გურჯაანის სამი სოფლის მოსახლეობა დღეს ნაცვლად იმისა, რომ რთველში წასულიყო, ქუჩაში გამოვიდა. აქციის მონაწილეები რქაწითლის ჯიშის ყურძენზე ფასის 70 თეთრიდან 1 ლარამდე გაზრდას ითხოვდნენ. მევენახეებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი შეხვდა, თუმცა ეს შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. მოსახლეობა იმასაც ამბობს, რომ არასაკმარისია ღვინის ქარხნების რაოდენობა და ყურძის ჩაბარება უჭირთ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მევენახეების ნაწილი რთვლის ნაცვლად ქუჩაში გავიდა. სამი სოფლის - ახაშენის, ზეგაანისა და მუკუზნის - მოსახლეობა რქაწითლის ჯიშის ყურძენზე ფასის გაზრდას ითხოვს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ “არც ქარხნები მუშაობენ და მოკრეფილ ყურძენს დაბალ ფასშიც ვერ აბარებენ”. ამ დროისთვის ერთ კილოგრამ რქაწითლის ჯიშის ყურძენს თითქმის ყველა ქარხანა 70 თეთრად იბარებს, მევენახეები კი ფასის ერთ ლარამდე გაზრდას მოითხოვენ, რათა გაწეული ხარჯებიც დაფარონ და მცირე მოგებაც დარჩეთ.
„შარშან ლარიც არ იყო ასეთი გაუფასურებული და ყურძენი 85 თეთრი ღირდა, ახლა 1 დოლარი 3 ლარი ღირს, 1 კგ რქაწითელი კი 70 კაპიკია. არაფერი გამოდის. რაც დავხარჯეთ, იმასაც ვარ ვიღებთ“, - ამბობს აქციის მონაწილე კახელი მევენახე.
კიდევ ერთი ფერმერის თქმით, „ყურძენი 1 ლარი მაინც უნდა ღირდეს, რომ გლეხმა გაწეული ხარჯიც დაფაროს და მცირე მოგებაც მიიღოს“.
11 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრაში, უკმაყოფილო მევენახეებმა გურჯაანის მერიის შენობაში გადაინაცვლეს, სადაც სოფლის მეურნეობის მინისტრს, რთვლის შტაბის ხელმძღვანელსა და კახეთის გუბერნატორს შეხვდნენ. აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა თითქმის ერთი საათი გაგრძელდა, თუმცა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. შეხვედრის შემდეგ მევენახეებმა თქვეს, რომ სოფლის მეორნეობის სამინისტრომ მათ დახმარებაზე უარი უთხრა:
„ვერავითარ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ყურძენს ქარხნები კვლავ 70 თეთრად ჩაიბარებენ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მიგვითითა, რომ გლეხკაცი უნდა ადგეს, მივიდეს და კერძო მესაკუთრეს ევაჭროს ფასზე. ეს არის ჩვენთვის მიუღებელი!. ალბათ, უნდათ, რომ ყველამ გაყიდოს ვენახები, რათა თავიანთ საკუთრებაში მოაქციონ. შემდეგ ჩვენ აღარ შევაწუხებთ... ეს უნდათ მათ, სხვა არაფერი!“
აქციის მონაწილე კახელ მევენახეებს დღეს გურჯაანში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი შეხვდა. მისი თქმით, სახელმწიფოს რთვლის პროცესში მხოლოდ საორგანიზაციო საკითხების მოგვარება შეუძლია.
სახელმწიფო ვერ ჩაერევა ფასების რეგულირების პროცესში. დღეს არის გახსნილი 30-მდე ქარხანა. რომელიც იბარებს ყურძენს.ლევან მუხუზლა
რაც შეეხება ყურძნის ფასს, ამას თავისუფალი საბაზრო პროცესი არეგულირებსო, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, სახელმწიფოს კიდევ ერთი დახმარება ის იქნება, რომ საბაზრო ფასად ჩაიბარებენ ჭარბ მოსავალს, რომელსაც კერძო ქარხნები არ მიიღებენ:
„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ფერმერებთან. ვუთხარით, რომ, დღეის მდგომარეობით, ყველა ქარხანა გახსნილია და მზად არის მოსავალი მიიღოს. სახელმწიფოს მთავარი მიზანია, რომ არ გაჩნდეს რიგები და დროულად ჩაბარდეს ყურძენი. ასევე სახელმწიფო მზად არის, რომ ზედმეტი ოდენობის ყურძენი, რომელსაც არ მიიღებენ კერძო მეწარმეები, სახელმწიფომ ჩაიბაროს, მიუხედავად ყურძნის ხარისხისა. არც ერთი გრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი“.
ათეულობით უკმაყოფილო მევენახეს „რთველი 2019“-ის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მუხუზლაც ესაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა აქციის მონაწილეთა პრეტენზიაზე, რომ ქარხნები არ მუშაობენ. მუხუზლა ირწმუნება, რომ მხოლოდ გურჯაანში 7 ქარხანა მუშაობს და ყურძნის ჩაბარების პრობლემა ამ დრომდე არავის შეჰქმნია:
„სახელმწიფო ვერ ჩაერევა ფასების რეგულირების პროცესში. დღეს არის გახსნილი 30-მდე ქარხანა. რომელიც იბარებს ყურძენს. რაც შეეხება გურჯაანს, დაახლოებით 5-7 ქარხანაა გახსნილი, რომელიც იბარებს ყურძენს. ჯამში, რთვლის შტაბში 200-ზე მეტი ქარხანაა რეგისტრირებული და ისინი ეტაპობრივად ამუშავდება. საერთო ჯამში, ველოდებით 200-დან 230 ათას ტონამდე ყურძენს“.
ამ დროის მონაცემებით, 1 კგ რქაწითლის ჯიშის ყურძნის ღირებულება 70 თეთრია, ხოლო 1 კგ საფერავის - 2,5 ლარი. მევენახეებმა ყურძენზე ფასის მომატების მოთხოვნით აქცია კახეთში 6 სექტემბერსაც გამართეს.