Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

$70 მლნ „კრიპტოვალუტის პირამიდაში“ - ვინ გადასცა საქართველომ აშშ-ს


როგორ აღმოჩნდა სერბეთის მოქალაქე ბათუმში, იქიდან კი ამერიკულ ციხეში
როგორ აღმოჩნდა სერბეთის მოქალაქე ბათუმში, იქიდან კი ამერიკულ ციხეში

ამერიკელების მოთხოვნით სერბებმა ჯერ კიდევ 2020 წელს დააკავეს კრისტიან კრსტიჩი და მისი ცოლი, ქსენია კრსტიჩი, რომლებსაც აშშ-ში 70 მლნ აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტების თაღლითურად მოპოვებას ედავებიან.

ქმარი მომდევნო წელს, ცოლი კი უფრო ადრე წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს და პოლიციაში ყოველკვირეულად გამოცხადება დაავალეს. ამის შემდეგ ისინი მალევე გაიქცნენ ქვეყნიდან.

2022 წლის ბოლოს საქართველოში აღმოჩნდენ - კრისტიან კრსტიჩი აქ ბიზნესპარტნიორებთან ერთად ახალი საქმის დაწყებას გეგმავდა.

კრისტიანი 2023 წლის თებერვლის ბოლოს უკვე ბათუმში დააკავეს - მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იყო ძებნა გამოცხადებული.

ქსენია კრსტიჩი, ადვოკატის თანახმად, ამავე წლის აგვისტოში, ასევე ბათუმში „გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა“.

ერთი კვირის წინ საქართველოს ხელისუფლებამ კრისტიან კრსტიჩი შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს გადასცა. მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

აქ მის ამბავს მოგითხრობთ.

„კარგი ინვესტიცია“

ამერიკელ სამხედროს, კარმელიტა როკეს 2015 წელს მეგობარმა ურჩია, დანაზოგი კომპანია Options Rider-ში („რაიდერში“) დაებანდებინა, - კარგი ინვესტიცია იქნებაო.

როკემ იცოდა, რომ ფირმაში თანხა ავსტრალიური ბანკების გავლით უნდა გადაერიცხა და მხოლოდ ეს მწირი ინფორმაციაც კი, ავსტრალიური საბანკო სექტორის მაღალი რეპუტაციის გამო, საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, რომ „რაიდერს“ მინდობოდა.

ასეც მოიქცა. ათასობით დოლარი გადარიცხა კომპანიის ანგარიშზე.

თავიდან კმაყოფილი იყო - „რაიდერის“ ონლაინპლატფორმაზე ხედავდა, რომ მისი დანაზოგი 100 000 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

მოულოდნელად საიტი გაჩერდა.

„რაიდერი“ ხაფანგი აღმოჩნდა - ფინანსური პირამიდა, სქემა, რომელიც მთელი მსოფლიოდან ყოველწლიურად მილიონობით დოლარს იპარავდა - როგორც მოგვიანებით გაირკვევა, 6 წლის განმავლობაში.

ასეთია ავსტრალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ABC-ის) 2020 წლის ჟურნალისტური გამოძიების დასაწყისი.

„ჩვეულებრივი ფინანსური პირამიდა იყო. ვერ ვიპოვეთ ვერაფერი, რაც დაგვარწმუნებდა, რომ კომპანია რაიმეთი ვაჭრობდა. "მოგვეცით თქვენი ფული", - ეს იყო და ეს. თანხებს მსხვერპლებისგან აგროვებდნენ და ოფშორულ ზონებში გზავნიდნენ“, - უთხრა მაუწყებელს ავსტრალიის ფედერალური პოლიციის (AFP) გამომძიებელმა, მეტ ოლივიერომ.

მაგრამ, ABC-ის თანახმად, სანამ ავსტრალიური პოლიცია ბრალის წაყენებას მოასწრებდა, ამ სქემის უკან მდგარი დანაშაულებრივი სინდიკატის ლიდერი, კრისტიან კრსტიჩი, ავსტრალიიდან გაიქცა.

იგი 2020 წელს სერბეთში დააკავეს.

ბრალდება და დაკავება

როგორც აღმოჩნდა, ავსტრალიაში თაღლითობა არ იყო კრსტიჩისთვის წაყენებული ერთადერთი ბრალდება.

2020 წლის მარტში შეერთებულ შტატებში, ტეხასის სასამართლომ 10-ზე მეტ ადამიანს შეუფარდა პატიმრობა კრიპტოვალუტებისა და „ბინარული ოპციების“ პირამიდის სქემების ორგანიზების გამო. სქემებს შორის Options Rider-იც მოხვდა.

ბრალდებულებს შორის ფიგურირებდა სერბეთის მოქალაქე, კრისტიან კრსტიჩი.

ამერიკული სამართალდამცავების თანახმად, „კრსტიჩმა დააფუძნა ორი საინვესტიციო პლატფორმა, რამაც მას შესაძლებლობა მისცა, $7 მილიონი მოეპარა ინვესტორებისათვის“.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, ინვესტორების თანხა არსად დაუბანდებიათ და ფილიპინებში გახსნილი საბანკო ანგარიშისა და კრიპტოვალუტის „საფულის“ გამოყენებით გაათეთრეს - რის შემდეგაც მილიონები კრსტიჩის ხელში აღმოჩნდა.

კრსტიჩმა ინვესტორებს მისწერა, რომ კომპანია რუსმა „ვენჩურულმა კაპიტალისტებმა“ შეისყიდეს და მათთან მიმოწერა შეწყვიტა.

2020 წლის ივლისში სერბეთის პოლიციამ ამ საქმეზე 11 ადამიანი დააკავა - მათ შორის კრსტიჩი და მისი ცოლი, ქსენია ფეი ატილანო კრსტიჩი.

სასამართლომ ყველა მათგანს პატიმრობა შეუფარდა. იმავე წლის ოქტომბერში კალიფორნიაში დააკავეს მათი თანამოაზრე, ჰაოია მიაო.

გაქცევა

დაახლოებით ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ, კრისტიან კრსტიჩი პატიმრობიდან გაათავისუფლეს - სამართალდამცავებს, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე მისი პატიმრობაში ერთ წელზე მეტხანს დაყოვნების უფლება არ ჰქონდათ.

მისი ცოლი ფეხმძიმობის გამო 2020 წელსვე ჰყავდათ გათავისუფლებული პატიმრობიდან.

ორივეს აუკრძალეს ქვეყნის დატოვება და ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს პოლიციაში გამოცხადება დაავალეს.

რადიო თავისუფლების სერბული სამსახურის ცნობით, ისინი სერბეთის პოლიციაში ბოლოს 2021 წლის 5 აგვისტოს გამოცხადდნენ. მას შემდეგ სერბ სამართალდამცავებს მათი ავანჩავანი არ გაუგიათ. მათთან ერთად გაქრა კიდევ ერთი ბრალდებული, მარკო პავლოვიჩი.

იმ დროისათვის შეერთებული შტატების მთავრობა უკვე ითხოვდა დაკავებულების ექსტრადიციას. ეს პროცესი ახლოვდებოდა - 2021 წლის 5 სექტემბერს შეერთებული შტატების საელჩომ სერბეთში განაცხადა, რომ ამ საქმეზე ერთი პირის, ანტონიე სტოილკოვიჩის ექსტრადიცია განხორციელდა.

კრსტიჩები, ექსტრადიციის შიშით, სერბეთიდან გაიქცნენ. ახლა კი გაირკვა, რომ 2022 წელს, სააპელაციო სასამართლომ იქ ექსტრადიციის პროცედურა შეაჩერა.

რადიო თავისუფლების სერბული სამსახურის კითხვაზე პასუხად ბელგრადის სააპელაციო სასამართლომ 7 ნოემბერს მოიწერა, რომ სასამართლოს ჩანაწერების გადამოწმების შედეგად დადგინდა:

  • „2022 წლის 28 სექტემბერს სააპელაციო სასამართლომ გამოსცა გადაწყვეტილება, რომლითაც მან შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და უარი განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კრისტიან კრსტიჩის ექსტრადიციის შესახებ“;
  • „სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ექსტრადიციის პირობების შესრულება შეუძლებელია დადგენილი ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, რადგან მოწოდებული ინფორმაცია არ იძლევა საკმარის საფუძველს იმის დასადგენად, რომ პირმა, რომლის ექსტრადიციასაც ითხოვენ, ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული.“

2022 წლის აგვისტოში ონლაინპლატფორმა BMLM-მა, - რომელიც ამ საქმეს ადევნებს თვალს, - ივარაუდა, რომ კრსტიჩები ფილიპინებში იმალებოდნენ.

ვარაუდის საფუძველს, პლატფორმის განმარტებით, კრისტიანის ცოლისდის მიერ ფეისბუკსა და ინსტაგრამზე წყვილის შვილებთან ერთად გამოქვეყნებული ფოტოები იძლეოდა. ახლა ეს ანგარიშები წაშლილია.

ამავე წყაროს თანახმად, წყვილს 2019 წელს ფილიპინების ქალაქ ტაგიგში აპარტამენტი ჰქონდა შესყიდული.

მათი საქმის ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი რადიო თავისუფლებას უამბობს, რომ 2020-22 წლების განმავლობაში კრსტიჩები ევროპასა და თურქეთში ცხოვრობდნენ.

კრსტიჩი საქართველოში - ვინ იყვნენ მისი ბიზნესპარტნიორები?

48 წლის კრისტიან კრსტიჩი, ადვოკატის თანახმად, 2022 წლის დასასრულს ჩამოვიდა საქართველოში, - როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, ის ბიზნესპარტნიორებთან ერთად ახალი ბიზნესის დაწყებას გეგმავდა.

საქართველო კრიპტოვალუტების რეგულირების თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე თავისუფალ და პერსპექტიულ ბაზრად მიიჩნევა.

  • საქართველოში ფუნქციონირებს კომპანია „ბიტფურის“ კრიპტოვალუტების გამომმუშავებელი ცენტრები, რაც სახელმწიფოს ხელშეწყობით აშენდა;
  • ამ საქმის უკან ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი დგას;
  • ივანიშვილი ახლა თავის ყოფილ მრჩეველს, გიორგი ბაჩიაშვილს ბიტკოინებზე თაღლითობას ედავება, - სწორედ ამ საქმიდან გახდა ცნობილი ივანიშვილის კავშირის დეტალები ბიტკოინების ბიზნესთან.

კრიპტობაზრის განვითარებასთან ერთად, კრიპტოვალუტებით თაღლითობის რისკებიც იზრდება. ბოლო წლებია, ქვეყნის სახელი ხშირად ხვდება ასეთ საქმეებში.

საქართველოში ცხოვრობდა ლადო (ვლადიმერ) ოხოტნიკოვიც, - ყაზახეთში დაბადებული რუსეთის მოქალაქე, - რომელსაც 2022 წელს შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC-მა) $300-მილიონიანი კრიპტოპირამიდის შექმნის, თაღლითურად ამუშავებისა და მისი მუშაობის ხელშეწყობის ბრალი წაუყენა და მასზე ძებნა გამოაცხადა.

ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი, რომელიც კრისტიან კრსტიჩის ინტერესებს იცავს, არ ამხელს, ვინ იყვნენ მისი კლიენტის ბიზნესპარტნიორები: „სამწუხაროდ, არ მაქვს უფლება, გავაჟღერო“, - გვეუბნება ის.

არც იმას აზუსტებს, კრსტიჩი მასთან ვინ დააკავშირა, თუმცა განმარტავს, ჩვენი კომპანია, „კონდახიშვილი და მგელაძე“ (K&M Legal Company) საექსტრადიციო საქმეებშია სპეციალიზებული, ალბათ, მოიკითხეს, ვინ იყო კომპეტენტური და ამიტომ დაგვიკავშირდნენო.

როგორ შემოვიდა და როგორ დააკავეს?

ადვოკატთან საუბრითა და პროკურატურის მასალების შედარებით, რადიო თავისუფლება, გაარკვია რომ:

  • კრსტიჩმა 2022 წლის ბოლოს საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა სერბული პასპორტით, რომელიც სერბეთში გათავისუფლების შემდეგ მისთვის არ ჩამოურთმევიათ, იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის დატოვება აუკრძალეს;
  • ამერიკული მხარისთვის ცნობილი გახდა, რომ ის საქართველოში იმყოფებოდა, რის შემდეგაც საქართველოსთან გააფორმეს ინდივიდუალური ხელშეკრულება კრსტიჩის ექსტრადიციაზე; აშშ-სთან საქართველოს ექსტრადიიციის ხელშეკრულება არ აქვს.
  • შსს-მ კრსტიჩი 2023 წლის 3 თებერვალს ბათუმში დააკავა, როგორც წითელი ცირკულარით ძებნილი;
  • მას საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს;
  • დაკავებიდან 40 დღის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად მოითხოვა მისი ექსტრადიცია.

ოჯახი და ცოლის გარდაცვალება

ადვოკატის ცნობით, კრისტიან კრსტიჩს 7 შვილი ჰყავს - 4 არასრულწლოვანი, 3 სრულწლოვანი. ზოგიერთი მათგანი ავსტრალიაშია, ზოგი კი - ფილიპინებში.

გიორგი კონდახიშვილი გვეუბნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ცოლი, ქსენია ფეი ატილანო კრსტიჩი 2023 წლის 20 აგვისტოს გარდაიცვალა - „გაურკვეველ ვითარებაში და მიზეზი ვერავინ დაადგინა“.

დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხად ამბობს, რომ „რაც ინფორმაციაც გვაქვს, ის არის, რომ იგი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე სახლში [ბათუმში] გახდა ცუდად და გარდაიცვალა“.

იგი ფილიპინებში გადაასვენეს.

პროცედურები და არგუმენტები

საქართველოს პროკურატურა აშშ-ს სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კრსტიჩმა 20 თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმა შექმნა და ხელმძღვანელობდა „მასშტაბურ დანაშაულებრივ ორგანიზაციას“.

  • $70 მილიონი, პროკურატურის ცნობით, არის თანხა, რაც 6 წლის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასეულობით დაზარალებულის მოტყუების შედეგად დაგროვდა.
  • პროკურატურის ცნობითვე, ბრალდებული აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ „ტრანსნაციონალური ხასიათის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფულის გათეთრების განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის იძებნებოდა წითელი ცირკულარით“.
  • დაკავების შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს აშშ-ში ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართა. სასამართლომ ექსტრადიციას მწვანე შუქი აუნთო.
  • კრსტიჩმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა და მოითხოვა, რომ ექსტრადიცია დაუშვებლად ეცნოთ.

ადვოკატ კონდახიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამტკიცებდა, რომ ის უდანაშაულო იყო და მისი კომპანიები არ გამოიყენებოდა თაღლითობისათვის: „აცხადებდა, რომ მასთან მიმართებაში იყო საკმაოდ მაღალი ინტერესი, ვინაიდან იყო წარმატებული ამ სფეროში, შემოსავლიანი ბიზნესი ჰქონდა და ეს განაპირობებდა იმას, რომ მისი დევნა დაიწყეს“.

თუმცა, რახან საექსტრადიციო საქმეების განხილვისას საქართველოს სასამართლო ბრალდების განხილვაში არ შედის, ადვოკატის თქმით, დაცვის მხარის არგუმენტაცია ორ პუნქტს ეფუძნებოდა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებზე უთითებდა სასამართლოს.

მე-3 მუხლი „წამების აკრძალვაა“, მე-8 კი - პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება.

დაცვის მხარე მიუთითებდა, რომ „მას არ ჰქონდა ოჯახთან კომუნიკაციის შესაძლებლობა. ასევე, [შტატებში მოსალოდნელი სასჯელი] არათანაზომიერი იყო, არ იყო გამოკვეთილი ვადაზე ადრე გათავისუფლების თუ შეწყალების მექანიზმები“.

უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

კრსტიჩის დაკავებიდან რვა თვეში, 2023 წლის 11 ოქტომბერს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება და ხელი მოაწერა მის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციას.

ამის შემდეგ, 30 ოქტომბერს, ბრალდებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა აშშ-ის მარშალთა სამსახურს გადასცეს.

რა ელის კრსტიჩს?

შეერთებულ შტატებში მის წინააღმდეგ ორი საქმეა აღძრული - ტეხასსა და ნიუ-იორკში.

ექსტრადიციის შემდეგ, 3 ნოემბერს, იგი ტეხასის სასამართლოს წინაშე წარდგა, სადაც პირადად მოისმინა ბრალდება, უახლოეს მომავალში კი ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშეც მოუწევს წარდგენა და დამატებითი ბრალის მოსმენა.

ადვოკატი ამბობს, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს თანამშრომლობისა და მისგან ინფორმაციის მოპოვების სურვილი ჰქონდა, თუმცა კრსტიჩმა უარი განაცხადა, „რადგან ამბობდა, რომ იყო უკანონო დევნა“.

FBI-ს წარმომადგენლები ამბობენ, რომ აშშ-ის მოქალაქეებს გამდიდრებას დაჰპირდნენ, მაგრამ გააცურეს და ზარალი მიაყენეს კრიპტოპირამიდების მეშვეობით.

„ზოგიერთმა მსხვერპლმა მთელი თავისი დანაზოგი დაკარგა“ და ვერ მოახერხა ამით გამოწვეული ფინანსური პრობლემებიდან თავის დაღწევაო, განაცხადა საქმის მთავარმა გამომძიებელმა, ჩად იარბომ.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, კრსტიჩს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

XS
SM
MD
LG