ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები დღეს სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ და საკუთარი თვალით ნახეს რუსეთის ოკუპაციის შედეგი მავთულხლართების სახით.
დელეგაციის წევრები მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ საქართველოს მოქალაქე დავით ვანიშვილს გაესაუბრნენ, რომელმაც განაცხადა, რომ მისი გადაადგილების უფლება უკვე წლებია იზღუდება. ვანიშვილის თქმით, რუსეთის მესაზღვრეები მავთულხლართებთან მისულ სტუმრებთან გასაუბრებასაც უკრძალავენ და დაპატიმრებით ემუქრებიან. დავით ვანიშვილი ორჯერ უკვე იყო დაჭერილი ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა სოფიო ქაცარავამ განაცხადა, რომ ევროპელი სტუმრების ასეთი ვიზიტები მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ შემდეგ ოკუპაციის საკითხები მუდმივად ხვდება შესაბამის რეზოლუციებში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის როჯერ გეილის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია ოკუპაციის ხაზთან ადამიანის უფლებებს არღვევს.
„ჩვენ აქ ჩამოვედით საქართველოს მთავრობის მოწვევით. არავის აქვს უფლება ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის ოკუპაციის. ეს არის დარღვევა ადამიანის უფლებათა კონვენციის. ადამიანს, რომელსაც აქ შევხვდით გააჩნია თავისი უფლებები და ეს უფლებები დარღვეულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ეს არის არასწორი და მიუღებელი და ეს უნდა შეჩერდეს“, - განაცხადა გეილმა.