Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამ მოწამლა 6 თვის წინ კახეთში 23 აღსაზრდელი, ამ დრომდე გაურკვეველია


სოფელ ბუშეტის ბაგა-ბაღი
სოფელ ბუშეტის ბაგა-ბაღი

კახეთში, ერთ-ერთ ბაგა-ბაღში, 6 თვის წინ 23 აღსაზრდელი მოიწამლა, თუმცა მშობლებსა და ბაღის ადმინისტრაციას ამ დრომდე არა აქვს ინფორმაცია, რა გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი. ბაღი 55 ბავშვისთვის ამ დრომდე დახურულია და გამოძიების დასრულებამდე გახსნა არ იგეგმება, თუმცა როდის დასრულდება თავად გამოძიება, ცნობილი არ არის. მშობლები საგამოძიებო უწყებისგან ითხოვენ, ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზები გასაჯაროვდეს და დროულად გაიხნას ბაღიც.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის ბაგა-ბაღი, სადაც 2019 წლის 2 აპრილს 23 აღსაზრდელი მოიწამლა, ამ დრომდე დახურულია. მოწამლული ბავშვებიდან ყველაზე პატარა 3 წლის, ყველაზე უფროსი კი 6 წლის იყო. აღსაზრდელები რეფერალურ და ბავშვთა საავადმყოფოებში ღებინებითა და მუცლის ღრუს ტკივილით მოათავსეს. მაშინ, ერთდღიანი მკურნალობის შემდეგ, ბავშვები სახლებში გაწერეს. ბუშეტის ბაღში 15 სექტემბრიდან მხოლოდ პედაგოგები დადიან და გამოძიების დასრულებამდე აღსაზრდელების მიღების უფლება არა აქვთ.მშობლების თქმით, ბაღში 55 ბავშვი ირიცხება და მათი უმეტესობა სკოლამდელი განათლების გარეშეა დარჩენილი, თუმცა ზოგი მეზობელი სოფლის ბაღში დადის. მშობლებმა ამ დრომდე არ იციან ბავშვების მოწამვლის რეალური, დადასტურებული მიზეზი. მათ ასევე ვერავინ ეუბნება, როდის დასრულდება 6 თვის წინ დაწყებული გამოძიება, რაც ბაღში სააღმზრდელო პროცესის განახლების ერთადერთი პირობაა.

„ჩემი შვილიც მოიწამლა, თუმცა რით არის მოწამლული, ჯერჯერობით არ ვიცით. ასევე ველოდებით ბაღის გახსნას“.

„დღესაც მქონდა მოთხოვნა, რომ უახლოეს მომავალში გაიხსნას ბაღი და გააგრძელოს ჩვეულებრივ ფუნქციონირება“.

„23 ბავშვი იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ყველა სუსტად გრძნობდა თავს, მათ შორის ერთი ჩემი შვილიც იყო“, - განაცხადეს მშობლებმა.

რა გახდა ბავშვების მოწამვლის მიზეზი და როდის დასრულედება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებული გამოძიება, არ იციან არც ბაღის ადმინისტრაციაში. ბუშეტის ბაღის მენეჯერი ნათია კუპატაძე ამბობს, რომ ბაღი ბავშვების მისაღებად მზად არის, თუმცა ვიდრე საგამოძიები ორგანოდან ოფიციალურ წერილობითშეტყობინებას არ მიიღებენ, რომ ბაღი ბავშვების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, მათ აღსაზრდელების მიღების უფლება არ აქვთ:

„ჩვენმა ბაღმა სააღმზრდელო პროცესი აპრილის თვეში შეწყვიტა. საბავშვო ბაღიდან ყველა დასახელების პროდუქტი ლაბორატორიულ კვლევაზე იქნა გადაგზავნილი. მაშინვე დაიწყო გამოძიება და ამ დრომდე ველოდებით საბოლოო დასკვნას. 16 სექტემბრიდან ჩვენ, თანამშრომლები, ვმუშაობთ, თუმცა ვერ ვიღებთ ბავშვებს. სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები დაცული იყო მაშინაც და ახლაც. ყველანაირად მოწესრიგებული ვართ, რომ ბავშვები მივიღოთ“.


იმ დროს, როდესაც ბაღში ბავშვები მოიწამლნენ, დაწესებულებიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა გამოსაკვლევად საკვებისა და წყლის ნიმუშები აიღეს, თუმცა ამ უწყებას ლაბორატორიული კვლევის შედეგები საზოგადოებისთვის არ წარუდგენია. როგორც სააგენტოს წარმომადგენლებმა გვითხრეს, მათ მიერ მოკვლეული მასალები და შედეგები საგამოძიებო ორგანოებს გადასცეს. იმის შესახებ, თუ რა ეტაპზეა გამოძიება, ინფორმაცია არა აქვს არც თელავის ბაღების მართვის სამსახურს. უწყების ხელმძღვანელის, ია ლუარსაბიშვილის თქმით, ბაღში ამ დრომდე დალუქულია მაცივარი, სადაც საკვები ინახება:

„მოკვლევა მაშინვე დაიწყო და პროცესში ჩაერთო სურსათის ეროვნული სააგენტო. აღიძრა საქმე და დაიწყო გამოძიება. ამ დრომდე დალუქულია მაცივარი, სადაც ინახება საკვები, რომელიც, შესაძლოა, გამოძიებას შემდგომი მოკვლევისთვის დასჭირდეს. ბაღი სრულიად მზად არის აღსაზრდელების მისაღებად და ველოდებით გამოძიების დასრულებას“.

თელავში, სოფელ ბუშეტში, აღსაზრდელების მოწამვლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის რეგიონალურმა სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას.

ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით იმის გასარკვევად, თუ რა ეტაპზეა 6 თვის წინ დაწყებული გამოძიება და როდის დასრულდება.

სამინისტროს პრესამსახურში განმარტეს, რომ „გამოძიება არ შეწყვეტილა. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ბაღში დალუქულია მცირე ფართი, სადაც საკვები ინახებოდა. დალუქული სივრცე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესის განახლებას ხელს არ უშლის. გამოძიების მხრიდან მოთხოვნა არ არის, რომ სააღმზრდელო პროცესი არ დაიწყოს. თუკი ასეთი შეზღუდვა არსებობს, ეს, შესაძლოა, განათლების სამინისტროდან ან მუნიციპალიტეტიდან იყოს“.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის შემდეგ კახეთში ბავშვების მასობრივად მოწამვლის ეს პირველი შემთხვევა იყო. 2015 წლის აგვისტოში 30 ბავშვი მოიწამლა ყვარლის ბაღში. მაშინ ინტოქსიკაციის მიზეზად სასმელი წყალი დასახელდა.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG