ამ სტატიის წერის დროსაც კი, აპლიკაციის მიხედვით, ჰაერი დედაქალაქში კვლავ დაბინძურებული იყო - მაჩვენებელი რამდენჯერმე შეიცვალა, მაგრამ ძირითადად ცუდსა და ძალიან ცუდს შორის მერყეობდა;
ჰაერის ხარისხის შემოწმება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია პორტალზე air.gov.ge; პოპულარული მობილური აპლიკაციები სწორედ აქ განთავსებულ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებს ეყრდნობა.
1 თებერვალს თბილისში ჰაერი განსაკუთრებით დაბინძურებულია აღმაშენებლის გამზირზე, ცუდი მდგომარეობაა რუსთაველის, წერეთლისა და ყაზბეგის გამზირებზე და ვარკეთილში.
გასული ერთი წლის განმავლობაში ამ ადგილებში აქ წელიწადის ნახევარზე მეტი დროის განმავლობაში ჰაერი უფრო ცუდია, ვიდრე კარგი.
უნდა ვატაროთ თუ არა პირბადე? ჰაერის დაბინძურების პიკმა გადაიარა, ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტო, რომლის მონაცემებსაც იყენებენ გლობალური მობილური აპლიკაციები, ჰაერის დაბინძურების ხარისხისა და მასშტაბის გაზრდას ადასტურებს და ამბობს, რომ მიზეზი ტრანსსასაზღვრო დაბინძურებაა, კერძოდ კი, შუა აზიიდან ქარით მოტანილი უდაბნოს მტვერი, რომელიც ჯერ კიდევ სამეზობლოში, საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთით, კასპიის ზღვის მიმდებარედ ტრიალებს. საქართველოში ჰაერის დაბინძურების წყაროს შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემების მსგავსად, ბარსელონის მტვრის რეგიონული ცენტრიც, რომელიც უდაბნოების მტვრის მასების გადაადგილებას სწავლობს, ადასტურებს, რომ საქართველოში უდაბნოს მტვრის დიდი მასა იანვრის შუა რიცხვებში შუა აზიიდან, კერძოდ, თურქმენეთიდან შემოვიდა.
„18 იანვრიდან მკვეთრად მოიმატა მყარი ნაწილაკების კონცენტრაციამ, იყო პიკი და ახლა ნელ-ნელა იწყებს კლებას, თუმცა ეს მტვერი კასპიის ზღვის ქვედა მხარეში ისევ ტრიალებს, შეიძლება შეიცვალოს მიმართულება და ისევ შემოვიდეს, არც მაგას გამოვრიცხავ. ზოგადად, უდაბნოს ქარები წელიწადში რამდენიმე ათეულჯერ შემოდიან საქართველოში, შეიძლება თვეში რამდენჯერმეც იყოს. გარემოს ეროვნული სააგენტო ყოველწლიურ ანგარიშგებაში მყარი ნაწილაკების დღიური გადაჭარბებების რაოდენობების ნაწილში ყოველთვის წერს, რამდენი დღე იყო ეს გადაჭარბება ადგილობრივი დამაბინძურებლების გამო და რამდენჯერ იყო ტრანსსასაზღვრო უდაბნოს მტვრის გამო - ამას ვაკვირდებით მინიმუმ 3 წელიწადია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნოე მეგრელიშვილმა.
სააგენტოს მონაცემებით, მაგალითად, 2017 წელს წერეთლის გამზირზე უდაბნოს მტვრის შემოჭრის გამო PM10-ის (Particulate Matter-10-მიკრომეტრიანი დიამეტრი ნაწილაკები - ჭვარტლის, კვამლის, ლითონის, ნიტრატების, სულფატების, მტვრის, წყლის, რეზინის და სხვა ნივთიერებების კომპლექსური ნარევი) დღიური ნორმა 78-ჯერ იყო გადაჭარბებული , 2020 წელს კი 27-ჯერ.
დიდი და მცირე საწარმოები მტვერდამჭერების გარეშე
„რუსთავში თითქმის არ იცვლება წლების განმავლობაში ჰაერის ხარისხი, სადაც დაბინძურების მთავარი წყარო საწარმოებია, რომლებსაც აქვთ ვალდებულება ჰქონდეთ ავტომატური თვითმონიტორინგის სისტემები. რეალურად ფილტრაციის სისტემების გამართვა იქ დაიწყეს 2022 წლის ბოლოსთვის და გვაქვს მოლოდინი, რომ 2023 წლის ბოლოს გამოჩნდეს ამის პირველი შედეგი“, - ამბობს ნოე მეგრელიშვილი.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რომელიც მხოლოდ 2017-2021 წლებს მოიცავს, თბილისში რუსთავისგან განსხვავებით ჰაერში მძიმე ნაწილაკების და აზოტის დიოქსიდის შემცველობა მცირდებოდა.
გარემოს ეროვნული სააგენტო წლებია აკვირდება ჰაერის ხარისხის მაჩვენებლებს საქართველოს ქალაქებში, სადაც დაბინძურების მაჩვენებლები განსხვავდება ქალაქების ფუნქციის მიხედვით. მაგალითად, ბათუმში, სადაც ნავთობტერმინალი მუშაობს, რამდენიმე წლის განმავლობაში დასაშვებ ზღვარზე მაღალი იყო ბენზოლის მაჩვენებელი, ქუთაისში თვალშისაცემია აზოტის ჟანგეულების გადაჭარბება.
თბილისის ჰაერს სათბური აირებით, მძიმე ლითონებითა და სხვა მყარი ნივთიერებებით აბინძურებს ათობით მცირე და დიდი საწარმო - მათ ნაწილს არ აქვს აუცილებელი მტვერდამჭერი მოწყობილობები.
თბილისის ამ რუკაზე შეგიძლიათ დიდი ან მცირე საწარმოს პოვნა თქვენს უბანში.
როგორ ზომავს გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერის ხარისხს?
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს ქალაქებში ჰაერის ხარისხის გასაზომად ორ მეთოდს იყენებს. ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს, ავტომატური სადგურებით და ჰაერის ხარისხის ინდიკატორულ გაზომვებს, წელიწადში ოთხჯერ ჰაერში აზოტის და გოგირდის დიოქსიდის, გოგირდის, ტყვიისა და ბენზოლის შემცველობის დასადგენად.
ავტომატური სადგურები თბილისის გარდა ჰაერის ხარისხს აკვირდებიან ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ახალციხეში, თელავში, ზუგდიდსა და მესტიაში. ეს სადგურები ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2,5), აზოტის დიოქსიდის (NO2), გოგირდის დიოქსიდის (SO2), მიწისზედა ოზონის (O3) და ნახშირბადის მონოქსიდის (CO) შემცველობას ზომავენ. ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაციის ნახვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საიტზე - air.gov.ge ან გლობალურ მობილურ აპლიკაციებში, მაგალითად, IQAir-ზე ან My AQI Air-ზე.
2023 წლის დასაწყისში თბილისში ჰაერის ხარისხის გაუარესება მასში მყარი ნაწილაკების შემცველობის გაზრდამ გამოიწვია - მყარი ნაწილაკებით გარემოს დამაბინძურებელი ძირითადი წყაროები სამშენებლო მტვერი, ღია გრუნტის მტვერი, ტრანსპორტი და მრეწველობაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ატმოსფერულ ჰაერში არსებული მტვრის უმცირესი ნაწილაკები (PM10, PM2.5), რომელიც დღეს თბილისში ზღვრულ დონეს აღემატება, ჰაერის ნებისმიერ სხვა დამაბინძურებელზე მეტად აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას. მყარი ნაწილაკების შესუნთქვა აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებების, ასევე ფილტვის კიბოს განვითარების რისკს.
სამშენებლო მტვერი
მას შემდეგ, რაც თბილისში დაბინძურებული ჰაერი შეუიარაღებელი თვალითაც კი ადვილად შესამჩნევი გახდა, გამოითქვა რამდენიმე ვარაუდი - ყარაყუმის უდაბნოს მტვრის გარდა, იყო თუ არა ამ მდგომარეობის გამომწვევი დამატებითი მიზეზები სამშენებლო მტვერი და საწვავის ხარისხი.
