზე რუსულმა სატელევიზიო არხებმა და სტრიმინგ-სერვისებმა თქვეს, თუმცა ყველაფერი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო.

რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიებმაც მოიწონეს ოლიმპიური თამაშების იგნორირების გადაწყვეტილება. „კომსომოლსკაია პრავდას“ ჟურნალისტის, სერგეი მარდანის თქმით, რუსებს არაფერში სჭირდებათ ოლიმპიადა, სადაც რუსები არ არიან.

„მართალი გითხრათ, სულ არ მაინტერესებს ოლიმპიადა, სადაც ჩვენი სპორტსმენები, ჩვენი დროშა და ჩვენი ჰიმნი არ იქნება. მით უმეტეს ახლა. როდესაც ჩვენი მთავარი ოლიმპიადა, რომელზეც ჩვენი მომავალია დამოკიდებული, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში იმართება“, - დაწერა სოციალურ ქსელში იულია ვიტიაზევამ, რუსული პროპაგანდისტული არხის RT-ისა და საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ჟურნალისტმა.

თუმცა ინტერნეტში ნეგატიური კომენტარები უფრო ჭარბობდა. „ფიურერმა, ჩვენმა ფიურერმა, აკრძალა ოლიმპიადის ჩვენება და ყურება. აკრძალა იმიტომ, რომ წინა ჯერზე ყველა ხარხარებდა უდროშო, უჰიმნო და უსიმბოლიკო ქვეყანა-404-ზე, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე მიავლინა სამარცხვინო დოპინგდამოკიდებული ნარკომანები“, - დაწერა X-ის მომხმარებელმა კოკოშენკოვმა.

ოპოზიციური პარტიის „იაბლოკოს“ წარმომადგენელმა კირილ გონჩაროვმა კი უცნაური და აბსურდული უწოდა ოლიმპიური თამაშების ტრანსლირებაზე უარის თქმას, რადგან ამ თამაშებში, მისი თქმით, რუსი სპორტსმენებიც მონაწილეობენ:

„ასეც რომ არ იყოს, ფედერალურმა არხებმა მშვენივრად აჩვენეს ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატი, სადაც ჩვენი ნაკრები საერთოდ არ ყოფილა. სად არის ლოგიკა?“

რუსეთის მთავრობის ლოგიკა

როგორც სპორტის კომენტატორები ამბობენ, ბოლო 40 წლის განმავლობაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რუსეთში ტელევიზიით არ აჩვენებენ ოლიმპიურ თამაშებს. ოფიციალურად დადასტურდა, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშების ტრანსლაციის უფლება არ შეიძინა არცერთმა რუსულმა ტელეარხმა და სტრიმინგ-სერვისმა.

ბოლოს ოლიმპიური თამაშები, რომელიც რუსეთში არ აჩვენეს, იყო 1984 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადა, რომელსაც საბჭოთა კავშირმა და მისმა „მოკავშირე“ სოციალისტურმა ქვეყნებმა ჯერ ბოიკოტი გამოუცხადეს, შემდეგ კი ალტერნატიული თამაშებით, „მეგობრობა-84“-ით უპასუხეს.

"მეგობრობა-84" - საერთაშორისო შეჯიბრებების სერია, რომელიც ჩატარდა 1984 წლის 6 ივნისიდან 22 ივლისამდე და 1984 წლის 16 აგვისტოდან 16 სექტემბრამდე ე.წ. სოციალისტური ბანაკის იმ ქვეყნებში (სსრკ, ბულგარეთი, უნგრეთი, აღმოსავლეთი გერმანია, ჩრდილოეთი კორეა, კუბა, მონღოლეთი, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია), რომლებმაც ბოიკოტი გამოუცხადეს ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებს. „მეგობრობა-84“-ის ჩატარების ცნობა გამოქვეყნდა 1984 წლის 24 მაისს და მას წინ უძღოდა 8 მაისის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საბჭოთა კავშირმა ბოიკოტი გამოუცხადა ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებს. ბოიკოტის ოფიციალურ მიზეზად დასახელდა აშშ-ის ხელისუფლების უარი სსრკ-სა და სხვა სოციალისტური ქვეყნებისთვის უსაფრთხოების სპეციალური გარანტიების მიცემაზე. საბჭოთა კავშირის ხელისუფლება ასევე გააღიზიანა ამერიკის მთავრობის უარმა „აეროფლოტის“ ჩარტერული რეისების განხორციელებასა და თბომავალ „საქართველოზე“ საბჭოთა სპორტსმენებისთვის მცურავი ბაზის მოწყობაზე. „მიზანშეუწონლად ჩაითვალოს საბჭოთა სპორტსმენების მონაწილეობა ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებში ამერიკული მხარის მიერ ოლიმპიური ქარტიის უხეში დარღვევის, სსრკ-ს დელეგაციის უსაფრთხოების სათანადო ზომების არარსებობისა და შეერთებულ შტატებში დაწყებული ანტისაბჭოთა კამპანიის გამო“, - სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურო. „მეგობრობა-84“-ის ფარგლებში შეჯიბრებები გაიმართა სპორტის ყველა ოლიმპიურ სახეობაში, გარდა ფეხბურთისა. საერთო ჯამში, მასში მონაწილეობა მიიღეს 50-ზე მეტი ქვეყნის სპორტსმენებმა.

რუსეთში ოლიმპიური თამაშების ტრანსლაცია განაწილებული იყო Матч ТВ-ს, „I канал“-ს („I არხი“) და ВГТРК-ში (სრულიად რუსეთის სახელმწიფო ტელე- და რადიომაუწყებლობის კომპანია) შემავალ არხებს შორის. პორტალ sports.ru-ს ცნობით, უარის თქმის მიზეზი გახდა რუსი სპორტსმენების ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობა, თუმცა რუს სპორტსმენებს ასეთივე სტატუსით უწევდათ გამოსვლა 2018 წელს პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე, 2020 წელს ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებსა და 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე, მაგრამ ეს არ ქცეულა დაბრკოლებად თამაშების ტელე- და ონლაინტრანსლირებისთვის.

  • პიონგჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშები − ჩატარდა სამხრეთ კორეაში 2018 წლის 9-25 თებერვალს.
  • ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები - სპორტული ღონისძიება, რომელიც 2020 წლის ნაცვლად (კოვიდის პანდემიის გამო) 2021 წლის 23 ივლისს გაიხსნა და 17 დღის შემდეგ, 8 აგვისტოს დაიხურა.
  • პეკინის ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები - ჩატარდა ჩინეთში 2022 წლის 4 თებერვალი - 20 თებერვალი

სპორტის მიმომხილველების თქმით, ამჯერად მიღებულია "პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ შექმნილ ვითარებაში შეუძლებელია ოლიმპიადის ჩვენება „I კანალსა“ და „როსია-1“-ზე რუსეთის დროშისა და ჰიმნის გარეშე”.

როგორც რუსული მედია წერს, პარიზის ოლიმპიური თამაშების ტრანსლირების უფლების შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ "Матч ТВ" და ჰოლდინგი VK (რუსული საინვესტიციო ტექნოლოგიური კორპორაცია, რომელიც ფლობს სოციალრ ქსელებს „ოდნოკლასნიკი“, „ვკონტაქტე“ და სხვ.). „კომსომოლსკაია პრავდას“ ცნობით, ჰოლდინგ VK-ს მართლა ჰქონდა გადაწყვეტილი ოლიმპიური თამაშების ტრანსლირება, მაგრამ, მოულოდნელად, პრობლემები შეექმნა კომპანიის ხელმძღვანელს, პიოტრ მაკარენკოს, რომელიც თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

2014 წელი, სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია
2014 წელი, სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია

პიოტრ მაკარენკო ფლობს „Telesport Group“-ის 99%-ს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო ძირითადი სპორტული შეჯიბრებების რუსეთში ტრანსლირების უფლების მფლობელი. 2022 წელსაც ბიზნესმენმა გამოაცხადა, რომ შეიძინა არა მხოლოდ 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების, არამედ ზამთრის 2026 წლის ოლიმპიური თამაშებისა და 2028 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის ტრანსლირების უფლებები, თუმცა 2024 წლის მაისში რუს ბიზნესმენს რუსეთის ფედერაციის პროკურატურამ ბრალი წაუყენა თაღლითობასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც ითვალისწინებს 10 წლამდე პატიმრობას. შედეგად, მაკარენკოს ჰოლდინგში შემავალმა სტრიმინგის სერვისებმა Okko-მ და Wink-მა უარი თქვეს ოლიმპიური თამაშების ტრანსლირების ლიცენზიის შეძენაზე.

რას „ერჩიან“ რუს სპორტსმენებს?

2023 წლის დეკემბერში საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) გადაწყვიტა, რომ რუს და ბელარუს სპორტსმენებს პარიზში შეუძლიათ იასპარეზონ მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით, დროშებისა და სხვა ეროვნული ატრიბუტიკის გარეშე. IOC-ის გადაწყვეტილებით, ოლიმპიურ თამაშებში ვერანაირი ფორმით ვერ მიიღებენ მონაწილეობას სპორტსმენები, რომლებიც:

  • წარმოადგენენ სპორტის გუნდურ სახეობებს
  • აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას
  • დაკავშირებული არიან რუსეთის ან ბელარუსის არმიასთან, ამ ქვეყნების სამართალდამცავ და უსაფრთხოების უწყებებთან

IOC-ის ეს გადაწყვეტილება გააპროტესტეს უკრაინაშიც, სადაც მიაჩნიათ, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები უპირობოდ უნდა იქნენ მოკვეთილი საერთაშორისო ასპარეზიდან.

DW-სთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა მატვეი ბედნიმ მაგალითად დაასახელა რუსი სპორტსმენი, ტაეკვანდოში მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ვლადისლავ ლარინი, რომელიც აგროვებდა ფულს რუსული არმიისთვის და მონაწილეობდა პროპაგანდისტულ ვიდეოებში.

ვლადისლავ ლარინი
ვლადისლავ ლარინი

„ლარინი არის რუსი სპორტსმენების და რუსი ოკუპანტების თანამზრახველობის მაგალითი. თუმცა მაშინაც კი, თუ სპორტსმენები არ გამოხატავენ თავიანთ აზრებს ომის შესახებ, ისინი მაინც მდუმარე სოლიდარობას უცხადებენ მკვლელებს. ყოველი „ნეიტრალური“ რუსი სპორტსმენი მაინც პროპაგანდის იარაღია რუსეთის ფედერაციის ხელში. თუკი ქვეყანამ დაიწყო ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ომი და ცდილობს სხვა ქვეყნის განადგურებას, მაშინ ამ ადამიანებისათვის (სპორტსმენებისთვის) ნეიტრალურის წოდება ნიშნავს მკვლელობის მხარდაჭერას“, - თქვა მატვეი ბედნიმ.

რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა კი IOC-ის მიერ დაწესებულ პირობებს უწოდა „არასამართლიანი“, თუმცა იქვე შენიშნა, რომ „არ დაადგებოდა ბოიკოტის გზას".

16 ივლისის მონაცემებით, 27-მა რუსმა სპორტსმენმა მიიღო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ნებართვა პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე. ამ 27-კაციან სიაში არ იმყოფება უკრაინის სპორტის მინისტრის მიერ დასახელებელი რუსი ოლიმპიური ჩემპიონი, ვლადისლავ ლარინი.

ვინ მიდის რუსეთიდან?

IOC-ის წარმომადგენლებმა თავდაპირველად განაცხადეს, რომ რუსეთი წარმოდგენილი იქნებოდა პარიზის თამაშებზე არა უმეტეს 55 სპორტსმენით. რუსი სპორტსმენები აუცილებელ კრიტერიუმებთან შესაბამისობაზე სამი ადამიანისგან შემდგარმა სპეციალურმა კომისიამ შეამოწმა. საერთო ჯამში, 16 ივლისის მდგომარეობით, მიწვევა 15-მა რუსმა სპორტსმენმა მიიღო.

ჩოგბურთი: დანიილ მედვედევი, რომან საფიულინი, პაველ კოტოვი, ეკატერინა ალექსანდროვა, მირა ანდრეევა, დიანა შნაიდერი და ელენა ვესნინა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო პარიზში არ მიდიან: ანდრეი რუბლევი, კარენ ხაჩანოვი, დარია კასატკინა და ლუდმილა სამსონოვა.

IOC-ის სიაში ვერ მოხვდა მსოფლიოს 31-ე ჩოგანი, ვერონიკა კუდერმეტოვა. Match TV-ის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მიღებული იქნა ჩოგბურთელის ცსკა-სთან (რუსეთის არმიის ცენტრალურ სპორტულ კლუბთან) კავშირის გამო. სხვა ვერსიით, კუდერმეტოვას თამაშებში მონაწილეობის უფლება არ მისცა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და არა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა. კუდერმეტოვა ჩაანაცვლა ელენა ვესნინამ, რომელიც შერეულ წყვილებში რიოს 2016 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი და ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანია.

ვერონიკა კუდერმეტოვა
ვერონიკა კუდერმეტოვა

ველოსპორტი (გზატკეცილი): IOC-ის სიაში მოხვდნენ: თამარა დრონოვა, ალენა ივანჩენკო და გლებ სირიცა. გლებ სირიცა სიაში მოხვდა ბოლო მომენტში, მას შემდეგ, რაც პარიზის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა რუსეთის საუკეთესო ველოსიპედისტმა ალექსეი ვლასოვმა.

ბატუტზე ხტომა: პარიზის ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებს რუსეთის ჩემპიონი, 18 წლის ანგელა ბლადცევა, რომელსაც სამჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი. 2024 წელს ბლადცევამ ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

22 წლის იანა ლებედევამ შესარჩევ ეტაპებზე ბლადცევაზე უკეთ იასპარეზა, თუმცა სპორტსმენი ვერ მოხვდა IOC-ის სიაში. რუსეთის ბატუტზე ხტომის ფედერაციის პრეზიდენტმა ნიკოლაი მაკაროვმა Sport-Express-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ IOC-ს უარის მიზეზი არ დაუსახელებია.

ნიჩბოსნობა და კანოე: პარიზში მიემგზავრებიან კანოისტები - ალექსეი კოროვაშკოვი, ზახარ პეტროვი და ოლესია რომანენკო. კოროვაშკოვი და პეტროვი ორადგილიანი კანოეთი იასპარეზებენ, პეტროვი ერთადგილიანით მამაკაცებში, ხოლო რომანენკო - ქალებში.

პეტროვმა ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა 1000 მ-ზე, კოროვაშკოვმა და ივან შტილმა (ამ უკანასკნელს უარი უთხრეს თამაშებში მონაწილეობაზე. ჩაანაცვლა პეტროვმა) კი - 500 მეტრზე.

ცურვა: რუსი მოცურავეებიდან პარიზში იასპარეზებს ერთადერთი სპორტსმენი, 25 წლის ევგენი სომოვი, რომელიც ვარჯიშობს და ასპარეზობს შეერთებულ შტატებში. 2024 წლის მაისში Atlanta Classic-ის შეჯიბრებაზე მან შეასრულა ოლიმპიური ნორმატივი 100 მეტრზე ბრასით ცურვაში. სომოვმა ატლანტაში ნაჩვენები შედეგით (58,72 წმ) გააუმჯობესა რუსეთის რეკორდი ((58,83 წმ), რომელიც 2020 წლიდან ანტონ ჩუპკოვს ეკუთვნოდა.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანმა 4x200 მ თავისუფალ ესტაფეტაში ივან გირევმა უარი თქვა ნეიტრალური სტატუსით ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე. ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონმა იულია ეფიმოვამაც ნეიტრალური სტატუსი მიიღო, თუმცა მან ვერ შეძლო ოლიმპიური ნორმატივის შესრულება.

ვინ მიიღო მიწვევა და არ მიდის?

ჭიდაობა: 2024 წლის ივლისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ჭიდაობის ფედერაციამ, მწვრთნელებსა და სპორტსმენებთან კონსულტაციების შემდეგ, უარი თქვა პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ რუსმა მოჭიდავეებმა 18 შესაძლო ოლიმპიური ლიცენზიიდან 16 მოიპოვეს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიწვევა მხოლოდ 10-მა სპორტსმენმა მიიღო. ამ სიაში არ აღმოჩნდა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში აბდულრაშიდ სადულაევი. რუსეთის ჭიდაობის ფედერაციამ IOC-ის გადაწყვეტილება მიუღებლად მიიჩნია და უარი განაცხადა თამაშებში მონაწილეობაზე.

აბდულრაშიდ სადულაევი
აბდულრაშიდ სადულაევი

ძიუდო: პარიზში წასვლაზე უარი თქვეს რუსმა ძიუდოისტებმაც, რომლებსაც 12 ოლიმპიური ლიცენზია ჰქონდათ მოპოვებული, თუმცა IOC-მა თამაშებზე მხოლოდ ოთხი სპორტსმენი მიიწვია: ვალერი ენდოვიცკი, მახმადბეკ მახმადბეკოვი, ალისა სტარცევა და დალი ლილუაშვილი. რუსეთის ეროვნული ნაკრების ლიდერები ინალ ტასოევი და მადინა ტაიმაზოვა „ოლიმპიურ სიაში“ ვერ მოხვდნენ.

"გუნდი არ მიიღებს დამამცირებელ პირობებს და არ იასპარეზებს პარიზის თამაშებზე IOC-ის ოფიციალური პირების მიერ შემოთავაზებული შემადგენლობით", - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო TASS-ს რუსეთის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა სერგეი სოლოვეიჩიკმა.

გოლფი: რუსმა გოლფის მოთამაშემ ნატალია გუსევამ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიწვევის მიღების მიუხედავად, პარიზის თამაშებში მონაწილეობაზე უარი თქვა. 2024 წლის ივლისის შუა რიცხვების მონაცემებით, გუსევა 156-ე ადგილზე იმყოფება მსოფლიო რეიტინგში. ოლიმპიური თამაშებისთვის გოლფის მოთამაშეები სწორედ ამ რეიტინგით შეირჩევიან: მიწვევას იღებენ ის სპორტსმენები, რომლებიც 1-დან 320-მდე ადგილს იკავებენ. შერჩევისას ასევე ითვალისწინებენ კონკრეტული ქვეყნისთვის გამოყოფილი კვოტების რაოდენობას.

ანდრეი მალგინმა, ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა, ბლოგერმა და გამომცემელმა რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არ გაუკვირდება, თუკი რუს სპორტსმენებს, რომლებმაც მიიღეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიწვევა და პარიზის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით იასპარეზებენ, სამშობლოში უცხოელ აგენტებად და ექსტრემისტებად გამოაცხადებენ.

პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაში, რომელიც 26 ივლისს იხსნება, 206 ქვეყნის 10 ათასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG