Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ოცნება" ოპონენტების არარსებული გაერთიანების წინააღმდეგ


​​​​​​​„ოცნება“ და მისი მომხრეები, რამდენიმე დღეა, გახარიას პარტიისა და "ლელოს" გაერთიანების შესაძლებლობაზე ბრალდებებისა და ლანძღვის თანხლებით ლაპარაკობენ.

„როდესაც ასეთი ადამიანები ერთიანდებიან, აქ არის ერთადერთი ლოგიკა - რომ ისინი სინამდვილეში არიან უცხოელი აგენტები - რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ“, - უთხრა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, 17 ივნისს.

„ოცნებამ“ და მისმა მომხრეებმა გაიხსენეს ლამის ყველა სახელი თუ ეპითეტი, რაც კი ხაზარაძესა და გახარიას ოდესმე ერთმანეთისთვის უწოდებიათ. ამით, ერთი მხრივ, ხაზს უსვამენ მათ დაპირისპირებას; ხოლო მეორე მხრივ, ამტკიცებენ, რომ ოპოზიციური პარტიები აქამდეც თანამშრომლობდნენ.

  • მართლაც აპირებენ თუ არა ეს პარტიები გაერთიანებას და რა დგას „ქართული ოცნების“ ხმაურიანი ინტერესის უკან?

ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაერთიანებაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არაერთმა წარმომადგენელმა ილაპარაკა და ეს თემა პროსახელისუფლებო მედიის საგანგებო ინტერესებშიც მოექცა. „თაღლითი“, „თვალთხარია“, - იმეორებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ეპითეტებს წარსულიდან და ახალ იარლიყებსაც უმატებენ.

„ნული დამოუკიდებლობა აქვთ ამ ე.წ. პარტიებს, ვისაც ჰქვია ოპოზიცია, ის სინამდვილეში არის აბსოლუტურად მართული... ნებისმიერი შეურაცხმყოფელი ნაბიჯი შეიძლება, გადაადგმევინონ. ეს არის აგენტის და ჯაშუშის ბედი.

აქაც ვხედავთ კონკრეტულ მაგალითზე, გახარიას და ხაზარაძის მაგალითზე - ერთი მეორეს უწოდებდა თაღლითს და მეორე პირველს უწოდებდა თვალთხარიას, დღეს დაავალეს, რომ თვალთხარია და თაღლითი უნდა გაერთიანდნენ, ისინიც მზად არიან, რომ გაერთიანდნენ, - ამბობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ამავე საუბარში „გლობალური ომის პარტიას“ იხსენებს.

ასეთივეა დედაქალაქის მერისა და „ოცნების“ გენმდივნის, კახა კალაძის განცხადების შინაარსიც: „ყველაფერს გადააბიჯეს, იმიტომ, რომ ეუბნებიან, რომ მათ ასე უნდა გააკეთონ, ასე ერთ პლატფორმაზე უნდა გაერთიანდნენ და ა.შ. ამას ეუბნებიან გარედან ისინი, ვინც მართავს რადიკალებს. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ნაცრის თვალში შეყრის მცდელობა, - კალაძე პოლიტიკურ ოპონენტებს კვლავ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილად განიხილავს, რაც ასევე არ არის ახალი მიდგომა.

ასეთივე პათოსია პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკისა და უმრავლესობის დეპუტატის, დავით მათიკაშვილის განცხადებებში. მათიკაშვილიც „თვალში ნაცრის შეყრის მცდელობაზე“ ლაპარაკობს, კვლავ „თაღლითისა“ და „თვალთხარიას“ გამეორებით; ხოლო ვოლსკი საკრებულოებში ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობას მათი განუყოფლობის დასტურად იყენებს.

„ოცნებას“ მხარდამჭერებიც აჰყვნენ - იმავე ეპითეტების აფიშირებითა და „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაზე“ მითითებით. „ჩანერგილი“, „მშიშარა“ - დამაკნინებელი შეფასებების სია ფართოვდება. სოციალურ ქსელებში არც ბილწსიტყვაობას აკლებენ.

