ოპოზიციური პარტიების ერთობა მოითხოვს 2020 წლის არჩევნების ე.წ. გერმანულ მოდელის შესაბამისად გამართვას. ოპოზიციის მიერ ეს მოდელი შეფასებულია ერთადერთ გამოსავლად იმისათვის, რომ კრიზისი დაიძლიოს და 2020 წლის არჩევნები გაცილებით იმაზე სამართლიანად ჩატარდეს, ვიდრე ეს ამჟამად მოქმედი შერეული სისტემით არის შესაძლებელი.
კონკრეტულად რას გულისხმობს გერმანიაში მოქმედი საარჩევნო სისტემის მოდელის საქართველოსთვის ადაპტირებული ვარიანტი? რამდენ მანდატს მოიპოვებდა „ქართული ოცნება“, 2016 წლის არჩევნები „გერმანული მოდელით“ რომ ჩატარებულიყო?
ძირითადი პრინციპები
ოპოზიციური პარტიების მიერ შეჯერებული ბოლო ვარიანტის მიხედვით:
- პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ისევ 150 დეპუტატი (პროპორციული სისტემით არჩეული - 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული - 73);
- იმოქმედებს 3%-იანი ბარიერი;
- პარტია/ბლოკი პარტიული სიისთვის მანდატებს მიიღებს მხოლოდ 3%-იანი ბარიერი დაძლევის შემთხვევაში;
- მაჟორიტარული მანდატების მიღება შესაძლებელია პარტიის/ბლოკის მიერ ბარიერის ვერდაძლევის შემთხვევაშიც;
- ამჟამად მოქმედი ერთმანდატიანი ოლქები გაერთიანდება 6-8 მანდატიან ოლქებად (შესაბამისად, ამომრჩეველი აირჩევს 6-8 მაჟორიტარ დეპუტატს);
ამომრჩეველი პირველ ხმას აძლევს მაჟორიტარი დეპუტატობის პირველ კანდიდატს; ხოლო მეორე ხმას აძლევს ერთ პარტიას ან საარჩევნო ბლოკს.
მაჟორიტარები ერთგვარ უპირატეს პოზიციაში არიან - მათი გამარჯვების აღიარება უპირობოა და შემდგომ გამოთვლებს აღარ საჭიროებს. პროპორციული სისტემით (პარტიული სიით) კი, კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტულმა პარტიამ შესაძლოა ვერცერთი მანდატი ვეღარ მიიღოს.
ოპოზიციის ერთობის მიერ ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ პროექტს საფუძვლად უდევს ინიციატივა, რომელიც პარლამენტს რესპუბლიკურმა პარტიამ ჯერ კიდევ 2016 წელს წარუდგინა. პროექტის ავტორი იყო კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე. ოპოზიციურმა ერთობამ ძველ პროექტში გარკვეული ცვლილებები შეიტანა.
როგორ განაწილდება სადეპუტატო მანდატები?
არჩევნების შემდეგ, თავდაპირველად დაითვლება მაჟორიტარი კანდიდატებისთვის მიცემული ხმების რაოდენობა და გამოვლინდებიან გამარჯვებულები. შემდეგ დაითვლება, თუ რამდენმა ამომრჩეველმა მისცა ხმა ამა თუ იმ პარტიასა თუ ბლოკს.
მანდატების განაწილების სამართლიანობისთვის, სხვადასხვა ეტაპზე ამოქმედდება ფორმულები: Mi = Ni x (150-P):N რიცხვის მთელი ნაწილი და Mk = Nk x (150-P-P1):N რიცხვის მთელი ნაწილი.
ამ ფორმულებში, მაგალითად:
- Mi არის იმ პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი მანდატების რაოდენობა, რომელმაც გადალახა საარჩევნო ზღურბლი;
- Ni არის პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა;
- N არის ასეთი პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული ხმების ჯამი;
- P არის „დამოუკიდებელ“ კანდიდატთა და იმ პარტიების/ბლოკების გამარჯვებულ მაჟორიტარ კანდიდატთა რაოდენობა, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ზღურბლი;
- Mk არის პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი მანდატების რაოდენობა;
- Nk არის ამ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ხმების ხელახლა დათვლილი რაოდენობა.
ფორმულები ძალიან რთულად გასაგებია მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის. სამაგიეროდ, პროექტში გაწერილია კონკრეტული წესები:
- კონკრეტულ პარტიას/ბლოკს შეუძლია მიიღოს მაქსიმუმ იმ რაოდენობის მანდატებები, რაც მან დაიმსახურა პროპორციული სისტემით (პარტიული სიით);
- პარტია/ბლოკი (პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით), საერთო ჯამში, ვერ მიიღებს იმაზე მეტ მანდატს, ვიდრე მან არჩევნებზე პროპორციული სისტემით (პარტიული სიით) დაიმსახურა;
- თუკი კონკრეტული პარტიის/ბლოკის მაჟორიტარმა კანდიდატებმა, საერთო ჯამში, მოიპოვეს იმდენივე ანდა იმაზე მეტი მანდატი, რაც ამ პარტიამ/ბლოკმა პარტიული სიით დაიმსახურა, ის დამატებით მანდატებს ვეღარ მიიღებს.
მაგალითები:
# თუ პარტიამ/ბლოკმა პროპორციული სისტემით (პარტიული სიით) მიიღო 20%, მას თეორიულად ეკუთვნის 30 მანდატი (150-ის 20%-ი). მაგრამ თუ იმავე პარტიამ/ბლოკმა მაჟორიტარული სისტემით უკვე მოიპოვა 20 მანდატი - მას პარტიული სიიდან დაემატება კიდევ 10 მანდატი (და არა - 30 მანდატი).
# თუ პარტიამ/ბლოკმა პროპორციული სისტემით მიიღო 20% ან მეტი (ანუ თეორიულად დაიმსახურა 30 მანდატი ან მეტი), მაგრამ მისმა კანდიდატურა მაჟორიტარებმა უკვე მიიღეს 30 მანდატი ან მეტი, ეს პარტია/ბლოკი პარტიული სიისთვის მანდატებს ვეღარ მიიღებს.
მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი ძირითადად გამოითვლება პარლამენტის წევრთა სრული რაოდენობის (150 დეპუტატი) მიხედვით.
თუმცა თუკი მაჟორიტარულ არჩევნებში გაიმარჯვეს დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ანდა ისეთი პარტიის კანდიდატებმა, რომლებმაც ვერ გადალახეს 3%-იანი ბარიერი, ასეთი მანდატების საერთო ჯამი გამოაკლდება 150-ს (დეპუტატების რიცხვს) და პარტიებისთვის პროცენტის გამოთვლა მოხდება მიღებული მაჩვენებლიდან.
რამდენ მანდატს მიიღებდა „ქართული ოცნება“ „გერმანული მოდელით“ 2016 წელს?
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბლოკმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 115 მანდატი მოიპოვა (სიით - 44 მანდატი, მაჟორიტარები - 71 მანდატი). მან ხმების 48.67% მიიღო.
„გერმანული მოდელის“ მიხედვით, 2016 წელს:
- „ქართული ოცნება“ 48%-იანი მაჩვენებლით, 72 მანდატს დაიმსახურებდა;
- რადგან „ქართული ოცნების“ მაჟორიტარებმა 71 მანდატი მოიპოვეს, მას საბოლოოდ მხოლოდ ერთი მანდატი დაემატებოდა (72 მანდატამდე შესავსებად);
- არჩევნების შედეგად, „ქართული ოცნება“ მიიღებდა სულ 72 მანდატს და არა 115 მანდატს (როგორც მან დღეს მოქმედი სისტემით მიიღო).
შესაბამისად, 2016 წელს „ქართული ოცნება“ ვერ შექმნიდა არა მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობას, არამედ ის - დეპუტატების დამატების გარეშე - ვერც საპარლამენტო უმრავლესობის შექმნას მოახერხებდა. კანონმდებლობით, უმრავლესობის შესაქმნელად საჭიროა 76 მანდატი.
„ქართული ოცნების“ დღევანდელი პოზიცია:
„ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიათა ერთობის მიერ შეთავაზებულ ე.წ. გერმანულ მოდელს მოქმედ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან ოპონენტები.
- „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ ძალაში დარჩება პარლამენტში 14 ნოემბერს გამართული კენჭისყრის შედეგი - 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება;
- „ქართული ოცნება“ არ აპირებს ოპოზიციასთან საუბარს რაიმე სახის ალტერნატიული გამოსავლის გამოსაძებნად;
- „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნებზე არ დააყენებს კანდიდატებს იმ სამაჟორიტარო ოლქებში, სადაც ოპოზიცია („ნაციონალური მოძრაობის“ ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა“) ძლიერ კანდიდატს წამოაყენებს;
- „ქართული ოცნება“ არ გამორიცხავს, რომ სრულად პროპორციული სისტემით აღარც 2024 წლის არჩევნები ჩატარდეს (როგორც ეს კონსტიტუციის ახალ ვარიანტშია);
- „ქართული ოცნება“ განიხილავს ვარიანტს, რომ არჩევნების პარალელურად (2020 ან 2021 წელს) ჩატარდეს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა - სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
მას შემდეგ, რაც არ შესრულდა ბიძინა ივანიშვილის მიერ საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით, თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა აგორდა.