Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიები წინასაარჩევნო რეჟიმში - რა არ უნდა გამოგრჩეს 4 აგვისტოს


არჩევნებამდე 88 დღე რჩება: საით რა არის ახალი, საით რა არის სადავო

არჩევნებამდე 90 დღეზე ნაკლები რჩება. გუშინ პარტია „ევროპულმა საქართველომ“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. ცნობილი გახდა, რომ ამ არჩევნებზე პარტიის საარჩევნო შტაბს სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

„ევროპულმა საქართველომ“ 22 მაჟორიტარი კანდიდატიდან მხოლოდ 14 დაასახელა. აი, როგორ გამოიყურება „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარული სია:

  • ფოთი, ხობი და სენაკი - გიგა ბოკერია;
  • ზუგდიდი - გიგი უგულავა;
  • ზესტაფონი, ბაღდადი, თერჯოლა და ტყიბული - გიგი წერეთელი;
  • ხულო, შუახევი, ქედა და ხელვაჩაური - ტარიელ ნაკაიძე;
  • რუსთავი - ირმა ნადირაშვილი;
  • ქუთაისი - ოთარ კახიძე;
  • საჩხერე, ჭიათურა და ხარაგაული - სერგო რატიანი;
  • თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი - ზურა ჭიაბერაშვილი;
  • გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი და დედოფლისწყარო - გიორგი ღვინიაშვილი;
  • ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაური - ხათუნა გოგორიშვილი;
  • მარნეული და გარდაბანი - აჰმედ იმამკულიევი;
  • ახალქალაქი და ნინოწმინდა - არსენ კარაპეტიანი;
  • აბაშა, მარტვილი, წალენჯიხა და ჩხოროწყუ - ლელა ქებურია;
  • სამტრედია, წყალტუბო, ვანი და ხონი - აკაკი ბობოხიძე.
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნებისთვის:
  • ბათუმი - ვახტანგ კალოიანი;
  • ხულო, შუახევი, ქედა და ხელვაჩაური - თემურ კახიძე.

გარდა ამისა, პარტიას უკვე წარდგენილი ჰყავს თბილისში, ვაკის რაიონში მაჟორიტარად ელენე ხოშტარია და მთაწმინდა-კრწანისში შალვა შავგულიძე. ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ განიხილავენ საერთო კანდიდატების იდეას.

მარტივი არითმეტიკით თუ ვიმსჯელებთ, საერთო კანდიდატებზე კონსულტაციებისთვის ღიად დატოვებული კარი რეგიონების მასშტაბით მხოლოდ 8 საარჩევნო ოლქს შეეხება.

წაიკითხე მეტი.

დღეს ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური გუნდის პრეზენტაცია გაიმართება

დღეს საღამოს ალეკო ელისაშვილი საზოგადოებას თავის პოლიტიკურ გუნდს წარუდგენს. „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ - ასე ჰქვია ელისაშვილის პოლიტიკურ გუნდს, რომლითაც ის 2020 წლის არჩევნებში იბრძოლებს.

როგორც ელისაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, პრეზენტაციისთვის საბურთალოზე ის ეზო შეარჩია, სადაც გაიზარდა.

„მინდა, თვალებში ვუყურებდე იმ ხალხს, რომლებმაც ჩემ შესახებ ყველაფერი იციან და მათ ჩავაბარო აქამდე ჩემ მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში, გავაცნო ჩვენი პარტიის გეგმებიც. ასევე, ხვალ გამოვაცხადებ, რა გადაწყვეტილება მივიღე საბურთალოსთან დაკავშირებით, დავდგები თუ არა მაჟორიტარ კანდიდატად“, - თქვა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილი 2 წელია სამოქალაქო მოძრაობას ხელმძღვანელობს, ცოტა ხნის წინ კი პოლიტიკური გუნდი ოფიციალურად დაარეგისტრირა.

TI - 2019 წელს პარლამენტში სიტყვით საერთოდ არ გამოსულა 21 დეპუტატი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, რომელიც პარლამენტის საქმიანობას შეეხება, 2019 წელს სიტყვის გამოსვლის უფლებით პარლამენტის 21 წევრს არ უსარგებლია. მათი ხუთეული ასე გამოიყურება:

  • ირაკლი აბუსერიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი)
  • ლევან ბეჟანიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი)
  • რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა, მაჟორიტარი)
  • მახირ დარზიევი (უმრავლესობა)
  • მუხრან ვახტანგაძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი)

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, 2019 წელს 2018 წელთან შედარებით გაზრდილია იმ დეპუტატების რაოდენობა, რომელთაც სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლეს. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ეს უფლება პარლამენტის 120-მა წევრმა გამოიყენა, ხოლო 2019 წელს - 131-მა.

წაიკითხე მეტი.

როგორ მოარგო თბილისის მერიამ 30-მილიონიანი ტენდერი კონკრეტულ ფირმას

თბილისის მერიის კუთვნილმა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ” 15 ივლისს ტენდერი გამოაცხადა. კომპანია აპირებს, 30 მილიონ ლარად შეიძინოს 300 მიკროავტობუსი, რომლებიც დედაქალაქის ქუჩებში ყვითელ მიკროავტობუსებს ჩაანაცვლებენ.

რადიო თავისუფლებას რამდენიმე წყარომ უთხრა, რომ ტენდერი კონკრეტულ ავტომობილის ბრენდსა და საქართველოში მის ერთადერთ დილერ კომპანია „ჯი-თი გრუპზეა” მორგებული. ტენდერის მორგება კანონდარღვევაა.

მერიამ მიკროავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი წელს ორჯერ გამოაცხადა. პირველად პროცესი კორონავირუსის გამო შეწყდა. ორივე ტენდერში პირობები იმგვარად იყო გაწერილი, რომ მას მხოლოდ ერთი დასახელების ავტომობილი „ფორდ ტრანზიტი“ აკმაყოფილებდა. „ფორდის“ დილერი საქართველოში კომპანია „ჯი-თი მოტორსია“, რომელსაც „ჯი-თი გრუპი“ ფლობს.

წაიკითხე მეტი გიორგი მგელაძის ჟურნალისტურ გამოძიებაში.

გიორგი ვაშაძის პასუხი მიხეილ სააკაშვილს

გუშინ ფეისბუკში ყურადღების ცენტრში მოხვდა პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის ფეისბუკპოსტი, სადაც ის „ვარსკვლავური ომების“ პერსონაჟის ფორმაშია. ფოტოს კი ახლავს წარწერა: „ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც გაიმარჯვებს ბნელ მხარეზე“.

ეს არის გიორგი ვაშაძის პასუხი ორი დღის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ გიორგი ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის დატოვებით „ბნელ მხარეს გადაინაცვლა“.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG