ქალი ამჯერად გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მიმართავს და შვილისა და შვილიშვილის დაზარალებულად ცნობას მოითხოვს. განცხადება გენერალურ პროკურატურაში ქალმა 29 სექტემბერს შეიტანა.
ძალადობაში ბრალდებული 42 წლის კაცი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აგვისტოს მიწურულს 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბრალდებულმა, რომლის წინააღმდეგ დღესაც გრძელდება გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით, სექტემბრის დასაწყისში, შვილი დედისგან და ბებიისგან მოტყუებით წაიყვანა და მას შემდეგ, ბავშვს მათთან ცხოვრების უფლებას აღარ აძლევს.
27 წლის ქალის დედამ, რომლის ცემის გამოც მიმდინარეობს გამოძიება 42 წლის კაცის მიმართ და რომელიც გამოძიების მიერ ოფიციალურადაა ცნობილი დაზარალებულად, პროკურატურას შვილისა და შვილიშვილის დაზარალებულად ცნობის თხოვნით პირველად 20 სექტემბერს მიმართა. თუმცა, ისანი-სამგორის რაიონულმა პროკურატურამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა და 25 სექტემბერს ქალს მისწერა:
„გაცნობებთ, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არ იძლევა სამართლებრივ საფუძველს განცხადებაში მოყვანილ პირთა დაზარალებულად ცნობისთვის“.
როგორც ქალის ადვოკატი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი, ეკა ქობესაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, საქმეში დევს არაერთი აუდიო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს კაცის მიერ ცოლ-შვილზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს და მისთვის უცნობია, რა არგუმენტაციას ეყრდნობა პროკურატურა, როდესაც უარს ამბობს 27 წლის ქალისა და მისი ორი წლის შვილის დაზარალებულად ცნობაზე:
„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც პროკურატურამ 27 წლის ქალის დედაზე ძალადობის გამო წაუყენა კაცს ბრალი, მაშინვე უნდა დამდგარიყო მისი შვილისა და შვილიშვილის დაზარალებულად ცნობის საკითხი, რადგან ძალადობის ფაქტი მოხდა ზუსტად მისი შვილის და შვილიშვილის თანდასწრებით, რაც უკვე ნიშნავს, რომ მათ მიმართაც განხორციელდა ძალადობა. რაც შეეხება უშუალოდ მეუღლის მიმართ ძალადობას, პროკურატურას აქვს ჩანაწერები, სადაც ნათლად დგინდება, რომ ბრალდებული სისტემურად ძალადობდა ქალზე, რამაც გამოიწვია მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შერყევა. ჩანაწერებში ნათლად ჩანს, რომ სისტემური ძალადობის ფაქტები ხდებოდა ბავშვის თანდასწრებით, რის გამოც ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარება დამძიმდა და ბავშვი საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას. დაზარალებულია პირი, ვინც მიიღო ზიანი და მოცემულ შემთხვევაში, ზიანი სახეზეა. პროკურატურის მხრიდან მსგავსი უმოქმედობა შეიძლება აღვიქვათ, როგორც მოცემულ საკითხზე არასათანადო კომპეტენცია ან მოძალადეზე ბრალის არ დამძიმების ინტერესი. სხვა ახსნა მოცემულ სიტუაციაში არ მაქვს“.
აუდიო-მტკიცებულებები, რომლებიც ოჯახში ძალადობის საქმეს ახლავს თან, რადიო თავისუფლებას 27 წლის ქალის დედამ დაახლოებით ორი კვირის წინ გადასცა. აუდიო-ჩანაწერები რთული მოსასმენია. ჩანაწერები ოჯახში ძალადობის რამდენიმეთვიან ეპიზოდს მოიცავს. ათობით აუდიო-ჩანაწერს, გარდა ძალადობის ამსახველი ხმებისა, გინებისა და მუქარისა, ფონად გასდევს მცირეწლოვანი ბავშვის უწყვეტი ყვირილი. ყველა აუდიო ჩანაწერში ოთხი ადამიანი ფიგურირებს: 27 წლის ქალი (ცოლი), 42 წლის კაცი (ქმარი), 2 წლის ბავშვი და ბებია. აუდიო ჩანაწერებში ისმის, რომ კაცი ცოლს მოკვლითაც ემუქრება.
რა წერია გენერალური პროკურორის სახელზე დაწერილ წერილში?
მას შემდეგ, რაც ისანი-სამგორის რაიონულმა პროკურატურამ დედა-შვილის დაზარალებულად ცნობაზე უარი განაცხადა, 27 წლის ქალის დედამ, შვილისა და შვილიშვილის დაზარალებულად ცნობის თხოვნით გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მიმართა. წერილი გენერალურ პროკურატურაში ქალის სახელით 29 სექტემბერს შევიდა.
„ბრალდებული მ.კ. ჩემს ქალიშვილთან თანაცხოვრების დროს სისტემურად ძალადობდა მასზე. ძალადობა იყო როგორც სიტყვიერი და ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური. ძალადობრივ ფაქტების შემსწრე იყო მათი შვილი დ.კ. აღნიშნულის შედეგად ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არის მძიმე. გამომდინარე იქიდან, რომ მოძალადეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით განუსაზღვრა გირაო, ის არის თავისუფლებაში, მან ჩემი ქალიშვილისგან მოტყუებით წაიყვანა ბავშვი და აღარ დააბრუნა. ამ ეტაპზე, ბავშვი არის მოძალადესთან.
გამოძიებას მივაწოდე და საქმეში დევს აუდიო ჩანაწერები, როგორ ძალადობს მ. კ. ჩემს შვილზე და ამის შედეგად, რა მდგომარეობაშია ბავშვი. შესაბამისად, გამოძიებას აქვს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა ჩემი შვილის და მისი მცირეწლოვანი შვილის მიმართაც. დღესაც, ჩემი შვილი გამოძიების წინაშე რომ არ ამხელს მოძალადეს, ესეც მისი მხრიდან ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგია“.
გენერალური პროკურორისადმი გაგზავნილ წერილს თან ახლავს დამატებითი აუდიო ჩანაწერები, სადაც ასახულია 42 წლის კაცის მხრიდან ცოლის მიმართ ძალადობის ამსახველი ხმები, რასაც მათი შვილიც ესწრება.
რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რატომ არ წერს ქმრის წინააღმდეგ საჩივარს 27 წლის ქალი, რომელიც ბოლო ორი წელია სისტემატური ძალადობის მსხვერპლია, ქალის დედა ამბობს, რომ მის შვილს „გარდა იმისა, რომ ეშინია ქმრის, სხვა წასასვლელი, გარდა მოძალადე ქმრის სახლისა არ აქვს“.
როგორც ბებიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, იმის გამო, რომ დედა-შვილს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი, ისინი ვერც ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში ახერხებენ დაბინავებას.
გასულ კვირაში დედა-შვილმა დედაქალაქის მერიას თხოვნით მიმართა ბინის ქირით უზრუნველყოფის შესახებ. როგორც ქალის ადვოკატი, ეკა ქობესაშვილი გვეუბნება, დედა-შვილს უკვე გაესაუბრნენ მერიის წარმომადგენლები:
„შევაგროვეთ ყველა საბუთი, რომ ოჯახის სახელზე არანაირი უძრავი ქონება არ ფიქსირდება და რომ იმ სახლში, სადაც ისინი დღესდღეობით ცხოვრობენ, ძალადობის მსხვერპლები არიან. გასულ კვირაში დაუკავშირდა მათ მერიის წარმომადგენლები და გასაუბრებაც გაიარეს, თუმცა, მიიღებენ თუ არა მერიისგან ბინის ქირისთვის საჭირო თანხას, პასუხი, ჯერჯერობით, არ გვაქვს. როგორც ჩემთვის ცნობილია, მერიის პროგრამის თანახმად, დედა-შვილმა დაახლოებით 300 ლარის ფარგლებში უნდა მოძებნოს ბინა“.
სად არის და რა მდგომარეობაშია ბავშვი?
დღეს არსებული მდგომარეობით, ორი წლის ბავშვი მამასთან და მამის ნათესავებთან ცხოვრობს. როგორც ბებია ამბობს, მას და მის შვილს კაცი მხოლოდ ბავშვის მონახულების უფლებას აძლევს. მისი თქმით, ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა და ის დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს. მძიმეა ბავშვის დედის, 27 წლის ქალის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც, რომელიც ამ ეტაპზე მკურნალობის სრულყოფილი კურსს ვერ გადის.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო გამოძიების მიერ აგვისტოს ბოლოდანაა ინფორმირებული 27 წლის ქალსა და მის ოჯახზე ძალადობის ფაქტის შესახებ. ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, მათთან სოციალური მუშაკი მხოლოდ ერთხელ, სექტემბრის შუა რიცხვებში იყო მისული. იმ პერიოდში, ბავშვი უკვე მამას ჰყავდა წაყვანილი. ეკა ქობესაშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, იყო თუ არა სოციალური მუშაკი მისული იმ სახლში, სადაც ახლა ბავშვი ცხოვრობს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 27 წლის ქალს გამოხატული აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები და ის სპეციალისტის დაუყოვნებლივ დახმარებას საჭიროებს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მისთვის მსგავსი სერვისი ამ დრომდე არ შეუთავაზებია.
რადიო თავისუფლება სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს პირველად სექტემბრის შუა რიცხვებში დაუკავშირდა, რათა გაერკვია, რატომ არ მოახდინა უწყებამ დროული რეაგირება, მაშინ, როდესაც სააგენტომ ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს იცოდა ბავშვისა და მისი დედის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ. დავინტერესდით, რატომ ვერ შეძლო სააგენტომ ძალადობაში ბრალდებული მამის მიერ ბავშვის მოტყუებით წაყვანის პრევენცია და რას გეგმავს უწყება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად? ამ კითხვებზე პასუხი მაშინ ვერ მივიღეთ.
რას გვპასუხობს ზრუნვის სააგენტო დღეს?
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს რადიო თავისუფლებამ 3 ოქტომბერსაც მიმართა. დავინტერესდით, ამ პერიოდის განმავლობაში, რა დახმარება შესთავაზა და რა ფორმითაა ჩართული უწყება ძალადობის მსხვერპლი დედა-შვილისა და ბებიის საქმეში. მოინახულა თუ არა სოციალურმა მუშაკმა მცირეწლოვანი ბავშვი, რომლის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ნათლად ასახავს ის აუდიო-ჩანაწერები, რომლებიც რადიო თავისუფლებას მიაწოდა ბავშვის ბებიამ და რომლებიც ასევე გადაცემული აქვს გამოძიებას? ჩაერთნენ თუ არა დედა-შვილის საქმეში ფსიქოლოგები?
სოციალური ზრუნვის სააგენტო შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი პასუხით და გვეუბნება, რომ "სააგენტო მუშაობს როგორც არასრულწლოვანთან, ისე ოჯახის წევრებთან". სხვა, კონკრეტულ კითხვებზე პასუხს იმ მიზეზით არ გვაძლევს, რომ უწყების განმარტებით, მაგალითად, მცირეწლოვანთან დაკავშირებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და ამ ინფორმაციის გადაცემა მესამე პირისთვის საჭიროებს "მშობლის თანხმობას".
ოჯახში ძალადობაში ბრალდებული 42 წლის კაცის წინასასამართლო სხდომა 11 ოქტომბერს გაიმართება. დაზარალებულის ადვოკატს იმედი აქვს, რომ პროკურატურა ხელახალ შუამდგომლობას დააყენებს აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლაზე და ამ შუამდგომლობას მოსამართლე დააკმაყოფილებს.
ბრალდებული არ აღიარებს მის მიმართ წაყენებულ ბრალს. როგორც სამართალდამცავებისთვის, ისე სასამართლოში მიცემულ ჩვენებებში ამბობს, რომ არასდროს უძალადია ცოლსა და სიდედრზე.