მედიამ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა რომ გააშუქოს, ამისთვის საკრებულოს თანხმობა სჭირდება. თუკი საკრებულო უარს იტყვის, ჟურნალისტს არც ვიდეო და არც აუდიოჩანაწერის გაკეთების უფლება არ აქვს.
როგორც ირკვევა, მედიისთვის ასეთი შეზღუდვა კახეთში მხოლოდ დედოფლისწყაროს აქვს დაწესებული, თუმცა რა არის ამის მიზეზი, ვერ აკონკრეტებენ. ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები რეგლამენტში არსებულ ჩანაწერს მედიის შეზღუდვად მიიჩნევენ და დედოფლისწყაროს საკრებულოს აკრიტიკებენ.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მეცხრე მუხლში უწერია, რომ საკრებულოს სხდომაზე მისულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულება და აუდიო-ვიდეოჩანაწერის გაკეთება იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუკი საკრებულო ამისთვის ნებართვას გასცემს. როგორც ირკვევა, კახეთში მხოლოდ დედოფლისწყაროა ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომლის რეგლამენტშიც ასეთი ჩანაწერია. რეგიონში მომუშავე ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები ასეთ ჩანაწერს მედიის შეზღუდვად მიიჩნევენ. ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი მაკა მოსიაშვილი ამბობს, რომ ეს ჩანაწერი ხელს უშლის ყველა ჟურნალისტს, რომელიც გადაწყვეტს დედოფლისწყაროს საკრებულოს სხდომა გააშუქოს.
„სამწუხაროა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში თვითმმართველობის კოდექსზე მაღლა მათ მიერვე შემუშავებულ რეგლამენტს ანიჭებენ უპირატესობას. ქართულ კანონმდებლობაში ჯერ არსებობს კოდექსი და შემდეგ კოდექსიდან გამომდინარე ხდება ქვემდებარე აქტების მიღება. დედოფლისწყარო, ეტყობა, გამონაკლისია და ჩრდილოკორეას ჰგავს იმ მხრივ, რომ მედიას არ აქვს უფლება შევიდეს, დაესწროს, მოისმინოს და გააშუქოს, თუ ამის უფლება არ მისცა საკრებულომ. ეს რაღაც ახალი ფენომენია ჩვენი სამართლებრივი გარემოსათვის. ვთვლი, რომ ეს დამოკიდებულება ყველა ჟურნალისტისთვის უფლების შემლახველია“.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ბაღაშვილი ამბობს, რომ რეგლამენტში არსებული ჩანაწერი საკრებულოს უფლებას აძლევს შეზღუდოს მედიის საქმიანობა და კონკრეტულ ჟურნალისტებს უარი უთხრას სხომების გაშუქებაზე. ბაღაშვილი გასულ წლებს იხსენებს, როდესაც, მისი თქმით, საკრებულომ, რეგლამენტში არსებული ჩანაწერის საფუძველზე, ჟურნალისტები სხომაზე არ შეუშვა. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, „ეს ჩანაწერი კანონდარღვევაა“.
„ეს პრაქტიკა გამოუყენებიათ და შეუძლიათ კიდევ გამოიყენონ. მასმედიის წარმომადგენელს კენჭი უნდა უყარონ და გადაღების უფლება მისცენ ან არ მისცენ. ასეთი ფაქტიც გვქონია წინა წლებში. ბევრი გაბრაზდა კიდეც. გვქონდა ერთ-ერთი სხდომა, რომელსაც დაესწრო რეგინფოს წარმომადგენელი გელა მთივლიშვილი. მაშინაც უყარეს კენჭი, თუმცა ვერ გაბედეს უარის თქმა და დათანხმდნენ. ეს ჩანაწერი ბერკეტია საკრებულოსთვის შეზღუდოს მედია და არ მოხდეს გაშუქება, რაც არის სერიოზული დარღვევა, იმიტომ რომ სხდომა ღიაა, საჯარო და ყველას შეუძლია მოახდინოს ჩაწერა და ტრანსლირება“.
რა მოტივით გაკეთდა ასეთი ჩანაწერი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში? - ამ შეკითხვით საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილს მივმართეთ. ის ამბობს, რომ ჩანაწერი გაკეთდა მისი წინამორბედის თავმჯდომარეობის დროს, 2014 წელს, თუმცა - რა მოტივით, არ იცის. ნუგზარ პაპიაშვილი ირწმუნება, რომ პირადად მას ჩანაწერით დადგენილი შეზღუდვები არასდროს გამოუყენებია და არც მომავალში გამოიყენებს:
„ვინმე ჟურნალისტი თუ მოსულა როდისმე პრეტენზიით. რომ არ დაუშვეს და უკან გამოუშვეს, ან მაგდაგვარი თუ მომხდარა? არასდროს არც ერთი ჟურნალისტის მიმართ არ გამოგვიყენებია ეგ მუხლი. მაგრამ რატომ არის ეს ჩანაწერი, ამის მიზეზი არ ვიცი. რომ მოვედი ამ თანამდებობაზე, უკვე იყო. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ გამოგვიყენებია ეგ მუხლი. სხვას მე ვერაფერს ვერ გეტყვი, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს ჩანაწერი შეიცვალოს“.
ამ ჩანაწერს არასწორად მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც“. მედიასამართლის იურისტის, მარიამ გოგოსაშვილის, თქმით, საკრებულოს სახელმძღვანელო დოკუმენტში საერთოდ არ ჩანს მიზეზები, თუ რა შემთხვევაში ეტყვის საკრებულო ჟურნალისტს გადაღებაზე უარს ან მისცემს თანხმობას აწარმოოს ჩაწერა:
„რატომ უნდა იყოს თანხმობა საჭირო, როდესაც სხდომა არის საჯარო და შესაძლებელია ნებისმიერი მოქალაქე დაესწროს და გაეცნოს ინფორმაციას, რა საფუძველი უნდა არსებობდეს სხდომის გადაღების აკრძალვისთვის, ისიც კი არ არის მითითებული რეგლამენტში. ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის ჩანაწერები არასწორია“.
შეცვლის თუ არა რეგლამენტში არსებულ ჩანაწერს დედოფლისწყაროს საკრებულო, ჯერ ცნობილი არ არის. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ 2019 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დედოფლისწყაროს ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელი აქვს.