„მთავარი არხის“ წყაროს ინფორმაციით, სიის პირველი ნომერი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი იქნება და თამაშგარე მდგომარეობაში დარჩება არაერთი დეპუტატი.
ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ „ოცნების“ საარჩევნო სიას ყველაზე გავლენიანი პირი, მილიარდერი „საპატიო თავმჯდომარე“, ბიძინა ივანიშვილი შეადგენს და გადამწყვეტი ფაქტორი - პირადად მისი გეგმები იქნება.
გავრცელებულ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „უსაფუძვლოს“ უწოდებენ. განსხვავებულია მათი განცხადებები, დაწყებულია თუ არა სიაზე მუშაობა.
ვინ იქნება სიაში და ვინ დარჩება სიის მიღმა
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი პარტიული სიის პირველ ნომრად არა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, არამედ ორგზის ექსპრემიერსა და პარტიის ამჟამინდელ თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს დაასახელებს; პარტიულ სიაში კი ადგილს აღარ დაუთმობს, მათ შორის - იმ დეპუტატებს, რომლებიც ბოლო პერიოდში, მმართველი პარტიის პოზიციებს განსაკუთრებული მონდომებით იცავდნენ - ზოგი ფიზიკური ძალის გამოყენებით, მუქარითა და ბილწსიტყვაობითაც.
ამ ეტაპზე აუტსაიდერებად სახელდებიან: დიტო სამხარაძე, დავით მათიკაშვილი, არჩილ თალაკვაძე, რიმა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი ზარქუა, ნინო წილოსანი, ელისო ბოლქვაძე, ალუდა ღუდუშაური.
საარჩევნო სიაში არც მამუკა მდინარაძე იქნება, თუმცა - მისთვის, „მთავარი არხის“ წყაროს ცნობით, ივანიშვილს გენერალური პროკურორის ადგილი აქვს დაბევებული.
გენერალური პროკურორის ადგილი ვაკანტურია მას შემდეგ, რაც ირაკლი შოთაძემ პოსტი უკვე მეორედ დატოვა - მისი სახელით გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი ქადაგიშვილმა 14 ივნისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ჯერ სიაზე მუშაობა არ დაწყებულა“ და „ალბათ ცოტა მოგვიანებით იქნება ამაზე მუშაობა“; ხოლო პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ „ამ სიაზე "ქართული ოცნება" მუშაობს".
უმრავლესობის ორივე წარმომადგენელი სიებზე ლაპარაკს უსაფუძვლო და ფუჭ საქმიანობად თვლის.
- „სია როდესაც ჩამოყალიბდება და სია როდესაც იქნება საბოლოო ჯამში შეჯერებული, ამას საზოგადოება, მედია, რა თქმა უნდა, ყველანი გაიგებთ. ვინ იქნება პირველი ნომერი, ვინ იქნება სიაში, ამასაც ამ დროისთვის გაიგებთ. წინასწარ რაიმე სპეკულაციები ამასთან დაკავშირებით ფუჭი საქმიანობაა“, - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი ქადაგიშვილმა.
- „ჩემთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. არც ღარიბაშვილთან დაკავშირებით მაქვს რაიმე კონკრეტული ცნობა, ვინაიდან ამ თემაზე არ გვილაპარაკია დეტალურად. მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრი [ირაკლი კობახიძე], რომელიც ახლა მართავს სახელმწიფოს, იქნება ლიდერი ამ პროცესის“, - ამბობს გია ვოლსკი.
ინფორმაცია არ არის დადასტურებული, მაგრამ „მთავარი არხის“ წყაროს მიერ პარტიული სამზარეულოდან მანამდე მიწოდებული არაერთი ინფორმაცია დაემთხვა შემდგომში განვითარებულ მოვლენებს და მათ შორის - საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებითაც.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ სიის შედგენა „ქართული ოცნებისთვის“ განსაკუთრებული თავსატეხია ახლა, როცა 2024 წლის არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით ტარდება და მოწინავე ადგილები აუცილებლად უნდა გამოინახოს მდიდარი დეპუტატებისთვის, რომლებიც ადრე პარლამენტში მაჟორიტარული წესით ხვდებოდნენ. ახლა ეს გზა აღარ არსებობს.
გარკვეულ ლოგიკასა და კანონზომიერებას ხედავენ ექსპერტები.
პოლიტიკის ექსპერტმა და ტელეწამყვანმა არჩილ გამზარდიამ ჯერ კიდევ იანვარში, ირაკლი ღარიბაშვილის პოსტიდან გადადგომის შემდეგ ივარაუდა, რომ ექსპრემიერს ბიძინა ივანიშვილი 2024 წლის არჩევნებისთვის შეინახავდა და შესაძლოა სიის პირველი ნომერიც გამხდარიყო.
გამზარდია ამბობს, რომ ღარიბაშვილი „ოცნების“ ამომრჩევლებში ირაკლი კობახიძეზე მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს, ხოლო მხარდაჭერის რესურსი ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იქნება ბიძინა ივანიშვილისთვისაც, სიის ფორმირებისას.
„ის [ივანიშვილი] თვალს მაინც ადევნებს - რამდენად სარგებლობს ესა თუ ის კანდიდატი თუნდაც „ქართული ოცნების“ ელექტორატის სიმპათიებით. ისეთი სია სჭირდება, რომელიც თავის ამომრჩეველში მაინც იქნება მიმზიდველი. ვისაც ნაკლები მხარდაჭერა აქვს, ალბათ ნაკლებად ჩასვამს სიაში, მიუხედავად იმისა, რამდენად თავგადაკლული აგრესიული და ხისტი იქნება ის... ასეთებს დროებითი ფუნქცია აქვთ და ამიტომ მეცინება ხოლმე, ძალიან რომ თავს გამოიდებენ და აქტიურობენ, ამით უფრო იმცირებენ პერსპექტივას“, - ამბობს არჩილ გამზარდია, რომელსაც წლების წინ, ტელეგადაცემა „20/30“ ბიძინა ივანიშვილთან ერთად მიჰყავდა და კარგად იცნობს მისი მართვის ხელწერასაც.
ექსპერტი განმარტავს, რომ სცენიდან გაყვანილ ფიგურებს ივანიშვილი „ან აკონსერვებს, ან რაღაც ფუნქციით დააკმაყოფილებს, რომლითაც უფრო პასიურ როლში გადაიყვანს“.
სიის წევრების შესარჩევ ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმად არჩილ გამზარდია - „ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ საჭიროებებს“ ასახელებს და გვეუბნება, რომ „გააჩნია, ვისთან შეთანხმდება და ვისთან დარჩება ის ომში“ და „როგორ განვითარდება სანქციებთან დაკავშირებული პროცესები“.
სიის პირველი ნომრები - პრემიერები
თუკი წინა არჩევნებს გადავხედავთ, 2016 და 2020 წლებში, როცა „ქართული ოცნება“ უკვე იყო ხელისუფლებაში - სიის პირველ ნომრებად პრემიერ-მინისტრები იყვნენ წარდგენილი.
- 2016 წლის არჩევნებში, სიის პირველი ნომერი მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო. მას მოსდევდა - კახა კალაძე, ხოლო მესამე ნომრად ირაკლი კობახიძე იყრიდა კენჭს.
„ოცნების“ რიგით მესამე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 2015 წლის დეკემბერში ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა, 2018 წლის 13 ივნისს კი გადადგა. „ოცნებამ“ განაცხადა - გავუშვითო.
- 2020 წლის არჩევნებში „ოცნების“ პარტიული სიის პირველ ნომრად მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იყრიდა კენჭს - ამჟამად ოპოზიციური პარტიის ლიდერი. ამ სიაში კვლავ მესამე ნომრად იყო ირაკლი კობახიძე. მეორე ნომრად კი - არჩილ თალაკვაძე.
პრემიერის პოსტზე 2019 წლის სექტემბერში დამტკიცებული გიორგი გახარია 2021 წლის 18 თებერვალს გადადგა. „ოცნება“ გიორგი გახარიას, უკვე წლებია, მოღალატედ მოიხსენიებს.
- მანამდე კი, პირველ არჩევნებში - 2012 წელს, „ქართული ოცნების“ კოალიციის ერთიანი სიის პირველი ნომერი კახა კალაძე იყო - დღეს დედაქალაქის მერი და პარტიის გენერალური მდივანი. ის ერთადერთია „ოცნების“ პირველ ნომრებს შორის, რომელიც მმართველ პარტიას დღემდე შემორჩა და მის ერთ-ერთ გამოკვეთილ სპიკერად იქცა - შეხედულებების სრული თანხვედრით.
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტიდან 2024 წლის იანვარში, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში კვლავ დაბრუნების შემდეგ ისე გადადგა, რომ ბუნდოვანი იყო ზღვარი გადადგომასა და გადაყენებას შორის. თუმცა ის კვლავ აქტიურად ჩანს საჯარო სივრცეში და ბოლო პერიოდში ძირითადად რეგიონებში, ადგილობრივ პარტიულ სტრუქტურებთან შეხვედრებით იყო დაკავებული.
2012 წელს, „ქართული ოცნების“ კოალიციის ერთიან სიაში იყო ანი მიროტაძეც - „ეროვნული ფორუმიდან“.
ყოფილი დეპუტატი რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, რომ მაშინ ადგილები კვოტების მიხედვით გადანაწილდა - კოალიციის სუბიექტებს შორის; ხოლო შემდეგ წლებში, როცა კოალიცია დაიშალა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, სიებს უკვე, თავ-თავიანთი კვოტებით, პარტიაში დაწინაურებული ლიდერები ადგენდნენ.
„ჩვენ უკვე იქ აღარ ვიყავით, მაგრამ ბუნებრივია მაქვს ინფორმაცია, რომ 2016 წელს, მაგალითად, არსებობდა ბიძინა ივანიშვილის კვოტა, კახა კალაძის კვოტა, გიორგი კვირიკაშვილის კვოტა და პარტიის კვოტაც... 2020 წლის პარლამენტში კი ბევრი ადამიანი შეიყვანა ირაკლი კობახიძემ - ადამიანები არსაიდან“, - გვეუბნება ანი მიროტაძე. მას არ უკვირს, რომ სიების წინასწარ ვერსიებში ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ფიგურირებს.
მიროტაძე ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ახლა დიდი დუღილია და ყველა საკუთარი მომავლისთვის იბრძვის. მოელის, რომ სხვა სიებიც გავრცელდება, წინ კიდევ „ბევრი სიურპრიზი“ იქნება და შესაძლოა იმ ადამიანებისთვისაც - რომლებსაც ახლა ჰგონიათ, რომ თავი ქუდში აქვთ.
ანი მიროტაძე თითქმის დარწმუნებულია, რომ მომავალი არჩევნებისთვის არავითარი კვოტა არ იქნება, სიას პირადად ბიძინა ივანიშვილი შეადგენს და ჩარევის ნებას არავის მისცემს:
„რუსული კანონის შემობრუნებამდე, მას [ბიძინა ივანიშვილი] ბევრად იოლად ეგონა საქმე და დარწმუნებული ვარ, ფიქრობდა, რომ ამ ოპოზიციის პირობებში მარტივად მოიგებდა არჩევნებს; მაგრამ პროცესების განვითარება უკვე აღარ არის დამოკიდებული მხოლოდ იმაზე - რამდენად კარგ ფორმაშია ოპოზიცია; დამოკიდებულია იმაზე, რამდენად პრინციპული იქნება ამომრჩეველი და მე ვატყობ, რომ ამომრჩეველი პრინციპული იქნება, როგორც არასდროს... ასეთ ტურბულენტურ ვითარებაში, ბიძინა ივანიშვილს სჭირდება მაქსიმალურად გაკონტროლებული საკუთარი სია“, - თუმცა ანი მიროტაძე თვლის, რომ ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ძალიან არასახარბიელო სიურპრიზი ელის და ის უმრავლესობას ვერ მოაგროვებს.
2016 წლის არჩევნებისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ სიის მოწინავე პოზიციები ძირითადად მანამდე უცნობი, საზღვარგარეთ ნასწავლი ახალგაზრდებით დააკომპლექტა.
მაგრამ პირველი ათეულიდან, 2020 წლის არჩევნებამდე, საპარლამენტო უმრავლესობიდან და პარტიიდან უკვე 6 ადამიანი იყო წასული.
2016 წლის არჩევნების სიის პირველ ათეულში იყვნენ: 1. გიორგი კვირიკაშვილი; 2. კახა კალაძე; 3. ირაკლი კობახიძე; 4. თამარ ჩუგოშვილი; 5. გიორგი გახარია; 6. აკაკი ზოიძე; 7. თამუნა ხულორდავა; 8. რომან კაკულია; 9. სოფიო ქაცარავა; 10. ირინა ფრუიძე.
ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა საპარლამენტო უმრავლესობა 2019 წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც არ შესრულდა ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული პირობა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ეს საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა.
2020 წლის თებერვალში, უმრავლესობიდან წასული სოფიო ქაცარავა საქართველოს ელჩი გახდა - დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.
ფორუმი