უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს, 30 აგვისტოს, საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, ქუთაისშიც შეიკრიბნენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით. გაუჩინარებულ პირთა ოჯახის წევრები იმერეთის რეგიონიდან ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე სკვერში მემორიალთან მივიდნენ და ყვავილები მიიტანეს.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, იმერეთში აღწერილია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა 1000-მდე ოჯახი, ამ დრომდე კი მხოლოდ 14 პირია იდენტიფიცირებული.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ახლობლებსა და ნათესავებს გაუჩინარებულთა შესახებ საუბარი უჭირთ, მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ კიდევ უფრო რთულია მათ შესახებ ინფორმაციის მოძიება და დრო მათ წინააღმდეგ მოქმედებს.
ერთადერთი შვილი დაკარგული მყავს და დაუსაფლავებელი, გადმოუსვენებელი. ვთხოვ მთავრობას დახმარებას. დნმ-ის ანალიზი აღებულია. ვიცი, სადაცაა დასაფლავებული სხვა 5 პირთან ერთად, თუმცა ჯერ ვერ გადმოასვენეს.ჯოკია კოპალიანი
ქეთევან კობეშავიძე სოხუმელია. იგი ოჯახთან ერთად, 26 წელია, ხონის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. თითქმის ამდენივე წელია, მისი დედ-მამა, ნუნუ და არჩილ კობეშავიძეები უგზო-უკვლოდ დაკარგულები არიან. როგორც ქეთევანი ამბობს, გადმოცემით იცის, რომ მშობლები საკუთარ სახლში 1994 წლის შობის ღამეს დაუხოცავთ, მეზობლებს კი მათსავე ეზოში დაუსაფლავებიათ, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ სახლ-კარს უცნობი ადამიანები დაპატრონებიან და მიცვალებულებიც საფლავიდან ამოუყვანიათ. ქეთევანმა დღემდე არ იცის, სად ეძებოს თავისი მშობლების ნეშტი. იგი ყოველწლიურად ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მონუმენტთან მიდის, სადაც იმერეთში მცხოვრები ის ადამიანები იკრიბებიან, რომელთა ოჯახის წევრები, საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, გაუჩინარდნენ. „თითქოს საფლავზე მივდივარ, ასეთი შეგრძნება მაქვს. ძალიან ემოციურია აქ მოსვლა“, - აცხადებს ქეთევან კობეშავიძე.
დღეს ქუთაისში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალთან მივიდა ჯოკია კოპალიანიც, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია და წყალტუბოში ცოლთან ერთად ყოფილი სანატორიუმის შენობაში ცხოვრობს. როგორც ჯოკია კოპალიანი ამბობს, საკუთარი ძალებით მოიძია აფხაზეთის ომის დროს დაკარგული ერთადერთი ვაჟის საფლავი და გადმოსვენებისთვის სხვადასხვა სტრუქტურასაც მიმართა.
„ერთადერთი შვილი დაკარგული მყავს და დაუსაფლავებელი, გადმოუსვენებელი. ვთხოვ მთავრობას დახმარებას. დნმ-ის ანალიზი აღებულია. ვიცი, სადაცაა დასაფლავებული სხვა 5 პირთან ერთად, თუმცა ჯერ ვერ გადმოასვენეს. ველოდები, იქნებ ჩემს სიცოცხლეში მომესწროს შვილის გადმოსვენება და დასაფლავება“, - ამბობს ჯოკია კოპალიანი.
როგორც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დასავლეთ საქართველოს დაცვისა და მოძიების საველე ოფიცერი ლანეტა როდონაია ამბობს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე მსოფლიოში 1983, ხოლო საქართველოში 2011 წლიდან აღინიშნება. ამ დღის მიზანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა პატივისცემა, მათი ოჯახების მხარდაჭერა, საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლებაა იმ შედეგების შესახებ, რაც ოჯახისთვის ადამიანის გაუჩინარებას მოაქვს. ლანეტა როდონაიასავე ინფორმაციით, საქართველოში, 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, 2 300-ზე მეტი პირი ითვლება დაკარგულად. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, ამ დრომდე 170 პირია იდენტიფიცირებული და გადმოსვენებული კონფლიქტის ზონიდან. ლანეტა როდონაიას განცხადებით, რაც დრო გადის, უფრო რთულდება დაკარგულთა მოძიება და მათი სამარხების იდენტიფიცირება:
წლები რომ გადის, ოჯახები ინდიფერენტულად არიან განწყობილნი, თითქოს ვეღარ ამოიცნობენ და აზრი არ აქვს ანალიზის აღებას. და თითოეულის უარი დნმ-ის ანალიზზე სხვას უკარგავს ამოცნობის შანსს.ნესტან დაჩიბერიძე
„2010 წელს ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ორმხრივი საკოორდინაციო მექანიზმი, რომელშიც მონაწილეობენ როგორც ქართული მხარის, ისე აფხაზური მხარის წარმომადგენელები, სპეციალისტები, რომლებიც განიხილავენ, თუ რომელ სამარხთან დაკავშირებითაა ჰიპოთეზა მაღალი, რათა ის გაიხსნას. პარალელურად ჩვენ ვმუშაობთ ოჯახებთან, გაუჩინარებული პირის შესახებ მაქსიმალურად ვაგროვებთ ინფორმაციას, მოვიპოვებთ ოჯახის ოთხი წევრის დნმ-ის ანალიზს, ინფორმაცია იგზავნება ლაბორატორიაში. პროცესი არის ძალიან ხანგრძლივი და შრომატევადი. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ დეტალს, ამიტომ ჭიანურდება პროცესი და ოჯახებისთვის გვიჭირს სწრაფად პასუხის გაცემა“ , - განმარტავს ლანეტა როდონაია.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში შექმნილი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრის, ნესტან დაჩიბერიძის, განცხადებით, დაკარგულთა მოძიებისთვის აუცილებელია თავად მათი ახლობლებისა და ნათესავების აქტიურობა, მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინით ცხოვრება ძალიან რთულია:
„წლები რომ გადის, ოჯახები ინდიფერენტულად არიან განწყობილნი, თითქოს ვეღარ ამოიცნობენ და აზრი არ აქვს ანალიზის აღებას. და თითოეულის უარი დნმ-ის ანალიზზე სხვას უკარგავს ამოცნობის შანსს, რადგან პროცესი გადაჯაჭვულია“, - ამბობს ნესტან დაჩიბერიძე და დასძენს, რომ კონფლიქტის ზონებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენებულია 500-მდე ნეშტი და მათი ნაწილის იდენტიფიცირების პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები და ახლობლები 2016 წლიდან იკრიბებიან ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე სკვერში, სადაც მემორიალი სამი წლის წინ განთავსდა. დღეს სკვერში შეკრებილთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია მისმა იერსახემ. რესპონდენტთა ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობისგან სკვერის კეთილმოწყობას ითხოვს. „მეგონა, ლამაზი სკვერი დამხვდებოდა. არ მოვსულიყავი, ჯობდა. 26 წელია, აქ ვართ და მსგავსი მდგომარეობა აქ არ უნდა იყოს“.
უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულთა ახლობლებს სკვერის კეთილმოწყობისთვის მერიასთან შუამდგომლობას დაჰპირდა ავტოქარხნის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ქუთაისის საკრებულოში მერაბ კვიცარიძე: „სკვერს ხელის შევლება სჭირდება და მომავალი წლისთვის უნდა მოწესრიგდეს“.