Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციელებმა ადამიანი მკვლელებს გადასცეს - ბრალი დაუმძიმდა მოკლულის მეგობარს


35 წლის კაცის განზრახ მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ მოქმედი და ყოფილი პოლიციელები, მოკლულის მეგობარი და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები.

35 წლის დავით მუმლაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირთაგან ბრალი დაუმძიმდა მოკლულის მეგობარს - 30 წლის გიორგი გეთაშვილს. როგორც გენერალურ პროკურატურაში უთხრეს რადიო თავისუფლებას, თავდაპირველად ცრუ ჩვენების მიცემისთვის დაკავებულ გეთაშვილს ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის "25,143-ე მუხლის მესამე ნაწილის ა) ქვეპუნქტის" შესაბამისად:

  • თავისუფლების უკანონო აღკვეთა - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (143-ე მუხლის მესამე ნაწილის ა) ქვეპუნქტი);​
  • ამსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობა (25-ე მუხლი).

შს სამინისტროს თანახმად, მკვლელობის დღეს სწორედ გიორგი გეთაშვილმა გამოიყვანა სახლიდან თავისი მეგობარი - დავით მუმლაძე, რომლის გვამსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ცივი იარაღით მიყენებული 30-ზე მეტი ჭრილობა აღენიშნება. 35 წლის მამაკაცს 1 ოქტომბრიდან ეძებდნენ. მისი გვამი მდინარე მტკვრმა 5 ოქტომბერს გამორიყა.

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გიორგი გეთაშვილის გარდა, კიდევ ოთხი პირია დაკავებული. როგორც გენერალურ პროკურატურაში უთხრეს რადიო თავისუფლებას:

  • 1982 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ გ.ა.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად და თავისუფლების უკანონო აღკვეთა - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (109-ე მუხლის მეორე ნაწილის ე) ქვეპუნქტი და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ა) ქვეპუნქტი);
  • 1992 წელს დაბადებულ მ.ღ.-ს ბრალად ედება თავისუფლების უკანონო აღკვეთა - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (143-ე მუხლის მესამე ნაწილის ა) ქვეპუნქტი);
  • 1981 წელს დაბადებული დ.მ.-ს ბრალად ედება თავისუფლების უკანონო აღკვეთა - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (143-ე მუხლის მესამე ნაწილის ა) ქვეპუნქტი);
  • 1989 წელს დაბადებული დ.დ.-ს ბრალად ედება თავისუფლების უკანონო აღკვეთა - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (143-ე მუხლის მესამე ნაწილის ა) ქვეპუნქტი);
  • ჯერ ისევ იძებნება განზრახ მკვლელობაში მონაწილე კიდევ ერთი პირი - წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი (1983 წელს დაბადებული) ზ.ჯ.

შსს იტყობინება, რომ ზ.ჯ.-ს დაკავების მიზნით „ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები“.

დაკავებულთაგან ორი - მოქმედი, ხოლო ერთი ყოფილი პოლიციელია (დ.დ.). მოქმედი პოლიციელები შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები არიან (მ.ღ. და დ.მ.).

როგორც ყოფილ, ასევე მოქმედ სამართალდამცველებს ბრალად ედებათ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. თუმცა შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ვერსიის თანახმად, ყოფილი და მოქმედი სამართალდამცველები წინასწარ იყვნენ შეთანხმებული პირებთან, რომლებმაც დაგეგმეს და აღასრულეს მკვლელობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 7 ოქტომბერს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, გამოძიებით დგინდება, რომ:

  • „განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა გ.ა.-მ და მისმა თანამზრახველმა - 1983 წელს დაბადებულმა ზ.ჯ.-მ, წარსულში არსებული დაპირისპირებისა და შურისძიების მოტივით, 35 წლის მამაკაცის მკვლელობა დაგეგმეს“;
  • „მსხვერპლის ქალაქიდან მოტყუებით გაყვანის მიზნით, მათ დახმარებისთვის მიმართეს ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ გ.გ.-ს, ორ პოლიციელს და ყოფილ სამართალდამცველს“;
  • „1 ოქტომბერს, გ.გ.-მ გლდანში, თავის კუთვნილ ავტომობილში ჩაისვა 35 წლის მამაკაცი - დ.მ.“;
  • „გლდანში ავტომობილით მოძრაობის დროს, ისინი ვითომ შემთხვევით შეხვდნენ პოლიციის ფორმაში მყოფ სამ პირს. მათ ავტომობილიდან გადმოიყვანეს დ.მ., უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება, ჩაიყვანეს რუსთავში და გადასცეს ზ.ჯ-სა და გ.ა.-ს“
  • „აღნიშნულმა პირებმა დ.მ. ჩაიყვანეს მტკვრის ნაპირზე და ცივი იარაღით მიაყენეს მრავლობითი დაზიანება. კვალის დამალვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს. დ.მ.-ს ცხედარი 5 ოქტომბერს, რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარმა გამორიყა“.

"ამ ბრალდებას საფუძველი არ აქვს და მას გავაქარწყლებთ. როგორ შეიძლება ადამიანმა წინასწარ იცოდეს, პოლიციის ფორმაში მყოფი პირი კრიმინალია თუ არა?! გააჩერეს ,უბრძანეს მანქანიდან გადმოსვლა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფიც დაემორჩილა", - უთხრა რადიო თავისუფლებას გეთაშვილის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.

მომხადრში გიორგი გეთაშვილის თანამონაწილეობას გამორიცხავს მისი მეუღლეც - ლელა გეთაშვილი. მისი თქმით, უცნობი პირები, რომლებმაც დავით მუმლაძე ავტომობილიდან გადაიყვანეს და წაიყვანეს, მის მეუღლეს ოჯახის წევრების დახოცვით დაემუქრნენ.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, მიმდინარეობს თუ არა შიდა მოკვლევა და განიხილავს თუ არა შს სამინისტრო მძიმე დანაშაულში ბრალდებული პოლიციელების ზემდგომი პირების პასუხისმგებლობის საკითხს. უწყებას რადიო თავისუფლებისთვის ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია.

ოპოზიციის შეფასებით, ეს არის ფაქტი, რომელიც კრიმინალებთან პოლიციის თანამშრომლობას ააშკარავებს და დიდ საფრთხეს უქმნის პოლიციის, როგორც ინსტიტუტის ავტორიტეტის ნგრევას. "ქართული ოცნების" უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ "ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი დანაშაულებები".

დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი 9 ოქტომბერს, 11 საათზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG