სამასამდე კაცი: მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები ილია ჭავჭავაძის მუზეუმის წინ შეიკრიბნენ და რუსთაველისკენ დაიძრნენ.
„ილია ჭავჭავაძის გზას ღალატობს ეს ხელისუფლება და ამიტომ დავიწყეთ მსვლელობა მისი მუზეუმიდან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დეა მეტრეველმა, წიგნის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა.
1937 წლის 16 დეკემბერს დახვრიტეს პოეტი ტიციან ტაბიძე. ისიც და სხვა რეპრესირებული მწერლებიც აქციაზე ბევრჯერ ახსენეს.
ის, რომ ხელისუფლების საქციელი 1937 წლის რეპრესიებს ჰგავს, ამას მწერლები უკვე წლებია ლაპარაკობენ, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა და მწერლების დიდმა ნაწილმა მას ბოიკოტი გამოუცხადა.
დღეს სახელოვნებო სფეროსთან ერთად პოლიტიკური გეზის ცვლილებასა და ადამიანის უფლებების დარღვევას აპროტესტებენ IT-სპეციალისტები, ფსიქოლოგები და უბრალოდ ბებია-ბაბუებიც კი.
„ამ დღეებში ისეთი მარშები და ისეთი ხალხი ვნახეთ გარეთ გამოსული, რომ მათ უკან ვერ შეაბრუნებ“, - ამბობს „პენცენტრის“ პრეზიდენტი ხათუნა ცხადაძე.
„რამდენადაც დამთრგუნველი და შემზარავია ეს მდგომარეობა, იმდენად ამაღელვებელი და გულისამაჩუყებელიც. პრაქტიკულად არ დარჩა არცერთი პროფესია, რომლის წარმომადგენელმა ხმამაღალი პროტესტი არ გამოხატა საუკუნის იმ მავნებლობის წინააღმდეგ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური რეჟიმი, უკვე დიქტატურად ჩამოყალიბებული, აკეთებს.
ამ პროტესტის გადატეხვა არის შეუძლებელი. თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რანაირად უნდა გადატეხოს ეს პროტესტი რაგინდარა დიქტატურამ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პოეტმა პაატა შამუგიამ.
აქციის მონაწილეს ოლიკო ცისკარიშვილს პატარა გამომცემლობა აქვს, ასეთივე სახელით „ჩემი გამომცემლობა“. აქციაზე გამოვიდა, რადგან ფიქრობს, რომ თუ სიტყვის თავისუფლება არ იქნა, ვერც გამომცემლობა იმუშავებს. „კატასტროფა ხდება ქვეყანაში“, - ამბობს ის.
მთარგმნელი ლელა ფიროსმანიშვილი ამბობს, რომ საქართველო ყოველთვის იყო ევროპული კულტურის ნაწილი და დღესაც იმ სივრცეში დაბრუნება უნდა, რასაც ევროპა, ევროპული იდეა ჰქვია.
„ოშკი რომ ვნახე, მაშინ გავიაზრე რატომ გვინდოდა მუდმივად ევროპისკენ, რატომ ვწვალობდით ამდენს, ამდენს რატომ ვიტანჯებოდით. ახლა გვაქვს შანსი დავუბრუნდეთ იმ ადგილას, რომლისთვისაც ამდენი ხანი გვიბრძოლია“, - თქვა მან.
რეჟისორი გიორგი სავანელი მიიჩნევს, რომ ახლა რუსეთი უკვე მეოთხედ ცდილობს საქართველოს დაპყრობას.
„ქართული მწერლობა, ის ადამიანები, რომლებმაც ქართული კულტურა შექმნეს, ყოველთვის სწორ მხარეს იდგნენ. ახლაც ქართული მწერლობა არ ეპუება რუსიფიკაციას, რომელიც ჩვენი 230-წლიანი ისტორიის განმავლობაში უკვე მეოთხედ მოგვადგა კარს“.
თბილისსა და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების“ მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
ფორუმი