Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის (შეწყალებული) კანიბალები რუსეთის არმიაში


დენის გორინი, ნასამართლევი ოთხი მკვლელობისა და კანიბალიზმის გამო
დენის გორინი, ნასამართლევი ოთხი მკვლელობისა და კანიბალიზმის გამო

რუსეთის ხელისუფლებამ, ომში მონაწილეობის მიზნით, პატიმრობიდან გაათავისუფლა დენის გორინი, სერიული მკვლელი და კანიბალი, რომელიც მეორე სასჯელს იხდიდა მკვლელობისა და გვამის წაბილწვისათვის.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ვლადიმირ პუტინმა შეიწყალა კანიბალიზმისთვის მსჯავრდადებული კიდევ ერთი პატიმარი, ქალაქ იაროსლავლის მკვიდრი, ნიკოლაი ოგოლობიაკი, რომელმაც 2008 წელს, თანამზრახველებთან ერთად, სიცოცხლეს გამოასალმა სკოლის ოთხი მოსწავლე გოგონა.

ცნობილ რუს ჟურნალისტსა და პოლიტიკურ ანალიტიკოსს, ალექსეი ლუშნიკოვს არ გაჰკვირვებია, რომ ომში მონაწილეობის სანაცვლოდ პუტინმა კანიბალები შეიწყალა.

„რა გასაკვირია. კანიბალი შორიდან ცნობს კანიბალს. კორპორაციული ძმობა აქვთ“, - დაწერა მან თავის telegram-არხზე.

სახალინის ოლქის ქალაქ ანივის მკვიდრი, 44 წლის დენის გორინი უკრაინაში ერთ-ერთი კერძო სამხედრო კომპანიის რიგებში იბრძოდა. თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ იგი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეიწყალა. გორინმა ჩაიდინა მინიმუმ 4 მკვლელობა, ხოლო ორ შემთხვევაში, როგორც სასამართლომ დაადგინა, შეჭამა მსხვერპლის სხეულის ნაწილები. თუმცა, როგორც გორინის მეზობლები ამტკიცებენ, საქმე ბევრად უარესადაა, რადგან, მათი ვარაუდით, გორინს სულ მცირე 13 ადამიანი ჰყავს მოკლული.

დენის გორინი მინიმუმ მე-17 მკვლელია, რომელიც პუტინმა შეიწყალა და გაათავისუფლა უკრაინასთან ომში მონაწილეობის გამო. გორინი სამჯერ ნასამართლევია: მკვლელობისთვის პირველად 2003 წელს გაასამართლეს და მიუსაჯეს პატიმრობა. სახალინის ოლქის პროკურატურამ მოკლედ აღნიშნა, რომ მკვლელობის შემდეგ ცხედარი დაანაწევრეს. მეტიც, გორინის ყოფილმა მეზობელმა დმიტრი ვ.-მ რადიო თავისუფლების პროექტის Sibir.Realii-ის კორესპონდენტს უთხრა, რომ დენის გორინმა და მისმა ძმამ მსხვერპლის ხორცი შეჭამეს:

„პროცესზე მან აღიარა, რომ შეჭამეს მოკლული, რომელიც მათი ნაცნობი იყო. მკვლელობა ჩაიდინეს სიმთვრალის გამო. უფროსმა ძმამ, ევგენიმ (მას იმ დროისთვის უკვე გასინჯული ჰქონდა ადამიანის ხორცი) ჯერ თავის ცოლს დააძალა ადამიანის ხორცის ჭამა, შემდეგ უმცროს ძმას, დენისს. დენისის თქმით, მას არ უნდოდა, მაგრამ ძმა მოკვლით დაემუქრა”.

დმიტრი ვ.-ს თქმით, დენის გორინს, სულ რაღაც, 10 წელი მიუსაჯეს, 2010 წელს გათავისუფლდა, თითქოსდა სანიმუშო ქცევისთვის:

„მაშინაც შოკში ვიყავით - კაცი მოკლა და შეჭამა, 7 წლის შემდეგ კი თავისუფალი იყო“.

დენის გორინი
დენის გორინი

2010 წელს დენის გორინი დაბრუნდა ანივაში და იმავე წელს დანით მოკლა კაცი, რომლის ძმასთან ერთადაც იჯდა საგამოძიებო იზოლატორში. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მკვლელობის შემდეგ, გორინმა „გადაწყვიტა წარსულის გახსენება, კერძოდ, მსხვერპლისთვის ხორცის ჩამოჭრა და შეჭმა“.

2011 წელს დენის გორინმა და მისმა ძმამ ევგენიმ მოკლეს კაცი, რომლის გვამი მდინარე ლიუტოგას ნაპირზე დამარხეს. რეგიონული პროკურატურის ცნობით, 2012 წლის დასაწყისში მათ კიდევ ერთი მკვლელობა ჩაიდინეს, რომელიც მხოლოდ 5 წლის შემდეგ გაიხსნა: 2018 წელს სასამართლომ, სამმაგი მკვლელობისთვის დენის გორინს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სპეციალური რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

საქმის მასალებიდან: „ჭრილობები მიაყენა გულმკერდის არეში <...> რის შემდეგაც ხელებიდან ბიცეფსები ჩამოაჭრა <...> გახადა შარვალი, ააჭრა კუნთები წვივებიდან და ხორცი თეძოებიდან <...> სახლში რომ მივიდა, ხორცი გარეცხა და მაცივარში შედგა“.

„ბინის ჩხრეკისას (ვესწრებოდი მოწმის სახით) აღმოჩნდა, რომ მაცივარი ადამიანის ხორცით იყო სავსე. იქვე უამბო გამომძიებლებს, როგორ აჭრიდა ხორცს მოკლულებს ქვედა კიდურებიდან, როგორ ათვალიერებდა ბიცეფსებს, ჰქონდათ თუ არა ხორცი და ა.შ. ვნახეთ ორმო, სადაც ადამიანთა ნარჩენები იყო დამარხული. ჯამში 12 ადამიანზე იყო საუბარი და არა სამზე, როგორც განაჩენში წერია. ნარჩენებს შორის იყო ძალიან პატარა ჩონჩხი - ვიღაც გოგო მოუკლავთ, - ამბობს გორინის მეზობელი დმიტრი და დიდხანს დუმს, - მაგრამ სასამართლოში დამტკიცება ვერ მოხერხდა. მოსამართლემ მხოლოდ ის მკვლელობები გაითვალისწინა, რომლებიც თავად აღიარეს. საუბარია სამი ზრდასრული მამაკაცის მკვლელობაზე“.

დმიტრის თქმით, მხოლოდ სამი ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა:

„მათ [მოკლულებს] ბევრი ნათესავი ჰყავთ როგორც ანივაში, ასევე იუჟნო-სახალინსკში. რატომღაც მგონია, რომ გორინი დიდხანს ვერ იქნება თავისუფალი. რადგან ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის აღსრულებას, ახლობლები როგორღაც თვითონ გაასამართლებენ მკვლელებს. სხვა რა გზაა? ნამდვილი მანიაკები არიან. მისი ძმა ციხეში მოკლეს, ამას კი ხუთი წელიც არ მოუხდია, მაგრამ უკვე თავისუფალია. ერთი წელი შეიძლება მოითმინოს, მერე ისევ მოკლავს ვინმეს“.

დმიტრი, დენის გორინის მეზობელი
დმიტრი, დენის გორინის მეზობელი

2023 წლის 24 ოქტომბერს დენის გორინმა სოციალურ ქსელში „ოდნოკლასნიკი“ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ხაკისფერ სამხედრო ტანსაცმელშია გამოწყობილი. ტელეგრამის არხმა „სახალინი ომის წინააღმდეგ“ ყურადღება მიაქცია იმას, რომ ფოტოზე გამოსახულ გორინს უჩანს წმინდა გიორგის ლენტი და საკერებელი (formation patch) წარწერით „დაგაჩებურაშებთ“, რომლებსაც რუსი მებრძოლები იყენებენ.

„დაგაჩებურაშებთ“ (Зачебурашим) - სიტყვა, რომელსაც რუსი მებრძოლები იყენებენ ფორმაზე საკერებლის სახით მას შემდეგ, რაც რუსეთის კინოგაქირავებაში გამოვიდა ახალი ფილმი „ჩებურაშკა“ (გადაღებული ცნობილი საბჭოთა მულტფილმის მიხედვით), რომელიც უკიდურესად ნეგატიურად იქნა აღქმული უკრაინაში. ულტრაკონსერვატორული რუსული არხი „ცარიგრადი“ განმარტავს: „დაგაჩებურაშებთ“ - ახალი სიტყვაა, რომლისაც რუსეთის ყველა მტერს უნდა ეშინოდეს. უპირველეს ყოვლისა უნდა ეშინოდეთ მათ, ვინც რუს ჯარისკაცებს უპირისპირდებიან უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაციის ფრონტზე. ესაა ჩვენი გმირების უნივერსალური პასუხი, რომელიც შეიძლება გაეცეს ყველას, ვინც ჩვენზე მოვა მახვილით.

რადიო თავისუფლების პროექტის Sibir.Realii-ის კორესპონდენტი სოციალური ქსელით დაუკავშირდა გორინის დედას და დას, თუმცა მათ არ უპასუხეს კორესპონდენტის კითხვებს.

„ახლა იუჟნო-სახალინსკშია, ჰოსპიტალში წევს, - ამბობს დმიტრი ვ. - მას მსუბუქი დაზიანება აქვს, საშუალო სიმძიმის. იცოცხლებს, მაგრამ ვფიქრობ, დიდი ხნით არა. გადარჩა იქ, რადგან მისნაირ პატიმრებს ჩვეულებრივ წვევამდელებთან ან კონტრაქტით დაქირავებულებთან არ უშვებენ, თორემ იქვე დაკლავდნენ. მე პირადად მოხალისედ ვიყავი ფრონტზე, ახლა სამხედრო ნაწილში ვიმყოფები, კონტუზია მივიღე, ხელები მიკანკალებს, ენა მებმის. რა თქმა უნდა, ფრონტზე არ დავბრუნდები“.

ცნობილი გახდა, რომ პუტინმა ასევე შეიწყალა კანიბალიზმისთვის მსჯავრდებული, ქალაქ იაროსლავლის მკვიდრი, სატანისტების ბანდის წევრი ნიკოლაი ოგოლობიაკი, რომელმაც 2008 წელს, ბანდის წევრებთან ერთად, მოკლა და დაანაწევრა ოთხი მოზარდი, შემდეგ კი შეჭამა მათი სხეულის ნაწილები. როგორც ოგოლობიაკის მამამ ჟურნალისტებს უთხრა, მისი ვაჟი ექვსი თვის განმავლობაში მსახურობდა Storm Z რაზმში, ჭრილობის მიღების შემდეგ კი შინ დაბრუნდა.

2006 წელს „იაროსლავლელი სატანისტების“ ბანდა შექმნა 15 წლის კონსტანტინ ბარანოვმა (მეტსახელი „ეშვი“), რომელსაც მოგვიანებით შეუერთდნენ ნიკოლაი „გრაფ“ ოგოლობიაკი და ალექსეი „მკვდარი“ ჩისტიაკოვი. ერთი წლის განმავლობაში სექტაში გაწევრიანდნენ ანტონ „დოქტორ გოთი“ მაკოვკინი, სერგეი „დისტრის“ კარპენკო და ალექსანდრ „ჰიტლერ“ ვორონოვი. 2008 წლის ზაფხულში ბანდის წევრებმა სასტიკად მოკლეს იაროსლავლის კოლეჯების მოსწავლეები - ოლგა პუხოვა, ვარვარა კუზმინა, ანდრეი სოროკინი და ანა გოროხოვა, რომელთა სხეულები დაანაწევრეს. ბანდის წევრებს 8-დან 20 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ. მაქსიმალური, 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა ოგოლობიაკს, რომელიც მკვლელობის მომენტში სრულწლოვანი იყო.

როგორც წესი, ვლადიმირ პუტინი პატიმართა შეწყალების განკარგულებებს ხელს აწერს ფრონტზე გამგზავრების დღეს. უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ციხეებიდან რეგულარულად ათავისუფლებენ მკვლელებს, მოძალადეებსა და სხვა მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდადებულებს. მოკლულთა და დაზარალებულთა ოჯახის წევრები პროტესტს გამოთქვამენ, თუმცა უშედეგოდ.

