ზაფხულის ცხელ დღეებშიც კი ადგილობრივთა ნაწილი საკვებს შეშის ღუმელზე ამზადებს. თელავის მერია ბუნებრივი აირის ალტერნატივად მოსახლეობას თხევადი არის ვაუჩერების გადაცემას დაჰპირდა, თუმცა ტენდერი ორჯერ ჩავარდა და ადგილობრივი მცხოვრებნი ხელისუფლებისგან ვერც თხევად აირს იღებენ. ამ პროგრამას ოპოზიცია მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს.
თელავის მუნიციპალიტეტს 29 სოფელი აქვს და აქედან მხოლოდ ორში - ლეჩურსა და თეთრწყლებში - ბუნებრივი აირი არასდროს ჰქონიათ. ლეჩური მუნიციპალური ცენტრიდან 24, ხოლო თეთრიწყლები 18 კილომეტრით არის დაშორებული. სიშორე სახელდება იმის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, რომ სოფლებამდე ამ დრომდე ვერ მიიყვანეს გაზის მაგისტრალი. ლეჩურელები ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
"სოფელი არის გადაგდებული. მხოლოდ არჩევნებისთვის მოდიან. ბოლო არჩევნების დროსაც იყო ლაპარაკი, რომ აქ გაზი უნდა შემოეყვანათ. ისიც კი გვითხრეს, რომ საქმე ტენდერის გამოცხადებამდე იყო მისული, მაგრამ ჩვენამდე ამ სიკეთემ ჯერ ვერ მოაღწია“, - ამბობს სოფელ ლეჩურის ერთ-ერთი მოსახლე.
სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ წლიდან წლამდე დასახლებას ადგილობრივი მცხოვრებნი მასობრივად ტოვებენ. 2002 წელს ლეჩურში თუ 160-მდე ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წლის აღწერით 88 ადამიანი ბინადრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიგრაციის მთავარი მიზეზია ელემენტარული საცხოვრებელი პირობების უქონლობაა.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ 2019 წელს ცენტრალურმა მთავრობამ გაზიფიცირება დაგეგმა, მაგრამ პანდემიის გამო პროექტი ჩავარდა. ამავე უწყების ინფორმაციით, გაზიფიცირება მილიონ ლარზე მეტი ჯდება და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასეთი მასშტაბური პროექტის დაფინანსება ვერ ხერხდება.
როგორც თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ განაცხადა, წელს ახალი პროგრამა დაიწყეს, რაც ორ სოფელში მცხოვრები 150-მდე ოჯახის თხევადი აირით მომარაგებას ითვალისწინებს. თითო ოჯახი თვეში 15 ლიტრ აირს უფასოდ მიიღებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 46 ათასი ლარი დაიხარჯება.
„იმის გამო, რომ ეს სოფლები მოსახლეობისგან იცლება და კიდევ უფრო უარესი შედეგები რომ არ დადგეს, ახალი ბიუჯეტის შემუშავების პროცესში ჩვენი ინიციატივა იყო მოსახლეობას რამით დავხმარებოდით. რადგან ბუნებრივი აირი არ არის, გადავწყვიტეთ მათთვის თხევადი აირი უფასოდ გადაგვეცა“, - განაცხადა თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ.
მისივე ინფორმაციით, ახლა თხევადი აირის შესაძენად მესამე ტენდერია გამოცხადებული და იმედი აქვთ, რომ გამარჯვებული გამოვლინდება და ლეჩურისა და თეთრიწყლების მოსახლეობას თხევადი არის უფასო ვაუჩერებს გადასცემენ.
ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ახალ სოციალურ პროგრამას მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს ოპოზიცია. პოლიტიკური მოძრაობა "დროას" წარმომადგენელი კახეთში, ნინო გოგოლაშვილი, ამბობს, რომ ამ პროგრამის მიზანია ამომრჩევლის მოსყიდვა.
"მაშინ როცა შესაძლებელია სოფლებში ბუნებრივი აირის შეყვანა, ეს ფული არის წყალში გადაყრილი. დაპირება, რომ მოსახლეობა ვაუჩერებს მიიღებს, უკავშირდება მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს. ეს იქნება პირდაპირ ამომრჩევლის მოსყიდვა. 4 წელია, ხელისუფლებაში არიან და მხოლოდ წელს გაახსენდათ, რომ მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ აქვს და ამიტომ თხევადი აირი უნდა აჩუქონ?!“
თელავის საკრებულოში ირწმუნებიან, რომ თხევადი აირით დახმარების პროგრამა არ არის ერთჯერადი და გაგრძელდება მანამ, სანამ სოფლების თეთრიწყლებისა და ლეჩურის გაზიფიცირება არ მოხდება. თუმცა ვერ ამბობენ, როდის მიიღებს ორ სოფელში 150-მდე ოჯახი ბუნებრივ აირს.
კახეთის რეგიონში ათეულობით სოფელია, სადაც ბუნებრივი აირი არასდროს ყოფილა, თუმცა ადგილობრივი ბიუჯეტიდან თხევადი აირით დახმარების პროგრამა ამ დრომდე არც ერთ მუნიციპალიტეტში არ განხორციელებულა.