ნოე მეგრელიშვილი არ უარყოფს, რომ სამშენებლო მტვერი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და სწორედ ამიტომ თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების სიაში ერთ-ერთი იყო სამშენებლო რეგულაციების გამკაცრება, რაც გულისხმობდა ამტვერებადი მასალის სველი მეთოდით დამუშავების აუცილებლობას და მშენებარე კონსტრუქციების ამტვერებადი მასალის შეფუთვის ვალდებულებას. ეს წესები დღეს თბილისში მხოლოდ ნაწილობრივ სრულდება - სველი მეთოდიკა თბილისის მერიის მიერ შეკვეთილ სამუშაოებზეც კი არ გამოიყენება.
და საწვავი?
ბოლო პერიოდში რუსეთიდან შემოტანილი საწვავის მოცულობის ზრდამ გააჩინა კითხვა, ხომ არ არის იაფი საწვავი უხარისხო და საშიში. საწვავის შემოწმებები აჩვენებს, რომ ბენზინის დაბინძურება იშვიათად დადასტურებული ფაქტია, შედარებით ხშირია უხარისხო დიზელის შემოტანის ფაქტები, რომელიც გოგირდის დიოქსიდის გაფრქვევებს უწყობს ხელს. გოგირდის დიოქსიდისგან შესაძლოა მეორადი მყარი ნაწილაკების წარმოება, თუმცა დიზელზე მომუშავე მანქანების რაოდენობა საერთო ავტოპარკში მაღალი არ არის და სურათს თუნდაც უხარისხო დიზელის მოხმარება მნიშვნელოვნად არ უნდა ცვლიდეს.
„ჩვენ უნდა ვიცოდეთ და არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ ჰაერის ყველაზე დიდი დამაბინძურებელი წყარო არის ტრანსპორტი. საცობი არის ერთ-ერთი სერიოზული დამაბინძურებელი წყარო“, - თქვა მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენელმა, გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა ნინო ჩხობაძემ 31 დეკემბერს ჰაერის დაბინძურების შესახებ გამართულ ბრიფინგზე და გამოთქვა მოსაზრებაც, რომ უდაბნოს ქარების მიერ მოტანილი ჰაერის განიავებაში თბილისს ხელს უშლის ქაოტური განაშენიანება, რომლის შედეგადაც იზრდება მაღალსართულიანი შენობების რიცხვი და ხელი ეშლება ქალაქის “განიავებას”.
ძველი ავტოპარკი მართლაც არის ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც გარემოს დაცვის სამინისტრო მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივაზე, გამკაცრდეს ავტომობილების იმპორტის დღეს არსებული წესები და ისეთი მანქანა, რომელიც „ევრო 5“ სტანდარტზე არ მუშაობს, აღარ შემოვიდეს ქვეყანაში. საქსტატის მონაცემებით და 2021 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში დღეს არსებული რეგისტრირებული ავტომობილების 83% 10 წელზე მეტი ხნისაა. თბილისისთვის, სადაც ხუთასი ათასზე მეტი ავტომობილია კონცენტრირებული, ეს მაჩვენებელი შედარებით დაბალია და 74%-ს შეადგენს.
და მაინც, უნდა ვატაროთ თუ არა პირბადე?
იმ დროს, როცა ჰაერის ხარისხი ცუდი ან ძალიან ცუდია, მობილური აპლიკაციები გარეთ პირბადის ტარებას და ფანჯრების დაკეტვას გვირჩევენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ ხშირად შენობების შიდა ჰაერი ატმოსფერულ ჰაერზე არანაკლებ არის დაბინძურებული, ამიტომ განიავებაზე უარის თქმა საჭირო არ არის, პირბადეები კი ნამდვილად დაგვიცავს მყარი ნაწილაკების სხეულში მოხვედრისგან. არსებობს კიდევ ერთი რეკომენდაცია: როცა ჰაერი გაჯერებულია მავნე ნივთიერებებით ისე, როგორც ახლა, აუცილებელია უარი ვთქვათ გარეთ ფიზიკურ აქტივობებზე: სირბილზე, ველოსიპედით სიარულსა და ვარჯიშზე.