ლაგოდეხში, სოფელ შრომაში, მასშტაბური პროექტი შეჩერებულია, გადათხრილი ქუჩები კი უპატრონოდ არის მიტოვებული. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ არსებული მდგომარეობა საავარიო სიტუაციებს ქმნის და დაუცველი არიან სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ამ გზით ყოველდღე სარგებლობენ. რატომ ვერ შეასრულა ვალდებულებები კომპანიამ და როდის განახლდება მუშაობა?
დომნა გაფრინდაშვილი ლაგოდეხთან ახლოს, სოფელ შრომაში, ცენტრალურ საავტომობილო გზასთან ცხოვრობს. მისი სახლის წინ, უკვე ერთ წელზე მეტია, სანიაღვრე და სარწყავი არხის მოწყობის მიზნით ორმოები ამოთხარეს, გარკვეული სამუშაოებიც ჩაატარეს, თუმცა ვერ დაასრულეს. ამიტომ 80 წლის ქალს სახლიდან მაღაზიაში წასვლა დამოუკიდებლად აღარ შეუძლია:
„მე, 80 წლის ქალს, ყოველდღე მჭირდება, რომ პური ვიყიდო. მაღაზიაში რომ მივდივარ, სულ მეშინია ორმოში არ ჩავვარდე. ამის გამო მეზობლებს ვთხოვ ხოლმე, რომ გადამიყვანონ და გადმომიყვანონ“.
დომნა გაფრინდაშვილი ერთადერთი არ არის, ვისაც სანიაღვრე და სარწყავი წყლის სისტემების მიტოვებული სამუშაოები პრობლემას ყოველდღე უქმნის.
ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ გადათხრილი ქუჩა და სანახევროდ შესრულებული სამუშაოები ადამიანების სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, რადგან ლაპარაკია ქვეყნის მთავარ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სადაც დღის განმავლობაში ასეულობით ავტომობილი გადაადგილდება, დაზიანებული გზის გამო კი ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი გაზრდილია.
„ასე დატოვეს... ალბათ, დაუმთავრებელი დარჩება კიდევ რამდენიმე წელი. მუშები ხან მუშაობდნენ და ხან არა. რომ იტყვიან, მიგდებულად და უპატრონოდ აკეთებდნენ ყველაფერს. ეს, ალბათ, ხელმძღვანელობის უყურადღებობის ბრალია“.
„ვთხოვეთ, რომ მოემთავრებინათ სასწავლო პროცესის დაწყებამდე, 16 სექტემბრამდე, მაგრამ თქვენც ხედავთ, თუ რა მდგომარეობაა...“
„გადათხარეს და მიატოვეს. ჩემი მეზობლის ძროხა ორმოში ჩავარდა და მოკვდა. მოანგრიეს და ასე დამიტოვეს. აქ სკოლაა და ამის გამო ავარიების ალბათობაც დიდია“, - განაცხადეს ადგილობრივებმა.
სოფელ შრომაში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის თქმით, პროექტი იმდენი ხანია გაჩერებულია, რომ უკვე შესრულებული სამუშაოებიც ნადგურდება.
პროექტის ღირებულება 978 562 ლარია. როგორც გავარკვიეთ, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს „ტექნომშენ ჯგუფმა“, ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და ერთი წლის წინ დაწყებული სამუშაოები მიატოვა. ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი ამბობს, რომ პროექტს გზების დეპარტამენტი ახორციელებს, რომელმაც შეუსრულებელი სამუშაოების გამო კომპანიასთან ხელშეკრულება შეაჩერა. დეპარტამენტი ახლა ახალ მშენებლებს ეძებს.
„კომპანია, რომელიც გამარჯვებული იყო ტენდერში, სამუშაოები დაიწყო, მაგრამ ვერ შეძლო ხელშეკრულების პირობების დაცვა და მასთან საქართველოს კანონმდებლობით მოხდა ხელშეკრულების შეწყვეტა. მას შემდეგ მიმდინარეობს იმის შესწავლა, თუ რა მოცულობის სამუშაოები ჩაატარეს და რამდენია ხარჯი. ბოლო ინფორმაციით, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროსაგან გვაქვს, სექტემბრის ბოლომდე გამოცხადდება ახალი ტენდერი და შემდგომ უკვე ახლად გამარჯვებული კომპანია გააგრძელებს სამუშაოებს და დაასრულებს“, - განაცხადა ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა.
ლაგოდეხის მერი ირწმუნება, რომ სამუშაოები განახლდება, თუმცა კონკრეტული თარიღი უცნობია. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით კი, მიტოვებული სამუშაოები საავარიო სიტუაციებს ქმნის, განსაკუთრებით სოფლის საჯარო სკოლის შენობასთან, რომელიც გზის პირად მდებარეობს და, თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდა, ნებისმიერ სავალალო შემთხვევაში პასუხისმგებლობას ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებენ.