Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცირე მეწარმეები შეზღუდვებს და შერჩევით მიდგომებს აპროტესტებენ


მეწარმეების აზრით, ხელისუფლებამ მათ უნდა გაუგოს და მოუსმინოს და პირობას დებენ, რომ ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით შეასრულებენ (მაღაზიის თანამშრომელი ნიღბით. ცხინვალი. 2021 წლის ოქტომბერი).
მეწარმეების აზრით, ხელისუფლებამ მათ უნდა გაუგოს და მოუსმინოს და პირობას დებენ, რომ ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით შეასრულებენ (მაღაზიის თანამშრომელი ნიღბით. ცხინვალი. 2021 წლის ოქტომბერი).

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ შემოღებული რეგულაციები გააპროტესტეს.

კაფე-ბარებისა და რესტორნების მეპატრონეებმა, ბიზნესზე კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემოღებული შეზღუდვების გავლენა განიხილეს. ისინი აპირებენ, მთავრობას საპროტესტო წერილით მიმართონ. მიიჩნევენ, რომ ეს შეზღუდვებიც შერჩევითად მოქმედებს.

დე ფაქტო რესპუბლიკაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით, 3-დან 14 ნოემბრის ჩათვლით შეჩერდა კაფე-ბარებისა და რესტორნების მუშაობა. ნებადართულია მხოლოდ გატანის სერვისი. მეწარმეებმა არ იციან, 14 ნოემბრის შემდეგ თუ მოახერხებენ მუშაობის განახლებას.

ცხინვალის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი კაფე-რესტორნის მფლობელი, ალბერტ ვალიევი, „ეხო კავკაზას“ ეუბნება, რომ ახლა ვალის დათვლა უსარგებლოა, რადგან ორი წელია უკვე ზარალზე მუშაობს.

ჩემი ბიზნესი საკრედიტო სახსრებით ავაშენე და ის საკმაოდ დიდია. ეს არის დიდი ობიექტი, ძირითადი დაფინანსება მოსკოვიდან მივიღე. ყველაფრის მიუხედავად, საბანკო პროცენტები მაინც მერიცხება. ბანკსაც მივმართე, მაგრამ მეუბნებიან, რომ დავალიანების დარიცხვას ვერ შეაჩერებენ, ამის უფლება არა აქვთ. ამ დროს მთავრობა აკეთებს ხოლმე შეღავათებს. მხედველობაში ასეთი ფორს-მაჟორი მაქვს. რუსეთში, მაგალითად, არის რაღაც შეღავათები, თუ თანამშრომლებს არ ამცირებენ, რაღაცას მაინც უხდიან. ახლა იქ მაინც მიდის ავად თუ კარგად სამუშაოები, უპროცენტო სესხებს გასცემენ და ასე შემდეგ. პანდემიის დაწყებისას აქაც გამოაცხადეს რაღაც შეღავათები, მაგრამ ეს მიზერული იყო, იმიტომ რომ მაშინაც დავიკეტეთ“.

მეწარმე ამბობს, რომ არ აქვს არც დრო და არც შესაბამისი ფინანსები, რომ ვალი დაფაროს.

„პირველ რიგში, ჩვენ არ შეგვიძლია, ყველა ჩვენს (საკრედიტო) ვალდებულებაზე პასუხისმგებლობა ავიღოთ. წელს, ზაფხულში რუსეთიდან ჩამოვიდა ხალხი და, სიმართლე გითხრათ, იყო სამუშაო. მაგრამ ჩვენ, მიღებული შემოსავლებით ვალის დაფარვა დავიწყეთ. პროცენტის გარკვეულ ნაწილს ვიხდიდით. მაგრამ ეს უმნიშვნელოა. ბოლოს და ბოლოს, გაცილებით მაღალი პროცენტი მოსკოვის ბანკიდან გვაქვს. სადღაც 130 ათასი რუბლი მხოლოდ პროცენტია, ძირითად ვალზე არ ვსაუბრობ. ახლა კი, კიდევ ერთხელ გავჩერდით“.

ალბერტ ვალიევის თქმით, არსებობს საკითხის მორალური ასპექტიც - ვალდებულებები თანამშრომლების მიმართ, „მათ შორის არიან მარტოხელა დედებიც“.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მეწარმეთა საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს ასევე აქვს საკუთარი რეკომენდაციები მთავრობასთან:

„მინდა, რომ ჩვენ შორის ცივილიზებული დიალოგი შედგეს. თუკი მსგავსი რამ მისაღები იყო პანდემიის დასაწყისში, ახლა ეს აბსოლუტურად არასწორია, ჩემი აზრით. პირველ რიგში, ჩვენ ვსაუბრობთ თავად ჩვენს საზოგადოებაზე. სრულად ვერ შემოვიღებთ ამკრძალავ ზომებს, რადგან დაკრძალვაზე დასწრებას ვერ შევზღუდავთ, წინააღმდეგი არავინ წავა. გუშინ დაკრძალვაზე ვიყავი, გუშინწინაც. გუშინ ქორწილი იყო ქუჩაში. ესე იგი ყველაფერი აკრძალული მაინც არ არის, მიუხედავად შეზღუდვებისა. ყველა რომ დამორჩილებოდა შეზღუდვებს, არ გავბრაზდებოდით. დღეს რესტორატორები შეივიკრიბეთ და ყველა ფაქტობრივად ერთხმად ამბობს, რომ ეს აბსურდია. ყველას ჰყავს პერსონალი, ყველას ჰყავს ხალხი. შერჩევითი რომ არ ყოფილიყო, მაშინ ყველა გაჩუმდებოდა, მშიერი დარჩებოდა და ხმას არ ამოიღებდა, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის, ბევრი დრო გავიდა. ჩვენ ვიცავთ უსაფრთხოების ყველა ზომას. მოგვეცით გაწერილი წესები და ჩვენ, ბუნებრივია, ყველაფერს დავიცავთ, მაგრამ ჩვენი ასე დახურვა არასწორია“, - ამბობს ვალიევი.

ცხინვალის ერთ-ერთი დაწესებულების მენეჯერი იანინა ეიხორსტი იზიარებს კოლეგების მოსაზრებებს.

„მე მომხრე ვარ, მაგალითად, აიკრძალოს მასობრივი ღონისძიებები, მაგალითად, ბანკეტები, ხალხის დიდი რაოდენობით, მაგრამ უბრალოდ ოჯახები მცირე რაოდენობით რომ შემოვიდნენ, დასხდნენ და ისადილონ, ჩემი აზრით, ეს ვითარება ნამდვილად არ დააზარალებს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას, რომელიც დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელებასთან. ყველამ ვიცით, სად ხდება ვირუსის მასობრივი გავრცელება, ეს არის დაკრძალვები და ქორწილები. რა თქმა უნდა, დაკრძალვას ვერავინ გააუქმებს, ხალხი უნდა წავიდეს, მაგრამ მერე მოდის ორმოცი დღე, წლისთავი და ხალხი ამ ღონისძიებებს აქტიურად ესწრება. რაც შეეხება თავად დაწესებულებებს, შეიძლება უბრალოდ იყოს გარკვეული შემზღუდავი ღონისძიებები ადამიანების რაოდენობაზე. მაგრამ ისინი ღია უნდა იყოს, დახურვით ხალხი და ბიზნესი ზარალდება“.

მეწარმეების აზრით, ხელისუფლებამ მათ უნდა გაუგოს და მოუსმინოს და პირობას დებენ, რომ ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით შეასრულებენ.

„დღეს ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, რა გველოდება ხვალ ან ერთ კვირაში. თუ მთავრობა შემხვედრ ნაბიჯს გადმოდგამს, ჩვენ დავიცავთ ყველა პირობას. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ამაში გარკვეული აზრი უნდა იყოს და თუ ამას აზრი არ ექნება, მაშინ ეს შეზღუდვები უბრალოდ გაამწვავებს სიტუაციას. ხალხი უკვე ზღვარზეა მისული. რასაც ჩვენ ვხედავთ: მაღაზიებში უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული, ბევრ დაწესებულებაში რეკომენდაციებს არ იცავენ. და ქუჩაში გასვლაც კი საკმარისია, რომ ეს შეამჩნიო... ხალხი იკრიბება სახლებში. დასვენების დღეებში, ყველა აქტიურად დადის სტუმრად და ამას ხალხს ვერ აუკრძალავთ. ამიტომ, კაფეები და რესტორნები, რა თქმა უნდა, არ მონაწილეობენ ამ დაავადების აქტიურ გავრცელებაში“, - ამბობენ ცხინვალელი მცირე მეწარმეები. ისინი დე ფაქტო ხელისუფლებას თავიანთი წინადადებებით მალე მიმართავენ.

XS
SM
MD
LG