ნინო ბურჯანაძე და ანზორ ბიწაძე 3 დეკემბერს გამთენიისას მოსკოვში გაემგზავრნენ. როგორც პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ვიზიტი თვე-ნახევრის წინ დაიგეგმა და მის ფარგლებში ნინო ბურჯანაძე მოსკოვში შეხვდება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს, შეხვედრების თემა კი რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მოწესრიგების პერსპექტივები და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი იქნება.
„ნინო ბურჯანაძე აუცილებლად მწვავედ დააყენებს საკითხს საზღვრისპირა სოფლებიდან ადამიანების გატაცებასთან დაკავშირებით“, - ამბობენ პარტიის პრესსამსახურში, სადაც განმარტავენ იმასაც, რომ ნინო ბურჯანაძეს არ მოსწონს რუსეთთან პირისპირ დიალოგის არქონის რეჟიმი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს.
კითხვაზე, თუ რა სტატუსით გაემგზავრა ნინო ბურჯანაძე რუსეთში საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დალაგებაზე შეხვედრების გასამართად, პარტიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ „ნინო ბურჯანაძის სტატუსი არის საქართველოს პრეზიდენტობის მოვალეობის ორჯერ შემსრულებელი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ასე რომ, ის, რომ დღეს პარლამენტში არ ზის და ხელისუფლებაში არ არის, ეს არაფერს არ წყვეტს. მას საკმაოდ დიდი რეგალიები აქვს საიმისოდ, რომ ნებისმიერ ქვეყანაში შეხვდეს პოლიტიკურ წრეებს“.
ნინო ბურჯანაძისა და ანზორ ბიწაძის რუსეთში ვიზიტი კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
Ნინო ბურჯანაძე მოსკოვს სისტემატიურად სტუმრობს.
2017 წლის ნოემბერში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა რუსულ სატელევიზიო შოუებში მონაწილეობის მისაღებად.
2015 წლის ივლისში რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, სერგეი ნარიშკინის მიწვევით გაემგზავრა და მონაწილეობა მიიღო რუსეთის დუმისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში თემაზე “მსოფლიოს და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები 21-ე საუკუნეში”.
2010 წლის დეკემბერში ზურაბ ნოღაიდელთან ერთად დაესწრო ქუთაისში პარლამენტის მშენებლობისთვის აფეთქებული მემორიალის ანალოგის გახსნის ცერემონიალს, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინიც მონაწილეობდა.