Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მუქარის წერილი“ - გავიგეთ რამე?


ისედაც ბევრი კითხვა კიდევ უფრო გამრავლდა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ გამოაქვეყნა „თიბისი“ ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ მათთვის გადაცემული ე.წ. მუქარის წერილის ასლი, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, შს მინისტრმა შუამავლის ხელით გაუგზავნა.

დოკუმენტში, რომელსაც პროკურატურა აქვეყნებს, არ ჩანს არც ადრესატის და არც ხელმომწერის ვინაობა. არ ჩანს არც წერილის დაწერის თარიღი. არსად არის მითითებული გვერდების რაოდენობა.

მნიშვნელოვანი კითხვები, რომლებისთვისაც პასუხი უნდა გაეცა წერილის ასლის გამოქვეყნებას:

  • კონკრეტულად ვინ არის წერილის ადრესატი;
  • ჩანს თუ არა, რომ წერილი გიორგი გახარიას დავალებით არის დაწერილი;
  • წერილის ამონარიდის რა ნაწილში იკითხება მუქარა;
  • რა აქცევს ამ წერილს მტკიცებულებად.

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა უჭირთ რესპონდენტებს, რადგან მათი თქმით, ორივე მხარე, მამუკა ხაზარაძეცა და პროკურატურაც, ინფორმაციას წერილის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ ფრაგმენტულად იძლევა. ეს კი კიდევ უფრო მეტ დაბნეულობას იწევს საზოგადოებაში.

სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ წერილის ამონარიდის გამოქვეყნების შემდეგ, ისევ ბურუსითაა მოცული მისი შინაარსი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, სულხას სალაძისთვის:

„არც ხელმოწერა, არც რაიმე დამადასტურებელი ნიშანი წერილს არ ახლავს. სიღრმისეული ლაპარაკი წერილის შინაარსსა და მიზანზე რთულია, სანამ არ გვეცოდინება ეს ნამდვილად ის დოკუმენტია, რაზეც მამუკა ხაზარაძე ლაპარაკობს, თუ არა. მაგრამ თუკი ნამდვილად არსებობს ასეთი მუქარის წერილი, მაშინ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ამონარიდის მიხედვით, ეს უკვე სცილდება მხოლოდ „თიბისის“ საქმეს, გადადის მედიის დამოუკიდებლობის საფრთხის ნაწილზე და გაცილებით შორსმიმავალ გეგმას უკავშირდება“.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ამონარიდის მიხედვით, მ.ხ - მ (სავარაუდოდ, მამუკა ხაზარაძე, ავტ.), „ყველანაირი წინაპირობის გარეშე“ უნდა შეასრულოს სამი პირობა:

  • უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე. გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან)
  • მ.ხ-მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი).
  • "არტარეას" უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი.

„ამ წერილიდან კარგად ჩანს, რომ კრიტიკული მედია და ტელევიზიები ხელისუფლებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“, - ასე გაშიფრა პროკურატურის მიერ გასაჯაროებული წერილის შინაარსი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

მისი თქმით, თუკი დადასტურდა, რომ წერილი ავთენტურია, ეს უნდა გახდეს განგაშის ზარების ატეხვის საბაბი: „წერილში მედიის თავისუფლებაზეა ლაპარაკი. და ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. ამ წერილიდან ჩანს ის განწყობები, რაც ხელისუფლებას ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ. ეს წერილი კიდევ ერთი საფუძველია იმისა, რომ დავფიქრდეთ, საით მივდივართ“.

ეკა გიგაური ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ პროკურატურა არ არის სიმართლის დადგენის მხარეს და მისი თქმით, როგორც ჩანს, უწყება ცდილობს, რომ ეს საქმე მიჩქმალოს.

მიუხედავად ამისა, ეკა გიგაურის თქმით, სავარაუდოდ, საზოგადოება სულ მალე კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მომსწრე გახდება და ამ საქმის მიჩქმალვა პროკურატურისთვის მარტივი ბარიერი არ იქნება.

ეკა გიგაურისთვის განსაკუთრებით ყურადსაღებია პროკურატურის ის განცხადება, რომლის მიხედვითაც, „გამოძიება ამ ეტაპზე მოკლებულია მამუკა ხაზარაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და მისი უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას, რადგან ვერც დოკუმენტის ავთენტურობის დადგენის მიზნით მოახდენს ექსპერტული კვლევის ინიცირებას, რადგან სახეზე მხოლოდ ე.წ. დოკუმენტის ასლია და ვერც ე.წ. შუამავალს დაკითხავს, მოწმე ხაზარაძის მიერ მისი ვინაობის გაუმჟღავნებლობის გამო". ეკა გიგაურისთვის ეს განცხადება, ფაქტობრივად, გამოძიების შეწყვეტის წინაპირობაა:

„ამ საქმეში მხოლოდ ერთი მოწმის დაკითხვის შემდეგ მსგავსი განცხადების გაკეთება, შეცდომაა. საგამოძიებო ორგანო იმიტომაა საგამოძიებო ორგანო, რომ ყველა გარემოება გამოიძიოს, დაიკითხოს ყველა მონაწილე. როდესაც მოქალაქეები სავარაუდო დანაშაულზე საუბრობენ, ისინი პროკურატურაში გამოძიებულ საქმეს ვერ მიიტანენ, საქმე პროკურატურამ უნდა გამოიძიოს“.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, წერილის დედანი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, როგორც კი იქნება ექსპერტიზის დასკვნა, მას გამოძიებას წარვუდგენთ:

„ხაზარაძემ გამოძიებას დაუსახელა ის პირები, ვისთანაც ამ წერილზე ისაუბრა იანვარში, მათ შორის ელჩები და ბიზნესმენები. მან დაასახელა ის ორი პირი, ვისაც იმ საღამოსვე ესაუბრა, როცა წერილი მიიღო და ჩემთვის ცოტა გაუგებარია გამოძიების ასე ერთ დღეში შეწყვეტა“.

რაც შეეხება წერილის შინაარსის გასაჯაროებას, ზვიად კორძაძე მიიჩნევს, რომ „ფაქტი დადებითია, ვინაიდან საზოგადოება გაეცნობა, თუ რა წერია იქ“.

XS
SM
MD
LG