რვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია აჭარის საკანონმდებლო ორგანოში მოითხოვს დამტკიცდეს უმაღლეს საბჭოში მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის თანახმად, 2020 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.
პარტიების წარმომადგენლები დღეს ბათუმში შეიკრიბნენ და მმართველ გუნდს მოსთხოვეს, შესრულდეს აგრეთვე 8 მარტს მიღწეული შეთანხმება:
„მოვითხოვთ ყველა პოლიტპატიმრის განთავისუფლებას; ამის შემდეგ, შეთანხმების შესაბამისად, უფრო მეტი პროპორციული სისტემის შემოღებას სქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის და, რა თქმა უნდა, აჭარის ხელისუფლებას მივმართავთ გაგრძელდეს ინიცირებული ცვლილებები აჭარის უმაღლეს საბჭოში“, - თქვა პეტრე ზამბახიძემ, პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა.
უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები გასულ წელს ოპოციზიისა და მმართველი გუნდის შეთანხმებით მომზადდა. გაიარა სახალხო განხილვა. შემდეგ უმაღლეს საბჭოში საკომიტეტო მოსმენებიც გაიარა, თუმცა პლენარულ სხდომაზე საკითხი არ გავიდა, რადგან საქართველოს პარლამენტში უმრავლესობამ პროპორციული არჩევნების საკითხი ჩააგდო. რესპუბლიკური პარტიის წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას აინტერესებს რას აპირებენ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით წარმოდგენილი „ქართული ოცნების“ დეპუტატები:
„კანონი ინიცირებულია და არავითარი დამატებითი მიმართვა არაა საჭირო, იმიტომ რომ ბურთი მათ მხარესაა და ჩვენ ველოდებით მათ ქმედით ნაბიჯებს. ვნახოთ, რას იტყვიან და მერე ჩვენ ვიმოქმედებთ“.
უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა თბილისში საქართველოს პარლამენტის არჩევის საბოლოო მოდელს ელოდება. როგორც დღეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, უთხრა ჟურნალისტებს, არჩევის წესი და პროპორცია ერთმანეთის მსგავსი უნდა იყოს ქვეყნის პარლამენტისა და რეგიონის საკანონმდებლო ორგანოსთვის:
„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ბარიერი როგორი იქნება, საარჩევნო ბლოკები როგორი იქნება... აი, ბლოკები რატომაა მნიშვნელოვანი: წარმოიდგინეთ, ცენტრმა დაუშვას ბლოკები და საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთი სიით წარდგნენ, ჩვენ კი აჭარაში ბლოკები არ დავუშვათ და ეს ორივე პარტია იქნება სხვადასხვა სიით წარმოდგენილი, ამომრჩეველს ხომ დავაბნევთ? ამიტომ ვამბობთ, რომ ერთიანი პრინციპები უნდა დავიცვათ“.
უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის ამგვარი პოზიციის გამო საკანონმდებლო ორგანოში მანდატის მქონე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს ბოიკოტი გამოაცხადეს და სესიაზე არ შევიდნენ. მათ შორის იყო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“. ფრაქციის წევრებმა მმართველ გუნდა შეახსენეს, რომ საარჩევნო სისტემის პროპორციული მოდელით შეცვლას მოსახლეობას ერთად დაჰპირდნენ.
დეპუტატმა გია აბულაძემ კი უმრავლესობის წევრ დეპუტატებს ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია შეახსენა და მოუწოდა გადაწყევტილება მიიღონ დამოუკიდებლად:
„აჭარის კონსტიტუცია ამბობს, რომ როგორი საარჩევნო სისტემა იქნება აჭარაში, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ, მოსახლეობამ და უმაღლესმა საბჭომ. თუ მათ არ აქვთ გადაწყვეტილებების მიღების უნარი და იძახიან, რომ ჩვენ მხოლოდ პლაგიატები ვართ და გადმოვწერთ, რასაც გვეტყვიან ან გვიკარნახებს ბიძინა ივანიშვილი, ეს არის არასწორი დამოკიდებულება მოსახლეობისადმი“.
როგორც დღეს ფრაქცია „ქართული ოცნება - აჭარის“ თავჯდომარე დავით ბაციკაძემ თქვა, რეგიონის მოსახლეობის ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვისას სწორედ მაჟორიტარული სისტემის მომხრედ გამოვიდა, ცვლილებები კი, მისივე თქმით, იმიტომ მოამზადეს, რომ ეს პოლიტიკური შეთანხმების საგანი იყო. თავად დავით ბაციკაძე კი „ქართულ ოცნების“ ერთ-ერთი იმ წევრთაგანია, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემას მანამდე ღიად უჭერდა მხარს, ახლა კი ამბობს:
„საქართველოს პარლამენტში ფიქრობენ 120/30 - ზე. ეს არის 80 % პროპორციული და 20 % მაჟორიტარული სისტემით. არის ასეთი იდეაც, რომ ჩვენთანაც იყოს 80 % პროპორციული - ეს გამოდის 17 დეპუტატი იქნება პროპორციული სიით უმაღლეს საბჭოში და 4 მაჟორიტარი. ასეთ შემთხვევაში გამოდის 82 % 18% -ზე. ასეთი იდეაცაა, რომ საერთოდ დავამთხვიოთ და მხოლოდ 3 მაჟორიტარი იყოს აჭარაში და 18 პროპორციული სიით. აჭარა საქართველოს პარლამენტზე წინ იქნება, მიუხედავად იმისა, 17/4-ზე მიიღება, თუ 18/3-ზე, იმიტომ რომ პროპორციის მასშტაბი უფრო მაღალი იქნება. მაგრამ ჩვენთან ბუნებრივი ბარიერი არის უფრო მაღალი, რადგან სულ 21 დეპუტატი ვართ“.
21 დეპუტატიდან აჭარის უმაღლეს საბჭოში ექვსი მაჟორიტარია, ბუნებრივი ბარიერი კი 4.76%-ია.