აჭარაში სააღდგომო წირვა ღამის თევით მხოლოდ რეგიონის ოთხ მონასტერში ჩატარდება. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი, ღამით წირვას აღავლენს სამების დედათა მონასტერში სასულიერო პირებსა და მონაზვნებთან ერთად, მრევლის გარეშე. სადღესასწაულო წირვას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია გადასცემს.
ქალაქის ტაძრებში კი სააღდგომო წირვა ღამის თევით არ ჩატარდება. ლიტურგია 19-ში დილის 7 საათზე აღევლინება, რა დროსაც მრევლს შეეძლება წირვა ტაძრების ეზოებში მოისმინოს დისტანციის დაცვით. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის დეკანოზმა, იოანე გორელიშვილმა. მისივე თქმით, ზიარების წესი არ იცვლება, ერთჯერად ჭურჭელს კი ზიარების შემდეგ რიტუალში გამოიყენებენ.
„ეს გადაწყვეტილება საპატრიარქოსთან შეთანხმებულია. საპატრიარქოსგან განსხვავებული პოზიცია არ გეგონოთ. საშიშროებას რომ ვგრძნობთ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ასე მოქმედება. ამით მხოლოდ კომენდანტის საათის დარღვევის რისკი კი არ ავიცილეთ, ის საკითხიცაა, რომ ვისაც ღვთისმსახურებას უნდა დაესწროს, დილის 6 საათზე უნდა ადგეს, ანუ დილით მხოლოდ მრევლი მოვა, ხოლო სანთლის დასანთებად მოსული საზოგადოება დღისით მოვა, ტაძარი არ გადაიტვირთება და დისტანციის დაცვა და სხვა რეკომენდაცია ადვილი შესასრულებელი იქნება. ზიარების წესი დარჩა უცვლელად და სიტკბოება მრევლში ერთჯერადი ჭურჭლით დარიგდება“, - ამბობს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის დეკანოზი, იოანე გორელიშვილი.
არის მოწოდება, რომ გაკეთდეს სასურსათო მარაგი და ათ დღეში ერთხელ გავიდნენ მაღაზიებში. ეს შეამცირებს ჩვენს კომუნიკაციას, გაზრდის ჩვენს სოციალურ დისტანცირებას და როცა შეიძლება თავი დავიცვათ, რატომ უნდა ვეთამაშოთ ცეცხლს? რატომ გვინდა ლომის ხახაში ნებაყოფლობით ჩავარდნა?..რუსუდან შავიშვილი
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შესახებ ლაპარაკობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი. იგი საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემთხვევებმა ქვეყანაში იმატა. გახშირდა შიდაგადაცემის მეოთხედი შემთხვევები, სამი დღის შუალედით კი ორჯერ 24 საათში 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონში ქობულეთის კლასტერი ინფიცირებულთა რაოდენობით ქვეყანაში ყველაზე დიდია: ინფიცირებულია 29 მოქალაქე, სავალდებულო კარანტინში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 450-ზე მეტი ქობულეთის მკვიდრი. წითელ ზონაში მოექცა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4 სოფელი, სადაც 11 ათასზე მეტი მოქალაქე მკაცრ საკარანტინო რეჟიმში ცხოვრობს:
„ჩვენ ეს მივიჩნიეთ საგანგაშოდ, იმიტომ რომ ვხედავთ, მაინცაა აქტიური მოძრაობა და თავშეყრა გარეთ. ბათუმის შემთხვევაში კარგი ამინდი გამოდის და ყველა გადის ბათუმის ბულვარში. მაღაზიებში ყოველდღე დადიან. არის მოწოდება, რომ გაკეთდეს სასურსათო მარაგი და ათ დღეში ერთხელ გავიდნენ მაღაზიებში. ეს შეამცირებს ჩვენს კომუნიკაციას, გაზრდის ჩვენს სოციალურ დისტანცირებას და როცა შეიძლება თავი დავიცვათ, რატომ უნდა ვეთამაშოთ ცეცხლს? რატომ გვინდა ლომის ხახაში ნებაყოფლობით ჩავარდნა?“
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი, კორონავირუსის მასობრივი გავრცელების საფრთხის ფონზე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის გადაწყვეტილებას გონივრულად მიიჩნევს. იმედოვნებს, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის ეპარქიებშიც აღდგომას ასევე აღნიშნავენ.
აღდგომის სადღესასწაულო წირვაზე მრევლის დასწრების შესაძლებლობასა და სხვადასხვა სასულიერო პირთა მოწოდებას ბათუმელების ნაწილი კრიტიკით შეხვდა. მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან უფრო მკაცრი ზომები უნდა გატარდეს. მათ შორისააა ეკატერინე ორბელაძე, რომელიც აღდგომის სადღესასწაულო წირვაზე ღამის თევით მრევლის დასწრების შესაძლებლობას აკრიტიკებს:
„ეს ჰგავს ბავშვურ ჯიუტობას და ფეხების ბაკუნს. ჯიბრში ჩადგომაა, რადგან საფრთხის გათვითცნობიერება არ ხდება, როცა საფრთხის შემცველი მოწოდებები კეთდება. ეს მოწოდებები კი სწორედ ზოგად ქრისტიანულ ფილოსოფიას ეწინააღმდეგება იმდენად, რომ დარწმუნებული ვარ, პანდემიის შემდეგ მრევლის დიდი ნაწილი ვეღარ შერჩება ასეთ ეკლესიას“.
მრევლის სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს ბათუმელი თინათინ ცისკარაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ ბოლო დღეებში ინფექციონისტების მიერ საფრთხეებზე ლაპარაკი და ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საგანგაშო ვითარების მოლოდინი მოქალაქეებს შეაჩერებს, მაგრამ თუ ხალხმრავალ შეკრებებში მონაწილეობას მაინც გადაწყვეტენ:
ჩვენი წინაპრები გვაპატიებენ, თუ ერთხელ ვერ ავალთ და ვერ მოვინახულებთ. აბა, ხომ არ დავწამლავთ ერთმანეთს? ყველას გვწამს ღმერთი, მაგრამ ითქვა, არ შეიძლებაო, ვირუსის გავრცელების საშიშროებააო, და უნდა დავემორჩილოთ!“.ვარუჟან გასპარიანი
„სოციალურ ქსელში გავრცელებული პეტიციის მიხედვით, ვინც არ დაემორჩილება ხელისუფლების მოწოდებას, ტაძრებიდან გამოსულმა ადამიანებმა მოიხადონ სავალდებულო კარანტინი, როგორც ყველა სხვა საფრთხის შემცველი ადგილებიდან დაბრუნებული ადამიანების შემთხვევებში ხდება. მოვიწონებ ამ იდეას, რადგან ყველა ის ადამიანი, რომელიც აიღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას და მაინც გადაწყვეტს წასვლას იქ, სადაც არის ბევრი ადამიანი, - და სწორედ ეს უწყობს ხელს ვირუსის გავრცელებას, - მოიხადონ ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი“.
ბათუმელი ვარუჟან გასპარიანი კი ვირუსის მასობრივი გავრცელების თვალსაზრისით საფრთხეს ხედავს აღდგომის დღესასწაულის მეორე დღეს დამკვიდრებულ ტრადიციაში, როდესაც მოქალაქეები საფლავებზე გადიან.
„აუცილებელია სახლში ჯდომა და დისტანცირება, რომ ვუშველოთ ერთმანეთს. ყველა გამოსულია გარეთ. აი, ბათუმში ახლა წვიმს და ხალხი გარეთაა. ასე როგორ შეიძლება? გავასწრებთ ასე იტალიას. არ შეიძლება სასაფლაოებზე გასვლაც. ჩვენი წინაპრები გვაპატიებენ, თუ ერთხელ ვერ ავალთ და ვერ მოვინახულებთ. აბა, ხომ არ დავწამლავთ ერთმანეთს? ყველას გვწამს ღმერთი, მაგრამ ითქვა, არ შეიძლებაო, ვირუსის გავრცელების საშიშროებააო, და უნდა დავემორჩილოთ!“ - გვითხრა ვარუჟან გასპარიანმა.