რატომ იგვიანებს საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია?
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ იმისათვის, რათა ქვეყნები, ეკონომიკა რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს, დროული და ეფექტიანი ვაქცინაციაა საჭირო. როდის დაიწყება ეს პროცესი საქართველოში? ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გუშინ თქვა, რომ თებერვალში ვაქცინაციის პროცესის დაწყება „რეალისტურია“.
შევიტყვეთ ისიც (ზოგადად და არა დეტალურად), რომ მთავრობის მიერ შემუშავებული ვაქცინაციის გეგმის თანახმად, პირველ ეტაპზე აიცრებიან ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები. მეორე ფაზაში ვაქცინას გაიკეთებენ სტრატეგიული სერვისების მიმწოდებლები და მესამე ფაზაში ყველა დანარჩენი მოქალაქე.
იმისთვის, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდეს, საჭიროა ლოგისტიკური სისტემის აწყობა, თუმცა ეს დეტალები 18 იანვარსაც არ დაკონკრეტებულა.
და, ბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ გადაწყვიტოს აცრა. მოსახლეობის შეგულიანებისა და დეზინფორმაციის გაფანტვისთვის კი საინფორმაციო კამპანიის წარმოება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ამ პროცესში. განსაკუთრებით მაშინ, როცა NDI-ს 2020 წლის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 49% აცრას არ აპირებს.
წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.
"გირჩის" იდეა პარლამენტში შესვლის პერსპექტივით, ბოიკოტი და მესამე ცენტრი "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე
ოპოზიციური პარტიები პარლამენტის კოლექტიურ ბოიკოტს განაგრძობენ, თუმცა ჩანს, რომ უახლოვდებიან გზაგასაყარს - მათ წინ სამომავლო მოქმედებების ორი მიმართულება იკვეთება. ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება იაგო ხვიჩიას „გირჩისა“ და ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეების“ ძალისხმევა - დაარწმუნონ ოპოზიციური პარტიები იმ იდეის მნიშვნელობაში, რომელიც საბოლოოდ პარლამენტში შესვლის საკითხსაც უკავშირდება. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების ერთგვარ პლებისციტად გადაქცევის შესახებ სასაუბროდ 18 იანვარს მათ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებთან სურდათ შეხვედრა, თმცა ვაშაძისგან შეხვედრაზე უარი მიიღეს.
იდეა, რომელზეც ზურაბ ჯაფარიძის გარეშე დარჩენილ „გირჩელებსა“ და „მოქალაქეებს“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერთან უნდა ელაპარაკათ, თვითმმართველობის არჩევნებისა და პლებისციტის ერთგვარ გაიგივებას გულისხმობს - თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მოიგებს ოპოზიცია, მაშინ ახალი საპარლამენტო არჩევნები, ძალთა ახალი გადანაწილების პირობებში, 2022 წელს ჩატარდეს.
ვინ იზიარებს „გირჩის“ იდეას და რა ხდება ოპოზიციაში? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.
ევროპარლამენტი ალექსეი ნავალნის დაკავების საკითხზე დღეს იმსჯელებს
ევროპარლამენტი დღეს სხდომაზე იმსჯელებს რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავების ფაქტზე. რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს ინფორმაციით, შესაძლოა, ამ საკითხზე რეზოლუციის კენჭისყრა ხუთშაბათს გაიმართოს.
ნავალნის დაკავებას საერთაშორისო აღშფოთება უკვე მოჰყვა. ევროკავშირის დონეზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ითხოვენ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები.
ალექსეი ნავალნი 17 იანვარს მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. გუშინ კი სასამართლომ მას 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ნავალნის დაკავების ოფიციალურ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ მან დაარღვია ე.წ. ივ როშეს საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი მსჯავრით განსაზღვრული ვალდებულებები.
ამ თემაზე ასევე ნახე:
EMC და რელიგიური გაერთიანებები მოითხოვენ, გაუქმდეს რელიგიის სააგენტო და გატარდეს რეფორმები
გურიის სოფელ ბუკნარში ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირების ფონზე, უფლებადამცველები და რელიგიური გაერთიანებები მოითხოვენ, გაუქმდეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და რელიგიის თავისუფლების სფეროში ფუნდამენტური რეფორმები დაიწყოს.
„სოფელ ბუკნარში ქართველი მუსლიმი თემის მიმართ გამოვლენილი რელიგიური შევიწროება არ არის პირველი და ერთეული შემთხვევა… ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება არ მომხდარა თითქმის არც ერთ ინციდენტზე და რელიგიური დევნისა და ძალადობის ფაქტებზე არავის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, მათ შორის, მაშინ როცა ადგილობრივი მუსლიმი გლეხების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების აშკარა შემთხვევები დაფიქსირდა (მაგალითად, სოფელ ჭელასა და მოხეში)“, - წერია 18 იანვრის მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ევანგელურ-ბაბტისტური ეკლესია, ქართველ მუსლიმთა კავშირი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო, ევანგელისტური ეკლესია, პლატფორმა სალამი და სოლიდარობის პლატფორმა.
"ქართველი", "მუსლიმი" და ისტორიის სახელმძღვანელო
"ქართველ და მუსლიმ ადამიანებს შორის არაფერია გასაყოფი," - წასცდა პარლამენტის (თუ რაც არის) წევრს...
ცხადია, წასცდა, რადგან ქართველის მაგივრად ალბათ ქრისტიანს გულისხმობდა, ან სულაც მართლმადიდებელს, რაც უფრო სარწმუნოა, თუმცა ეს ნამდვილად არ გახლავთ მარტივი ფროიდული წამოცდენა და არც მხოლოდ ამ პარლამენტარის ექსკლუზივია...
მოდი, გულწრფელად ვაღიაროთ, რომ უმრავლესობა სწორედ ასე ფიქრობს, რადგან ეს წამოცდენა, რწმენა თუ, გნებავთ, ცოდნა საქართველოს ისტორიით არის ინდოქტრინირებული, უფრო სწორად, ისტორიის სახელმძღვანელოს ლოგიკით, სადაც ქართველი ერის ისტორიის დრამატურგია ძვალსა და რბილში გამჯდარ დიქოტომიას გულისხმობს - თუ როგორ უპირისპირდება პოლიტიკური ისლამი ეროვნულ იდენტობად ქცეულ ქრისტიანობას...
ნორვეგიაში კორონავირუსის ვაქცინის მიღების შემდეგ 23 ადამიანი გარდაიცვალაო. უნდა გვეშინოდეს? არა! აი, საერთოდ არა! აი, რა არის სინამდვილეში საშიში...