Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
როგორ სჯიან რუსეთში „პოლიციის გამლახავ“ ქალებს

როგორ სჯიან რუსეთში „პოლიციის გამლახავ“ ქალებს


ნატალია ფილონოვა
ნატალია ფილონოვა

რუსმა ჟურნალისტმა ნატალია ფილონოვამ, ბრალდების მტკიცებით, ერთ პოლიციელს თითი მოსტეხა, მეორეს კი ბურთულიანი კალამი ჩაარტყა სახეში.

ბურიატიის მკვიდრმა 63 წლის ჟურნალისტმა და პოლიტპატიმარმა ნატალია ფილონოვამ, რომელიც სასჯელს „პოლიციელებზე თავდასხმისთვის“ იხდიდა, ამ დღეებში დატოვა ირკუტსკის დაბა ბოზოის სასჯელაღსრულების კოლონია. ქალმა თითქმის სამი წელი გაატარა ულან-უდეს წინასწარი დაკავების იზოლატორსა და რეგიონის ერთ-ერთ „ყველაზე სასტიკ“ კოლონია ИК-11-ში. ამასთან, სასჯელის ბოლო თვეები ნატალია ფილონოვას სამარტოო საკანში, საჯარიმო იზოლატორში მოახდევინეს.

სამი წელი ბურთულიანი კალმის გამოყენებისთვის?

ნატალია ფილონოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს აღიძრა. ქალს ბრალი წაუყენეს პოლიციელებზე თავდასხმაში. საქმის მიხედვით, დაკავებისას ერთ-ერთ პოლიციელს მან თითქოს თითი მოსტეხა, მეორეს კი ბურთულიანი კალამი ჩაარტყა სახეში.

საუბარია 2022 წლის შემოდგომაზე გამოცხადებული მობილიზაციის გასაპროტესტებლად გამართული მიტინგის დაშლაზე. დაკავების შემდეგ ნატალია ფილონოვას სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რომლის დროსაც, გამოძიების მტკიცებით, ქალმა ბურთულიანი კალამი ჩაარტყა ერთ-ერთ პოლიციელს. პოლიციის ოფიცრები: ანდრეი ლაპტევი, არტურ სიმბელოვი, სერგეი რომანოვი და აიურ დანზანოვი აცხადებდნენ, რომ ფილონოვამ მათ სცემა, სახე დაუკაწრა, ერთ-ერთ მათგანს კალამი ჩაარტყა სახეში და მეორეს კი თითი მოუტეხა.

2022 წლის ნოემბრიდან აქტივისტი იმყოფებოდა ულან-უდეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. 2023 წლის აგვისტოში, ულან-უდეს ოქტომბრის რაიონულმა სასამართლომ იმ დროისთვის 61 წლის ფილონოვას 2 წელი და 10 თვე მიუსაჯა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში მოხდით. მსჯავრდადებული მალე გადაიყვანეს ირკუტსკის დაბა ბოზოიში მდებარე კოლონიაში, რომელიც პატიმრებში ერთ-ერთ „ყველაზე სასტიკ“ ქალთა კოლონიად მიიჩნევა რუსეთში.

კოლონიამდე

სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებდა, რომ აქტივისტი 2022 წლის სექტემბერში დააკავეს ულან-უდეში, მობილიზაციის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს. ბრალად წაუყენეს პოლიციელების მიმართ ძალადობა (რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 318-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და მიუსაჯეს შინაპატიმრობა.

ნატალია ფილონოვა სასამართლო დარბაზში სასჯელის გამოცხადებისას
ნატალია ფილონოვა სასამართლო დარბაზში სასჯელის გამოცხადებისას

თავად ფილონოვა ამტკიცებდა, რომ ის არ იყო აქციის ორგანიზატორი, რომ მონაწილეობა მიიღო მხოლოდ სტრიმში, რომელსაც მისი მეგობარი, უფლებადამცველი ნადეჟდა ნიზოვკინა უძღვებოდა.

როგორც რუსული მედია იუწყებოდა, ნადეჟდა ნიზოვკინამ მოედანზე მოაწყო „ღია მიკროფონი“, რათა ჩაეტარებინა „სოციალური ექსპერიმენტი“: გაერკვია, რამდენ ხანს გასტანდა მაუწყებლობა და კომუნიკაცია მომიტინგეებთან და რამდენ ხანში დააკავებდნენ მას. აქციის არცერთ ორგანიზატორსა და მონაწილეს, მათ შორის ფილონოვასაც, თან არ ჰქონიათ პლაკატები და ხმის გამაძლიერებლები. „ჩვენ შეგნებულად ვთქვით უარი ყველა იმ ატრიბუტზე, რომლებსაც შემდეგ, როგორც წესი, სასამართლოში იყენებენ ნივთმტკიცების სახით, რომ ტარდებოდა არასანქცირებული მიტინგი. ჩვენ ღიად გამოვხატავდით ჩვენს პოზიციას და ყველა მსურველს ვაძლევდით საშუალებას იგივე გაეკეთებინათ პირდაპირ ეთერში“, - იხსენებდა ნადეჟდა ნიზოვკინა.

ნატალია ფილონოვა - ჟურნალისტი, პაციფისტი. გაზეთის „მიუხედავად ყველაფრისა“ რედაქტორ-გამომცემელი, სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობა „სოლიდარობის“ ამიერბაიკალეთის რეგიონული ფილიალის თანათავმჯდომარე, ყოფილი კომუნისტი, რომელიც 2000-იან წლებში გარიცხეს პარტიიდან ზედმეტად დემოკრატიული შეხედულებების გამო. ბოლო წლებში, მას შემდეგ, რაც გაზეთი დაუხურეს, ნატალია ფილონოვა ხშირად მონაწილეობდა მიტინგებში და აწყობდა პიკეტებს. ფილონოვამ გამოცემა „ხოლოდს“ განუცხადა, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობით „მხარს უჭერს ახალგაზრდებს, რომლებიც აცნობიერებენ, რომ სამშობლოს მომავალი მათ ხელშია”.

ტრანსლაცია დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. შვიდმა თუ რვა ადამიანმა მოახერხა პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის შესახებ აზრების გამოთქმა. ამის შემდეგ, ლაივ-სტრიმის რამდენიმე მონაწილე, თავად ნიზოვკინა და ფილონოვა, დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის რაიონულ განყოფილებაში. ფილონოვასა და ნიზოვკინას გარდა, ყველას ბრალი წაუყენეს პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნების შეუსრულებლობის მუხლით და გაუშვეს. ნატალია ფილონოვა და ნადეჟდა ნიზოვკინა კი პოლიციის განყოფილებაში დატოვეს ორი დღე-ღამით (საპროტესტო აქციის გამართვის წესის განმეორებით დარღვევის გამო). საპასუხოდ ქალებმა შიმშილობა გამოაცხადეს.

26 სექტემბერს დაიწყო მათი საქმის განხილვა, თუმცა სხდომის გახსნიდან მალევე გამოცხადდა განგაში და განხორციელდა სასამართლოს შენობის ევაკუაცია - განსასჯელები ნიზოვკინა და ფილონოვა გადაიყვანეს ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში, სადაც გაგრძელდა გასვლითი სასამართლო სხდომა.

2022 წლის ნოემბერში ფილონოვა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, რადგან მან დაარღვია შინაპატიმრობის პირობები.

მანამდე, 2022 წლის აპრილში, ნატალია ფილონოვა დააჯარიმეს 35 ათასი რუბლით, რადგან მან ავტობუსის მძღოლს სთხოვა ჩამოეხსნა ომის სიმბოლოიანი „Z“ სტიკერი. აქტივისტი დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსეთის არმიის „დისკრედიტაციის“ მუხლით (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.3.3 მუხლის 1-ლი ნაწილი). ფილონოვას ასევე წაუყენეს ბრალი წვრილმან ხულიგნობაში (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.1 მუხლი) და პოლიციელის დაუმორჩილებლობაში (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 19.3 მუხლი), რის გამოც დააჯარიმეს ათასი მანეთით და დააკავეს ხუთი დღით.

კოლონიაში

როგორც ნატალია ფილონოვა ამბობს, კოლონიის ადმინისტრაციას, დღის წესრიგის ნებისმიერი (მათ შორის გამოგონილი) დარღვევის გამო, პატიმარი გადაჰყავს საჯარიმო (სამარტოო) საკანში, ე.წ. შიზოში, თუმცა მანამდე გვარიანად სცემენ, შემდეგ კი, საკანში ყოფნისას, უმატებენ და უმატებენ, რადგან შიზოში მყოფ პატიმრებთან ექიმებსა და ადვოკატებს არ უშვებენ. რუსი უფლებადამცველების თქმით, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ცემისა და ქრონიკული დაავადებების გამწვავების გამო პატიმრის მდგომარეობის გაუარესების შესახებ დაწერილ საჩივრებს, როგორც წესი, უარით უპასუხებს.

ნატალია ფილონოვა სამჯერ იჯდა „შიზოში“, 2024 წლის ზაფხულიდან კი საერთოდ მკაცრი ზედამხედველობის რეჟიმზე გადაიყვანეს.

ნატალია ფილონოვა
ნატალია ფილონოვა

„სამარტოო საკანში გადაყვანის ფორმალური მიზეზი არაა მნიშვნელოვანი. თუ დასჯა უნდათ, ამის მიზეზს ყოველთვის იპოვიან. ასე მითხრეს თანამშრომლებმა, როცა კოლონიაში შემიყვანეს. გეტყვიან, ღამის პერანგი "არასწორ ადგილას" გაქვს შენახული, ბალიშის ქვეშ უნდა გედოსო და მორჩა! არ უნდა დაეხმარო წაქცეულ თანასაკნელს და საერთოდაც არავის და არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაეხმარო. რამდენადაც ვხვდები, კოლონიაში ჩემი შეყვანის წინ, ყველა პატიმარი გააფრთხილეს, რომ მათთვის უმჯობესი იქნებოდა, თუ არ დამეკონტაქტებოდნენ. ზოგი, რა თქმა უნდა, დაემორჩილა (პატიმრებს ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისთვის განსაკუთრებული შეღავათები აქვთ), მაგრამ ციხეებში ნორმალური ხალხიც არის, ამიტომ ურთიერთობის გარეშე არ დავრჩენილვარ. თუმცა ეს არ ვრცელდება ბოლო თვეებზე, რომლებიც სამარტოო საკანში, შიზოში გავატარე“, - ამბობს ნატალია.

ნატალია ფილონოვამ ბოზოის კოლონიაში ერთდროულად ორი „სპეციალური სტატუსი“ მიიღო – „მთავრობის წარმომადგენლებზე თავდასხმისკენ მიდრეკილისა“ და „ექსტრემისტული შეხედულებების გამავრცელებლისა“. ფილონოვა ცდილობდა, ადმინისტრაციის ზეწოლა და მისი სამარტოო საკანში ხშირი გადაყვანა სასამართლოში გაესაჩივრებინა, თუმცა, მისივე თქმით, ამ მცდელობებს რამე წარმატება არ მოჰყოლია.

