16 წლის გიორგი ბეშკენაძემ სოფელ გვიმრიანის საჯარო სკოლის ცხრა კლასი წელს დაამთავრა. ბიჭი სწავლის გაგრძელებას აღარ აპირებდა. არასრული განათლების მოწმობა დღე-დღეზე უნდა აეღო.
გიორგი 16 ივლისს, თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე მშენებარე ობიექტზე, სამუშაოს შესრულებისას დაიღუპა. მოზარდს ბაგირი გაუწყდა, ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, გიორგიმ ობიექტზე მუშაობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
გიორგის ამბავი გვიმრიანიდან თბილისამდე - სკოლის დირექტორის და სოციალური სამსახურის ნაამბობი
სოფელ გვიმრიანის სკოლის დირექტორი, ქეთევან ბურკაძე გიორგის ბოლოს დაახლოებით ერთი თვის წინ, სკოლის დამთავრების შემდეგ ელაპარაკა:
„ვუთხარი, აბა, ატესტატი უნდა აიღო და ახლა შენ იცი, როგორ იყოჩაღებ-მეთქი. ძალიან გახარებული იყო. მეუბნებოდა, შეიძლება ვერ ვისწავლო, მაგრამ მე კარგი კაცი უნდა დავდგეო“.
სკოლის დირექტორის თქმით, გიორგი თბილისში სამუშაოდ, სავარაუდოდ, ცოტა ხნის წინ წამოვიდა. "როგორც ვიცი, მისი ახლობელი მუშაობდა მშენებლობაზე და სთხოვდა, წამიყვანე, პურის ფულს ვიშოვიო".
ქეთევან ბურკაძის თქმით, გიორგი ფიზიკურ სამუშაოს ადრეც ასრულებდა: „ძირითადად ქირაზე მუშაობდა. დედამისი ერთ-ერთ ფერმაში მწველავად მუშაობს. მასაც დაჰყვებოდა ხოლმე. სკოლას კი აცდენდა, მაგრამ იმდენს არა, რომ შეფასება არ მიგვეცა“.
16 წლის გიორგის, მამა და ძმა რამდენიმე წლის წინ დაეღუპა. ის და დედა ოჯახში მარტო დარჩნენ. ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხება. 2014 წელს, გიორგი სოციალური მომსახურების სააგენტომ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში გადაიყვანა. თუმცა, როგორც ეთერ ცხაკაია, სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გვეუბნება, ბავშვის თხოვნით, 2015 წელს ის ოჯახში, დედასთან დაბრუნდა:
„გარკვეული პრობლემების გამო, რომლის გასაჯაროებაც არ შეგვიძლია, ბავშვს ოჯახში პრობლემა შეექმნა და დროებით გადავიყვანეთ სახელმწიფო ზრუნვაში. თუმცა, ძალიან განიცდიდა ამას და დედასთან უნდოდა დაბრუნება. კახეთის რეგიონის სოციალურმა სამსახურმა დედასთან და ბავშვთან კარგად იმუშავა და გიორგი სახლში დავაბრუნეთ. მთელი ამ წლების განმავლობაში, ბავშვსაც და დედასაც სოციალური მომსახურების მუშაკი ინტენსიურად აკვირდებოდა. გვქონდა მათთან ყოველთვიური კონტაქტი. ვიცოდით მათი მდგომარეობის შესახებ. დედა მუშაობდა ფერმაში, ბავშვი ბიოლოგიურ გარემოში გაცილებით უკეთ გრძნობდა თავს“...
თუმცა, სოციალური მომსახურების სააგენტომ ვერ გაიგო იმის შესახებ, რომ 16 წლის გიორგი სოფელი გვიმრიანი დატოვა და თბილისში, მშენებლობაზე მუშაობა გადაწყვიტა. სოცმუშაკი გიორგის ოჯახში უკანასკნელად ივნისის ბოლოს მივიდა. სახლში მარტო დედა დახვდა, რომელმაც უთხრა, რომ გიორგი სტუმრად იყო წასული. ეთერ ცხაკაია გვეუბნება, რომ სოცმუშაკი გიორგის ტელეფონით დაუკავშირდა და დარწმუნდა, რომ ის მართლაც სტუმრად იმყოფებოდა.
მომდევნო ვიზიტი სოციალურ მუშაკს გიორგის სახლში ივლისის ბოლოს ჰქონდა დაგეგმილი: „როდესაც არასრულწლოვანი ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ის მუშაობას გადაწყვეტს, დამსაქმებელი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს სააგენტოს. მეურვეობის ორგანო დეტალების შესწავლის შემდეგ, ან თანხმდება არასრულწლოვანის დასაქმებას და ან არა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მძიმე სამუშაოს, სოციალური სამსახური ამის უფლებას მოზარდს არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცოდით, რომ გიორგიმ მშენებლობაზე მუშაობა გადაწყვიტა“.
