Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში 12 მაისის სპეცოპერაციის შესახებ


შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში
შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტის წინაშე საანგარიშო გამოსვლის, ისევე, როგორც შემდგომ გამართული დებატების დიდი ნაწილი 12 მაისს კლუბებში „ბასიანსა“ და „კაფე გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე განმარტებებს დაეთმო. კერძოდ, მინისტრმა განაცხადა, რომ ღამის კლუბებში ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე გამოძიებაში პროგრესი უკვე ჩანს, მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო განჩინებით დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, გამოძიება გრძელდება, იკვეთება დანაშაულის ქსელურობა და უახლოეს პერიოდში სამინისტრო ამ ქმედებების სისტემურ ხასიათს ახდის ფარდას:

„ჩვენი ეს საგამოძიებო ღონისძიება არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი. ეს არის პირველი ნაბიჯები იმ ქსელის გამოვლენის, რომლის დიდი იმედიც გვაქვს. და აქ ჩვენ არ ვმუშაობთ მარტო, აქ ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, იმიტომ რომ ძირითადი ტრაფიკი ამ კლუბური ნარკოტიკის მოდის იქიდან“.

გიორგი გახარიას განმარტებით, დღეს საქართველოში ნარკოტიკების გავრცელების რამდენიმე სერიოზული წყარო და არხია. პირველი არის ფონიჭალა, საიდანაც ბოლო სამი თვის განმავლობაში 10-მდე კილოგრამი ჰეროინია ამოღებული. გიორგი გახარია ამბობს, რომ ფონიჭალაში ძირითადად ნარკოტიკების ეგრეთ წოდებულ მსხვილ კომპონენტზე მიდის მუშაობა. მეორე და სერიოზულ გამოწვევად მინისტრი ნარკოტიკების ინტერნეტის საშუალებით გავრცელებას ასახელებს, კლუბური ნარკომანია კი მის ჩამონათვალში მესამე ადგილს იკავებს. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, კერძოდ, კლუბური ნარკომანიის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის კავშირს 12 მაისს „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან, მინისტრი ამბობს, რომ ოპერაციის ამოცანა იყო დადგენილიყო, როგორ მუშაობს სისტემა, სადაც კლუბი და კლუბური ცხოვრება გამოიყენება როგორც პლატფორმა სინთეტიკური ნარკოტიკების გავრცელებისთვის. მინისტრის თქმით, ამ შემთხვევაში მეორე ხარისხის შეკითხვაა, იყვნენ თუ არა პროცესში ჩართულები კლუბების მფლობელებიც, თუმცა გამოძიება ამ მიმართულებითაც მუშაობს.

აქვე შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ სასამართლო განჩინება უწყებას არამარტო 2 კლუბის ჩხრეკაზე ჰქონდა და შესაბამისი საგამოძიებო პროცესები გრძელდება. მინისტრს საპარლამენტო ტრიბუნიდან არც სპეცოპერაციის ჩატარების ფორმა გაუხდია სადავოდ. მან განაცხადა, რომ აქვს შინაგანი რწმენა იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოიქცა სწორად, მოქალაქეთა უფლებების მაქსიმალური დაცვით.

ამ კონტექსტში მან თავის საპარლამენტო გამოსვლაში კმაყოფილებით გაუსვა ხაზი იმასაც, რომ ამ დრომდე არ გამოვლენილა პოლიციელთა მხრიდან 12 მაისს უფლებამოსილების გადამეტების არც ერთი ფაქტი, თავად პოლიციას კი ვერავინ უკარნახებს სად, როდის და როგორ ჩაატაროს სპეცოპერაცია:

ჩვენ ვართ შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჩვენი ძირითადი ფუნქცია არის აღსრულება. ნარკოპოლიტიკის განსაზღვრა არის კანონმდებლის პრეროგატივა. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი პოზიციის დაფიქსირება...
გიორგი გახარია

“ის, რომ ჩვენ, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, შევუქმენით დისკომფორტი 70, მაქსიმუმ 100 ადამიანს, რომელიც 12-დან 1 საათამდე ემზადებოდა კლუბში გართობისთვის, ბოდიში, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე და ის სარგებელი, რომელიც ამ ღონისძიებამ მოგვიტანა, უნდა ყოფილიყო და არის ერთმნიშვნელოვნად ბევრად უფრო მეტი“.

ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ, ნარკორეალიზაციის აღკვეთასთან დაკავშირებით სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობა მინისტრის საპარლამენტო მოსმენაზე ეჭვქვეშ არ დაუყენებია საპარლამენტო უმრავლესობას. რაც შეეხება სპეცოპერაციის ფორმას, ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ამ კუთხით დასვა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ, შემდეგნაირად ჟღერს:

„ოპერაციის ეს ფორმა ასევე გამოწვეული იყო თუ არა ოპერატიული ინფორმაციით უკვე დაკავებული რეალიზატორებისგან ან სხვა წყაროებით, რომ აღნიშნულ კლუბებში უკვე გავრცელებული იყო ნარკოტიკული საშუალებები,რომელთა შორის, შესაძლოა, ყოფილიყო მომაკვდინებელი საფრთხის შემცველი სინთეზური ნარკოტიკები?“

დეპუტატებმა ამ კითხვაზე მინისტრისგან პირდაპირი პასუხი ვერ მიიღეს, თუმცა მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ღონისძიების იმ ფორმით და იმ დროს ჩატარებისათვის არსებობდა რამდენიმე აშკარად გამოვლენილი ფაქტორი: 1. ფაქტობრივი მასალა, რომელიც გამოძიებამ 3 თვის განმავლობაში მოიპოვა და რომელიც ნარკოტიკების გამსაღებლებსა და კლუბებს შორის სისტემურ კავშირებს ადასტურებდა, და 2. ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც გამსაღებლების დაკავების პირობებში იქნა მოპოვებული.

ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია

თუმცა კითხვები, რომლებიც ოპოზიციამ დასვა, მათთვის ძირითადად პასუხგაუცემელი დარჩა. კერძოდ, „ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიასთვის გაუგებარი დარჩა, რატომ გახდა საჭირო 12 მაისს სპეცოპერაციის ხალხით გაჭედილ კლუბებში ჩატარება ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე. დეპუტატი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ზედაპირული წარმოდგენა აქვს ძალის პროპორციულად გამოყენებაზე და შეცდომებს არ აღიარებს.

„საჭირო რომ გახდეს, კვლავ მსგავსად მოვიქცევით“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო ტრიბუნიდან. დეპუტატ რომან გოცირიძის აზრით კი, შინაგან საქმეთა მინისტრმა თავისი განმარტებებით 13 მაისს პარლამენტის წინ გამართული აქციის მონაწილეთათვის მოხდილი ბოდიშის დეზავუირება მოახდინა:

“აქ აბსოლუტურად სხვა რამე მოვისმინეთ ჩვენ. თუ თქვენ უკან მიგაქვთ თქვენი სიტყვები, მაშინ აქ კი არ უნდა ილაპარაკოთ, გარშემორტყმული მემადლობეების გარემოში, არამედ მიდით და ქუჩაში უთხარით, რომ მოიტყუეთ“.

„ბოდიში მოვიხადე კლუბებში მყოფთათვის მიყენებული დისკომფორტისთვის“, - მოკლედ ასეთი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხი. ნარკოპოლიტიკის რეფორმირების საკითხებზე სასაუბროდ მასთან შეხვედრის მოსურნე ახალგაზრდებისთვის გაგზავნილი არაპირდაპირი მესიჯი კი, რომელიც ასევე დეპუტატების შეკითხვაზე პასუხია, ასეთია:

„ჩვენ ვართ შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჩვენი ძირითადი ფუნქცია არის აღსრულება. ნარკოპოლიტიკის განსაზღვრა არის კანონმდებლის პრეროგატივა. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი პოზიციის დაფიქსირება და ეს პოზიცია მდგომარეობს შემდეგში: ერთმნიშვნელოვნად, გასაღების კომპონენტში კანონმდებლობა არის გასამკაცრებელი - ერთმნიშვნელოვნად, ისევე როგორც დიდი და განსაკუთრებით დიდი რაოდენობის შეძენა-შენახვის ნაწილშიც არის გასამკაცრებელი. იქ, სადაც ინდივიდუალურ მოხმარებაზეა საუბარი, ჩვენ ვიყავით მზად და დღესაც ვართ მზად განვიხილოთ ჰუმანურობის ისეთი დონის ფორმები, რა დონისთვისაც ეს ქვეყანა და ამ ქვეყნის ეკონომიკა არის მზად“.

XS
SM
MD
LG