Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის საგარეო პოლიტიკის გუნდის კონტურები იკვეთება - რას ველოდოთ?


დონალდ ტრამპი და სენატორი მარკო რუბიო, რომელიც წარდგენილია სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე
დონალდ ტრამპი და სენატორი მარკო რუბიო, რომელიც წარდგენილია სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე

დონალდ ტრამპის 47-ე პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე დღეში თანდათან ცნობილი ხდება, ვინ დაიკავებს საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსფრთხოების საკვანძო თანამდებობებს მის მეორე ადმინისტრაციაში.

გიყვებით, ვინ გაუძღვება აშშ-ის საგარეო პოლიტიკას 2025 წლიდან და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს საქართველოსა და დანარჩენი მსოფლიოსთვის

ამერიკის ყოფილი და მომავალი პრეზიდენტის პარტნიორებთან ხისტი მიდგომისა და არაპროგნოზირებადობის გამო აშშ-ის გარეთ ბევრს აშინებდა ტრამპის შესაძლო გამარჯვება. ნაწილს განსაკუთრებით აფრთხობდა მის გარემოცვაში იზოლაციონისტების სიმრავლე. ასე მოიხსენიებენ ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ აშშ-მა ნაკლები უნდა დახარჯოს დანარჩენი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის. ეს გულისხმობს, მათ შორის, უკრაინის დახმარების შემცირებას, ან სულაც შეწყვეტას. მათ ბანაკს მიეკუთვნება ჯეი-დი ვენსი, მომავალი ვიცე-პრეზიდენტი.

მთავარი ინტრიგა, რომელიც საგარეო პოლიტიკის კუთხით ტრამპის ხელახალ გაპრეზიდენტებას ახლდა თან, ის იყო, წარმართავდნენ თუ არა იზოლაციონისტები აშშ-ის საგარეო პოლიტიკას. როგორც ჩანს, ასე შეიძლება არც იყოს.

სახელმწიფო მდივანი - მარკო რუბიო

დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნად სენატორი მარკო რუბიო აარჩია.

კუბელი ემიგრანტების შთამომავალი რუბიო 2011 წლიდან ფლორიდის სენატორია. 2016 წელს რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის ნომინაციის მოპოვებაც სცადა, თუმცა მაშინ დონალდ ტრამპმა ადვილად დაამარცხა. გაცხარებული საარჩევნო კამპანიისას ტრამპი და რუბიო ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისგან თავს არ იკავებდნენ, თუმცა ბოლო წლებში მათი ურთიერთობა გაუმჯობესდა.

მარკო რუბიო დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა საგარეო პოლიტიკის „ქორად“, ანუ ისეთ პოლიტიკოსად, რომელიც ამერიკის აქტიურ ჩართულობას ემხრობა საერთაშორისო არენაზე.

ის მუდამ კრიტიკული იყო რუსეთის მიმართ და განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა საქართველოსადმი.

ბათუ ქუთელია, საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ სენატორად არჩევის შემდეგ, პირველი შეხვედრა, რომელიც რუბიომ უცხოურ წარმომადგენლობასთან გამართა, სწორედ ქართველებთან იყო.

„ეს სპეციალურად გააკეთა“, - ამბობს ქუთელია.

„ქართველები თავისუფლებისთვის იბრძვიან, რუსული და საბჭოთა ზეწოლის ქვეშ არიანო, - ომი ახალი მომხდარი იყო მაშინ. როგორც კუბური წარმოშობის სენატორისთვის, მისთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი ერების და ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც ავტორიტარიზმის ზეწოლის ქვეშ იყო“, - იხსენებს დიპლომატი.

2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრისთანავე, რუბიო იყო სენატში წარდგენილი „ნიეტ აქტის“ თანაავტორი, რომელიც მიზნად ისახავდა „უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების“ გაძლიერებასა და რუსეთისთვის სანქციების შემოღებას.

მოგვიანებით, მარკო რუბიოს ხისტი პოზიციები შერბილდა. 2024 წლის აპრილში ის იმ 15 რესპუბლიკელ სენატორს შორის იყო, რომლებმაც უკრაინისთვის $95-მილიარდიანი სამხედრო დახმარების წინააღმდეგ მისცეს ხმა.

„რუსეთის მხარეს არ ვარ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი მოლაპარაკებით უნდა დასრულდეს“, - უთხრა რუბიომ სექტემბერში ამერიკულ ტელეკომპანია NBC-ს.

პოზიციების ცვლილების მიუხედავად, რუბიო ნატოს აქტიური მხარდამჭერი დარჩა. ტრამპის პირველი ვადისას, როცა პრეზიდენტი ნატოს დატოვებით იმუქრებოდა, რუბიომ სენატში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის ნატოდან გამოსვლას ართულებდა. საამისოდ, აშშ-ის პრეზიდენტისთვის აუცილებელი იქნება კონგრესის თანხმობა.

