Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნუ მოვთხოვთ ქალებს ითანამშრომლონ გამოძიებასთან, როცა ისინი თავს დაცულად არ გრძნობენ“


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

43 წლის კაცი, რომელიც ოჯახში ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაშია ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გაათავისუფლა გირაოს სანაცვლოდ. მიუხედავად პატიმრობის მოთხოვნისა, სასამართლომ მიხეილ კობიაშვილის მიმართ, რომელსაც გამოძიება ცოლის, მცირეწლოვანი შვილისა და ცოლის დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავება, უკვე მეორედ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველი ანალოგიური გადაწყვეტილება 2022 წლის 19 აგვისტოს მიიღო. აპირებს თუ არა პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და რატომ ვერ დაარწმუნა ბრალდებამ მოსამართლე, რომ აღკვეთის ღონისძიების სახედ ბრალდებულის მიმართ პატიმრობა გამოეყენებინა, ამ კითხვებზე პასუხი პროკურატურისგან დღეს ვერ მივიღეთ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, ეკა ქობესაშვილი მესამე თვეა იცავს დაზარალებული ქალებისა და მცირეწლოვანი ბავშვის უფლებებს. თითქმის ორთვიანი ბრძოლის შემდეგ, მიაღწია, რომ 43 წლის კაცის ცოლი და მათი 2 წლის შვილი, გამოძიებას დაზარალებულად ეცნო. როგორც ეკა ქობესაშვილი რადიო თავისუფლებას უყვება, საქმეს ართულებს ისიც, რომ 27 წლის ქალი, რომელიც მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქმრის მხრიდან სისტემატურად იყო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, უარს ამბობს ჩვენება მისცეს გამოძიებას. გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის მიზეზი კი ეკა ქობესაშვილის თქმით, შიშია, რომელიც ძალადობის მსხვერპლმა ქალმა ამ დრომდე ვერ დაძლია.

როგორც ეკა ქობესაშვილი გვეუბნება, შიშის ფაქტორს ამძაფრებს ისიც, რომ სისტემა, იქნება ეს პოლიცია თუ სასამართლო, ვერ ახერხებს 27 წლის ქალის უსაფრთხოების სათანადოდ უზრუნველყოფას. მისი თქმით, ამას მოწმობს როგორც სასამართლოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები - ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების შესახებ, ისე პოლიციის დაგვიანებული რეაგირება შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე.

ადვოკატის თქმით, გირაოთი გათავისუფლების შემდეგ, კაცი უკავშირდებოდა ცოლს, სთხოვდა შეხვედრას, ბავშვის ნახვას და მასზე ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას:

ეკა ქობესაშვილი
ეკა ქობესაშვილი

„გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კაცი ცოლზე ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომ საჩივარი გამოეტანა. დაზარალებულს ჰქონდა განცდა, რომ პოლიცია ვერ უზრუნველყოფდა მის დაცვას. სწორედ იმის გამო, რომ ქალს ეშინოდა და დღემდე ეშინია, რომ მისი უსაფრთხოება ვერ იქნება სათანადოდ დაცული, ის დღემდე უარს ამბობს, რომ გამოძიებას ჩვენება მისცეს. როგორ მისცემდა დაზარალებული ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენებას, როცა ხედავს, რომ მას პოლიცია სათანადოდ ვერ იცავს? მსხვერპლი ქალი უნდა გრძნობდეს, რომ მის უკან დგას სახელმწიფო. ხოლო პოლიცია ისე იმოქმედებს, რომ ბრალდებულს არ მიეცეს მასთან მიახლოების შესაძლებლობა. სანამ ეს განცდა არ გაჩნდება, მანამდე ნუ მოვთხოვთ ქალებს, რომ ან ჩვენება მისცენ გამოძიებას, ან ითანამშრომლონ გამოძიებასთან“.

როგორც ეკა ქობესაშვილი გვიყვება, პოლიციამ, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, 43 წლის კაცის სახელზე დაუყოვნებლივ უნდა გამოეცა შემაკავებელი ორდერი, ეს დოკუმენტი მხოლოდ მას შემდეგ გამოსცა, რაც მან საჩივარი შეიტანა როგორც პოლიციაში, ისე პროკურატურაში და შემაკავებელი ორდერის გამოცემა მოითხოვა:

„თუკი დაზარალებულს არ ჰყავს ადვოკატი, გამოდის, რომ მას ვერ იცავს სახელმწიფო. რატომ ელოდებოდნენ ჩვენგან განცხადების შეტანას მაშინ, როდესაც გამოძიებას ჰყავდა დაზარალებულები, ჰყავდა ბრალდებული და პოლიციამ ვერ უზრუნველყო ის, რომ დაეცვა ქალი, რათა ბრალდებულს აღარ ჰქონოდა მასთან კომუნიკაცია? პოლიციაში საჩივარი გასულ კვირაში შევიტანეთ. მივმართეთ პროკურატურასაც და მოვითხოვეთ შემაკავებელი ორდერის გამოწერა დედა-შვილზე. პოლიციაში კანცელარიაც კი არ იბარებდა ჩვენს განცხადებას. გვეუბნებოდა, რომ ჩვენ მხარე არ ვიყავით და არ შეგვეძლო შემაკავებელი ორდერის მოთხოვნა. შემაკავებელი ორდერი თავად პოლიციას უნდა გამოეცა, გამოეყენებინა დამატებითი ბერკეტი, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული გირაოთი გათავისუფლდა და მას ჰქონდა საშუალება გაეგრძელებინა ურთიერთობა დაზარალებულთან. თუმცა, პოლიციამ მხოლოდ მას შემდეგ გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რაც პროკურატურაში საჩივარი შევიტანეთ“.

43 წლის კაცის მხრიდან ცოლსა და შვილზე ძალადობის საქმეს, მტკიცებულებების სახით თან ახლავს აუდიო-ჩანაწერები.

ჩანაწერები რთული მოსასმენია და ის ოჯახში ძალადობის რამდენიმეთვიან ეპიზოდს მოიცავს. ათობით აუდიო ჩანაწერს, გარდა ძალადობის ამსახველი ხმებისა, გინებისა და მუქარისა, ფონად გასდევს მცირეწლოვანი ბავშვის უწყვეტი ყვირილი. ყველა აუდიო ჩანაწერში, რომელიც სხვადასხვა პერიოდს ასახავს და შესაბამისად, სხვადასხვა რიცხვითაა დათარიღებული, ოთხი ადამიანი ფიგურირებს: 27 წლის ქალი (ცოლი), 42 წლის კაცი (ქმარი), 2 წლის ბავშვი და ბებია. აუდიო ჩანაწერებში ისმის, რომ კაცი ცოლს მოკვლითაც ემუქრება. ეს აუდიო ჩანაწერები რადიო თავისუფლებას სექტემბრის შუა რიცხვებში გადასცა 27 წლის ქალის დედამ, რომელიც თავადაც დაზარალებულის სტატუსს ატარებს.

აუდიო ჩანაწერებში არსებულ ძალადობის ხმებს ასე უხსნის რადიო თავისუფლებას ბრალდებულის ადვოკატი, რევაზ მოდებაძე:

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის გაღიზიანება უკავშირდებოდა იმ ქმედებებს, რაც ხდებოდა მის ოჯახში - შამანური, ჯადოქრული ქმედებები. ბავშვს სათანადოდ არ უვლიდნენ. ბავშვს რომ დასალევ წყალს ამოუტან და იმას გადაღვრიან და რაღაც მცენარეებს ჩაუყრიან წყალში და იმას აძლევენ, ადამიანს რაღაც რეაქცია გექნება, ხო? ამ რეაქციებზეა ლაპარაკი, რომელიც შესაძლოა სიტყვიერ დაპირისპირებაში გამოიხატა, თორემ არანაირი ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა. ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ფაქტორებზეა ლაპარაკი“.

რევაზ მოდებაძე ირწმუნება, რომ მიხეილ კობიაშვილსა და მის ცოლს „ჰარმონიული ურთიერთობა“ აქვთ:

„გაცნობებთ, რომ დღესაც, ცოლ-ქმარს შორის ჰარმონიული სიტუაციაა. დაზარალებული თავად ამბობს უარს, რომ ჩვენება მისცეს ქმრის წინააღმდეგ. მან მხოლოდ დაზარალებულად დადგენილებას მოაწერა ხელი. ამბობს, რომ მის წინააღმდეგ არავითარ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. ჩვენ მართალი ხალხი ვართ და მაქვს მოლოდინი, რომ საბოლოოდ, სასამართლო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს“.

ძალადობის მსხვერპლი, 27 წლის ქალი, მედიასთან ურთიერთობას ერიდება. დედამისი კი, რომელსაც ასევე დაზარალებულის სტატუსი აქვს, გვეუბნება, რომ წინა პერიოდისგან (აგვისტო-სექტემბერი) განსხვავებით, როდესაც მის შვილს ფსიქიატრების დახმარება დასჭირდა, დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება შვილიშვილს, ქალი ამბობს:

"ბავშვი შედარებით მშვიდადაა. მას შემდეგ, რაც სახლში აღარ არის კონფლიქტური სიტუაცია, ხმაური, ყვირილი, ბავშვიც დამშვიდდა".

ერთ-ერთი მთავარი ხარვეზი, რაზეც იურისტები და უფლებადამცველები ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ საუბრისას ამახვილებენ ყურადღებას, არის სწორედ ის ფაქტორი, როდესაც დაზარალებულის ხელმოწერილი თანხმობა ხდება ხოლმე სასამართლოსთვის გირაოს გამოყენების მთავარი საფუძველი. ან ძალადობის მსხვერპლი ქალი, ისევ და ისევ შიშის ფაქტორის გამო, უარს ამბობს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და უარყოფს მასზე განხორციელებულ ძალადობას.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ გამოძიების დაწყებისას თუ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობისას, აუცილებელია სწორად იქნას შეფასებული რისკები, საფრთხეები და დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა:

გოგა ხატიაშვილი
გოგა ხატიაშვილი

„ზოგჯერ დაზარალებულებს აქვთ ხოლმე ლოიალური დამოკიდებულება მოძალადეების მიმართ და ამან შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, რადგან ეს გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორით. მათ შორის, ფინანსური დამოკიდებულებით მოძალადეებზე, შიშით - ის თუ ჩაჯდება ციხეში, მოკლე პერიოდში გამოვა და უარესს გაუკეთებს ან გადაემტერება მის ახლობლებს და ა.შ. მეცნიერულად ახსნადია, თუ რატომ იქცევა მსხვერპლი ასე. ის, რომ მსხვერპლმა თქვა, რომ მას არ სურს, რომ მოძალადე დაისაჯოს, ეს არ უნდა იყოს გადამწყვეტი და უპირობოდ გასაზიარებელი ფაქტორი არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად“, - გვითხრა უფლებადამცველმა გოგა ხატიაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში დაიხვეწა და გამკაცრდა კანონმდებლობა როგორც ოჯახში ძალადობის, ისე ფემიციდის მიმართულებით და ფემიციდი რიგ შემთხვევაში, უვადო პატიმრობასაც გულისხმობს, ქვეყანა ქალთა მკვლელობების სტატისტიკას ვერ ცვლის. 2014 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, საქართველოში 190-მდე ქალია მოკლული. 2022 წლის პირველ ათ თვეში ქმარმა, ყოფილმა ქმარმა თუ პარტნიორმა, 16 ქალი მოკლა, მათგან სამი ქალი - ოქტომბრის დასაწყისში.

9 ოქტომბერს, თელავში მოკლული 26 წლის ქალი გირაოთი გათავისუფლებულმა კაცმა მოკლა. მოკლული ქალის ოჯახის წევრების თქმით, კაცი ქალს 4 თვის განმავლობაში ემუქრებოდა.

XS
SM
MD
LG