Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ კურტაევს და თათია ადიკაშვილს ცხინვალის იზოლატორში გადაყვანას უპირებენ


რუსეთის სამხედრო ბაზა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე
რუსეთის სამხედრო ბაზა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ძალების მიერ აღმართულ მავთულხლართებს მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილს, მალხაზ კურტაევს, და მის ცოლს, თათია ადიკაშვილს, ცხინვალში ორკვირიანი კარანტინის შემდეგ იზოლატორში გადაიყვანენ. ეს ინფორმაცია მალხაზ კურტაევის ცხინვალელი ნათესავებისგან მიიღო მისმა ცოლის დამ, თამთა ადიკაშვილმა.

საოკუპაციო ძალების მიერ გასულ კვირაში დაკავებული ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ამჟამად ცხინვალში, კარანტინის ზონაში, ჰყავთ კორონავირუსის პრევენციის საბაბით.

თამთა ადიკაშვილმა 20 აპრილს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ, ცხინვალიდან მიღებული ინფორმაციით, მალხაზსა და თათიას ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის გაასამართლებენ და 20 ათასი რუბლის ჯარიმას დააკისრებენ. მისი თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს მალხაზი ადრეც ჰყავდათ დაკავებული და მუდმივად ემუქრებოდნენ.

მახო ღამე წაიყვანეს, მეორე დილით კიდე თათიაც წაიყვანეს. ლენინგორში ჰყავდათ. ერთმა ნაცნობმა დარეკა ლენინგორიდან, ორივესა სიცხე ჰქონდა...
ვალია ვანიშვილი

„5 თვე ხდება, რაც ერთად არიან. მალხაზი იყო საქართველოს ტერიტორიაზე, მაღაზიაში ნახა ერთხელ ჩემი და. იქიდან დაიწყო ამათი სიყვარულის ამბავი. მალხაზი გვეუბნებოდა, რუსებმა ბევრჯერ გამაფრთხილეს, ქართველ ცოლს შენ ვერ შეირთავ და აქეთ ტერიტორიაზე ვერ გადმოიყვანო და თუ ამას იზამ, მას არ გავახარებთო. მახოს აქეთ, სოფელში, საცხოვრებელი არ ჰქონდა და იძულებული იყო მავთულხლართებს იქით ბებოსთან და პაპასთან წაეყვანა. 5 თვე ერთ ოჯახში ცხოვრობდნენ და მოხუცებს ესენი აქცევდნენ ყურადღებას. მალხაზი საკუთარ ბებო-პაპას ვერ მიატოვებდა, მათი გაზრდილია, და სულ შიშში ცხოვრობდა იქით. იმ სახლში მალავდა ცოლს, რომ რუსებს არ დაენახათ“, - ამბობს თამთა ადიკაშვილი.

მალხაზ კურტაევის ბებია, ვალია ვანიშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ შვილიშვილი და რძალი ახალგორიდან ცხინვალში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მაღალი ტემპერატურა დაუფქსირდათ.

„მახო ღამე წაიყვანეს, მეორე დილით კიდე თათიაც წაიყვანეს. ლენინგორში ჰყავდათ. ერთმა ნაცნობმა დარეკა ლენინგორიდან, ორივესა სიცხე ჰქონდა და ლენინგორიდან ცხინვალში წაიყვანესო, ბალნიცაშიო (საავადმყოფოში)“.

ჩვენი მოქალაქეების უფლებების განგრძობითი დარღვევის შესაჩერებლად უნდა იყოს განხილული სხვა მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობა, მათ შორის სამართლებრივ მექანიზმებზე ვსაუბრობ...
უჩა ნანუაშვილი

ხურვალეთელი დათა ვანიშვილის ქალიშვილი ვლადიკავკაზში ცხოვრობს. მისი შვილი, მალხაზ კურტაევი, ძირითადად ხურვალეთში, პაპასა და ბებიასთან იზრდებოდა და ახლაც მათთან ცხოვრობს. დაახლოებით, ნახევარი წლის წინ ცოლად მოიყვანა ხურვალეთელი თათია ადიკაშვილი. მისი ოჯახი სოფლის იმ ნაწილში ცხოვრობს, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს. მალხაზ კურტაევმა ცოლი მავთულხლართებს მიღმა, პაპის სახლში გადაიყვანა. სოფლის ერთი ნაწილიდან მეორეში გადასვლის გამო, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ბრალად დასდეს ე.წ. საზღვრის დარღვევა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, უჩა ნანუაშვილი, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დასაცავად უფრო ქმედითი მექანიზმები აამოქმედოს. ნანუაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამისთვის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები უფრო ეფქტური იყოს. სხვა მხრივ კი, ადამიანების დაკავება უბრალო სტატისტიკა ხდება და მასზე არანაირი ზემოქმედების მექანიზმი არ არსებობს.

„ჩვენი მოქალაქეების უფლებების განგრძობითი დარღვევის შესაჩერებლად უნდა იყოს განხილული სხვა მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობა, მათ შორის სამართლებრივ მექანიზმებზე ვსაუბრობ. თუნდაც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთვის მიმართვის განხილვა, რომ სხვა პრეცედენტები შეიქმნას ქვეყანაში. თითქმის ყოველ მესამე დღეს ხდება ადამიანების დაკავება და ეს ცალკე პრობლემაა, რაც მოსდევს ამ ადამიანების დაკავებას. ხელისუფლებამ უნდა სცადოს სხვა ტიპის მოქმედებების განხორციელება“, - ამბობს უჩა ნანუაშვილი.

მალხაზ კურტაევი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 16 აპრილს დააკავეს, მეორე დილით კი მისი ცოლი, თათია ადიკაშვილი, დათა ვანიშვილის სახლიდან გაიყვანეს. დათა ვანიშვილი მსოფლიომ მას შემდეგ გაიცნო, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ხურვალეთში მავთულხლართების გავლების შედეგად მისი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. საქართველოში ვიზიტით ჩამოსული უცხოელი ლიდერების უმრავლესობა, როგორც წესი, ხურვალეთში ჩადის და მავთულხლართების მეორე მხრიდან ისმენს დათა ვანიშვილის გასაჭირს.

XS
SM
MD
LG