ოჯახური ძალადობა, სავარაუდოდ, პოლიტიკური კუთვნილების გამო. გურჯაანში, სოფელ ვეჯინში მცხოვრები 70 წლის ქალი ირწმუნება, რომ შვილმა და რძალმა, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან, იმის გამო სცემეს, რომ მან 28 ოქტომბერს ხმა მისცა პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს. ცემაში დადანაშაულებული ერთ-ერთი პირი მედიასთან მხოლოდ იმას ამბობს, რომ თავადაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურჯაანის სამმართველო ოჯახური ძალადობის შემთხვევას იძიებს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ნამდვილად სცემეს თუ არა შვილმა და რძალმა სოფელ ვეჯინში მცხოვრებ 70 წლის გულნაზ ცანკაშვილს. ცანკაშვილმა გამოძიების დაწყების თხოვნით პოლიციას თავად მიმართა. ქალი თავს დაზარალებულად მიიჩნევს და ირწმუნება, რომ შვილი და რძალი ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც გაიგეს, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმა მისცა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს. გულნაზ ცანკაშვილი ამბობს, რომ რძალი არჩევნებამდეც გამუდმებით სთხოვდა ხმა მიეცა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძისთვის და ხმის სანაცვლოდ ოპოზიციის კანდიდატის შტაბის წარმომადგენლის, ელმირა ბეციაშვილისგან 40 ლარს მიიღებდა, თუმცა მან საკუთარი ხმის გაყიდვაზე თავიდანვე უარი განაცხადა:
„მე ხმა მივეცი სალომე ზურაბიშვილს. არჩევნებამდეც იცოდა ჩემმა რძალმა, თუ ვისი მხარდამჭერი ვიყავი და ამიტომ 40 ლარი მომიტანა ელმირა ბეციაშვილისგან, რომ მხარი გრიგოლ ვაშაძისთვის დამეჭირა. მე უარი ვთქვი თანხაზე და ხმა მაინც სალომე ზურაბიშვილს მივეცი. ეს რომ გაიგეს რძალმა და შვილმა, მცემეს. რძალმა ხელი მკრა და გადამაგდო, შვილმა კი თავში მირტყა“.
სოფელ ვეჯინში მცხოვრებ გულნაზ ცანკაშვილის მიერ ცემაში დადანაშაულებული მისივე შვილი და რძალი მედიასთან არ ურთიერთობენ და, შესაბამისად, არ ამბობენ, ნამდვილად სცემეს თუ არა 70 წლის ქალს პოლიტიკური კუთვნილების გამო. გულნაზ ცანკაშვილის რძალმა, ნათია ყარაულაშვილმა, ადგილობრივ ტელეკომპანია „გურჯაანთან“ მხოლოდ ის თქვა, რომ ის არ არის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და რომ მხარს თავადაც „ქართულ ოცნებას“ უჭერს:
„ქართული ოცნების’ წარმომადგენელი ვარ, იცით, როდიდან? ნაციონალები ხალხს რომ იჭერდნენ! ‘ოცნება’ ვარ, ‘ოცნება’“.
სოფელ ვეჯინში მცხოვრები 70 წლის გულნაზ ცანკაშვილი ინტერვიუს დროს ასახელებს „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ კოორდინატორ ელმირა ბეციაშვილს, რომელიც ხმის სანაცვლოთ თანხას იხდიდა, თუმცა თავად ელმირა ბეციაშვილი ამ ინფორმაციას უარყოფს და გვეუბნება:
„მე ვერ გადავუხდიდი მას [გულნაზ ცანკაშვილს] ვერანაირ თანხას, რადგან არც ამის ფინანსური შესაძლებლობა მაქვს და არც პარტია მუშაობს ამომრჩევლის მოსყიდვაზე. ჩვენ ასეთ ხრიკებს არ მივმართავთ, რადგან არის ბინძური საქმე“.
უკვე წლებია, კახეთში არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტია ლია ხუროშვილი. ის ამბობს, რომ ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე ხშირად უხდება მუშაობა, თუმცა არ ახსოვს როდისმე ძალადობის მიზეზად პოლიტიკური კუთვნილება დასახელებულიყო. ლია ხუროშვილის თქმით, ძალადობა, რა მოტივითაც უნდა იყოს ჩადენილი, სისხლის სამართლის დანაშაულია:
„ოჯახური ძალადობის შემთხვევები, სხვადასხვა საფუძვლით, ძალიან ბევრი მქონია, მაგრამ პოლიტიკური შეხედულების გამო ძალადობა ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა. თუ ქალს ფიზიკურად ნამდვილად გაუსწორდნენ და ძალადობა სახეზეა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული“.
იძალადეს თუ არა გულნაზ ცანკაშვილზე მისივე ოჯახის წევრებმა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. 70 წლის ქალის მიმართვის საფუძველზე ძიება სისხლის სამართლის კოდესის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. ამ მუხლით ბრალდებულებისთვის გათვალისწინებული სასჯელია თავისუფლების შეზღუდვა ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან სამ წლამდე.