„8 თვე ჩაკეტილ ოთახში ვიმყოფებოდი. ფაქტობრივად, გალიაში. 2 მეტრი 3 მეტრზე. გალიაში ვიყავი, მეგობრებო! - აღწერს ფილონოვა თავის კამერას, - ჯერ პატიმრობის მკაცრი პირობები დამიწესეს, შემდეგ კი საკნის ტიპის ოთახში გამომკეტეს, სამარტოო საკანში. ბოლო ორი თვე კი შიზოში - სამარტოო საკანში გამატარებინეს. ყველაზე აღმაშფოთებელი კი ის არის, რომ არ მომცეს საშუალება სასჯელის მოხდის პირობების ეს უკანონო გამკაცრება სასამართლოში გამესაჩივრებინა. რუსეთის კონსტიტუციაში ჯერ კიდევ წერია, რომ ყველა მოქალაქეს, მათ შორის პატიმარს, აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება. გამოდის, რომ ასე არაა. უბრალოდ არ მიიღეს ჩემი აპელაცია, უარი მითხრეს. მივწერე, რა თქმა უნდა, იმის შესახებ, რომ პატიმრებს ყოველთვის ჰქონდათ გასაჩივრების უფლება და შევახსენე 1937 წელი, როცა ეს უფლება ჩამოერთვათ პოლიტიკურ პატიმრებს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მასობრივად სიკვდილით დასჯა. დაიწყო და აღარ დასრულდა. ახლა კარგად უნდა დავფიქრდეთ, ნეტავ რა ეტაპზე ვიმყოფებით“.

ფილონოვას თქმით, კოლონიაში პირველი ექვსი თვის განმავლობაში ასე თუ ისე „ცხოვრების საშუალება“ მისცეს, შემდეგ კი „საჯარიმო წრეში“ გაატარეს:

„სასტიკი ვითარებაა, რომელიც ყველაზე ზემოქმედებს, თუ, რა თქმა უნდა, სასჯელაღსრულების კოლონიის ადმინისტრაციის "აქტივისტი" არ ხარ. იმისთვის, რომ ადამიანი გამოკეტო შიზო-ში ან გადაიყვანო სპეციალურ იზოლატორში, საჭიროა სისტემა, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი იმდაგვარად, რომ შეუძლიათ ყოველთვიურად აგკიდონ რამე სახის დარღვევა და, შესაბამისად, სასჯელი. ამ დარღვევებს ყოველ ჯერზე ვასაჩივრებდი, მაგრამ ჩემს საქმეებს უკან აბრუნებდნენ და რეაგირების გარეშე ტოვებდნენ. გამოდის, რომ ჯერ გაგზავნიან შიზო-ში, გიმკაცრებენ სასჯელის მოხდის პირობებს და შემდეგ გიჩივის კოლონია სასამართლოში და ეს უკანასკნელი მერე აფორმებს ოფიციალურად ზედამხედველობის გამკაცრებას. კოლონიამ ჩემზე მაქსიმალური ზედამხედველობა მოითხოვა, მაგრამ სასამართლომ ოდნავ შეამცირა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გადაწყვეტილება არ ეფუძნება კოლონიაში პატიმრის ფაქტობრივ ქცევას, არამედ უბრალოდ იღებენ თქვენს სისხლის სამართლის საქმეს და, ამის საფუძველზე, თითხნიან ზედამხედველობის გამკაცრების საჭიროებას. თუ პოლიტიკური საკითხია, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ გამოაცხობენ მკაცრ მეთვალყურეობას!“

გათავისუფლების შემდეგ

ნატალია ფილონოვა განმარტავს, რომ მკაცრი ზედამხედველობა ართულებს პატიმრის ცხოვრებას კოლონიიდან გათავისუფლების შემდეგაც კი.

„მაგალითად, მიკრძალავენ მასობრივ ღონისძიებებზე დასწრებას. ანუ მიკრძალავენ აქციებზე დასწრებას. თუმცა საბუთებში მიწერია ასევე "სხვა ღონისძიებებიცო". მიჭირს იმის გაგება, თუ რა არის ეს "სხვა ღონისძიებები", რომლებსაც არ უნდა დავესწრო. ვერ გავიგე, კლინიკებსა და საავადმყოფოებში წარმოქმნილ რიგებშიც მეკრძალებოდა დგომა?“ - კითხულობს პატიმრობიდან გათავისუფლებულ ქალი.

ნატალია ფილონოვას დაცვის მხარე აპირებს გაასაჩივროს ზედამხედველობის პირობები, რომლებიც მას დაუწესეს გათავისუფლების შემდეგ.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG