კახეთში მევენახეები და ღვინის კომპანიები „რთველი 2018“-ის დასაწყებად ემზადებიან. უკვე ცნობილია, რომ წელს სახელმწიფო სუბსიდია აღარ გაიცემა, ამიტომ გლეხებს ახლა ყველაზე მეტად ის აინტერესებთ, თუ რა ეღირება ერთი კილოგრამი ყურძენი. ისინი სასურველ ფასსაც ასეხელებენ. ამ თემაზე ჯერ არ ლაპარაკობენ ღვინის კომპანიები. საკოორდინაციო საკითხების მოსაგვარებლად შექმნილია რთვლის შტაბი. როგორ მოიყვანეს მოსავალი და რა მოლოდინი აქვთ მევენახეებს?
ტყემალი, რომელსაც არანაირი მოვლა არ უნდა, ღირს 1 ლარი და ვაზი, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, მისი ნაყოფიც ლარი უნდა ღირდეს?!
მიმდინარე კვირის ბოლომდე კახეთში წლის განმავლობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესი, რთველი დაიწყება. ადგილმდებარეობისა და კლიმატური პირობების გამო ყურძენი ყველაზე ადრე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში იწევა, ამიტომ იქ განსაკუთრებული სამზადისია. მევენახეები საორგანიზაციო საკითხებს აგვარებენ, რათა მოკრეფილი ყურძენი დროულად ჩააბარონ. მართალია, ჯერ არ იციან ყურძნის ფასი, მაგრამ ისინი ელიან, რომ ერთი კილოგრამი რქაწითელი 1 ლარზე ნაკლები არ ეღირება, ხოლო საფერავის ფასი 2 ლარიდან დაიწყება. მევენახეები ამბობენ, რომ თუკი მათი ფასი უფრო ნაკლები იქნება, ყურძნის მოყვანაში დახარჯულ ფულს ვერ აინაზღაურებენ. 2017 წელს ერთი კილოგრამი საფერავის ფასი 1 ლარი და 30 თეთრიდან 2 ლარამდე მერყეობდა, რქაწითლისა კი 60-70 თეთრი იყო.
„საფერავი 2 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს, რადგან დიდი შრომა სჭირდება, ხოლო ფასი ყოველთვის დაბალია. ტყემალი, რომელსაც არანაირი მოვლა არ უნდა, ღირს 1 ლარი და ვაზი, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, მისი ნაყოფიც ლარი უნდა ღირდეს?!“
„გლეხის შრომა უნდა დაფასდეს და ყურძნის ფასი უნდა იყოს ნორმალური, რომ მევენახეები კმაყოფილები დავრჩეთ“.
„ვენახები რომ გაგვიფუჭდა, ახლა სწორედ ამ თემას განვიხილავდით. წელს უხარისხო შხამქიმიკატები იყო და წამლობამ შედეგი არ გამოიღო. ყურძენი შეიძლება 5 ლარი არ ღირდეს, მაგრამ 1 ან 2 ლარი მაინც ხომ უნდა ღირდეს, რომ გლეხის შრომა დაფასდეს და რაც ყურძნის მოყვანაში დახარჯა, იმის საფასური მაინც ამოიღოს?“
ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ის, რომ შევძლოთ და დავაკავშიროთ მოკლე ვადებში, ერთი მხრივ, მევენახეები და, მეორე მხრივ, ყურძნის ჩამბარებელი სუბიექტები.ანდრო ასლანიშვილი
კახეთში მოსავლის ნაწილი სხვადასხვა დროს მოსულმა სეტყვამ გაანადგურა, ზოგი მევენახე კი ამბობს, რომ ხარისხიანი ყურძენი უხარისხო შხამქიმიკატების გამო ვერ მიიღო. მიუხედავად ამისა, წელს რეგიონში 200-დან 220 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან. კომპანიები, რომლებიც მოსახლეობისგან ყურძნის ჩაბარებას გეგმავენ, ვალდებული არიან რეგისტრაცია რთვლის შტაბში გაიარონ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 40-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული, თუმცა რთვლის საკოორდინაციო შტაბში გვითხრეს, რომ მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. შტაბის ხელმძღვანელის ანდრო ასლანიშვილის თქმით, მათი მთავარი მოვალეობაა, რომ რთველმა მაქსიმალურად ორგანიზებულად ჩაიაროს. ამისთვის შტაბის თანამშრომლები მევენახეებს ღვინის კომპანიებთან დააკავშირებენ, რათა ყურძნის ჩაბარების პროცესი არ შეფერხდეს. აღსანიშნავია, რომ წელს რთველი სუბსიდირების გარეშე ჩაივლის. სახელმწიფო ამ დარგში ფულის დახარჯვას აღარ აპირებს, რადგან თვლის, რომ ამ მიმართულებით მდგომარეობა გაუმჯობესებულია:
მოლოდინი გვაქვს იმის, რომ კარგი რთველი იქნება. რაც შეეხება გასაღების ბაზრებს, ჩვენ პროდუქტი გაგვაქვს ჩინეთში, რუსეთში და ევროპის ქვეყნებში - იქ, სადაც დიდი ბაზრებია.ნიკა ჭიჭაძე
„ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ის, რომ შევძლოთ და დავაკავშიროთ მოკლე ვადებში, ერთი მხრივ, მევენახეები და, მეორე მხრივ, ყურძნის ჩამბარებელი სუბიექტები. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ორგანიზებულად, რიგების გარეშე მოხდეს ყურძნის ჩაბარება. ხშირად ისმება შეკითხვა ფასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ განვსაზღვროთ რაიმე ფასი, ვინაიდან ეს წარმოადგენს მევენახესა და ღვინის ჩამბარებელ კომპანიას შორის მოლაპარაკების საგანს“.
მევენახეებთან ერთად სამზადისში არიან ყურძნის მიმღები კომპანიებიც. ქარხნებში მიმდინარეობს ტექნიკის გადაიარაღება და მწყობრში მოყვანა, თუმცა არც ერთი კომპანიის წარმომადგენელი წინასწარ არ ამბობს, რამდენს გადაიხდიან ერთ კილოგრამ ყურძენში. ისინი მხოლოდ იმაზე ლაპარაკობენ, თუ რა რაოდენობის ყურძნის მიღება შეეძლებათ. ღვინის კომპანია „მეღვინეობა შილდის“ წარმომადგენელი ნიკა ჭიჭაძე ამბობს, რომ ისინი მოსავალს ძირითადად მოსახლეობისგან ჩაიბარებენ:
„ქარხანა ტექნიკურად მთლიანად გამართულია. ვაპირებთ ყურძენი სრულად მივიღოთ გლეხებისგან. საერთო ჯამში, ჩავიბარებთ 2 ათას ტონას. ეს იქნება საღვინე და სასპირტე ყურძენი. მოლოდინი გვაქვს იმის, რომ კარგი რთველი იქნება. რაც შეეხება გასაღების ბაზრებს, ჩვენ პროდუქტი გაგვაქვს ჩინეთში, რუსეთში და ევროპის ქვეყნებში - იქ, სადაც დიდი ბაზრებია. წინა წელს თითქმის 1 მილიონი ბოთლი ღვინო გავყიდეთ. იმედი გვაქვს, რომ წელს 2 მილიონ ბოთლამდეც ავალთ“.
აღსანიშნავია, რომ რთვლის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე დაისეტყვა ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი. სტიქიამ სხვა მოსავალთან ერთად თითქმის მთლიანად გაანადგურა ყურძენიც. დაზარალებულებს, ვისაც მოსავალი არ ჰქონდა დაზღვეული, სახელმწიფომ ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა. დაზიანებული ყურძენი მიზერულ ფასად, 40-50 თეთრად, ჩაიბარა ახმეტის ღვინის ქარხანამ - სულ, დაახლოებით, 1000 ტონა, ხოლო ის მევენახე, რომელიც აგროდაზღვევის პროგრამაში იყო ჩართული, ზარალის ანაზღაურებას ამ დრომდე ელოდება. სადაზღვევო კომპანიებში 800-მდე შეტყობინება შევიდა.