რუსი ჟურნალისტების შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეიწყალა მინიმუმ 17 ადამიანი, რომლებიც ნასამართლევი იყვნენ მკვლელობისთვის. ყველა მათგანმა მიიღო მონაწილეობა უკრაინის ომში და ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ გათავისუფლდა. ნაწილმა უკვე მოასწრო ახალი დანაშაულის ჩადენა.

ასევე ვადამდე გაათავისუფლეს ყოფილი პოლიციელი სერგეი ხაჯიკურბანოვი, რომელსაც 2014 წელს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში მონაწილეობისთვის. ხაჯიკურბანოვი, სხვა შეწყალებულ პატიმრებთან ერთად, მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში კერძო სამხედრო კომპანიის რიგებში. კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ გათავისუფლდა და ახლა კი, როგორც კონტრაქტით დაქირავებული, მონაწილეობს ომში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეიწყალა მინიმუმ 17 ადამიანი, რომლებიც ნასამართლევი იყვნენ მკვლელობისთვის. ყველა მათგანმა მიიღო მონაწილეობა უკრაინის ომში და ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ გათავისუფლდა.

ცნობილი რუსი ჟურნალისტის, რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ყოფილი წამყვანის ანტონ ორეხის თქმით, რუსეთში ყველას ეპატია: ნაცისტებს, სადისტებს, სატანისტებს, ახლა კი, როგორც ჩანს, კანიბალების რიგია.

„დარჩა ვინმე, ვინც არ იმსახურებს პატიებას? რა თქმა უნდა, პოლიტიკური აქტივისტები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ წავლენ ომში. ისინი არ იმსახურებენ პატიებას“, - ამბობს ანტონ ორეხი.

პატიმართა უფლებების დაცვის ორგანიზაციის „მჯდომარე რუსეთის“ ხელმძღვანელი, ოლგა რომანოვა ამბობს, რომ რუსი პატიმრებისთვის, რომლებიც მძიმე სასჯელს იხდიან, ციხიდან ომში წასვლა ძალიან მიმზიდველი შეთავაზებაა:

„საკონტრაქტო და მობილიზებული ჯარისკაცებისგან განსხვავებით, პატიმრები ფრონტზე მხოლოდ ექვსი თვე იმყოფებიან. იღებენ ხელფასს, ექვსი თვის შემდეგ კი ნასამართლობა ეხსნებათ. რატომ არის ასე - არ ვიცი. როგორც ჩანს, სოციალურად უფრო ახლობლები არიან. რაც მთავარია, შესაძლებელია მათი მრავალჯერადი გამოყენება: გაათავისუფლებენ, მალე ისევ დაიჭერენ და პირდაპირ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კვლავ ფრონტზე გაუშვებენ. და ა.შ. უსასრულოდ. რაც მთავარია, ისინი ახლა ცოცხლები ბრუნდებიან. დიდი ხანია ბახმუტის მსგავსი ბრძოლები არ ყოფილა. ჰოდა, მიდიან ომში, რათა ცხოვრება „ახალი ფურცლიდან“ დაიწყონ.

ოლგა რომანოვა
ოლგა რომანოვა

რუსეთში არმიის დისკრედიტაცია სისხლის სამართლის დანაშაულია და მკაცრად ისჯება.

„არის თუ არა რუსეთის არმიის დისკრედიტაცია იმის თქმა, რომ მის რიგებში ოფიციალურად იბრძვიან კანიბალები, სერიული მოძალადეები და მკვლელები?“ - იკითხა ოლეგ ფშენიჩნიმ, ჟურნალ The Insider Russia-ს რედაქტორმა.

რუსეთის არმიის (და მასთან გათანაბრებული ორგანიზაციების) დისკრედიტაცია ისჯება 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, განმეორებითი დისკრედიტაციის შემთხვევაში სასჯელი 7 წლამდე იზრდება, ხოლო ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა 15 წლამდე პატიმრობაა.

რუსეთის „შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციად“ მიიჩნევა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შესახებ გამოთქმული ნებისმიერი აზრი, რომელიც ეწინააღმდეგება ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG