თელავში მცხოვრებ 73 წლის მიხეილ ყარაულაშვილს, რომელიც ტიტების გაყიდვის დროს პოლიციამ 3000 ლარით დააჯარიმა, მისთვის უცნობი ადამიანები დაეხმარნენ და, როგორც სოციალური აქციის ორგანიზატორები ამბობენ, 10 000 ლარზე მეტი შეუგროვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მიხეილ ყარაულაშვილის დაჯარიმების ამბავზე რადიო თავისუფლებამ მასალა მოამზადა.
მეყვავილეს მოქალაქეებმა და კომპანიებმა იმაზე მეტი თანხა ჩაურიცხეს, ვიდრე ჯარიმის ოდენობაა. თავად მიხეილ ყარაულაშვილმა ჯერ არ იცის, რამდენი ლარია მის ანგარიშზე, თუმცა ამის გასაგებად ბანკში მისვლას აპირებს. ამბობს, რომ, თანხის ჩარიცხვის გარდა, უკავშირდებიან ადამიანები, რომლებიც, უბრალოდ, ამხნევებენ.
„ძალიან დიდი მადლობა ჩემს ქალაქს, თელავს და მთელ საქართველოს! სამი ტელეფონი გვაქვს ოჯახში და არც ერთი არ გაჩერებულა. ახლა ცუდად ვართ მე და ჩემი მეუღლე. კორონავირუსის გამო დღისით ქუჩაში გასვლის გვეშინია. მერე წავალ და ბანკომატში შევამოწმებ თანხის რაოდენობას“.
სამოქალაქო სოლოდარობის ფარგლებში მიხეილ ყარაულაშვილის დასახმარებლად სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ რამდენიმე ჯგუფმა იაქტიურა. ერთ-ერთი ასეთი მოძრაობა „სირცხვილია“-ს წევრი გიგა მაქარაშვილია. გიგა, მეყვავილის დაჯარიმების მაგილითზე, შერჩევით სამართალზე ლაპარაკობს და ბზობის დღესასწაულს იხსენებს, როდესაც თბილისში ადამიანებმა კანონი ღიად დაარღვიეს, მაგრამ ისინი არავის დაუჯარიმებია.
„დეკრეტი, რომელიც გამოსცა ვაიპრეზიდენტმა, ითვალისწინებს შეზღუდვებს გარევაჭრობაშიც და მათ შორის კახელი კაცის საქმიანობაც, რომელმაც იმწუთას 9 ტიტაც გაყიდა, იყო დარღვევა, მაგრამ ზუსტად 2 დღე იყო გასული მას შემდეგ რაც ათასობით ადამიანმა შეიძინა ქუჩაში ბზა და, როგორც მე ვიცი, ჯერჯერობით არც ერთი ადამიანი არ დაუჯარიმებიათ“.
ჯარიმის გადახდამდე მიხეილ ყარაულაშვილი იურისტებთან კონსულტაციებს გადის. მას ადგილობრივმა იურისტებმა უფასო იურიდიული მომსახურება შესთავაზეს. შეიძლება ეს საქმე სასამართლოშიც გასაჩივრდეს. ვიდრე მისი დაჯარიმების ამბავს სამართლებრივი მხარე მიეცემა, მეყვავილე საჯარიმო ქვითარს გვიჩვენებს, სადაც დაჯარიმების მიზეზი ასეა განმარტებული:
„2020 წლის 12 აპრილს, 17 საათზე, ქალაქ თელავში, წერეთლის ქუჩაზე არსებული ეკლესიის მიმდებარედ, მიხეილ ყარაულაშვილი ახდენდა საგანგებო მდგომარეობის ვადით აკრძალულ საქმიანობას, კერძოდ, ყიდდა ყვავილებს, ტიტას. საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის დეკრეტით და მთავრობის შესაბამისი დადგენილებით, მიხეილ ყარაულაშვილი დაჯარიმდა 3 000 ლარით“.
თელავში გარევაჭრობა სხვა დროსაც აკრძალულია, ამიტომ მიხეილყარაულაშვილი საკუთარი სახლის ეზოში 25 მეასედ ფართობზე მოყვანილ ტიტებს აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ყიდიდა, მაგრამ, ერთი კვირაა, თელავის აგრარული ბაზარიც დაკეტილია. ყარაულაშვილმა იცოდა, რომ ქუჩაში ყვავილების გაყიდვით კანონს დაარღვევდა, თუმცა გვეუბნება, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, რადგან წამლები გაუთავდა, რომელსაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადებისსამკურნალოდ იღებს. დაჯარიმებული მეყვავილის თქმით, მან პოლიციელებს ქუჩაში გასვლის მიზეზი უამბო და სთხოვდა არ დაეჯარიმებინათ, მაგრამსამართალდამცველებმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს.
„100 პროცენტით ვიცოდი, რომ კანონს ვარღვევდი, მაგრამწამლის ფული არ მქონდა და სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. ვიფიქრე, ბზობაა დაეკლესიასთან ხალხი იქნებოდა. 70 ტიტა მოვკრიფე და წავიღე გასაყიდად, მაგრამ 9 ტიტა რომ გავყიდე, პოლიცია მოვიდა და დამაჯარიმა“.
მიხეილ ყარაულაშვილს, რომელიც თელავში ცხოვრობს, ახალგაზრდა შვილი ჰყავს გარდაცვლილი. ოჯახი 7 წევრისგან შედგება და, როგორც თავადვე ამბობს, ხელმომჭირნედ ცხოვრობენ. არ არიან სოციალური დახმარების მიმღები, თუმცა ოჯახის 7 წევრიდან 6-ს პენსია აქვს. ხანში შესულები ასაკობრივს, არასრულწლოვნები კი მარჩენალდაკარულის პენსიას იღებენ. თელაველ მეყვავილეს კიდევ ერთი პროფესია აქვს: წლების წინ ქალაქში ქორწილებსა და სხვა სადღესასწაულო დღეებში დიდი სუფრების მთავარი მზარეული იყო.