Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზადება ახალი წლისთვის პანდემიის პირობებში - ვინ რას და რამდენს ყიდულობს


კახეთი
კახეთი

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად კახეთის მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებული ხალხმრავლობა შეინიშნება. ცენტრალურ ქუჩებზე წინასაახალწლო-საშობაო გარე ვაჭრობა დაიწყო. იმის შიშით, რომ მომდევნო დღებში პროდუქტზე ფასები შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, მოსახლეობამ არამალფუჭებადი პროდუქციის შეძენა წინასწარ დაიწყო.

გასაყიდად გამოტანილია ხილბოსტნეული, ხორცპროდუქტი, რძის ნაწარმი, თევზეული, ნიგოზი, თაფლი, სხვადასხვა სახის ციტრუსი, ნაძვის ხეები და ა.შ.

მაღაზიაში, სადაც მხოლოდ ნედლი ხორცი იყიდება, ამბობენ, რომ ფასები ჯერჯერობით იგივეა, რაც იყო ორი-სამი თვის წინ.

„ჩვენს მაღაზიაში იყიდება ძროხისა და ღორის ხორცი. ღორის ხორცი ძვლის გარეშე 1 კგ ღირს 18 ლარი, ძროხის ხორცი, ასევე ძვლის გარეშე, ღირს 22 ლარი. ჯერჯერობით ისევ ის ფასები გვაქვს, რაც აქამდე იყო“.

კახეთი
კახეთი

ქუჩების გარდა, ხალხმრავლობაა აგრარულ ბაზრებში. ნიგვზის ფასი 25 ლარიდან იწყება, თითქმის ამდენივეა ერთი კილოგრამი თაფლის ღირებულება. თითქმის უცვლელია ფასები ბოსტნეულზე, თუმცა გაძვირდა თვეზეული. ერთი კილოგრამი ცოცხალი თევზის ფასი 10 ლარიდან იწყება, თუმცა ფასები იზრდება თევზის ჯიშებისა და წონის მიხედვით. რეალიზატორები ამბობენ, რომ მყიდველი შემცირებულია, ზოგი მათგანი კი ცდილობს ყოველაფერი იყიდოს, თუმცა გრამობით.

„კარგი თეთრი ნიგოზი ღირს 25 ლარი, თუმცა გვაქვს დაბალფასიანიც, თუმცა ის დაბალი ხარისხია. ნახევარი კილოგრამი თაფლი ღირს 10 ლარი. მინდა გითხრათ, რომ მყიდველთა დიდი ნაწილი ნიგოზს გრამობით ყიდულობს, რადგან მეტი ფული არ აქვს. კარტოფილი 1 ლარი ღირს, მანდარინი 2-ლარიანიც გვაქვს და 1.50-თეთრიანიც. წითელი ხახვის ფასი 2 ლარია. ხალხს ძალიან გაუჭირდა, მყიდველი სულ უფრო მცირდება“.

კახეთი
კახეთი

ჩვენ მიერ კახეთში გამოკითხული ადამიანების ნაწილი არსებული ფასებით უკმაყოფილოა. რესპონდენტები ამბობენ, რომ ბოლო ორი -სამი თვის განმავლობაში ქვეყანაში თითქმის ყველა სახის პროდუქტი ისედაც გაძვირდა, რასაც ახლა საახალწლო ფასნამატიც დაემატა. ზოგი ამბობს, რომ წელს საახალწლო სუფრაზე ხორცისგან მომზადებული კერძები არ ექნება, ზოგი რამდენიმე გრამს იყიდის, ზოგისთვის კი ფასების ზრდა არაფერს ნიშნავს. ასეთი ადამიანები ამბობენ, რომ ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია და, გაჭირვების მიუხედავად, ამ დღისთვის მცირე დანაზოგებს დახარჯავენ.

„ხორცი იმდენად ძვირია, რომ ჩვენ ვერც აქამდე ვყიდულობდით და ვერც ახალი წლისთვის ვიყიდით, რადგან 13-სულიანი ოჯახი მაქვს და წარმოიდგინეთ ერთ ყიდვაზე რამდენი უნდა შევიძინოთ, რომ გვეყოს... ფქვილიც გაძვირებულია, ერთი ტომარა 70 ლარი ღირს!“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

წინასაახალწლო სამზადისი განსაკუთრებით უჭირთ ოჯახებს, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან. თელავის მუნიციპალიტეტის მერია წელს საახალწლოდ 545 ამანათს გასცემს სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს. ერთჯერადი დახმარებები გათვალისწინებულია სხვა კატეგორიის ადამიანებისთვისაც. ამ პროექტის ბიუჯეტი, ჯამში, თითქმის 28 ათასი ლარია. ამ კუთხით ლაგოდეხის მერია დაახლოებით 22 ათას ლარამდე დახარჯავს.

მოსახლეობის ნაწილი თუ საახალწლოდ სუფრის მოსამზადებლად პროდუქტს იმარაგებს, ახალგაზრდები ძირითადად გასართობი აქტივობებისთვის ემზადებიან, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო რეგიონში გასართობი ღონისძიებები არ ჩატარდება. წელს თელავის მერია, დამატებით საახალწლო დეკორაციების შეძენას გეგმავდა, მაგრამ საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ მერიამ ტენდერი გააუქმა.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტები ნაძვის ხეებისა და ქუჩების მოსართავების შესაძენად ყოველ წელს ასიათასობით ლარს ხარჯავდნენ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG