უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსულ საჯარო სკოლებში დასმენები რუტინულ მოვლენად იქცა. ქალაქ სევეროდვინსკში N14 გიმნაზიის დირექტორმა დაასმინა მოსწავლე, რომელმაც ომის საწინააღმდეგო წერილი დატოვა სკოლის ტუალეტში. უშიშროების წარმომადგენლებმა სკოლის ტუალეტიდან ამოიღეს ფურცელი, კონვერტი და სანთლები, ასევე მოითხოვეს ვიდეოთვალთვალის კამერების ჩანაწერები. წერილის ავტორს ამოწმებენ რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მუხლთან შესაბამისობაზე.
ქალაქ პიტ-იახის N1 სკოლის დირექტორმა ირინა კოტოვანამ დაასმინა ერთ-ერთი მოსწავლის დედა, რადგან პედაგოგმა მოსწავლე გოგონას გადაპარსულ თავზე გამოსახული ინისა და იანის სიმბოლო უკრაინული „აზოვის“ ბატალიონის ემბლემად აღიქვა.
პრიმორსკის მხარის ქალაქ ნახოდკაში ადგილობრივმა მცხოვრებმა დაასმინა N26-ე სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელი ქალი, რომელიც დილის საბავშვო წარმოდგენაზე სნეგუროჩკის („თოვლის ქალის“) კოსტიუმით გამოცხადდა. ინფორმატორმა ჩათვალა, რომ ეს ჩაცმულობა არ შეესაბამებოდა ოჯახურ ღირებულებებს.
ირკუტსკის ოლიმპიური რეზერვის სპორტული სკოლის მწვრთნელს, ალექსანდრ სკვორცოვს, რუსეთის დროშის ჩამოხსნისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გარდა ამისა, მისი მონაცემები შეიტანეს ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში. სკვორცოვი დაასმინა კოლეგამ, რომელიც, წლების განმავლობაში, მასთან იზიარებდა სამუშაო კაბინეტის სივრცეს.
ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი პროექტის „OVD-Info“-ს კვლევის მიხედვით, 2022 წელს აღრიცხა ყველაზე მეტი ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყება მასწავლებლების წინააღმდეგ. პედაგოგებს ბრალი ედებოდათ ანტისაომარი პოზიციის დაფიქსირებაში (71 შემთხვევა). უკრაინაში შეჭრიდან დღემდე რუსეთში მასწავლებლების წინააღმდეგ 23 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ძირითადად ომის შესახებ განცხადებების გამო. ზეწოლის ქვეშ მყოფი მასწავლებლების უმეტესობა (59%) სამსახურიდან გაათავისუფლეს, ნაწილი კი (15%) იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო.
ყველაზე სერიოზული შედეგები მოჰყვა ხატვის მასწავლებლის, ლიპეცკის მკვიდრის, დანიილ კლიუკას დასმენას. მასწავლებელს ბრალი წაუყენეს „ტერორიზმის დაფინანსებასა“ და „სახელმწიფო ღალატში“, რისთვისაც მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
„დანიილი ჩვეულებრივ მასწავლებლად მუშაობდა, სახელმწიფო საიდუმლოებაზე წვდომა არ ჰქონდა. ყოველთვის უნდოდა სკოლაში მუშაობა, უყვარდა ხატვა და ხატვის სწავლება. დანიილი რბილი, მშვიდი, კეთილგანწყობილი, შემწყნარებელი ადამიანია, რომელიც ძალიან კარგად ერგება ბავშვების სწავლებას“, - განუცხადა რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას მისმა ნათესავმა მიკიტამ, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს:
„სკოლის დირექტორს მის მიმართ 2022 წლამდე არანაირი პრეტენზია არ ჰქონია. დანიილი არ ერეოდა პოლიტიკაში, თითქმის არაფერს წერდა სოციალურ ქსელებში და გაურბოდა საჯაროობას. ბავშვობიდან ვმეგობრობდით. ძალიან უნდოდა ჩვენთან უკრაინაში ჩამოსვლა. ომის დაწყების შემდეგ მოგვწერა, რათა გაეგო, როგორ ვიყავით. ძალიან ემოციურად ვესაუბრე, იმ დღეებში სიმშვიდის შენარჩუნება შეუძლებელი იყო. დანიილმა მირჩია, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე გვეზრუნა. დანიელი პაციფისტია. მას მიაჩნია, რომ მშვიდობისა და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელია მოლაპარაკება და ურთიერთდათმობა. მე მას საკმაოდ უხეში რაღაცები მივწერე, მაგრამ ის ყოველთვის მიპასუხებდა: „ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანებმა შეწყვიტონ ერთმანეთის დახოცვა“.
დანიილ კლიუკას არ განუხილავს თავისი პოლიტიკური შეხედულებები კოლეგებთან. მისი კარიკატურები მასწავლებლებმა შემთხვევით აღმოაჩინეს ადგილობრივი გაზეთების ფურცლებზე, რომლებსაც მასწავლებელი სახატავად იყენებდა.
„მასწავლებლები ამ გაზეთებს იყენებდნენ, მრუდეფეხიანი სკამების გასასწორებლად, ან ფეხსაცმელებში ჩასაფენად, - ამბობს მიკიტა, – გაზეთის თავის ეგზემპლარზე დანიილი ხატავდა ადგილობრივი ჩინოვნიკების კარიკატურებს, რქებსა და ულვაშებს უმატებდა. სკოლაში არავისთვის უჩვენებია. ერთ-ერთ კარიკატურაში გამოსახული იყვნენ ადგილობრივი ოფიციალური პირები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის თანხის გამოყოფის საკითხს განიხილავდნენ. რამდენადაც ვიცი, პუტინის მსგავსი მაღალჩინოსნები არ წარმოადგენდნენ მისი ხუმრობების ობიექტებს. ერთ კარიკატურაზე რომელიღაც ჩინოვნიკს თავზე წააწერა ფრაზა: „სულელი ვარ“. დანიილმა მაჩვენა კარიკატურა, რომელზეც ჩინოვნიკს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომზე საუბრობდა, ჰიტლერის მსგავსი ულვაშები ჰქონდა მიხატული. ის ხშირად მიგზავნიდა ამ კარიკატურებს მესენჯერით და ჩვენ მათზე ბევრს ვიცინოდით“.
დანიილი კარიკატურების ხატვას ემოციური განმუხტვის საჭიროებით ხსნიდა. 2023 წელს თავისი ნახატებით გადაჭრელებული ერთ-ერთი ასეთი გაზეთი სკოლაში დარჩა. კოლეგებმა დირექტორთან დაასმინეს, დირექტორმა კი პოლიცია გამოიძახა.
„ნახატებში კოლეგებმა დაინახეს ნაცისტური შეხედულებები და ხელისუფლების დაცინვა. იმავე დღეს გაათავისუფლეს სამსახურიდან. პოლიციამ კი საქმე აღძრა. ჯერ დაკითხეს, შემდეგ უსაფრთხოების ძალები მივიდნენ მასთან სახლში, სადაც დანიილი ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა. ვერაფერი იპოვეს. შემდეგ სკოლის დირექტორმა უშიშროების წარმომადგენლებს უთხრა, რომ დანიილი ასაფეთქებელი ნივთიერებებით იყო დაინტერესებული და, რომ ტერაქტს ამზადებდა. შეუძლებელია ამის წარმოდგენაც კი. მიმაჩნია, რომ პოლიციამ დანიილზე ვერაფერი იპოვა და დირექტორს ასეთი განცხადების გაკეთება დაავალა. ამის შემდეგ საქმე უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს გადაეცა. სკოლის დირექტორმა დანიილს დაურეკა და სთხოვა სკოლაში მისულიყო პირადი ნივთებისა და საბუთების წასაღებად. გზად იგი აიყვანეს და, დანიილის თქმითვე, სადღაც სარდაფში დაჰკითხეს და ყველაფრის აღიარება მოსთხოვეს. მათ იპოვეს ფულადი გადარიცხვები, რომლებიც დანიილმა გააკეთა ჩემს კრიპტოსაფულეში, რათა დახმარებოდა ჩვენს ოჯახს რთულ დროს. ჯართან არაფერი მაქვს საერთო, არ მიბრძოლია, ცოტა ხნის წინ დავამთავრე სწავლა, ბუღალტრად ვმუშაობ. ფსბ-ის ოფიცრებმა აიძულეს დანიილი ეღიარებინა, რომ მან ეს თანხა „აზოვის“ ბატალიონს გადაურიცხა ანუ შეთითხნეს მიზეზი ტერორიზმის დაფინანსების ბრალდების წასაყენებლად. განაჩენი სამხედრო სასამართლომ გამოიტანა დახურულ სხდომაზე. ადვოკატი საქმის მასალებზე სრულ წვდომას დღემდე ვერ ახერხებს. ანუ, ჩვენ ბოლომდე არ გვესმის, რა იყო ბრალდების, საგამოძიებო მოქმედებების და განაჩენის გამოტანის მოტივი. დანიილმა სასამართლოში განაცხადა, რომ ის აწამეს და აღიარებაც ზეწოლის ქვეშ გააკეთებინეს, რაშიც ეჭვი არ მეპარება, - ამბობს მიკიტა, - ვერ ვხვდები, რატომ მიიღო სკოლის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება, რომელიც უდანაშაულო ადამიანს 20 წლით თავისუფლების აღკვეთად დაუჯდება. დანიილმა მითხრა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მასწავლებლებს აძულებდნენ გაემართათ პატრიოტული ღონისძიებები მოსწავლეებისათვის. მან უარი თქვა ამის გაკეთებაზე, რადგან ასეთი რამ არ შედიოდა ხელოვნების მასწავლებლის შრომის აღწერილობაში“.
2022 წლიდან რუსულ სკოლებში მართლაც დაინერგა ახალი საგანი „საუბრები მნიშვნელოვან საკითხებზე“. მეცადინეობის დაწყებამდე მთელი სკოლა იკრიბება ე.წ. დილის ხაზზე, სადაც სახელმწიფო ჰიმნის ფონზე ხდება რუსეთის დროშის საზეიმო აღმართვა. როგორც წესი, ასეთი გაკვეთილების ორგანიზების პასუხისმგებლობა კლასის დამრიგებლებს ეკისრებათ, თუმცა ხშირად სხვა მასწავლებლებიც იძულებულნი არიან გაუძღვნენ ამ საგანს. ასევე იწვევენ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის (ასე უწოდებს კრემლის პროპაგანდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში) ვეტერანებსაც, რომლებიც მოსწავლეებს უყვებიან იმის შესახებ, თუ როგორ იბრძოდნენ უკრაინაში. გაკვეთილების დროს ბავშვებს უხსნიან, რა არის გმირული სიკვდილი სამშობლოსთვის და უჩვენებენ ვიდეოებს საყმაწვილო პატრიოტული მოძრაობის „პირველების“ გმირ ბავშვებზე. სკოლის მოსწავლეებს ასწავლიან, რომ უნდა იამაყონ ომით. მასწავლებლებს, რომლებიც უარს ამბობენ ამ საგნის გაძღოლაზე, ხშირად ათავისუფლებენ სამსახურიდან, ხოლო იმ მოსწავლეების მშობლებს, რომლებიც უარს ამბობენ ასეთ გაკვეთილებზე, პოლიციაში იბარებენ. მოსკოვის ერთ-ერთი სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციაში უჩივლა 10 წლის ვარვარას, რომელიც სისტემატურად აცდენდა „მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრებს“.
„მახსოვს, დანიილმა თქვა, რომ მასწავლებლებს არ აქვთ საკუთარი მრწამსი და პოლიტიკური შეხედულებები. ისინი მიჰყვებიან პარტიულ ხაზს და აკეთებენ იმას, რასაც ხელისუფლება მათგან მოითხოვს. დანიილის დაკავებისა და მისთვის ამაზრზენი განაჩენის გამოტანის შემდეგ, როგორც ვიცი, არც ერთი მისი კოლეგა საჯაროდ არ აღშფოთებულა და არ გამოჰქომაგებია მას“, - ამბობს მიკიტა.
ამჟამად დანიილ კლიუკა ციხეში („ვლადიმირის ცენტრალი“) იმყოფება. მიკიტა მისი ცხოვრების შესახებ იმ წერილებიდან იგებს, რომლებსაც დანიილი სხვებს უგზავნის:
„ჩვენი კომუნიკაცია შეუძლებელია. მიჭირს დაჯერება, რომ რამდენიმე კარიკატურის გამო 20 წელი მიუსაჯეს. გამუდმებით მასზე ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ მალე გაათავისუფლებენ“.
რუსეთის სკოლებში დამკვიდრებული დასმენის ფენომენის შესახებ რადიო თავისუფლებას ესაუბრა ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი, რომელიც კარგად იცნობს რუსეთის საგანმანათლებლო და აღმზრდელობით სისტემაში შექმნილ ვითარებას:
„მასწავლებლები ასმენენ ბავშვებს, ბავშვები ასმენენ მასწავლებლებს, მასწავლებლები ასევე ასმენენ ერთმანეთს. ბავშვები ჰბაძავენ უფროსებს. ამჟამად რუსეთის სკოლებში დარჩენილი არიან ძირითადად ისეთი პედაგოგები, რომლებიც მზად არიან გააკეთონ ყველაფერი, რასაც უფროსობა უბრძანებთ. სხვა მასწავლებლები ჩვეულებრივ ტოვებენ სკოლებს. ომამდე არსებობდა პროგრამები, რომლებიც პედაგოგიური განათლების არმქონე, მაგრამ სხვა სფეროების პროფესიონალებს, სკოლებში (განსაკუთრებით სოფლის სკოლებში) მუშაობის დაწყებისკენ უბიძგებდა. ომის დაწყებისთანავე ეს ყველაფერი დასრულდა, პროპაგანდის მთელი ძალისხმევა ახლა მიმართულია სკოლებში „ომის გმირების“ მიზიდვისკენ. ჩემი აზრით, დასმენები ქვემოდან წამოსული ინიციატივაა. სახელმწიფოს სჭირდება მასწავლებლები, რომლებიც არავის შეაწუხებენ თავიანთი განსაკუთრებული მოსაზრებებით, მაგრამ, დიდი ალბათობით, არ არსებობს სპეციალური სახელმწიფო პროგრამები და მითითებები, მით უმეტეს, ბრძანებები, რომლებიც მასწავლებლებისგან დასმენის დაწერას მოითხოვს. როგორც წესი, სკოლების მიდგომაა, რომ ყველაფერი მშვიდად და წყნარად იყოს. სკოლის ადმინისტრაციას არ უყვარს სკანდალები. კონფლიქტის შემთხვევაშიც, როგორც წესი, მოლაპარაკებას ცდილობენ. ბევრი მასწავლებელი ხელისუფლების ერთგული ადამიანია, მაგრამ მათ თავისუფალი დრო თითქმის არ აქვთ. მასწავლებლები, როგორც წესი, ჩაძირულები არიან სწავლების პროცესში და ფიქრობენ, როგორ შეასრულონ განათლების განყოფილების ყველა ბიუროკრატიული მოთხოვნა. უკრაინის წინააღმდეგ ომის პირველ დღეებში ჩემი სკოლის მასწავლებლები დათრგუნული და შეშინებული ჩანდნენ. ვფიქრობ, მხოლოდ იშვიათი, განსაკუთრებით იდეოლოგიური მოქალაქეები მიიჩნევენ თავიანთ თავს „ბოროტების“ წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებად, სახელმწიფო კი ახალისებს დასმენას. არიან პროფესიონალი ინფორმატორებიც. მაგალითად, ისეთები, როგორიცაა ეკატერინა მიზულინა ან „ანა კორობკოვა“, იგივე ივან აბატუროვი, რომლებმაც თავი მიუძღვნეს „ხალხის მტრების“ მხილებას. როგორი იქნება ანტისაომარი პოზიციის მქონე მასწავლებლებისა და სტუდენტების დასმენის შედეგები, დიდწილად სკოლის ადმინისტრაციაზეა დამოკიდებული. ყველა სკოლას ჰყავს მრჩეველი აღმზრდელობით საკითხებში, რომელიც კურირებს პატრიოტულ მიმართულებას. მაგრამ მთლიანობაში, განსხვავებულად მოაზროვნეთა მიმართ დამოკიდებულება დამოკიდებულია კონკრეტულ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე. დირექტორებს აქვთ შესაძლებლობა, იყვნენ ლოიალურები განსხვავებული შეხედულებების მქონე მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიმართ. სკოლის ადმინისტრაციის გადასაწყვეტია, როგორ ისარგებლოს ამ შესაძლებლობით“.
პროფესიონალი დამსმენის მხილება
2024 წლის დეკემბერში სოციალურმა ანთროპოლოგმა ალექსანდრა არხიპოვამ ჩაატარა გამოძიება და გაარკვია, რომ ანტისაომარი პოზიციის მქონე ადამიანების მასობრივი დასმენებით ცნობილი „ანა კორობკოვას" ფსევდონიმის უკან იმალება ეკატერინბურგელი ჟურნალისტი, ივან აბატუროვი. ამის შესახებ ვრცელი მასალა გამოაქვეყნა BBC-ის რუსულმა სამსახურმა.
არხიპოვამ თავი მოუყარა 70-ზე მეტი წერილს, გაგზავნილს სხვადასხვა დაწესებულებასა და უწყებაში, რომლებშიც „კორობკოვა“ ადანაშაულებდა ექიმებს, მასწავლებლებს, უფლებადამცველებსა და ჟურნალისტებს რუსული არმიის „დისკრედიტაციაში“ და მათ პასუხისგებაში მიცემას მოითხოვდა. დამსმენ-ინფორმატორის მსხვერპლთა შორის არიან: კლინიკის ექიმი, რომელმაც კომენტარი მისცა ტელეკომპანია „დოჟდს“, ომში დაღუპული წვევამდელის დედა და თავად კვლევის ავტორი, ანთროპოლოგი ალექსანდრა არხიპოვა. ერთ შემთხვევაში, სტუდენტი გარიცხეს უნივერსიტეტიდან მას შემდეგ, რაც დასმენიდან შეიტყვეს, რომ იგი მონაწილეობდა „არასანქცირებულ აქციებში“.
2024 წლის დეკემბრის დასაწყისში არხიპოვამ ვიკიპედიაში აღმოაჩინა კორობკოვას შესახებ გაკეთებული ჩანაწერი (სტატია), რის შემდეგაც ენათმეცნიერების დახმარებით მან ჩაატარა შედარებითი ანალიზი და გაარკვია, რომ ვიკიპედიის სტატიის ავტორი, სავარაუდოდ, იგივე პიროვნება იყო, ვინც კორობკოვას სახელით წერდა დასმენებს.
არხიპოვამ და გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოახერხეს ვიკიპედიის სტატიის ავტორის ვინაობის დადგენა, რომელიც ეკატერინბურგელი ჟურნალისტი, ივან აბატუროვი აღმოჩნდა.
აბატუროვი, როგორც BBC-ის რუსული გამოცემა აღნიშნავს, უკვე გახვეული იყო დასმენებთან დაკავშირებულ სკანდალში. 2022 წლის ზაფხულში გამომცემლობა „ნესტორ-ისტორიის“ დირექტორმა, სერგეი ერლიხმა განაცხადა, რომ აბატუროვმა ერთ-ერთ წიგნში „აღმოაჩინა ცრუ ინფორმაცია მეორე მსოფლიო ომის დროს სსრკ-ს საქმიანობის შესახებ“. ამის შემდეგ „ნესტორ-ისტორიის“ ოფისში სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები მივიდნენ.
თავად აბატუროვი არასოდეს მალავდა თავის დამოკიდებულებას დასმენების მიმართ. 2019 წელს მან სოციალურ მედიაში დაწერა, რომ „სტალინის დროს ჟურნალისტი მოსიარულე პროკურატურა იყო“ და რომ მასაც სურს ასეთად ყოფნა.
BBC-ის კორესპონდენტის კითხვაზე, მართლა წერს თუ არა დასმენებს „კორობკოვას" სახელით, აბატუროვმა სოციალურ ქსელ VKontakte-ზე უპასუხა: „გამარჯობა. თქვენ ცდებით". ამის შემდეგ შეწყვიტა შეტყობინებებზე რეაგირება და მასთან ტელეფონით დაკავშირებაც შეუძლებელი გახდა.
სტალინის დროს ჟურნალისტი მოსიარულე პროკურატურა იყო
2024 წლის ივნისის მონაცემებით, უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებმა სამართალდამცავ უწყებებს მიაწოდეს 2623 საჩივარი, რომლებშიც ისინი თანამოქალაქეებს ომის საწინააღმდეგო განცხადებების გამო უჩივიან. გამოცემა „ვაჟნიე ისტორიის“ თანახმად, დასმენათა რაოდენობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილზეა ე.წ. ლგბტ პროპაგანდა (487 საჩივარი) და რუსოფობია (250).
„ვაჟნიე ისტორიი“ აღნიშნავს, რომ საჩივრების 70% დაწერილია ანონიმური ტელეგრამარხის „მრაკობორეცის“ წევრების მიერ. არხი სპეციალიზებულია ომის საწინააღმდეგო აქტივისტების პოვნაში. არხის ყოველდღიური ნორმაა სოციალურ ქსელებში (VKontakte და Odnoklassniki) მდებარე გვერდებზე მინიმუმ სამი საჩივრის დაწერა. „უსაფრთხო ინტერნეტის ლიგის“ ხელმძღვანელს, ეკატერინა მიზულინას პირადად 148 საჩივარი აქვს დაწერილი, კრემლის მომხრე აქტივისტს, ვიტალი ბოროდინს კი - 60.
ფორუმი