პროკურატურის გამომძიებელი მერაბ მერაბიშვილი ამჟამად შს სამინისტროს ქვემო ქართლის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, სადაც სავარაუდოდ ბრალს წარუდგენენ მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, პირს ბრალი დაკავებიდან 48 საათში უნდა წარუდგინონ. სასამართლო კი ვალდებულია, შუამდგომლობის შესვლიდან 24 საათის განმავლობაში განიხილოს, მოცემული შუამდგომლობა და გამოიყენოს აღკვეთი ღონისძიება.
ვიდეოს გადაღების დროს, ალახვერდიევის ჩვენებით, აბაზოვის გარდა, იქ ოთხზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. თუმცა, პროცესში მათ თანამონაწილოებაზე ვერაფერს გეტყვით.ეკა მიდოდაშვილი
თემურ აბაზოვის ინტერესებს ადვოკატი გაგი მოსიაშვილი იცავს.
დაზარალებული ელჩინ ალახვერდიევის ადვოკატის, საიას იურისტის, ეკა მიდოდაშვილის ინფორმაციით, თემურ აბაზოვს ბრალი ედება მძიმე კატეგორიის დანაშაულში. საქმე აღძრულია, სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რომელიც 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეკა მიდოდაშვილის თქმით, პროკურატურამ, წესით, უნდა მოითხოვოს აბაზოვის წინასწარი პატიმრობა.
ამ საქმეში ფიგურირებენ სხვა პირებიც, კერძოდ, პარლამენტარი აზერ სულეიმანოვი, „ნაციონალური მოძრაობიდან“, რამინ ალახვერდიევი, მარნეულის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ და მარნეულის მოქალაქე ე.გ. მათ ბრალი ედებათ მსუბუქ დანაშაულში, რომელიც არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მარნეულში იმყოფება, მისი ინტერესები და უსაფრთხოება დაცულია, თუმცა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მოსალოდნელია მოხდეს მასზე ზემოქმედება გარკვეული პირების მიერ“, - განაცხადა ელჩინ ალახვერდიევის ადვოკატმა ეკა მიდოდაშვილმა. მისივე განმარტებით, დაზარალებულის ჩვენებიდან გამომდინარე, მას მიაყენეს როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა - აბაზოვმა მას შეაფურთხა და სექსუალური ძალადობით დაემუქრა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ალახვერდიევს შარდით სახე დაებანა.
„ვიდეოს გადაღების დროს, ალახვერდიევის ჩვენებით, აბაზოვის გარდა, იქ ოთხზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. თუმცა, პროცესში მათ თანამონაწილოებაზე ვერაფერს გეტყვით. ეს გამოძიების საქმეა. ისინი ამ ეტაპზე მოწმის სტატუსით დაიკითხებიან“, - ეკა მიდოდაშვილმა რადიო თავისუფლებას ისიც უთხრა, რომ მისი დაცვისქვეშ მყოფის ჩვენებით, ვიდეოს, აბაზოვთან ერთად, კიდევ სხვა რამდენიმე პირი იღებდა. სავარაუდოდ არსებობს სხვა კადრებიც, რომელსაც პროკურატურა ამოიღებს და მათ ექსპერტიზას ჩაუტარებს.