4 მარტს გაირკვა მოკლულთა ვინაობა, რომლებსაც რუსეთის ოფიციალური სამსახურები უწოდებენ „ისლამური სახელმწიფოს (ISIS) მხარდამჭერ ბოევიკებს“. დახოცილები არიან: 2000 წელს დაბადებულები: ზელიმხან ცუროევი, მიკაილ ტუტაევი და მაგომეტ ბარკინხოევი. ასევე მოკლულია 1997 წელს დაბადებული ბერს ჩემურზიევი, 1991 წელს დაბადებული თაგირ ცუროევი და 1989 წელს დაბადებული ამირხან გურაჟევი.
რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, ცუროევები იძებნებოდნენ ტერორისტული ქმედებების საჯარო მოწოდებისთვის (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205.2 მუხლი), ხოლო ამირხან გურაჟევი - უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზებისა და ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობისათვის.
უსაფრთხოების სამსახურის თავდაპირველი განცხადებებისგან განსხვავებით, ყარაბულაკში მოკლულთა სიაში არაა ადამ ოზდოევი, რომელიც 2023 წლის მარტ-აპრილში საგზაო პოლიციის პოსტზე თავდასხმის გამო იძებნება.
ინგუშეთის ქალაქ ყარაბულაკში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის შემოღების შესახებ ცნობილი გახდა 2 მარტის საღამოს. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინგუშეთის სამმართველოს ხელმძღვანელის, პოლკოვნიკ შევლიაკოვის თქმით, ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა ქალაქ ყარაბულაკის რამდენიმე ქუჩაზე იმისათვის, რომ „აღიკვეთოს ტერორისტული აქტები და ტერორისტული ხასიათის დანაშაულები“.
კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი - მოქმედებაში შედის „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ფედერალური კანონის შესაბამისად, უფლებას აძლევს ე.წ. ძალოვან უწყებებს გამოასახლონ ადამიანები გარკვეული ტერიტორიებიდან და ობიექტებიდან, მათ შორის საცხოვრებელი სახლებიდან.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა „უცნობ პირთა ბლოკირება მოახდინეს“ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოში ისმის ავტომატისა და ყუმბარმტყორცნის სროლის ხმა.
ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, სპეციალური ოპერაციის დროს შენობაში მცხოვრები ადამიანები ევაკუირებული იყვნენ ქალაქის ერთ-ერთი სკოლაში. სროლა რამდენიმე საათს გაგრძელდა. ინგუშეთის რესპუბლიკაში ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ოპერატიული შტაბის ცნობით, მას შემდეგ რაც სროლის შედეგად ბინაში ხანძარი გაჩნდა, ე.წ. ბოევიკებმა სხვა სართულზე გადასვლა სცადეს.
3 მარტის საღამოს, ინგუშეთის რესპუბლიკის მეთაურმა მაჰმუდ-ალი კალიმატოვმა გამოაცხადა, რომ დასრულებულია კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი.
რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი ასევე იტყობინება, რომ მსხვერპლი არ ყოფილა სამართალდამცავებსა და სამოქალაქო პირებს შორის.
„შეტაკების ადგილის დათვალიერებისას აღმოჩენილია ავტომატური იარაღი, საბრძოლო მასალა, ყუმბარები და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა“, - ნათქვამია კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე (სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლის სიცოცხლის ხელყოფა)“.
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ტელეგრამ-არხის თანახმად, 2 მარტს, ინგუშეთის ტერიტორიაზე მოქმედი უკანონო შეიარაღებული ჯგუფის შესახებ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შემოწმებისას, „ქალაქ ყარაბულაკში მდებარე ბინის დათვალიერების მცდელობისას, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს გაუწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა. შეტაკებისას ექვსი შეიარაღებული პირი იქნა განეიტრალებული“.
მოსკოვთან მრავალწლიანი დაპირისპირების ქრონიკა
ინგუშეთში სპეცოპერაციებისა და უსაფრთხოების ძალებზე თავდასხმების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა ბოლო სამი წლის განმავლობაში, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილთან დაპირისპირებას, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტებთან ბრძოლას“ უწოდებს, თითქმის 20 წლიან ისტორია აქვს.
kavkaz-uzel.eu-ს მონაცემებით, ინგუშეთში ვითარება ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლიდან გამოვიდა ჯერ კიდევ მურატ ზიაზიკოვის (2002 - 2008) პრეზიდენტობის დროს. ზიაზიკოვმა ვერ მოიპოვა ვერც ადგილობრივი მოსახლეობის და ვერც ოჯახური კლანების ლიდერთა მხარდაჭერა, დაპირისპირების ქრონიკა კი ასეთია:
2004 წლის ივნისში ნაზრანში სამთავრობო დაწესებულებებს ტავს დაესხა ჩეჩნურ-ინგუშური შეიარაღებული ჯგუფი, რასაც რუსეთის ფედერალური ძალოვანი სამსახურების 100-მდე წარმომადგენლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
2007 წლის 25 ივლისს ინგუშეთის ტერიტორიაზე დაიწყო სპეციალური კომპლექსურ-პროფილაქტიკური ოპერაცია, რომლის დროსაც 2007 წლის 9 აგვისტოს ინგუშეთში შეიყვანეს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების დამატებითი ნაწილები.
2008 წლის 21 თებერვალს ინგუშეთის რესპუბლიკის სახალხო კრების კომისიამ მოამზადა დასკვნა რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ვითარება ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა უკანონო ქმედებებმა გაამწვავა.
2009 წელს ინგუშეთი შეძრა ახალმა მკვლელობებმა და შეიარაღებულმა თავდასხმებმა, მათ შორის თავად ევკუროვზეც, რომელიც მძიმედ დაიჭრა.
2010 წელს საგრძნობად შეიცვალა ვითარება - წინა წელთან შედარებით, ორჯერ ნაკლები აფეთქება და ტერაქტი (მათ შორის კამიკაძეების მონაწილეობით) მოხდა.
2011 წელს შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლთა რიცხვი, 2010 წელთან შედარებით, სამჯერ შემცირდა.
2012 წელს ვითარება ისევ გაუარესდა: უშიშროების ძალებსა და იატაკქვეშა შეიარაღებულ ფორმირებებს შორის მომხდარი შეტაკებების დროს დაღუპულთა რიცხვი 1,5-ჯერ გაიზარდა 2011 წელთან შედარებით.
2013 წლის მონაცემები აჩვენებს ინგუშეთში სტაბილიზაციის განახლებულ ტენდენციას: 2012 წელთან შედარებით მსხვერპლთა რიცხვი 44%-ით შემცირდა, აფეთქებებისა და ტერაქტების რაოდენობა კი - ორჯერ.
2014 წელს მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 60,6%-ით შემცირდა, მშვიდობიანი მოსახლეობაში კი - 90%-ით.
2015 წლის შედეგების თანახმად, გაგრძელდა დანაშაულის კლების ტენდენცია: წინა წელთან შედარებით, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა შემცირდა 43,2%-ით, მათ შორის თითქმის შვიდჯერ შემცირდა დანაკარგები უშიშროების ძალების რიგებში.
2016 წელს მსხვერპლის საერთო რაოდენობა 9,5%-ით შემცირდა, მაგრამ სამაგიეროდ 4-ჯერ გაიზარდა დაღუპულების რიცხვი მშვიდობიან მოსახლეობაში.
2017 წელს მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 26%-ით გაიზარდა, ხოლო უსაფრთხოების ძალებში - 6-ჯერ. გაორმაგდა შეიარაღებული ინციდენტების რაოდენობა, თუმცა 75%-ით შემცირდა ტერორისტული თავდასხმების რიცხვი. 2017 წლის სტატისტიკა საშუალებას აძლევს სპეციალისტებს ილაპარაკონ ვითარების გარკვეულ დესტაბილიზაციაზე, რადგან მანამდე რეგიონში მსხვერპლთა რიცხვის თანმიმდევრული კლება შეინიშნებოდა.