რუბიოს ხისტი პოზიციები აქვს აშშ-ის კიდევ ერთი სტრატეგიული მეტოქის, ჩინეთის მიმართაც - 2020 წელს პეკინმა მას სანქციები დაუწესა ჰონგ-კონგში მიმდინარე გამოსვლების მხარდაჭერის გამო.

„ჩემთვის ცოტა გასაკვირი იყო, როდესაც [უკრაინის] მხარდაჭერის პაკეტს არ დაუჭირა მხარი“, - ამბობს ბათუ ქუთელია.

ამის მიუხედავად, ის ფიქრობს, რომ რუბიოს სახელმწიფო მდივნად წარდგენით "იზოლაციონიზმის პროგნოზები არ გამართლდება“.

ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი - „მწვანე ბერეტების“ ვეტერანი უოლცი

საგარეო პოლიტიკის მხრივ ერთ-ერთი საკვანძო თანამდებობის დაკავება დონალდ ტრამპმა კონგრესმენ მაიკ უოლცს შესთავაზა. ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი პრეზიდენტს პირადად აბარებს ანგარიშს და რჩევებს აძლევს საგარეო პოლიტიკის შესახებ.

მაიკ უოლცი „მწვანე ბერეტების“ - აშშ-ის არმიის სპეცდანიშნულების ძალების ვეტერანია. მოგვიანებით ის თავდაცვის პოლიტიკის დირექტორის თანამდებობას იკავებდა ბუშის პრეზიდენტობისას, დონალდ რამსფელდისა და რობერტ გეიტსის თავდაცვის მდივნობის დროს.

უოლცი 2019 წლიდან კონგრესში ფლორიდის მეხუთე ოლქს წარმოადგენს. ივნისში უოლცი ერთ-ერთი ხელმომწერი იყო კონგრესის მიერ შემუშავებული სარეკომენდაციო დოკუმენტის, რომელიც ბიძინა ივანიშვილს „პუტინის ახლო მოკავშირეს“ უწოდებდა და ბრალს სდებდა „რუსეთის ინტერესების შესაბამისად საქართველოს დესტაბილიზაციაში“. ივანიშვილი ნახსენები იყო დოკუმენტის იმ ნაწილში, სადაც კონგრესმენები რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების გაფართოებას ითხოვდნენ.

უკრაინასთან მიმართებით, უოლცს რესპუბლიკური პარტიის იზოლაციონისტური ფრთისგან განსხვავებული შეხედულებები აქვს. დონალდ ტრამპის მსგავსად, მთავარ ამოცანად ისიც ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებას მიიჩნევს, თუმცა საამისოდ ორ მთავარ საშუალებად რუსეთზე ეკონომიკურ წნეხსა და უკრაინისთვის შორი მოქმედების იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნას განიხილავს.

„ჩვენ გვაქვს ბერკეტი, როგორიცაა უკრაინისთვის ბორკილების მოხსნა შორი მოქმედების იარაღზე, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ“, - უთხრა უოლცმა ერთი კვირის წინ აშშ-ის საზოგადოებრივ რადიოს.

ომის დაწყების შემდეგ, უოლცმა ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის იარაღის გადაცემის დაგვიანების გამო გააკრიტიკა.

„შარშან რომ კიევში ვიყავი, ბაიდენის ადმინისტრაციას მოვუწოდე, ეჩქარათ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის გადაცემა, რასაც თვეები ითხოვდნენ. ეს დახმარება იქამდე უნდა მიეღოთ, სანამ რუსეთი შეიჭრებოდა და არა ამის შემდეგ“, - დაწერა უოლცმა 2022 წლის მარტში და პოსტს კიევში გადაღებული ფოტო დაურთო.

ნატოსთან დაკავშირებით, უოლცი იწონებს ტრამპის მოწოდებას ევროპული ქვეყნებისადმი სამხედრო ხარჯების ზრდის შესახებ, თუმცა მას არასდროს უთქვამს, რომ ამერიკამ ნატო უნდა დატოვოს.

მაიკ უოლცი ვაშინგტონში ცნობილია ჩინეთისადმი ხისტი პოზიციით. ამერიკაში ბევრს მსჯელობენ, რა უნდა ქნან, თუ ჩინეთი გადაწყვეტს, ტაივანი ძალის გამოყენებით შემოიერთოს. იზოლაციონისტები ფიქრობენ, რომ ამერიკამ ჩინეთთან კონფლიქტში ჩართვა არ უნდა გარისკოს. უოლცი კი თვლის, რომ ომის შეკავების სტრატეგიის ფარგლებში, აშშ-მა ტაივანის შეიარაღება უნდა დააჩქაროს.

თავდაცვის მდივანი - „ფოქს ნიუსის“ წამყვანი ჰეგსეთი

თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე დონალდ ტრამპმა პიტ ჰეგსეთი წარადგინა. ამ ეტაპისთვის გამოცხადებული ნომინაციებიდან, ჰეგსეთი ყველაზე მოულოდნელი იყო. მას ნამსახურები აქვს ავღანეთში, ერაყსა და გუანტანამოს ყურეში, თუმცა თავდაცვის პოლიტიკაზე მუშაობის მხრივ გამოცდილება არ აქვს. 2021 წელს ის არმიიდან წამოვიდა და თქვა, რომ მისი პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებების გამო ჩაგრავდნენ. ჰეგსეთი აქამდე კონსერვატიული საკაბელო არხის, „ფოქს ნიუსის“ კომენტატორი იყო.

ის გამოირჩევა ხისტი რიტორიკით აშშ-ის ამჟამინდელი სამხედრო ისტებლიშმენტის მიმართ.

„აშშ-ის შემდეგმა პრეზიდენტმა პენტაგონში უფროსობა რადიკალურად უნდა გადაახალისოს, რათა ჩვენი ერის დასაცავად და მტრების დასამარცხებლად მზად ვიყოთ. ბევრი ხალხია გასაყრელი“, - წერია ჰეგსეთის წიგნში.

მისი პოლიტიკური პოზიციების შესახებ ცოტაა ცნობილი, თუმცა ჰეგსეთს ნატო არაერთხელ გაუკრიტიკებია.

„რატომ უნდა უსმინოს ამერიკამ, ევროპელების სასწრაფო დახმარებამ წინა საუკუნეში, თვითკმაყოფილ და იმპოტენტ ერებს, რომლებიც ვადაგასული და ცალმხრივი თავდაცვის შეთანხმების პატივისცემას გვთხოვენ, რომლებსაც თავად ზურგი აქციეს?“, - წერს ჰეგსეთი თავის წიგნში.

პიტ ჰეგსეთს ტრამპის ლოიალისტად მიიჩნევენ. 11 ნოემბერს „ფოქს ნიუსზე“ გამოსვლისას, ჰეგსეთმა თქვა, რომ ტრამპის არჩევამ უკვე იქონია გავლენა გლობალურ პოლიტიკაზე:

„მშვიდობა მაშინ მოდის, როცა შენს მტრებს სჯერათ, რომ მხოლოდ შენი არსებობით გაანადგურებ. [ტრამპი] ჯერ [თეთრ სახლშიც] არაა და ჰამასი უკვე გვევედრება, ევროპა კი ამბობს, შეერთებული შტატებისგან ვიყიდით გაზს, თქვენი ტარიფები რომ ავირიდოთო“.

თავდაცვის მდივანს, ისევე, როგორც სახელმწიფო მდივანსა და გაეროს ელჩობის კანდიდატს, სენატის თანხმობა დასჭირდება, სადაც ისინი იანვარში წარდგებიან. თუმცა, რამდენადაც რესპუბლიკელებმა სენატში უმრავლესობა მოიპოვეს, ტრამპის რჩეული კანდიდატების დამტკიცება, სავარაუდოდ, არ გართულდება.

ელის სტეფანიკი - ელჩი გაეროში

დონალდ ტრამპმა გაეროში აშშ-ის ელჩად კონგრესმენი ელის სტეფანიკი დაასახელა. 40 წლის სტეფანიკი, რომლის მამა ჩეხური წარმოშობისაა, ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მხარდამჭერი იყო წარმომადგენელთა პალატაში, სადაც 2015 წლიდან წარმოადგენს ზედა ნიუ-იორკის შტატის ოლქს.

სტეფანიკი საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით გამოუცდელია. ჰარვარდის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში მუშაობდა საშინაო პოლიტიკის საკითხებზე.

30 წლის ასაკში ელის სტეფანიკი კონგრესის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა.

ჯონ ბოლტონი, ტრამპის პრეზიდენტობის დროს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ვარაუდობს, რომ სტეფანიკის გაეროში დანიშვნის მიზეზი მისთვის საგარეო-პოლიტიკური გამოცდილების შეძენაა:

„2028 წელს პრეზიდენტობაზე სურს კენჭი იყაროს. გააცნობიერა, რომ საგარეო პოლიტიკის გამოცდილება არ აქვს, გაეროში ელჩობაზე უკეთესი გზა კი რა უნდა ყოფილიყო“, - უთხრა ბოლტონმა სააგენტო Associated Press-ს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG