Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქალაქის ძალაუფლება


ზოგი იმაზე მეტს შფოთავს საარჩევნოდ, ვიდრე საჭიროა, სინამდვილეში კი მარტივი შეკითხვა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს: მოგვწონს არსებული ხელისუფლება? გვინდა, რომ კიდევ 4 წლით ჩავაბაროთ ჩვენი პოლიტიკური (თუ ისტორიული) ბედი? ხომ არ ვფიქრობთ, რომ 8 წელიწადი სრულიად საკმარისია ერთი, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ წარმატებული პარტიისთვის, რომ ეს ქვეყანა მართოს?

შესაძლოა 8 წელიწადი არაფერია ისტორიისთვის, მაგრამ მგონი საკმაოდ ბევრია ერთი ცხოვრებისთვის, რომ ამ ცალსახად გამოფიტულ და აგრესიულად მოსაწყენ პოლიტ-ჯგუფს (თუ რაც არის) კიდევ 4 წლით ვანდოთ ქვეყანა.

სულ რომ იდეალური იყოს ვინმე, ისიც კი მოგყირჭდება (და უნდა მოგყირჭდეს კიდეც) დემოკრატიის პირობებში, 8 წლის მანძილზე...

დემოკრატიის ხიბლიც ხომ სწორედ ესაა: პოლიტიკა ციკლურია და ოთხ-ხუთ ან რვა-ათ წელიწადში ერთხელ ყველა და ყველაფერი ცვლილებას უნდა დაექვემდებაროს, რადგან ცვლილება ახალი ენერგიისა და მოტივაციის გაჩენას გულისხმობს. ამით სჯობია დემოკრატია ავტოკრატიას, სადაც სახელმწიფოს და მოქალაქეებს ყოველთვის რჩებათ ახლებური გამოსავლის - ახალი სუნთქვის - შესაძლებლობა.

დემოკრატიაში სამუდამო მხოლოდ დემოკრატია უნდა იყოს და სხვა არაფერი.

შეუცვლელობა გხუთავს და გაშეშებს (იხ. ლუკაშენკას ბელარუსი, ან პუტინის რუსეთი), ხოლო დემოკრატია - ამოსუნთქვის და მოძრაობის საშუალებას გაძლევს.

ზოგი გონებაში ისეთ რთულ კონსტრუქციებს აგებს საარჩევნოდ, რომ გეგონება რაიმე კოსმოსურ-ფატალისტური გადაწყვეტილება ჰქონდეს მისაღები: ამ დროს, ამდენი დაძაბულობა და გართულება სულაც არ არის საჭირო, როცა ისღა გვევალება, რომ მხოლოდ 4 წლით განვსაზღვროთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ბედი! გინდათ ისევ ეს ვადაგასული ხალხი? - გყავდეთ! გინდათ რაღაც ახალი ან ახლებური (მაგალითად, ჭრელი პარლამენტი, კოალიციური მთავრობა და ა. შ.), - მაშინ სხვას მიეცით ხმა! 4 წელზეა ლაპარაკი და არა 4 ათასწლეულზე (ზოგიერთის სურვილის მიუხედავად).

არჩევნების დღეს მოქალაქე ფლობს აბსოლუტურ ძალაუფლებას, ამ დღეს ისაა ქვეყნის მმართველი და არა რომელიმე პოლიტიკოსი ან თუნდაც მთავრობა, არჩევნების დღეს მოქალაქე მართავს პოლიტიკურ პროცესს, შესაბამისად, მოქალაქე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს იმ ძალაუფლებას, რომელიც მას ამ დღეს მიეცა - მივიდეს საარჩევნო ყუთთან და შეძლებისდაგვარად რაციონალური (და შეძლებისდაგვარად არაირაციონალური), გონიერი მმართველისთვის დამახასიათებელი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება.

ძველი ბერძნები აპოლიტიკურ ადამიანებს, არც მეტი, არც ნაკლები, იდიოტებს უწოდებდნენ, რადგან ის, ვინც გულგრილად და უპასუხისმგებლოდ ეკიდება თავის სამოქალაქო ვალდებულებას, ისტორიული იდიოტიზმისთვის იყო და არის განწირული.

ერთხელ - 70 წლის განმავლობაში - ჩვენ უკვე გვაქციეს "პოლიტიკურ იდიოტებად", როცა საბჭოთა კავშირმა არჩევანის უფლება წაართვა მოქალაქეს და ამ მხრივ კარგა ხანს მოგვიჩლუნგა ხელისუფლებაზე ზემოქმედების ჩვევა, რადგან ვინ ან რა უნდა აგერჩია, როცა ერთი პარტიის (კომუნისტური პარტიის) გარდა სხვა პარტია არც არსებობდა, ანკი საერთოდ ვინ მისცემდა მოქალაქეს რაიმეს არჩევის უფლებას, როცა ის დიქტატურის ძალაუფლების მექანიკურ, გულგრილ და დადუმებულ ინსტრუმენტად იყო ქცეული.

კიდევ კარგი, ეს დრო ახლა წარსულშია შთენილი და დღეს არათუ ერთი, არამედ არაერთი არჩევანი არსებობს, ახლა ჩვენ კი არ ვართ ვინმეს ინსტრუმენტი, არამედ დემოკრატია გვაქვს ინსტრუმენტად, რითაც გავლენას ვახდენთ ისტორიულ პროცესზე, და მით უფრო გაუგებარია, როცა ამ პირობებში ვიღაცა ნებაყოფლობით ირჩევს პოლიტიკური იდიოტის როლს - "არ ვიცი, რა ვქნა", "არ წავალ", "მეშინია", "არ მეხება", "მეუხერხულება", "ყველას გადავხაზავ" და ა. შ.

რაც შეეხება ხელისუფლებას: ისტორია იმასაც გვასწავლის, რომ სწორედ ის ინარჩუნებს პოლიტიკურ სიცოცხლეს, ვინც ტანჯვის და ძალადობის გარეშე ეგუება ახლებურ პირობებს - ძალაუფლების შეზღუდვას, გადანაწილებას თუ საერთოდ დაკარგვას. ის კი, ვინც ნებისმიერ ფასად ეპოტინება სავარძელს, როგორც წესი, საკუთარ თავსავე უსპობს სამომავლო პოლიტიკურ პროცესში ცივილიზებული მონაწილეობის შესაძლებლობას. ამიტომაც ეშინიათ დიქტატორებს ძალაუფლების დაკარგვის, რადგან მათთვის ეს არა პოლიტიკური, არამედ ეგზისტენციალური მდგომარეობაა, ყოფნა-არყოფნის, რასაც სრულად გამორიცხავს დემოკრატია, რადგან დემოკრატია დამარცხებულსაც უტოვებს პოლიტიკური განვითარების შანსს.

ძალაუფლების შემცირების ან საერთოდ დაკარგვის გონიერ აღიარებაში სამომავლო პოლიტიკური არსებობის პოტენცია ძევს.

არჩევნების დღეს მოქალაქე პოლიტიკურ პროცესს ირჩევს, მმართველი - სასამართლო პროცესს, ოღონდ ისტორიულს ამ შემთხვევაში, სადაც მის ქცევაზე იქნება დამოკიდებული, როგორ განაჩენს გამოუტანს მას მომავალი, როგორ შერჩება ის ისტორიას: სამარცხვინოდ თუ ღირსეულად.

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG