Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარალელი: ვაჟა და სოფოკლე, II გადაცემა


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“, შედარებით ახალი რუბრიკით „პარალელი“, გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის გიგანტებზე – ვაჟასა და სოფოკლეზე და მათ „სტუმარ-მასპინძელსა“ და „ანტიგონეზე“. პირველ გადაცემაში უკვე ვისაუბრეთ და ახლა ვაგრძელებთ საუბარს ჯოყოლასა და ანტიგონეს შორის პარალელებზე, ასევე, სტუმართმოყვარეობის ტრადიციაზე კავკასიაში; მიმოვიხილავთ ხევსურულ ხალხურ ბალადას „შიოლა და მთხრეთელი“, რომელშიც მკვლელი თავს მოკლულის დას შეაფარებს. დამ, როგორც მასპინძელმა, სტუმარმასპინძლობის წმინდა ტრადიცია არ დაარღვია და საკუთარი ძმის მკვლელი შეიფარა, ხოლო როდესაც ძმებმა წმინდა კანონი ფეხქვეშ გათელეს და დას სტუმარი მოუკლეს, ამ უკანასკნელმა ქმარს ერთ-ერთი ძმა მოაკვლევინა დაღუპული სტუმრის სისხლის აღების მიზნით. რატომ ამტკიცებს ვაჟა „სისხლის ძიებაში“, რომელიც „სტუმარ-მასპინძლის“ „მოადგილე“ პოემაა, რომ ვერც ერთი მეუღლე ისე ვერ დაიტირებს ვაჟკაცს, როგორც და; რა არის საერთო ქისტ აღაზას, დემურის ჩერქეზ ცოლსა და ბერძენ ანტიგონეს შორის; როგორ ყალიბდება ზვიადაურისა და აღაზას დაძმობა; რით ემსგავსებიან ერთმანეთს კრეონი და ჯარეგის თემი; რას ნიშნავს „სტუმარ-მასპინძლის“ ფინალი; რა როლს ასრულებს პოემაში პირიმზე; იცნობდა თუ არა ვაჟა სოფოკლეს შემოქმედებას; რას ნიშნავს „ანტიგონეს“ ფინალი; რა კავშირია „ანტიგონეს“ ჩაფრებსა და „სტუმარ-მასპინძლის“ „დროულ კაცს“ შორის; რატომ ვერ გადადგა ჯარეგის თემმა ის ნაბიჯი, რომელიც დაგვიანებით, მაგრამ მაინც გადადგა კრეონმა, როდესაც აზრი გამოიცვალა, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

XS
SM
MD
LG