დე ფაქტო მთავრობა სახლში დაბრუნების უფლებას აძლევს დანარჩენ საქართველოში მყოფთ, თუმცა, ერთი პირობით - მათ ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე უნდა წარადგინონ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების მიერ არაუგვიანეს 72 საათით ადრე გაცემული ცნობა, რომ კორონავირუსი არ აქვთ. ეს მოთხოვნა ბავშვებსაც ეხება. „საზღვრის“ გადაკვეთისთვის საჭირო სხვა დოკუმენტების ნუსხა უცვლელია - ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი, ან „უცხო ქვეყნის მოქალაქის, ან მოქალაქეობის არმქონე პირის მუდმივი ბინადრობის ნებართვა“.
დღეს ენგურის ხიდთან იმყოფებოდნენ გალის რაიონში მცხოვრები პენსიონერებიც. მათ დე ფაქტო ხელისუფლება ორი თვეა, გამონაკლისის სახით აძლევს დანარჩენ საქართველოში პენსიის აღების შესაძლებლობას.
დღის პირველ ნახევარში, ენგურის ხიდთან დაბრუნების მსურველთა ნაკლებობა იყო. დაახლოებით 14:00 საათამდე საოკუპაციო ხაზთან 5 მგზავრი მივიდა, მაშინ როცა შეზღუდვების დაწესებამდე ასეთ დროს ენგურის ხიდის გავლით ასობით ადამიანი მოძრაობდა. გალის რაიონისკენ მიმავალმა მოქალაქეებმა გვითხრეს, რომ ბრუნდებიან მხოლოდ ისინი, ვისაც სოფლებში დატოვებული ჰყავთ მოხუცი მშობლები ან შვილები. გალელებმა ისიც გვიამბეს, რომ სახლში დაბრუნება ბევრს სურს, თუმცა, „საზღვრის“ დროებით გახსნით არ სარგებლობენ, რადგან უკან, დანარჩენ საქართველოში დაბრუნების უფლებას აღარ მისცემენ, ოკუპირებულ რეგიონში ჩაკეტვა კი არავის სურს.
აფხაზეთში დაბრუნება დღეს მხოლოდ მათ შეძლეს, ვისაც კორონავირუსზე ჩატარებული გამოკვლევის და უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა ჰქონდა. დღის მეორე ნახევარში, რადიო თავისუფლება ოკუპირებულ გალში ტელეფონით დაუკავშირდა ადგილობრივ მკვიდრს, ნანი ბასარიას, რომელმაც გვიამბო, რომ მისი ნათესავები რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ, სამედიცინო ცნობის არქონის გამო, უკან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გააბრუნეს.
დღეს ენგურის ხიდთან იმყოფებოდნენ გალის რაიონში მცხოვრები პენსიონერებიც. მათ დე ფაქტო ხელისუფლება ორი თვეა, გამონაკლისის სახით აძლევს დანარჩენ საქართველოში პენსიის აღების შესაძლებლობას. პროცესში ჩართულია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი. პენსიონერებს ამ ორგანიზაციის ინიციატივით გამოყოფილი უფასო მიკროავტობუსი ემსახურება. გალის რაიონის სოფლებში მცხოვრები ხანდაზმულები პენსიის გაცემის პერიოდში, კვირაში სამჯერ კვეთენ ე.წ. საზღვარს. მათ უფლება აქვთ, მივიდნენ მხოლოდ ენგურის ხიდის ბოლომდე, ქართული პოლიციის საგუშაგოსთან, სადაც პენსიის გამცემი „ლიბერთი ბანკის“ ავტომობილი ელოდებათ. იქვეა გახსნილი პატარა აფთიაქი, სადაც მედიკამენტების ყიდვა შეუძლიათ.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, კორონავირუსის პანდემიის საბაბით, დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი მარტის შუა რიცხვებიდან დაკეტა.
გალელი პენსიონერებისთვის მიცემული ამ შესაძლებლობით სარგებლობენ დევნილებიც, რომლებიც ამჟამად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ცხვრობენ. ისინი ოკუპირებული ტერიტორიიდან ჩამოსული ხანდაზმულების დახმარებით გალში დარჩენილ ოჯახის წევრებსა და ნათესვებთან პატარა ამანათების გაგზავნას ცდილობენ.
დღეს ამ მიზნით მივიდა ენგურის ხიდთან გალელი დარეჯან გაბისკირია. ის ზუგდიდში მუშაობს, 90 წლის მამა კი გალში ჰყავს და თვეებია აღარ უნახავს. მოხუცს ტრანსპორტირება უჭირს, ამიტომ მის კუთვნილ პენსიას, როგორც მინდობილი პირი, შვილი იღებს და ნაცნობი პენსიონერის დახმარებით მამას უგზავნის აუცილებელ მედიკამენტებთან ერთად.
„პენსია მინდა მამაჩემს გავუგზავნო. მედიკამენტები გალის აფთიაქებში არის, მაგრამ უფრო ძვირია“, - გვითხრა დარეჯან გაბისკირიამ.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი მარტის შუა რიცხვებიდან დაკეტა. მაისის შემდეგ, დე ფაქტო მთავრობამ მდინარე ენგურთან მდებარე ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტი რამდენჯერმე გაუხსნა აფხაზეთის მცხოვრებთ, რომლებიც სხვადასხვა მიზნით, ძირითადად, სამკურნალოდ იმყოფებოდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. ამჯერად, ე.წ. საზღვარი გახსნილი იქნება 3-10 დეკემბერს, დილის ცხრიდან საღამოს შვიდ საათამდე.