Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პილიგრიმობა ოკუპანტის კურთხევით?


26 აგვისტო რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების დღეა, თუმცა დე ფაქტო რესპუბლიკის პოლიტიკური ცხოვრებისათვის ამ მნიშვნელოვანი მოვლენის მორიგი წლისთავი თითქმის სრულად გადაფარა პოლიტიკურმა სკანდალმა, რომელიც გამოიწვია აფხაზეთში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების „გასაიდუმლოებულმა“ სტუმრობამ.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ირმა ინაშვილისა, და დეპუტატ გიორგი ლომიას საეჭვო პილიგრიმობას ილორის ეკლესიაში ასევე დიდი ხმაური მოჰვა თბილისშიც.

ირმა ინაშვილი ილორის ეკლესიაში
ირმა ინაშვილი ილორის ეკლესიაში

აფხაზეთიდან დაბრუნებულმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ 18 აგვისტოს გიორგი ლომიასა და ადგილობრივ მრევლთან ერთად ილოცა ოჩამჩირის რაიონში მდებარე ილორის ეკლესიაში, რომელსაც მისმა პარტიამ წმინდა გიორგის ხატი შესწირა.

„შევავედრეთ ჩვენი ქვეყნის სიკეთე ილორის ღვთისმშობელს, დავბრუნდით შემდეგ და საოცარი ამბები მესმის ჩემ შესახებ, ჩვენი პარტიის შესახებ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ამბები სოხუმიდან

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების სტუმრობამ აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში უკვე შეიწირა მათი მასპინძლის, დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლის, ლაშა საკანიას, თანამდებობა.

„ძვირფასო მეგობრებო, 2020 წლის 18 აგვისტოს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რათა შემცირდეს საზოგადოებაში გაჩენილი დაძაბულობა, მივიღე გადაწყვეტილება, საკუთარი სურვილით დავტოვო თანამდებობა, თუმცა მინდა შევნიშნო, რომ ყოველთვის და ყველგან ვიცავდი და კვლავაც დავიცავ ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს“, - ნათქვამია საკანიას მიერ 26 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

ლაშა საკანია
ლაშა საკანია

ვიდრე თანამდებობას დატოვებდა, ასლან ბჟანიას მრჩეველმა განცხადა, რომ ქართველი პოლიტიკოსების სტუმრობა იყო ჰუმანიტარული აქცია ილორის ეკლესიისათვის ხატის გადაცემით, რომელსაც საფუძვლად დაედო თხოვნა მოსკოვიდან.

თუმცა, ამგვარი განმარტების მიუხედავად, ლაშა საკანია ლამის სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის წევრებმა.

„საიდუმლო ვიზიტები, თუნდაც რუსეთის თხოვნით, არ შედის აფხაზეთის ინტერესებში, რადგანაც ირღვევა კანონი სახელმწიფო საზღვრის შესახებ. რატომ ვაკეთებთ ამას? მათ აშკარად მიითვალეს პოლიტიკური დივიდენდები, მაგრამ ჩვენ? არ გვაქვს ამის უფლება! დღეს მივიღეთ ორი ადამიანი, ხვალ რუსები გვთხოვენ კულუარულად მივიღოთ სხვები... ეს არ ემსახურება ჩვენს ინტერესებს!“ - განაცხადა დეპუტატმა ნატალი სმირმამ 25 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე.

გალის რაიონის სეპარატისტული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, თემურ ნადარიამ, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა 2016 წელს მიღებული სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონის დარღვევაში დაადანაშაულა:

„თუ ჩვენ ამ კანონს ვერ ვიყენებთ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის წინააღმდეგ, რომელიც უკანონოდ კვეთს საზღვარს, მაშინ რატომ მივიღეთ? რომ არ გვქონდეს კანონი, ვიტყოდით, კანონი არ არსებობს, ვიღაცამ დარეკა, ვიღაცასთან შეათანხმა და ა.შ., მაგრამ კანონში მკაფიოდ არის გაწერილი, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ვიზა, რათა მოხვდნენ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე“.

ადგურ არძინბა, ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაას“ წარმომადგენელი და თვითაღიარებული რესპუბლიკის ყოფილი ვიცე-პრემიერი, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს, გენერალური პროკურატურისგან სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.

ადგურ არძინმა
ადგურ არძინმა

„უნდა ჩატარდეს გამოძიება, რადგან ასეთი პოლიტიკური (და არა ჰუმანიტარული) აქციები „ისე, უბრალოდ“ არ ტარდება. ეს არის ერთი ჯაჭვის მორიგი რგოლი. გამოძიება უნდა დაიწყოს საზღვრის უკნონო გადაკვეთაზე. პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა, ვინც ამაში მონაწილეობდა, და გამოძიებამ ანგარიში უნდა ჩააბაროს პარლამენტს“, - განაცხადა ადგურ არძინბამ.

აფხაზეთის საზოგადოებაში გაჩენილი დაძაბულობის ხარისხზე მეტყველებს ის გარემოება, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების სტუმრობის თაობაზე თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია, 27 აგვისტოს პარლამენტის წევრების წინაშე უნდა წარდგეს.

ამბები თბილისიდან

ლაშა საკანიას იშვიათი დამცველები არგუმენტად იშველიებენ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას როგორც რუსეთისადმი, ასევე საკუთრივ აფხაზეთისადმი.

ალმას ჯოპუა
ალმას ჯოპუა

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, ალმას ჯოპუა, ამბობს, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელის, დავით თარხან-მოურავის, საჯარო განცხადებები იძლევა ამ პარტიასთან ურთიერთობისა და მოლაპარაკებების წარმოების კარგ წინაპირობას:

„ინტერნეტში შეიძლება ნახვა ამ განცხადებისა, რომელშიც ის დაბეჯითებით მოითხოვს შექმნილი რეალობის აღიარებას. ამბობს, რომ უნდა ვაღიაროთ ახალი რეალობაო, რომ ქართული პოლიტიკური დღის წესრიგი, როცა ყველა ახალი პარტია ამბობს, რომ ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს, ეს შიდაპოლიტიკური შანტაჟიაო. ის ამბობს, უნდა შევეგუოთ ამ რეალობასო და, ბოლოს და ბოლოს, უნდა ვცნოთ აფხაზეთიო, ამას ამბობს ამ პარტიის ხელმძღვანელი!“

„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა, არ უარყო, რომ მისი პარტიის წარმომადგენლების აფხაზეთში ვიზიტის ორგანიზებისას როგორც აფხაზური, ასევე რუსული პირადი კონტაქტები გამოიყენა. დავით თარხან-მოურავის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, როგორ მოხდა ე.წ. საზღვრის გადაკვეთა:

დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი. 2019 წ. პანკისის ხეობა
დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი. 2019 წ. პანკისის ხეობა

"ჩვენ უნდა დავიწყოთ დიდი შერიგების პროცესი. რა თქმა უნდა, ამ პროცესს მტრები ჰყავს ყველგან - თბილისშიც, სოხუმშიც და მოსკოვშიც. ვიზიტის ორგანიზებისას მე პირადი კონტაქტები გამოვიყენე, ცხადია, მათ შორის მოსკოვში კონტაქტებიც. როგორ გადავედით საზღვარს, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, შერიგებისთვის არ აქვს მნიშვნელობა. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს. არანაირი კრემლის დავალებით არ შევედით".

დავით თარხან-მოუავის ოპონენტები კი მიიჩნევენ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ აფხაზეთში სტუმრობა შეუძლებელი იქნებოდა მოსკოვის ინტერესების გათვალისწინების გარეშე.

ევროპის უნივერსიტეტის პროფესორის, გიორგი გობრონიძის, თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების სტუმრობამ შეიძლება ჩააქროს ის პოზიტიური იმპულსები, რომლებიც გაჩნდა დე ფაქტო რესპუბლიკაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ:

გიორგი გობრონიძე
გიორგი გობრონიძე

„აქამდე აფხაზი ლიდერები აცხადებდნენ, რომ საჭიროა თუნდაც გარკვეული სახის ურთიერთობის აღდგენა, რომ საჭიროა დიალოგის წარმოება. ბჟანია, მგონი, პირველი პრეზიდენტია, რომელიც ქართველებს ღიად არ უწოდებს მტრებს. ეს უკვე საინტერესო სიგნალი იყო. და უცბად ვხედავთ, რომ პარტია, რომლის ინტერესები ხშირად ემთხვევა რუსეთის ფედერაციის ინტერესებს, უცნაური ფორმით სტუმრობს აფხაზეთს და ახდენს ჯერ არდაწყებული ქართულ-აფხაზური დიალოგის მარგინალიზაციას“.

საარჩევნოდ გამოწვდილი ხელი მოსკოვიდან

კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი მიიჩნევს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების აფხაზეთში გადასვლა უნდა იქნეს განხილული მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.

გიორგი კანაშვილი
გიორგი კანაშვილი

“საკუთარ ამომრჩეველს აჩვენებენ, რომ მათ, სხვა ქართველი პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, აქვთ კონტაქტები და აფხაზეთში გადასვლაც კი შეუძლიათ. რატომ სთხოვეს რუსებმა აფხაზებს? ალბათ, ჩაითვალა, რომ ეს „ოპერაცია“ „პატრიოტთა“ წინასაარჩევნო პოზიციებს გააძლიერებდა; ასევე, აჩვენეს სხვებს საქართველოში, რომ რუსების დახმარებით რაღაცების გაკეთება თურმე შეიძლება“, - უთხრა გიორგი კანაშვილმა რადიო თავისუფლებას.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილიც დარწმუნებულია, რომ საქმე გვაქვს წმინდა წყლის საარჩევნო ამბავთან, რომელსაც საერთო არაფერი აქვს კონფლიქტის მოგვარებასთან.

„კონფლიქტის მოგვარების რესურსი რომ ჰქონოდა, რუსეთის დახმარებით არ შევიდოდა“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ასევე შენიშნავს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ სტუმრობის უცნაური ფორმა შეაფერხებს, მაგრამ ვერ შეაჩერებს დიალოგის სურვილს, რომელიც აფხაზეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაჩნდა.

პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილი

„კიდევ უფრო ფრთხილი იქნება დე ფაქტო ხელისუფლება, თუმცა ანქვაბი, ბჟანია, შამბა პრინციპული პოლიტიკოსები არიან და ასე მარტივად არ დაიხევენ უკან. როცა სკანდალი დაცხრება, ისინი კიდევ ერთხელ დაუბრუნდებიან მოლაპარაკების თემას, რომ დიახ, თბილისთან დიალოგი საჭიროა, ოღონდ საჭიროა დიალოგი ხელისუფლებასთან! ამასთან, აფხაზები როცა ამბობენ, საჭიროა ქართველებთან დიალოგიო, არ გულისხმობენ ფარულ დიალოგს. ცხადია, შეხვედრები იქნება ღია და წინასწარ გაცხადებული“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

მაინც რა სარგებელი ნახა „პატრიოტთა ალიანსმა“ „ილორის მოლოცვით“?

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, „ალიანსმა“ გაიმყარა პოზიციები საკუთარ ამომრჩევლებში და, შესაძლოა, უმნიშვნელო რაოდენობით დაიმატა კიდეც მომხრეები.

„ეს არის და ეს“, - ამბობს ყოფილი მინისტრი.

გიორგი კანაშვილის აზრით, „პატრიოტთა ალიანსმა“ აჩვენა, რომ რუსეთის დახმარებითაა შესაძლებელი აფხაზეთში გადასვლა და რომ კონფლიქტებიც რუსეთის გავლენით შეიძლება მოგვარდეს.

„ამიტომ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ კვლავ რუსეთი დარჩა მოგებული“, - მიაჩნია გიორგი კანაშვილს.

უღიმღამო წლისთავი

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. შესაბამისად, 26 აგვისტო მნიშვნელოვანი თარიღია დე ფაქტო რესპუბლიკის უახლოეს ისტორიაში, რაზეც ლაპარაკია აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში:

„გილოცავთ აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების დღეს! რუსეთის მიერ ჩვენი რესპუბლიკის სუვერენიტეტის აღიარება ჩვენი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა მშვიდობა, მიიღო იურიდიულად დაცული უსაფრთხოების გარანტიები, რამაც შესაძლებელი გახადა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაზე, შიდა ეკონომიკურ, სოციალურ და სხვა საკითხებზე ფოკუსირება“.

ასლან ბჟანია
ასლან ბჟანია

რა დგას მილოცვის ამ ტრაფარეტული ტექსტის მიღმა?

პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ 12 წლის წინანდელმა აღიარებამ სარგებელი მოუტანა მხოლოდ რუსეთს და არა აფხაზებს:

„აფხაზებს ეგონათ, რომ დაიწყებოდა აღიარებების აღლუმი, მაგრამ ასეთი რამ არ აწყობს თვითონ რუსეთს. მაგალითად, არ აწყობს, რომ აფხაზეთი აღიაროს თურქეთმა, რადგანაც თურქეთი მეზობელია და სხვანაირად ჩაერთვება პროცესებში. ასევე, რუსეთს უნდა, რომ აფხაზეთი აღიაროს ბელარუსმა, მაგრამ არ აღიაროს შავ ზღვაზე გასულმა უკრაინამ, რადგან პირდაპირი კონტაქტების დამყარების ალბათობა გაჩნდება... რუსეთს სჭირდება აფხაზეთი, როგორც ინვალიდი სახელმწიფო, რათა თვითონ მართოს სიტუაცია. აფხაზები ხვდებიან, რომ აღიარება და არაღიარება მოხდა არა იმიტომ, რომ საქართველო და დასავლეთი წინააღმდეგი არიან, არამედ იმიტომ, რომ არც რუსეთია დიდად მონდომებული. ამის გამო დიდი გულგატეხილობაა. რუსეთმა გააკეთა ის, რომ იზოლაციაში მოაქცია აფხაზეთი. ერთმა აწგანსვენებულმა აფხაზმა პოლიტიკოსმა მითხრა: ჩვენ ადრე გვქონდა დამოუკიდებლობა და არ გვქონდა აღიარება, ახლა გვაქვს აღიარება და აღარ გვაქვს დამოუკიდებლობაო. რუსეთს სხვა სტრატეგიული ამოცანები აქვს და არა აფხაზეთის აღიარების გავრცობა“.

სოხუმი. 2020 წ.
სოხუმი. 2020 წ.

ცალკე ამბავია, რომ გასული 12 წლის განმავლობაში ვერც საქართველოს ხელისუფლებამ მოახდინა გარღვევა კონფლიქტების გადაჭრის მიმართულებით და, როგორც გიორგი კანაშვილი ამბობს, ამის მიზეზი მხოლოდ მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი არაა.

„სამწუხაროდ, ამდენი წლის თავზე საქართველოში არ გვაქვს ზუსტი ხედვა, რას ვთავაზობთ სოხუმსა და ცხინვალს, ვენდობით თუ არა დასავლეთს იმაში, რომ უფრო აქტიურად შევიდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე... თუმცა უნდა ითქვას, რომ არც უიმედო სიტუაციაა, რადგან არის მაგალითები, თუ საით უნდა ვიმოძრაოთ. ვგულისხმობ კვიპროსსა და დნესტრისპირეთს, სადაც გარკვეული სახის ურთიერთობა აღდგენილია, მათ შორის მიმოსვლა. სახეზეა სოციალური, ეკონომიკური სახის ინტერაქცია. ეს მოდელები ბევრად უკეთესია, ვიდრე ისინი, რაც სამეზობლოში გვაქვს“, - ამბობს გიორგი კანაშვილი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG