საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვითარება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის სიტყვით გამოსვლის დროს დაიძაბა. მან „ქართული ოცნების“ დეპუტატებს გაახსენა, რომ მმართველი პარტიის ამჟამინდელი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რუსეთში საქმიანობის დროს პრეზიდენტობის კანდიდატის, გენერალ ალექსანდრ ლებედის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა.
შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე დაადანაშაულა აქციის მონაწილეებზე მათსავე სახლებთან ფიზიკური ანგარიშსწორების ორგანიზებაში. ხაბეიშვილმა სამხარაძეს მიმართა, რომ მას „თავში ნაგავი აქვს“. სამხარაძემ საპასუხოდ ოპონენტის მისამართით შეიგინა და მისკენ დაიძრა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი მანდატურებმა გააჩერეს.
სხდომა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, მათ შორის, ტელეარხების კადრებში ჩანს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა რიმა ბერაძემ პაატა მანჯგალაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მცირე შესვენების შემდეგ, პარლამენტის სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაგრძელდა, რის შემდეგაც იგეგმება „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით განხილვა და კენჭისყრა.
პარლამენტის შენობის გარეთ დემონსტრანტები „აგენტების კანონის“ განხილვას აპროტესტებენ.
კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, თუკი მას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის, პარლამენტმა რამდენ ხანში უნდა განიხილოს პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კი პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას.
ფორუმი