2018 წლის წლის განმავლობაში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 8 და დაიჭრა 2 ადამიანი (ორივე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელი). დაღუპულთაგან ორი მშვიდობიანი მოქალაქე იყო, ექვსი კი - ე.წ. ბოევიკი.
2019 წელს მსხვერპლის საერთო რაოდენობამ შეადგინა 13 ადამიანი, რომელთაგან ოთხი მოკლული იქნა.
2020 წლის აგვისტოს ბოლოსთვის ინგუშეთში სულ მცირე 19 ადამიანი მოკლეს, 30 კი დაჭრეს, ერთიც გაიტაცეს. კონტრტერორისტული ოპერაციები გამოცხადდა სუნჟის რაიონში (ორჯერ), ნაზრანში, მალგობეკის რაიონის სოფელ საგოფშიში და ნაზრანის რაიონის სოფელ ალი-იურტში.
დაპირისპირების პოლიტიკური შემადგენელი
2024 წლის 23 თებერვალს უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას (N10344) ინგუში ხალხის უფლების შესახებ შექმნას საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფო.
უმაღლესი რადის დეპუტატის მარია მეზენცევას თქმით, მიღებული რეზოლუციით, უკრაინა გმობს ინგუშების 1944 წლის დეპორტაციას, მათი ტერიტორიის დანაწევრებას და რეპრესიებს, რომლებსაც სისტემატურად ახორციელებდა აგრესორი რუსეთის ფედერაცია; უკრაინა ასევე მხარს უჭერს ინგუში ხალხის სურვილს აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა და შეინარჩუნოს თავისი იდენტობა.
ინგუშეთის დამოუკიდებლობის კომიტეტმა, რომელიც 2023 წელს ემიგრაციაში შეიქმნა და ინგუშეთის დამოუკიდებლობას ითხოვს, უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია მოიწონა და უწოდა მას ინგუში ხალხისთვის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა.
"ეს არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი დამოუკიდებლობის მომავალი საერთაშორისო აღიარებისთვის, ისევე, როგორც ინგუში ხალხის ტრაგედიებისა, 1944 და 1992 წლებში“, — განუცხადა OC Media-ს კომიტეტის სპიკერმა.
უკრაინის უმაღლესი რადის კიდევ ერთი დეპუტატის, ფრაქცია „გოლოსის“ წევრის იაროსლავ იურჩიშინის თქმით, ამ გადაწყვეტილებით უკრაინა „ოფიციალურად უჭერს მხარს როგორც ადამიანის უფლებებს, ასევე რუსული იმპერიალიზმის დამხობას“.
„სსრკ-მ და რუსეთმა ცინიკურად გაანადგურეს ინგუშები: რეპრესიები, 1944 წლის მასობრივი დეპორტაციები, საფლავებისა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურება, ტერიტორიების ჩამოჭრა და ა.შ. რუსეთმა გამოაჩინა თავისი სისხლიანი სიფათი. უკრაინამ მიიღო ეს გადაწყვეტილება 1944 წლის 23 თებერვალს დაწყებული ჩეჩენი და ინგუში ხალხების დეპორტაციის 80 წლისთავზე“, - დაწერა დეპუტატმა იაროსლავ იურჩიშინმა.
უმაღლესმა რადამ ასევე დაგმო რუსული სპეცრაზმის თავდასხმები ინგუშ სამოქალაქო პირებზე, 1992 წლის ინგუშეთ-ოსეთის კონფლიქტის დროს, ჩეჩნეთ-ინგუშეთის საბჭოთა ავტონომიური რესპუბლიკის გაუქმების შემდეგ, ჩრდილოეთ ოსეთს გადაცემული ტერიტორიების გამო.
- ინგუშეთი - რუსეთის ფედერაციის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ ოსეთსა და ჩეჩნეთს შორის, სამხრეთით კი ესაზღვრება საქართველოს. ფართობი 3,6 ათასი კვ. კმ, მოსახლეობა - 519,0 ათასი ადამიანი, დედაქალაქი - მაგასი.