არასრულწლოვანი მუშა - ბაგირი, რომელიც ჩაწყდა
16 წლის გიორგი ბეშკენაძის დამქირავებელია შპს „ჯევიკე ჰისფითალითი“. როდის და რა პირობებით დაიქირავა კომპანიის დირექტორმა, შიშუ პალ ბურდაკმა არასრულწლოვანი მუშა, ამის გადამოწმება ამ ეტაპზე, ვერ მოხერხდა.
14-სართულიანი მშენებარე საცხოვრებელი კორპუსი, გიორგის სიკვდილიდან ერთი დღის შემდეგ, ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. სამშენებლო პროცესი შეჩერებულია. კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე არ არიან და მათთან ვერც ტელეფონით დაკავშირება ხერხდება.
შსს-ს ინფორმაციით, 17 ივლისს გამოიკითხნენ კომპანიის ხელმძღვანელები და საქმის გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ეს მუხლი ეხება სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
უბედურ შემთხვევამდე, დოლაბაურის ქუჩაზე მშენებარე ობიექტი, შრომის პირობების ინსპექტირების სამსახურს არ შეუმოწმებია. დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 16 ივლისს, გიორგი ბეშკენაძის დაღუპვის შემდეგ განხორციელებული ობიექტის პირველადი დათვალიერებით, ირკვევა, რომ მშენებლობაზე მიმდინარე სამუშაოები ხორციელდებოდა დადგენილი სტანდარტების დარღვევით:
„დარღვევით მიმდინარეობდა ლიფტის სადემონტაჟო სამუშაოები. სამუშაოს დაწყებამდე არ მოხდა საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება და არ იქნა მიღებული შესაბამისი პრევენციული ზომები. არ იყო გამოყოფილი შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც გააკონტროლებდა და დაიცავდა ადამიანებს უნებლიე ქმედებებისგან. არ იყო დამცავი საშუალებები და კომპანიამ ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომელიც გვჭირდება მოკვლევისთვის. ჩვენ ველოდებით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კომპანიამ წარმოგვიდგინოს დაღუპულის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაცია და ხელშეკრულება, რომ ვნახოთ, რატომ დაუდო კომპანიამ არასრულწლოვანს ხელშეკრულება, რა ტიპის სამუშაოს ასრულებდა მოზარდი და ა.შ“.
ბექა ფერაძის თქმით, პირველადი მოკვლევით შეიძლება ითქვას, რომ დოლაბაურის ქუჩაზე მშენებარე ობიექტზე, სხვა არასრულწლოვანი არ იყო დასაქმებული: „თუმცა, მიმდინარეობს ყველა დასაქმებულის გამოკითხვა და თითოეული დასაქმებულის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაცია გამოთხოვილია კომპანიისგან“.
რაც შეეხება არასრულწლოვანთა დასაქმების შემთხვევებს საშიშ, მძიმე და მავნე სამუშაოებზე, როგორც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ამბობს, 2019 წელს მსგავსი შემთხვევა დეპარტამენტს არ გამოუვლენია. 2018 წელს კი დაფიქსირდა მხოლოდ ერთი შემთხვევა:
„ჩვენი მითითების საფუძველზე, 17 წლის მოზარდი გადაიყვანეს ისეთ სამუშაოზე, რომელიც მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნიდა. ჩვენს მიერ შემოწმებულ ობიექტებზე არ ფიქსირდება არასრულწლოვანთა შრომის მასობრივი შემთხვევები“.
დაუდებელი ხელშეკრულებები - უჩინარი მუშები
ოთხი წელია საქართველოში არ ჩატარებულა გამოკვლევა საქართველოში ბავშვთა შრომის შესახებ. უკანასკნელი ეროვნული გამოკვლევა 2015 წელს ჩატარდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში დამაზიანებელ შრომით საქმიანობას იძულებით 24 ათასი (4.2 %) 5-17 წლის ასაკის ბავშვი ეწევა - მათი თითქმის 64% სახიფათო შრომას ასრულებს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით - შრომის კოდექსისა და შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიხედვით, დასაქმებისთვის დასაშვები ასაკი 16 წელია, მძიმე, მავნე და საშიშ სამუშაოებზე 18 წლამდე ასაკის პირის მუშაობა აკრძალულია. თუმცა, კანონმდებლობაში ამ დრომდე არ არის განსაზღვრული, რა ითვლება სახიფათო შრომად.
რაისა ლიპარტელიანი, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ განსაკუთრებით სამშენებლო ობიექტებზე, დამსაქმებლები არ დებენ არანაირ ხელშეკრულებას დასაქმებულებთან, მათ დღიურ ანაზღაურებაზე უთანხმდებიან და შესაბამისად, დასაქმებულთა ასაკი ხშირად გაურკვეველიც კი რჩება:
„შრომის კოდექსსა და შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში წერია, რომ აკრძალულია ბავშვთა დასაქმება საშიშ და მავნე სამუშაოებზე, თუმცა, კანონში არ არსებობს ჩანაწერი იმ სამუშაოებისა, რომელიც ბავშვისთვის სახიფათო, მავნე და საშიშ სამუშაოდ ითვლება. ის, რომ ბავშვი საფრთხის შემცველ სამუშაოებზე არ უნდა მუშაობდეს, ამის მონიტორინგს შრომის პირობების ინსპექტირების სამსახური უნდა ახორციელებდეს. საინტერესოა, რამდენი არასრულწლოვანი დასაქმებული აღმოაჩინა ინსპექციამ სახიფათო სამუშაოებზე ამ ბოლო წლებში? ამ მხრივ, განსაკუთრებით გამორჩეულია სამშენებლო სექტორი, რადგან იქ არავინ აწარმოებს დასაქმებულების აღრიცხვას. ინსპექტორს ეჭვი თუ არ გაუჩნდა, რომ პირი არასრულწლოვანია და არ მოითხოვა საბუთები, ისე ვერავინ გაარკვევს, რა ასაკისაა ეს პირი. ძალიან ხშირად, ობიექტებზე დასაქმებულთა პირადობის მოწმობების ასლებიც კი არ მოიძებნება“.
ომბუდსმენის მიმართვა სახელმწიფოს
16 წლის გიორგის დაღუპვის ფაქტზე, 17 ივლისს, სპეციალური განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარიას თქმით, ქვეყანაში შემაშფოთებელ ვითარებას შრომის უსაფრთხოების კუთხით, აფერხებს ერთი მხრივ, შრომის ინსპექტორების სამუშაო ადგილებზე დაშვებისთვის გათვალისწინებული შეზღუდვები, რომლებიც მხოლოდ 2019 წლის სექტემბრიდან მოიხსნება, ხოლო, მეორე მხრივ - შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელთ არსებული არასაკმარისი ადამიანური თუ მატერიალური რესურსები: „აღნიშნული ფაქტორების გამო, დასაქმების ადგილებზე ინსპექტირება ვერ ხორციელდება იმდენად ხშირად და სრულყოფილად, რამდენადაც ეს აუცილებელია შრომის უსაფრთხოების ნორმების ეფექტური აღსრულების უზრუნველსაყოფად. შედეგად, უკანასკნელი შემთხვევის მსგავსად, მონიტორინგის გარეშე რჩება არაერთი დასაქმების ადგილი, სადაც სამუშაო პროცესი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს“.
ნინო ლომჯარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აკრძალვისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის მიხედვით, არასრულწლოვანთა შრომის უკიდურესი ფორმების აღმოსაფხვრელად, ეროვნულ დონეზე უნდა შემუშავდეს პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა და განხორციელების ეფექტიანი მექანიზმი, აღნიშნული საკითხი საქართველოში ამ დრომდე არ სრულდება. ომბუდსმენი ამბობს, რომ სისტემური ხასიათის პრობლემად რჩება, შემთხვევები, როდესაც ბავშვებს უკიდურესი სიღარიბის და არასათანადო სოციალური პირობების გამო, თავიანთ ასაკთან და ფსიქო-ფიზიკურ განვითარებასთან შეუსაბამო სამუშაოს შესრულება უხდებათ.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს დროულად და ეფექტურად შეისწავლონ დოლაბაურის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევა და მოახდინონ საზოგადოების სრული ინფორმირება გამოძიებისა და მოკვლევის შედეგების თაობაზე. ამასთან, მივმართავთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გადადგან ქმედითი ნაბიჯები ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აღმოსაფხვრელად და მათ მიერ მავნე პირობებიანი სამუშაოს შესრულების პრევენციისთვის.
რა ასაკიდან შეუძლია მოზარდს მუშაობა, სად და როგორ?
16 წლამდე მოზარდებმა რომ იმუშაონ, ამისთვის მეურვის თანხმობაა საჭირო. გასათვალისწინებელია ის, რომ მოზარდის საქმიანობის სპეციფიკა და შრომითი ურთიერთობა არ უნდა ზღუდავდეს ბავშვის ინტერესებს.
14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი შრომითი ხელშეკრულების დადება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ეს სპორტულ, კულტურულ ან სარეკლამო საქმიანობას ეხება.
კანონი ასევე აწესებს ბავშვებისთვის შრომის ხანგრძლივობასაც: 16-17 წლის არასრულწლოვანი კვირაში 36 საათზე მეტს არ უნდა მუშაობდეს, ხოლო 14-15 წლის მოზარდები - 24 საათზე მეტს. ბავშვები არ უნდა მუშაობდნენ ღამის საათებში.
16 წლის გიორგი სოფელ გვიმრიანში, საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს. გიორგი რიგით მეცამეტე მუშაა, რომელიც 2019 წელს სამშენებლო ობიექტზე დაიღუპა. 16 წლის მუშას შაბათს, სოფლის სასაფლაოზე დაკრძალავენ.