ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში, შროშა-ძირულას საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული, 50-მდე თანამშრომელი შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაფიცვას აგრძელებს. ისინი შპს „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალის“ თანამშრომლები არიან.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლის ილია ლეჟავას ინფორმაციით, მესამე დღეა გაფიცულებს ყურადღებას არავინ აქცევს. პროფკავშირებმა 11 ივნისს მოუწოდა ჯანდაცვის სამინისტროს,
მედიაციის მექანიზმის გამოყენებით უზრუნველეყო მხარეებს შორის მოლაპარაკებებისპროცესის დაწყება. თუმცა, ჯერ მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.
როგორც ილია ლეჟავა რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, გაფიცულები პროფკავშირების წევრები არ იყვნენ. ისინი ორგანიზაციაში 12 ივნისს გაწევრიანდნენ და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი, როგორც გაფიცულთა ოფიციალური წარმომადგენელი უკვე დაუკავშირდა კომპანიას.
ილია ლეჟავას ინფორმაციით, გაფიცულთა საინიციატივო ჯგუფის წევრები და პროფკავშირების წარმომადგენლები შპს „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხვალ შეხვდებიან.
პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით, „შპს „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალმა“ დასაქმებულებს არასრული სახელფასო ანაზღაურება გადაუხადა, რაც დასაქმებულების უკმაყოფილების მთავარი მიზეზი გახდა“.
ილია ლეჟავას განცხადებით, გაფიცულები შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების მოწესრიგებას და სახელფასო დავალიანების დაუყოვნებლივ დაფარვას ითხოვენ.
„დასაქმებულებს არ აქვთ შრომითი ხელშეკრულებები, არ აქვთ ელემენტარული პირობები, ტუალეტიც კი. არიან ტრეფიკინგთან გათანაბრებულ შრომით პირობებში, არა აქვთ დასვენების დღე და არ უნაზღაურდებათ ზეგანაკვეთური შრომა. ყველაფერი ეს კი იმის შედეგია, რომ კომპანია სახელმწიფო ტენდერითაა გამოვლენილი და სახელმწიფო არ ინტერესდება მასში დასაქმებულთა პირობებით,“- აცხადებს ილია ლეჟავა.
როგორც გაფიცულმა მანუჩარ გელაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მათი ყოველდღიური ხელფასი 22 ლარია. ისინი ხელფასის 30 ლარამდე გაზრდას მოითხოვენ.
„სამსახურამდე გზის ფული გვინდა დღეში 2-3 ლარი, ყველანი სოფლებიდან დავდივართ და ლარის პურიც არ ვიყიდოთ?! 9- საათიანი სამუშაო დღე გვაქვს. ამ 22 ლარს გზის და საკვების ფული რომ აკლდება სახლში ვეღარაფერი მიგვაქვს. ხშირად კვირაში 7 დღე ვმუშაობთ და დღეში 8 საათზე მეტს, მაგრამ ეს არ გვინაზღაურდება. ახლა ძალიან რთული სამუშაოა, მაგისტრალის ამ მონაკვეთზე. სიცხეა და გაუსაძლისია მუშაობა“, - ამბობს მანუჩარ გელაშვილი.
მისივე სიტყვებით, მშენებლობაზე დასაქმებულებს არ ეძლევათ სპეციალური ტანსაცმელი და ინვენტარი. „50- თეთრიან ხელთათმანებსაც არ გვაძლევენ და ჩვენით ვახერხებთ რაღაცას“.
მანუჩარ გელაშვილის ინფორმაციით, უკანასკნელ დღეებში გაფიცულებს კომპანიის წარმომადგენლები რამდენჯერმე შეხვდენენ. თუმცა, მათ შორის ვერც ერთ საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა.
„უფრო მეტიც, კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ თუ მუშაობას არ გავაგრძელებთ სამსახურიდან გაგვიშვებენ და სხვებს დაასაქმებენ. დღესაც მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ჩემი ნებით დავტოვო სამსახური, რათა ჩემს ადგილზე სხვა მიიღონ და მაგისტრალის მშენებლობა გააგრძელონ. რასაც არ დავთანხმდი.“
რაც შეეხება, შპს „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალის“ პოზიციას. კომპანიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ კომენტარს საკითხში გარკვევის შემდეგ გააკეთებენ.