ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობა შესთავაზა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრ მაიკ უოლცს. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ ამერიკული მედიასაშუალებები, მათ შორის გამოცემა WSJ, სააგენტო AP და ტელეკომპანია CNN.
50 წლის უოლცი ფლორიდელი კონგრესმენია. 20 წელზე მეტხანს მსახურობდა ამერიკის არმიის სპეციალური დანიშნულების ძალებში. მონაწილეობდა ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ოპერაციაში. უმცროსი ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში მაიკ უოლცი მუშაობდა თეთრ სახლსა და პენტაგონში.
უოლცი ცნობილია ჩინეთის პოლიტიკისადმი მკვეთრად კრიტიკული დამოკიდებულებით.
რაც შეეხება უკრაინას, მაიკ უოლცის პოზიციაა, რომ აშშ უკრაინას უნდა დაეხმაროს, მაგრამ ამ მიზნით გაცემული დაფინანსების კონტროლი უნდა გამკაცრდეს.
ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.
ფორუმი