Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა აჩვენა ძლიერმა წვიმამ თბილისში?


დატბორილი სარაჯიშვილის გამზირი
დატბორილი სარაჯიშვილის გამზირი

დატბორილი ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, სადარბაზოები, ჩამოშლილი გზები და ჩაძირული ავტომობილები - 29 აგვისტოს, ძლიერმა წვიმამ კვლავ წამოჭრა თბილისისთვის მტკივნეული, სანიაღვრო სისტემების გაუმართაობის საკითხი.

უკვე მომხდარის შემდეგ, ახლა ყველა იმას არკვევს - რატომ ვერ გაატარა დედაქალაქის ქუჩებმა წვიმის წყალი?

მერიის განცხადებით, ძლიერი წვიმის გამო ქუჩებში წყალი იმის გამო დაგროვდა, რომ სანიაღვრო სისტემა ნაგავმა გაჭედა. თუ ასეა, როგორ დანაგვიანდა არხები და რატომ ვერ შენიშნეს ეს მანამდე?

"საიდან ამდენი ნაგავი"?

„სანიაღვრე სისტემა გადავსებული იყო ნაგვით, არ ვიცი, საიდან ამდენი ნაგავი“, - გაიკვირვა 29 აგვისტოს, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, ფეისბუკ-LIVE-ში, მას შემდეგ, რაც წვიმით გამოწვეული შედეგები ნახა.

უკვე 30 აგვისტოს, მერიის პრესსამსახურის უფროსმა, მანანა თოქმაჯიშვილმა ფეისბუკში გამოაქვეყნა ვიდეო და მოსახლეობასაც მიმართა: „ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც კოლექტორებში ვყრით ნაგავს, ეს ისევ ჩვენ შეგვიქმნის პრობლემებს“.

გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს ორი ადამიანი (როგორც მითითებულია - მერიის თანამშრომლები), რომლებიც შიშველი ხელებით წყლიდან იღებენ ჩვრების მსგავს საგნებს.

ნაგავზე ლაპარაკობს „თბილსერვისჯგუფიც“.

მერიის დაქვემდებარებული ამ შპს-ს დირექტორმა, ფაჩულიამ 30 აგვისტოს ჟურნალისტებს უთხრა, რომ „კოლექტორები ძალიან კარგად მუშაობდა“, მაგრამ „ძალიან დაბინძურების გამო, რომელიც დედაქალაქში იყო, შეერია სანიაღვრე სისტემა კანალიზაციას და მოკლედ, მოხდა დაბინძურება. გადაიფარა კოლექტორების სანიაღვრე მიმღებები: ფოთლებით, ნაჭრებით, ცელოფნებით, რამაც გატარების შესაძლებლობა აღარ მისცა კოლექტორებს“.

„თბილსერვისჯგუფს“ როგორც დედაქალაქის დასუფთავება, ასევე სანიაღვრო-სადრენაჟო სისტემების გამართულად მუშაობა ევალება:

  • სადრენაჟო ქსელების, სანიაღვრო კოლექტორების, წვიმმიმღებების, გვერდმიმღებებისა და საკონტროლო ჭების მოვლა-პატრონობა;
  • დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების მართვის მომსახურება;
  • საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და გადამუშავება.

ქუჩაში ნაგვის დამყრელებთან ერთად, ბრალი გარე მოვაჭრეებზეც გადანაწილდა.

გლდანის რაიონის მაჟორიტარმა, კოტე ზარნაძემ 30 აგვისტოს ჟურნალისტებს უთხრა, რომ გარემოვაჭრეები, რომლებსაც მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლებას არ აძლევენ, ცხაურებს ხსნიან და თავიანთ ინვენტარს სანიაღვრო ქსელში ინახავენ. „ჩემი აზრია ასეთი, იმიტომ, რომ ფიზიკურად, ამ ცხაურში, რომელსაც რამდენიმე ნახვრეტი აქვს, ყუთი ვერ ჩავიდოდა“, - ამბობს ზარნაძე. მისი ინფორმაციით:

  • „დაიტბორა მიწისქვეშა გადასასვლელი და მიწისქვეშა გადასასვლელის სანიაღვრე ქსელმა გატარება ვერ მოახერხა იმიტომ, რომ იქ ძალიან ბევრი ნაგავი იყო ჩაყრილი - პარკები, ყუთები და პლასტმასები“.
  • „იმ ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის პრობლემა მუდმივად არის და ნამდვილად გამოსასწორებელია“.

„თბილსერვისჯგუფი“ აცხადებს, რომ კოლექტორების გაწმენდა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს და აღრიცხულია „ცხელი ლოკაციები, წერტილები, სადაც შეიძლება მეტად იყოს საჭიროება“.

დედაქალაქის მერმა თქვა, რომ "რა თქმა უნდა, მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა არის" და სისტემის გაუმჯობესებაზეც მუშაობენ.

„შემთხვევით არ არის ის, რომ სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაწარმოებთ, ყველგან ვცდილობთ, პირველი, რაც გავაკეთოთ, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, საკანალიზაციო ქსელები, წყლის მილები, სანიაღვრე სისტემა, სადრენაჟე სისტემა“, - ამბობს კალაძე.

ოპონენტები ხელისუფლებას ადამიანების სიცოცხლესთან უდიერად მოპყრობაში ადანაშაულებენ; მაშინ, როცა სანიაღვრო სისტემების მოწყობასა თუ მოვლა-პატრონობაში ხალხის მიერ გადახდილი ათობით მილიონი ლარი იხარჯება. მათთვის სრულიად არადამაჯერებელია დედაქალაქის მერიის წარმომადგენლების განცხადებები, რომ ახლად რეაბილიტირებულ უბნებში ეფექტიანი სანიაღვრო სისტემები ეწყობა.

„[პრობლემები იყო] განსაკუთრებით გლდანში, სადაც ვითომ ახლად არის გაკეთებული კანალიზაციის სისტემა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ადგილზე, რომელიც 3 თვის წინ გაიხსნა - მაჭავარიანი-მარშალ გელოვანის შემაერთებელი გზა, 3 თვეში ჯერ ქვათაცვენა იყო და გუშინ წყალიც ვერ შეაკავა. ქალაქის განვითარება არის რეალური, როცა ადამიანები უკეთესად იწყებენ ცხოვრებას და არა ის „ბეტონის ჯუნგლები“, რომელში ჩასმასაც ჩვენს ქალაქს უპირებენ“, - განაცხადა დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ლელოს“ წარმომადგენელმა, ვატო სურგულაძემ.

საკრებულოს დეპუტატისთვის სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ წყალი სტრატეგიულ ობიექტში „ახმეტელის მეტროში შევიდა“.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ თბილისის მერიის მუშაობას კორუფციული გარიგებები აფერხებს და დასტურად აუდიტის სამსახურის დასკვნას იშველიებენ.

რამდენად ძლიერი იყო წვიმა?

„არ ვიცი, არ მახსოვს ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში“, - თქვა კახა კალაძემ ფეისბუკ-LIVE-ის დროს.

30 აგვისტოს კი, მერიის წარმომადგენლები იშველიებდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებს, რომ სამშაბათს საღამოს „სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ ორჯერ მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს, 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობას“.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნალექის მაჩვენებლები მითითებული არ არის. თუმცა სააგენტოს წარმომადგენელმა, სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ 29 აგვისტოს დიღმის მეტეოროლოგიურმა სადგურმა 113 მმ ნალექი აღრიცხა, ხოლო 2015 წლის ივნისში ეს მაჩვენებელი 49 მმ იყო. გვაზავა აღნიშნავს, რომ მსგავსი სიძლიერის წვიმა თბილისში აგვისტოში არასდროს მოსულა.

„დედაქალაქში ყოფილა ძლიერი ნალექები, მაგრამ მაისში, ივნისში და აპრილის თვეში, ერთი დღე... 1972 წელს, 6 ივნისს არის დაფიქსირებული 130 მმ“, - ამბობს დოდო გვაზავა.

მაგრამ სპეციალისტები მიუთითებენ, რომ ქუჩების დატბორვის პრობლემას წვიმის სიძლიერე ვერ ამართლებს, რადგან თანდათან, კლიმატის ცვლილებების გამო, სულ უფრო უხვი ნალექია მოსალოდნელი და მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა მზად დახვდეს გამოწვევებს.

ქალაქმგეგმარებელი, არქიტექტორი ირაკლი ჟვანია ფეისბუკში წერს, რომ კლიმატის ცვლილებების გათვალისწინებით, მსოფლიოში სრულიად ახლებურად გათვლილი სანიაღვრო სისტემები ინერგება, რასაც საქართველოში არ ითვალისწინებენ.

„ადრე რომ ტროტუარს და გზას დახრა ჰქონდა სანიაღვრე ჭებისკენ, აღარ კმარა ეგ. ახლა გზის საფარის ქვეშ დრენაჟს აწყობენ, რომ მან შეაკავოს და ნელ-ნელა გაუშვას დიდი ოდენობის წყალი. მთავარი სტრატეგია არის წყალგამტარი ზედაპირების შექმნა, რომ უხვი ნალექი ნიადაგმა შეიწოვოს და სანიაღვრეს ზედმეტი წყალი აარიდოს“, - წერს ჟვანია და თბილისის პრობლემებს შორის გამოყოფს მწვანე საფარის ნაკლებობასაც იმ პირობებში, როცა „ნალექის მნიშვნელოვან პროცენტს იკავებენ ხეები ფოთლებით, ერთ ხეს რაც წყალი ეცემა, იმის 40% რჩება ფოთლებზე“ და „ასევე, მწვანე სახურავების ვალდებულება მშენებლობებზე, უამრავ წყალს იჭერს და ის სახურავებიდან ძირს აღარ ეშვება“.

ილიაუნის დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ჰიდროლოგი, გეომორფოლოგი ლაშა სუხიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ აუცილებლად გადასახედია „სამშენებლო კლიმატოლოგიის“ დაპროექტების ნორმები.

„კლიმატოლოგიის მაჩვენებლების გათვალისწინება საჭიროა, რომ ამა თუ იმ ნაგებობამ გაუძლოს წვიმის, ქარის თუ მზის ზემოქმედებას... 24 საათში 150 მმ ბუნდოვანი მონაცემია. იმდენად ზოგადია, რომ ყველას შეუძლია თავის ინტერესს მოარგოს... სიზუსტისთვის აუცილებელია, რომ არა 24 საათზე იყოს გათვლილი, არამედ დაკონკრეტდეს დროის ინტერვალი - იყოს რამდენიმესაათიანი ანდა რამდენიმეწუთიანი მონაკვეთი“, - გვეუბნება ლაშა სუხიშვილი.

მისი თქმით, 29 აგვისტოს მოსული ძლიერი ნალექის შედეგი შედარებით შეარბილა იმ გარემოებამ, რომ 29 აგვისტომდე, წინა დღეებში წვიმა არ მოსულა და იყო სიმშრალე. ახლა კი მეტი სიფრთხილეა საჭირო.

„საყურადღებოა დღეიდან შემდგომი პერიოდი, რადგან გუშინ ღამით ფერდებმა მიიღეს დიდი რაოდენობით წყალი და თუ კიდევ დაემატა ძლიერი წვიმა ან მიწისძვრა, შეიძლება გააქტიურდეს რომელიმე მეწყერი“, - ეუბნება ლაშა სუხიშვილი რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG