Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დაესხნენ კიევში თავს ყაზახ ჟურნალისტსა და ოპოზიციონერს აიდოს სადიყოვს?


თავში დაჭრილი აიდოს სადიყოვი კომაში იმყოფება. ექიმები მის მდგომარეობას აფასებენ, როგორც უკიდურესად მძიმეს.
თავში დაჭრილი აიდოს სადიყოვი კომაში იმყოფება. ექიმები მის მდგომარეობას აფასებენ, როგორც უკიდურესად მძიმეს.

ჯერჯერობით კვლავ კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფება ყაზახი ჟურნალისტი და ოპოზიციური იუტუბის არხ "ბაზეს" დამფუძნებელი, აიდოს სადიყოვი, რომელიც შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 18 ივნისს ქალაქ კიევში თავის არეში დაჭრა.

კიევის პოლიცია და უშიშროება ჯერჯერობით არ საუბრობენ თავდასხმის მოტივებზე. თუმცა აიდოს სადიყოვის მეუღლე, ასევე ცნობილი პუბლიცისტი, ნატალია სადიყოვა დარწმუნებულია, რომ მისი ქმრის მკვლელობის უკან პირადად ყაზახეთის პრეზიდენტი დგას.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი სხვა ვერსია არ იქნება. მაშინაც, თუკი თავდამსხმელს დაიჭერენ და შემკვეთზე გავლენ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა კვალი აკ ორდამდე (ყაზახეთის რეზიდენციის სახელია. რედ.) მივა“, - უთხრა ნატალია სადიყოვამ რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს.

ამ ბრალდებას ყაზახეთის ხელისუფლება უსაფუძვლოს უწოდებს. როგორც რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური წერს, 19 ივნისს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა განაცხადა, რომ მან დიპლომატიური არხებით გაუგზავნა კითხვები უკრაინას ამ საქმესთან დაკავშირებით.

ზუსტად 19 ივნისს, ანუ აიდოს სადიყოვზე თავდასხმის მეორე დღეს, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ხელი მოაწერა მასმედიის შესახებ კანონსა და მთელ რიგ ცვლილებებს, რომლებიც, უფლებადამცველებისა და ანალიტიკოსების თქმით, კიდევ უფრო გააძლიერებს სახელმწიფოს კონტროლს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე.

პოლიციამ გამოაქვეყნა შემთხვევის ადგილზე გადაღებული იმ ავტომობილის ფოტო, რომელშიც სროლის დროს ცოლ-ქმარი აიდოს და ნატალია სადიყოვები ისხდნენ. 18 ივნისი, 2024 წელი, კიევი
პოლიციამ გამოაქვეყნა შემთხვევის ადგილზე გადაღებული იმ ავტომობილის ფოტო, რომელშიც სროლის დროს ცოლ-ქმარი აიდოს და ნატალია სადიყოვები ისხდნენ. 18 ივნისი, 2024 წელი, კიევი

"აიდოსმა გონება დაკარგა და ძლიერი სისხლდენა დაეწყო"

სადიყოვების წყვილი კიევში ყაზახეთის ქალაქ აქტობედან 2014 წელს, ნატალია სადიყოვას წინააღმდეგ "ცილისწამების" მუხლით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ გადავიდა.

ყაზახეთის ხელისუფლებისგან სერიოზული საშიშროება ემუქრებოდა მის ქმარსაც, იმხანად ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული ("აზატი") პარტიის აქტობეს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რომელიც ხშირად აწყობდა სხვადასხვა სახის ანტისამთავრობო აქციებს.

დევნისა და შევიწროების გამო ცოლ-ქმარი სადიყოვები 2014 წელს კიევში ჩავიდნენ, სადაც გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის დახმარებით ლტოლვილის სტატუსი მიიღეს.

მაგრამ მათ მიმართ დევნა სამშობლოში გაგრძელდა და გასულ შემოდგომაზე აიდოსი და ნატალია სადიყოვები, რომლებიც, კერძოდ, იუტუბის არხ “ბაზეს” აწარმოებენ, ყაზახეთის ხელისუფლებამ ძებნილთა სიაში შეიყვანა, ანტაგონიზმის წახალისების ბრალდებით.

მალე მათ მიერ შექმნილი იუტუბის არხი, როგორც ნატალია სადიყოვა ამბობს, თავისუფალი ტრიბუნა გახდა ყველა იმ ადამიანისათვის, ვისი ხმაც ყაზახეთში არ ისმის მედიაში გამეფებული ტოტალური კონტროლისა და თვითცენზურის გამო.

"ბაზეში", კერძოდ, ქვეყნდება მასალები, რომლებშიც ყაზახეთის ხელისუფლება და პირადად პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი კორუფციის მფარველობაში, საეჭვო ჩინური კომპანიების ლობირებასა და პრორუსული პოლიტიკის გატარებაში იყვნენ დადანაშაულებული.

