რუსეთის ძიუდოს ფედერაციამ გამოაცხადა, რომ რუსი ძიუდოისტები არ მიიღებენ მონაწილეობას პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, მიუხედავად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მიერ ცალკეული სპორტსმენებისთვის მიცემული ნებართვისა.
„17 ძიუდოისტიდან, რომლებმაც დააგროვეს ე.წ. ოლიმპიური რეიტინგი, IOC-მა ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ოთხს მისცა. მოცემულ ვითარებაში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა არ მიიღოს დამამცირებელი პირობები და არ იასპარეზოს პარიზის თამაშებზე“, - ნათქვამია რუსეთის ძიუდოს ფედერაციის განცხადებაში.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 2024 წლის თამაშებში მონაწილეობის უფლება მიღებული ჰქონდათ: ვალერი ენდოვიცკის, მახმადბეკ მახმადბეკოვს, ელის სტარცევასა და დალი ლილუაშვილს. როგორც საინფორმაციო სააგენტო ТАСС აღნიშნავს, რუსი სპორტსმენების სიაში, რომლებმაც მიიღეს მიწვევა ოლიმპიადაზე, არ შედიოდნენ ამ სახეობის წამყვანი სპორტსმენები, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონი ინალ ტასოევი და ტოკიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი მადინა ტაიმაზოვა.
რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენები ოლიმპიადაზე ნეიტრალური ათლეტების სტატუსით იასპარეზებენ. პარიზის თამაშებზე ამ ორი ქვეყნის ნებისმიერი სიმბოლო აკრძალული იქნება.
საერთო ჯამში ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად რუს სპორტსმენებზე გამოყოფილია 54 კვოტა, ხოლო ბელარუსებზე - 28.
28 ივნისის მდგომარეობით რუსეთმა თამაშებში მონაწილეობის უფლება მისცა თავისი ქვეყნის მხოლოდ 27 სპორტსმენს.
ოლიმპიური თამაშები პარიზში გაიმართება 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით.
ფორუმი