გაერთიანების თემა „ოცნებამ“ გიორგი გახარიას „პალიტრანიუსისთვის“ მიცემული ბოლო ინტერვიუს შემდეგ აიტაცა. თუმცა, როგორც პარტიაში განმარტავენ, ამ ინტერვიუში მათი ლიდერი გაერთიანებაზე არ ლაპარაკობს და იმეორებს „მანამდეც არაერთხელ ნათქვამს“, რომ - მზად არიან ითანამშრომლონ პარტია „ლელოსთან“, რომელსაც ისინი იდეოლოგიურად ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად თვლიან.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა პოლიტიკური ძალიდან, რომელიც დღეს საქართველოს პოლიტიკურ ველზე არსებობს, ჩვენთვის ყველაზე ახლო „ლელოა“. მათ მაგივრად გადაწყვეტილებას მე ხომ ვერ მივიღებ. გაერთიანებამდე სანამ მიხვალ, ელემენტარული თანამშრომლობა ხომ უნდა იყოს. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვესმის, რომ ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. არჩევნებს თავი რომ დავანებოთ, ქვეყნის ევროპული მომავალი არის დასაცავი“, - თქვა გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსთან“.

თავად "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, უკვე წლებია, გახარიას მოღალატეს ეძახიან, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან მისი გადადგომის შემდეგ, 2021 წლის თებერვალში. ლაპარაკობდნენ ექსპრემიერის სავარაუდო მონაწილეობაზე სახელმწიფოს გადატრიალების სცენარშიც, მაგრამ ბრალდებები სამართლებრივად არასოდეს დადასტურდა.

ერთიანდებიან თუ არა?

გახარის პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ უკვე დაიწყეს საარჩევნო რეგისტრაციის პროცესი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და არ შეცვლილა დამოუკიდებლად კენჭისყრის გეგმები. თუმცა თანამშრომლობის სურვილი აქვთ.

„გვითანამშრომლია პარლამენტშიც „ლელოსთან“, რომელიც არის, ასე ვთქვათ - „არანაცური პარტია“, ჩვენს ბუნებრივ ინტერესებში შედის თანამშრომლობა, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენი გაცხადებული სტრატეგიით, გვინდა, რომ - ამ არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ოცნებამ“, ჯამში, 50%-ზე მეტი ვერ აიღონ. გაერთიანებაზე არ არის ლაპარაკი“, - სიჭინავა ამბობს, რომ ლაპარაკია მხოლოდ თანამშრომლობაზე „კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით“ და მათ შორის - „არჩევნების დაცვის“ კონტექსტში.

„არ ვიცი, საიდან დაასკვნეს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გაერთიანებაზე იყო საუბარი“, - ამბობს გახარიას პარტიის აღმასრულებელი მდივანი და ამატებს, რომ მნიშვნელობა საერთოდ არა აქვს „ქართული ოცნების“ შეფასებებს, რადგან - „რას იტყვიან ამ ქვეყნის გამყიდველები, მოღალატეები და ამ ქვეყნის გამცემები, არავის აინტერესებს“.

„ოცნების“ „ღელვა და შფოთვა“ გახარიას პარტიისთვის იმის დასტურია, რომ - მათი პარტიის გზა „პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული ივანიშვილის მარცხთან 2024 წლის არჩევნებში“, რადგან ორპოლუსიანობის მიღმაა და შუაში მყოფი ამომრჩევლების მიზიდვაც შეუძლია.

პარტია „საქართველოსთვის “ არ შეუერთდა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ოპოზიციური პარტიებისთვის შეთავაზებულ ინიციატივას - ქართულ ქარტია, რომელიც არა პარტიულ გაერთიანებას - არამედ ევროპულ ქოლგას, პროევროპული ძალებისთვის ცენტრის შექმნას გულისხმობს. პარტიაში განმარტავენ, რომ - სრულად უჭერენ მხარს პრეზიდენტს, მაგრამ ქარტიის ზოგიერთ პუნქტთან მიმართებით გარკვეულ იურიდიულ შეუსაბამობებსა და რისკებს ხედავენ.

ქართულ ქარტიასშეუერთდნენ 17 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და პარლამენტის ხუთი დამოუკიდებელი დეპუტატი. მათ შორის არის „ლელო“. მათ ამ დოკუმენტზე ხელმოწერით აიღეს ვალდებულება, რომქარტიაშიგაწერილი ვალდებულებების შესრულების შემდეგ, საქართველოში ჩატარდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

ამ ეტაპზე წინასაარჩევნო თანამშრომლობას გამორიცხავს „ლელო“.

„არც წარსულში გვქონია არანაირი თანამშრომლობა გახარიას პარტიასთან და არც ახლა განვიხილავთ, რომ გვქონდეს რაიმე წინასაარჩევნო თანამშრომლობა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი და თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, საბა ბუაძე. „ლელოში“ წინასწარ არ ლაპარაკობენ პოსტსაარჩევნო კოალიციაზე, რადგან - „ეს ამომრჩევლის ნების მიხედვით უნდა გადაწყდეს“.

საბა ბუაძე გვეუბნება, რომ „ლელო“ აწარმოებს კონსულტაციებს „სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, ძლიერი ცენტრების ჩამოყალიბების ხელშესაწყობად“, თუმცა კონკრეტულ პარტიებს არ ასახელებს.

„გამარჯვების ფორმულად მიგვაჩნია რაღაც ტიპის საბაზისო მრავალფეროვნება - იყოს რამდენიმე ცენტრი, რომლებსაც ადამიანები თავიანთი გემოვნებით დაუჭერენ მხარს და რომელიც იქნება გარანტორი იმისა, რომ არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგება. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, - აღნიშნავს ბუაძე.

პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა, ლიდერმა ნიკა გვარამიამ რადიო თავისუფლებას ახლახან დაუდასტურა ინფორმაცია „ლელოსთან“ კონსულტაციების შესახებ. სხვადასხვა დროს გავრცელებული ინფორმაციით, „ლელო“ ასევე ლაპარაკობდა „დროა“/„გირჩი-მეტი თავისუფლების“ პოლიტიკურ წყვილთან.

ოპოზიციაში ჯერ ისევ განიხილება „ერთიანი სიის“ საკითხი, რომელსაც არცთუ ცოტა მოწინააღმდეგე ჰყავს და მათ შორის არის - "ლელო". „ერთიანი სიის“ შექმნას მხარს უჭერენ „ნაციონალური მოძრაობა“, "სტრატეგია აღმაშენებელი", "დროა" და "გირჩი - მეტი თავისუფლება".

საბა ბუაძე გვეუბნება, რომ „ხელისუფლებისთვის ნებისმიერი ტიპის კონსოლიდაცია წარმოადგენს პრობლემას“, რადგან - ხელისუფლების ინტერესია, „რაც შეიძლება ბევრი პარტია დარჩეს 5%-იან ბარიერს მიღმა“ - „სარეფერენდუმო მნიშვნელობის არჩევნებზე“, როცა უნდა გადაწყდეს, „ეს ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას ევროკავშირის მიმართულებით თუ „ქართული ოცნება საბოლოოდ გადაიყვანს ამ ქვეყანას რუსულ ორბიტაზე“.

და რა დგას „ოცნების“ ხმაურის უკან?

აგენტებისა და ჯაშუშების ძახილით ოპონენტების დისკრედიტაციის მცდელობა უკვე აღარ უკვირს პოლიტიკის ექსპერტს ვახტანგ ძაბირაძეს; ხოლო „ქართული ოცნების“ განსაკუთრებულ ინტერესსა და ვნებათაღელვას იმით ხსნის, რომ - ხელისუფლებისთვის სახიფათო ძლიერი ცენტრი შესაძლებელია მხოლოდ ამ ორი პარტიის - „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ გაერთიანებით შეიქმნას.

ამავე ფორმულაში ძაბირაძე ხედავს რამდენიმე პატარა პარტიას, რომელთა წევრებიც არასოდეს ყოფილან წინა ხელისუფლებაში. მაგალითებად სახელდება - ანა დოლიძის „ხალხისთვის“ და ალეკო ელისაშვილის - "მოქალაქეები".

„ეს იქნება ისეთი ძალის გაერთიანება, რომელიც ხმებს წამოიღებს „ქართული ოცნებიდანაც“ და იქნება ისეთი სიძლიერის გაერთიანება, რომელსაც ექნება პრეტენზია - არათუ 5%-იანი ბარიერი გადალახოს, არამედ პირველი ადგილი დაიკავოს პარტიებს შორის“, - გვეუბნება ძაბირაძე, რომლის აზრითაც, ეს ცენტრი „გადაუწყვეტელი ამომრჩევლის“ დიდი ნაწილის მობილიზებას შეძლებდა.

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევა უკვე თითქმის ნახევარი წელია არ ჩატარებულა. მანამდე ჩატარებული კვლევებით, პარტიებს „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო“ 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვის პერსპექტივა აქვთ.

ამ ეტაპზე შექმნილი სურათით, სამი ოპოზიციური ცენტრის ჩამოყალიბების პერსპექტივა არსებობს, ესენია: „ნაციონალური მოძრაობა“/„სტრატეგია აღმაშენებელი“; „გახარია - საქართველოსთვის“ და „ლელო“/„ახალი“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG