Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშვიდობიანი ქალაქის სანოვაგით აფხაზეთის ომში


ლია ხარაბაძე მეომრებთან ერთად
ლია ხარაბაძე მეომრებთან ერთად

ლია ხარაბაძე, რომელიც ქუთაისში 90-იან წლებში გამომავალი ერთადერთი გაზეთის, „ქუთაისის“ შტატგარეშე კორესპონდენტი და პათოლოგიური ანატომიის ცენტრის თანამშრომელი იყო, აფხაზეთის ომში მამისა და ძმისგან მალულად წავიდა. როგორც იხსენებს, 1993 წლის 13 იანვარს, როცა მამა სოფელში გაემგზავრა, სახლი ჩუმად დატოვა, რადგან ზუსტად იცოდა, რომ ოჯახის წევრები სოხუმში არ გაუშვებდნენ. 27 წლის ქალმა აფხაზეთში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქუთაისის საავადმყოფოში გადმოყვანილი მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცისა და დაღუპული ჯარიკაცის ძმის შეხვედრის მომსწრე გახდა:

გადმოწერა

„საავადმყოფოს პალატაში ისინი გადაეხვივნენ ერთმანეთს, მოიკითხეს ერთმანეთი და მხოლოდ 10 წუთის შემდეგ ერთმა ჰკითხა მეორეს, „შენ რა გქვია, ძმაოო“. ამის შემდეგ მივხვდი, რომ ისინი ერთმანეთს არც იცნობდნენ, მე კი ახლობლები მეგონენ. ასეთი დამოკიდებულებები სჩვევია ომს. როგორც არ უნდა მოინდომო, მშვიდობიან პერიოდში ამას ვერსად ვერ ნახავ, ვერ განიცდი, ვერ იგრძნობ. იმ დღეს საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ უნდა წავსულიყავი აფხაზეთის ომში“.

ლია ხარაბაძე
ლია ხარაბაძე

ლია ხარაბაძე ამბობს, რომ 1993 წლის 13 იანვრის შემდეგ აფხაზეთში კიდევ ოთხჯერ გაიპარა და სოხუმში დისლოცირებული 23-ე ბრიგადის პირველ ბატალიონთან ერთად სულ 36 დღე გაატარა. ჟურნალისტი ჰყვება, რომ სოხუმის დატოვება ორჯერ იძულებით მოუწია უახლოესი ნათესავების გარდაცვალების გამო. ორივე ომის მსხვერპლი იყო. უკან დაბრუნებულს კი ჯარისკაცებისთვის მათივე ნაჩუქარი ზურგჩანთით ჩაჰქონდა სურსათი, წამლები და ტანსაცმელი:

„ვცდილობდი ჩამეტანა მშვიდობიანი ქალაქის ადამიანური სითბო. სხვა ვერაფერი ვერ შევძელი იმ ბიჭებისთვის. იყო ხოლმე შემთხვევა, როცა გამაყუჩებელს ჩემი ფულით ვყიდულობდი და მიმქონდა, ჩემი მეგობრები, კოლექტივი გვერდით მედგა - ვისაც რა შეეძლო, ის მოჰქონდა, როცა გაიგებდნენ, რომ მე აფხაზეთში მივდიოდი და ბიჭების ნაჩუქარი საბრძოლო ზურგჩანთას გავავსებდი, ჩავიდოდი და სანოვაგე ჩამქონდა“.

მივლინების ფურცელი
მივლინების ფურცელი

ლია ხარაბაძე ამბობს, რომ აფხაზეთში შეტაკებებსა და დაბომბვას რამდენჯერმე გადაურჩა ჯარისკაცების მზრუნველობითა და თანადგომით. ომის დროს მომზადებულ პირველ საგაზეთო პუბლიკაციაში ჰონორარად ერთ მანეთზე ოდნავ მეტი აიღო. ბოლოს ქუთაისში 1993 წლის ივლისში დაბრუნდა ომში დაღუპული ახლო ნათესავის დაკრძალვის გამო და უკან დაბრუნება უფულობის გამო ვეღარ შეძლო. სექტემბრის დასაწყისში კი, როცა ქუთაისის მერიასთან მებრძოლები იკრიბებოდნენ და შემდეგ კოპიტნარის აეროპორტიდან სოხუმში მიფრინავდნენ, არავინ წაიყვანა, რადგან ჟურნალისტზე და თან ქალზე პასუხისმგებლობა ვერავინ აიღო. თუმცა ლია ხარაბაძეს ომის თემაზე წერა არ შეუწყვეტია, პირადი კონტაქტებით ეძებდა აფხაზეთიდან წამოსულ სამოქალაქო პირებს და ჯარისკაცებს და მათთან ინტერვიუებს ამზადებდა. ლია ამბობს, რომ ბევრი ფაქტი, რომელზეც ინფორმაცია ჰქონდა, გაუმხელელი დარჩა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჟურნალისტური ეთიკა, ფაქტობრივად, არ არსებობდა, გამოქვეყნების საშუალება ადამიანურმა მორალმა არ მისცა. იმასაც იხსენებს, რომ 90-იან წლებში ჟურნალისტებს არ ჰქონდათ საჭირო ცოდნა საომარ მდგომარეობაში მუშაობისთვის:

„ე. წ. სამხედრო ჟურნალისტური ნათლობა ყველამ მივიღეთ ფრონტის ხაზზე. მაშინ არც ჟურნალისტურ ეთიკას ვიცნობდი და არც მის ნორმებზე მქონდა წარმოდგენა. დღევანდელი გადასახედიდან რომ ვაკვირდები, ომის დროს არის დეტალები, რისი გამჟღავნებაც არ შეიძლება, რათა ვინმე ზედმეტად არ დაზარალდეს“.

ლია ხარაბაძე ამბობს, რომ ყველა მოგონება ინახება მის დღიურებში, რომელიც პირველად მხოლოდ სამი წლის წინ გადაიკითხა. შემორჩა რამდენიმე ფოტოც. ომის დღეების სიმძიმიდან გამომდინარე, ცდილობს სოხუმში ნანახსა და განცდილზე იშვიათად ილაპარაკოს. ჟურნალისტის თქმით, აფხაზეთის ომის დროს მაშინდელმა ხელისუფლებამ კარგად იცოდა, თუ ვინ ეომებოდა საქართველოს, თუმცა ამის აღიარება უჭირდა ან ეშინოდა.

XS
SM
MD
LG