ცოლ-ქმარი ყაზახეთის ხელისუფლების კრიტიკის გამო სხვადასხვა სახის მუქარას იღებდნენ, მაგრამ კიევში მთელი 10 წლის განმავლობაში თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ, ვიდრე 18 ივნისს მათ მანქანას უცნობმა პირმა ცეცხლი არ გაუხსნა.

როგორც ნატალია ჰყვება, მან დაინახა შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელსაც საჭესთან მჯდარი მისი ქმრისკენ ჰქონდა მიშვერილი იარაღი და ერთი ზუსტი გასროლით თავში დაჭრა აიდოსი.

„ცოტა ხნის წინ მოვედი საავადმყოფოდან, აიდოსი კვლავინდებურად რეანიმაციაში წევს, კომაში იმყოფება. ექიმები მის მდგომარეობას აფასებენ, როგორც უკიდურესად მძიმეს. ცვლილება არ არის. ტყვია საფეთქელში აქვს მოხვედრილი. აქ მხოლოდ ერთადერთი ვერსია არსებობს.... ამ თავდასხმიდან ერთადერთი სარგებლის მიმღები ყაზახეთის პრეზიდენტი ტოყაევია, სხვა ვერსიების შესახებ არ ვიცი. მაგრამ გამოძიება გრძელდება, ვნახოთ, შეძლებენ თუ არა სამართალდამცველები კილერის მოძებნას და დაჭერას. ის ძალიან პროფესიულად მოქმედებდა. მან მიმავალ მანქანას გაუხსნა ცეცხლი. ჩვენ ამ დროს მანქანით ვმოძრაობდით, ეზოში შევდიოდით. მან (თავდამსხმელმა) ერთხელ ისროლა. ეს არ ყოფილა მიბჯენით სროლა, ჩვენ შორის საკმაო მანძილი იყო. მე კილერი დავინახე და აიდოსს დავუძახე, რომ თავი დაეწია. მაგრამ უკვე გვიან იყო. ტყვია იმავე წამში მოხვდა. აიდოსმა გონება დაკარგა და ძლიერი სისხლდენა დაეწყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი სხვა ვერსია არ იქნება. მაშინაც, თუკი თავდამსხმელს დაიჭერენ და შემკვეთზე გავლენ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა კვალი აკ ორდამდე (ყაზახეთის რეზიდენციის სახელია. რედ.) მივა“, - უთხრა ნატალია სადიყოვამ რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს.

ნატალია სადიყოვა დარწმუნებულია, რომ თავდასხმის კვალი ყაზახეთის პრეზიდენტის სასახლემდე (აკ ორდამდე) მიდის
ნატალია სადიყოვა დარწმუნებულია, რომ თავდასხმის კვალი ყაზახეთის პრეზიდენტის სასახლემდე (აკ ორდამდე) მიდის

მანქანაში თავდასხმის დროს მყოფი ნატალია არ დაშავებულა, რადგან კილერმა ერთი გასროლის შემდეგ მიატოვა შემთხვევის ადგილი და მიიმალა.

ნატალია სადიყოვამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მის მეუღლეზე განხორციელებულ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე მან და მისმა მეუღლემ იუტუბის არხ "ბაზეში" გამოაქვეყნეს ახალი ვიდეო სახელწოდებით "ტოყაევი - პუტინის მარიონეტი".

ვიდეო აკრიტიკებს ტოყაევის "პრორუსულ პოლიტიკას" და, ასევე, მიმოიხილავს რუსი ოლიგარქებისა და გავლენის აგენტების საქმიანობას ყაზახეთში. ზოგიერთმა მათგანმა ყაზახეთის მოქალაქეობა მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო.

მაგრამ ცნობილია, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო, ყაზახეთს კრემლის მიმართ მხარდაჭერა არ გამოუხატავს, პრეზიდენტმა ტოყაევმა კი განაცხადა, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ.

როგორც ზემოთ ითქვა, ყაზახეთის ხელისუფლებამ უარყო აიდოს სადიყოვზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ მისი მეუღლის მიერ გავრცელებული ვერსია.

როგორც ყაზახეთის მედია წერს, ქვეყნის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევს განუცხადებია, რომ ჟურნალისტზე თავდასხმის გარშემო "სიმართლის დასადგენად" ყაზახეთი მზად არის მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ გამოძიებაში.

19 ივნისს ყაზახეთის პრეზიდენტმა (შუაში) ხელი მოაწერა კანონს მასმედიის შესახებ. კანონის ძალით, ხელისუფლება მკაცრ მონიტორინგს გაუწევს მედიაში "კულტურული და ოჯახური ფასეულობების" დაცვას
19 ივნისს ყაზახეთის პრეზიდენტმა (შუაში) ხელი მოაწერა კანონს მასმედიის შესახებ. კანონის ძალით, ხელისუფლება მკაცრ მონიტორინგს გაუწევს მედიაში "კულტურული და ოჯახური ფასეულობების" დაცვას

"ყაზახეთში მასობრივი ინფორმაციის საშუალებები უბრალოდ ხელისუფლებას ემსახურებიან"

ნატალია სადიყოვა ნიშანდობლივს უწოდებს იმ ფაქტს, რომ მის მეუღლეზე თავდასხმის მეორე დღეს, 19 ივნისს, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ხელი მოაწერა მასმედიის შესახებ კანონსა და მთელ რიგ ცვლილებებს, რომლებიც, უფლებადამცველებისა და ანალიტიკოსების თქმით, კიდევ უფრო გააძლიერებს სახელმწიფოს კონტროლს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე.

ასეთ ვითარებაში სიტყვის თავისუფლებაზე საუბარიც კი ზედმეტია. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ყაზახეთში უბრალოდ ემსახურებიან ხელისუფლებას
ნატალია სადიყოვა

კერძოდ, ახალი კანონი კულტურისა და ინფორმაციის სამინისტროს უფლებას აძლევს, მონიტორინგი გაუწიოს მასმედიაში "ზოგადსაკაცობრიო, ეროვნული, კულტურული და ოჯახური ფასეულობების დაცვას“ და დაადგინოს, ხომ არ აყენებს ცალკეული პუბლიკაციები ზიანს „საზოგადოების ზნეობრივ განვითარებას“.

მედიას ამ და სხვა "ღირსების შემლახველი" და ცილისმწამებლური ცნობების უარყოფა, კანონის თანახმად, ერთი წლის წინანდელი პუბლიკაციების გამოც მოუწევს.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით დინამიკა ყოველთვის უარყოფითი იყო. ქვეყანა სულ უფრო და უფრო ეფლობოდა ცენზურაში. ბევრ მედიასაშუალებას, რომელიც ყაზახეთის შიგნით ამჟამად მუშაობს, ისედაც ჰქონდა დაწესებული თვითცენზურა. ამგვარად, როგორიც არ უნდა იყოს მთლიანობაში ეს კანონი, ის მედიას კიდევ უფრო მკაცრი ცენზურის პირობებში აიძულებს მუშაობას. ასეთ ვითარებაში სიტყვის თავისუფლებაზე საუბარიც კი ზედმეტია. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ყაზახეთში უბრალოდ ემსახურებიან ხელისუფლებას, მხოლოდ იმას წერენ, რაც ხელისუფლებას სიამოვნებს. რატომ ჰყავს იუტუბის არხ “ბაზეს" ამდენი ხელმომწერი? რატომ მოვაგროვეთ ამხელა აუდიტორია? იმიტომ, რომ ქვეყნის შიგნით მთელი ეს ინფორმაცია არ ისმოდა. ჩვენ თავიანთი პრობლემებით მოგვმართავდნენ ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის შიგნით ადგილობრივი ჟურნალისტები არა ხვდებიან, არ ინტერესდებიან მათი ისტორიებით. არ შუქდება სხვადასხვა გაფიცვა. საერთოდ ზემოდან ზარით შეიძლება ნებისმიერი მასალა მოიხსნას ან აიკრძალოს რაიმე მოვლენაზე ცნობის დაწერა“, - უთხრა ნატალია სადიყოვამ რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს.

ყაზახეთში პრესის დამცველების შეშფოთება გამოიწვია ასევე 19 ივნისს მიღებული კანონის ბუნდოვანმა პუნქტმა, რომელშიც ნათქვამია, რომ ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს "უფლება აქვს, უარი თქვას უცხოური მასმედიის წარმომადგენლობებისა და მათი ჟურნალისტების აკრედიტაციაზე ყაზახეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად."

კანონპროექტის გარშემო გამართული საპარლამენტო მოსმენების დროს პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა (International Press Institute, IPI) გამოხატა შეშფოთება, რომ ბუნდოვანი ცნებები, როგორებიცაა „ეროვნული უსაფრთხოება“ და აკრედიტაციის ახალი წესები, მთლიანობაში მოიტანს უცხოეთის კორესპონდენტებისთვის ყაზახეთში მუშაობის თვითნებურ აკრძალვებს და მათ სამართლებრივ დევნას მოვლენათა კრიტიკული გაშუქებისას.

ნატალია სადიყოვა კი დარწმუნებულია, რომ მედიის კანონი კიდევ უფრო ნეგატიურად აისახება ყაზახეთში პრესის თავისუფლების რეიტინგზე.

საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ (RSF) შედგენილი პრესის თავისუფლების რეიტინგში ყაზახეთი 2024 წელს 134-დან 142-ე ადგილზე დაეშვა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG