„უკრაინას ვეუბნებით, რომ მათ ძალიან ძვირფასი იშვიათ მიწათა ელემენტები აქვს. გვინდა უკრაინასთან შეთანხმება, რომ რასაც ვაძლევთ, იმის სანაცვლოდ იშვიათ მიწათა ელემენტებით მოგვამარაგონ“, - თქვა მან.
რა არის იშვიათ მიწათა ელემენტები?
ეს პერიოდული სისტემის მესამე ჯგუფის ქიმიური ელემენტებია და ისინი დედამიწის ქერქში იშვიათად გვხვდება. ამ კატეგორიას 17 ლითონი განეკუთვნება, მათ ელექტრომობილების, მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტროაპარატების წარმოებაში იყენებენ. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მათზე მოთხოვნა ძალიან სწრაფად იზრდება.
რას გულისხმობს ტრამპი?
სავარაუდოდ, ტრამპი ამ ტერმინს უფრო ფართო მნიშვნელობით იყენებს და მასში გულისხმობს ზოგადად კრიტიკულ (იშვიათ, დეფიციტურ) ნივთიერებებს, რომელთა მარაგები უკრაინას მართლაც აქვს.
ამერიკის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, აშშ-ის ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია 50 ელემენტი, მათ შორის - ნიკელი და ლითიუმი.
უკრაინაში ორივე მათგანი მოიპოვება. გარდა ამისა, უკრაინას აქვს ურანის, ტიტანის, გრაფიტისა და ბერილიუმის მარაგიც. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ უკრაინის საბადოები მსოფლიოში ყველაზე დიდია. ამასთან, საბადოების მოზრდილი ნაწილი ახლა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
2024 წლის 16 ოქტომბერს, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას გამარჯვების ხუთპუნქტიანი გეგმა წარუდგინა, ისიც თქვა, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი ნაწილობრივ ამ წიაღისეულის გამო დაიწყო.
დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება მისი პრიორიტეტია, თუმცა კონკრეტულად როგორ აპირებს ამერიკის პრეზიდენტი ომის შეჩერებას კვლავ ბუნდოვანია.
ზელენსკი: სრულიად სამართლიანია
„ტრილიონობით აშშ დოლარის ღირებულების“ წიაღისეულის უკრაინის უსაფრთხოების გარანტად გამოიყენება ვოლოდიმირ ზელენსკის იდეაა.
„უკრაინა სთავაზობს აშშ-ს და პარტნიორებს მსოფლიოში, - ნაწილობრივ ეს არის ევროკავშირი, რომლის შემადგენლობაშიც იქნება უკრაინა, - გაფორმდეს საგანგებო შეთანხმება უკრაინის კრიტიკული ნედლეულის ერთობლივად დასაცავად. ერთობლივი ინვესტირებისა და შესაბამისი ეკონომიკური პოტენციალის გამოსაყენებლად“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ოქტომბერში, როდესაც რადას ე.წ. „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა. ეს იყო ზომების კომპლექსი, რომელიც, პრეზიდენტის აზრით, რუსეთს აიძულებს დაასრულოს თავისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.
ამ ხუთპუნქტიან გეგმას თან ახლდა სამი საიდუმლო წინადადება, რომლებიც მხოლოდ კონკრეტულ პარტნიორებს გადაეგზავნებოდათ.
უკვე ახლა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ჩვენ ის (სასარგებლო წიაღისეული) საკმარისად გვაქვს. ჩვენ ღია ვართ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ჩვენ იმ პარტნიორებთან ერთად დავამუშაოთ, რომლებიც ჩვენი მიწების დაცვაში გვეხმარებიან. ეს სრულიად სამართლიანია. და ამაზე მე ჯერ კიდევ სექტემბერში [2024 წლის] ვლაპარაკობდი, როდესაც შევხვდი ტრამპს ნიუ-იორკში“.
როგორ შეფასდა წიაღისეულზე გარიგების იდეა?
უკრაინელი პოლიტოლოგი ვლადიმირ ფესენკო რადიო თავისუფლების ცენტრალურ ბიუროსთან საუბარში ამბობს, რომ ზელენსკის იდეამ შედეგი გამოიღო.
„აქ გათვლა იმაზეა, რომ ტრამპს უკრაინის დასაცავად ეკონომიკური სტიმული ჰქონდეს, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ იმ ამერიკული კომპანიების დასაცავად, რომლებიც ამ წიაღისეულის მოპოვებაზე იმუშავებდნენ, - თქვა ფესენკომ, - ეს გაცვლა არ არის, ეს იქნება ინვესტირება ამ რესურსებში, მათი დაცვა... ეს ყველაფერი სწრაფად არ გადაწყდება. ტრამპი ხშირად ისე ლაპარაკობს, დეტალებს არ უკვირდება. მაგრამ თავად იდეამ იმუშავა... მზადდება ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა და, სავარაუდოდ, ამაზეც იქნება საუბარი“.
პოლიტოლოგი ფიოდორ კრაშენინიკოვი კი, პირიქით, შეშფოთებულია, რადგან მიიჩნევს, რომ უკრაინას უანგაროდ უნდა დაეხმარონ. ამას გარდა, შეიძლება გაირკვეს, რომ საბადოების ნაწილი ოკუპირებულია, ინფრასტრუქტურა კი - გაუმართავი.
„ ვაჭრობას იწყებენ უკრაინისთვის ყველაზე რთულ პერიოდში… პუტინისთვის მთავარია, კიდევ რამდენიმე თვე გაძლოს, სანამ უკრაინა და აშშ ურთიერთობის ახალ ფაზაზე არ გადავლენ, ან ტრამპი უბრალოდ არ იტყვის, მორჩა, ვაჩერებ ომსო… გარწმუნებთ, სამშვიდობო მოლაპარაკებამდე რუსეთს ფულიც ეყოფა, რესურსიც, ჯარისკაციც და სხვა ყველაფერიც“, - თქვა მან.
ტრამპის განცხადება გააკრიტიკა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა. Reuters-ის ინფორმაციით, ბრიუსელში მყოფმა შოლცმა თქვა, რომ ეს ეგოისტობა და ეგოცენტრულობა იქნება, რადგან უკრაინას თავისი რესურსები ომის შემდეგ ქვეყნის აღსადგენად დასჭირდება.
ოკუპირებული ლითიუმი
მთელს ევროპაში უკრაინა ფლობს დაუმუშავებელი ლითიუმის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საბადოს. მის ტერიტორიაზე 500 ტონამდე „თეთრი ოქროა“. სწორედ ამ ძვირფას მეტალს იყენებენ სმარტფონების, ლეპტოპებისა და სხვა ელექტროხელსაწყოების ბატერეების წარმოებაში.
ზაპოროჟიეს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ლითიუმის ერთი საბადო რუსეთის ჯარმა 2022 წელს დაიკავა. ამას შემდეგ დაემატა დონეცკის მიმდებარე ტერიტორიაც, სადაც ლითიუმის არსებობას ვარაუდობენ. ახლა რუსული ჯარი მიიწევს შევჩენკოსკენ, დონეცკის ოლქის დასახლებისკენ, სადაც უკრაინის ლითიუმის ყველაზე დიდი საბადოა.
ევროპა დაინტერესებულია, რაც შეიძლება ნაკლებად იყოს დამოკიდებული ჩინეთისა და რუსეთის მარაგებზე. უკრაინული ლითიუმის დაპატრონებამ კი შეიძლება მისი ეს გეგმა შეაფერხოს.
როდ შუნოვერი, უსაფრთხოების ექსპერტი ამერიკაში, ამბობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა რუსეთს ომი ლითიუმის საბადოების გამო დაეწყო, მსგავსი რეზერვები თავადაც საკმარისად აქვს, თუმცა, უკრაინის წიაღისეული რუსეთის ინტერესის სფერო ნამდვილად არის.
„რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, [ევროპა] უკრაინულ რეზერვებს ვეღარ იყენებს, მაგრამ სტაბილურობის პირობებში ეს წიაღისეული შესაძლოა ევროპის ავტონომიურობის ქვაკუთხედად იქცეს“, - ამბობს როდ შუნოვერი.
უკრაინული წიაღისეულის მოპოვებას მხოლოდ ომი არ აფერხებს. ანალიტიკური ცენტრის „ვაშენებთ უკრაინას“ თანადამფუძნებელი ოლექსანდრ კუბრაკოვი ამბობს, რომ უკრაინას აქვს წიაღისეული, ხელსაყრელი მდებარეობა, განვითარებადი ინფრასტრუქტურა და მნიშვნელოვანი პროფესიული რესურსი, მაგრამ მის გამოყენებას გლობალური კონკურენცია და ეფექტიანი რეგულაციების ნაკლებობა უშლის ხელს.
ფორუმი